Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ხარჯზე აპირებს საქართველო ავღანეთში მისიის გაზრდას?


გასულ კვირაში სამშობლოში მიწას მიაბარეს ოთხი ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც 30 სექტემბერს ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპნენ. სახელმწიფომ ისინი სიკვდილის შემდგომ უმაღლესი ხარისხის საბრძოლო ჯილდოებით - ვახტანგ გოგრასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა და მხედრული პატივით დაკრძალა.

მიუხედავად ასეთი დანაკარგისა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უცვლელია - ავღანეთში სამხედრო მისია საერთაშორისო უსაფრხოების მხარდამჭერი ოპერაციის ბოლომდე გაგრძელდება. და ქართული წვლილი არათუ არ შემცირდება, არამედ მას შესაძლოა დაემატოს სამოქალაქო კომპონენტიც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ახლახან რადიო თავისუფლებასთან საუბარში დააზუსტა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ „საქართველომ ავღანეთში საკუთარი მონაწილეობის გაზრდაზე უნდა იფიქროს.“

„იგულისხმება ის, რომ ჩვენ ახლა ავღანეთში გვყავს 970-მდე სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ ჩვენ სერიოზულად უნდა გავაძლიეროთ იქ სამოქალაქო კომპონენტი. ავღანეთში ამ მისიის წარმატებულობა არ არის დამოკიდებული მარტო სამხედრო კომპონენტზე. ეს არის დამოკიდებული სკოლებზე, ჰოსპიტალებზე, მოქალაქეთათვის ნორმალური სოციალური პირობების შექმნაზე და, რაც მთავარია, განათლებაზე. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ავღანეთში უკვე ჰყავს ექიმი. ვაგზავნით კიდევ ერთ ექიმ ქალს. მთლიანად ვაფინასებთ ჩვენ ამას, რადგან წინა ექიმს ლიტვა აფინასებდა. მაგრამ ახლა ორივეს ჩვენ ვაფინასებთ. კულტურული, მენტალური თავისებურების გამო არ შეიძლება მამაკაცი ექიმის გაგზავნა, ამიტომ ქალბატონი ექიმი წავა იქ [ავღანეთში]“, თქვა ვაშაძემ.


ორი ექიმის გარდა, საქართველო მზად არის, ავღანეთში გაგზავნოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. როგორც რადიო თავისუფლებისათვის არის ცნობილი, ავღანეთში მოქმედმა სხვადასხვა ჰუმანიტარულმა მისიებმა ქართველი სპეციალისტების წინასწარი შერჩევა სამი-ოთხი წლის წინ დაიწყეს. მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ხალხს იზიდავდა მაღალი ანაზღაურება და იმის გარანტია, რომ სამშობლოში დაბრუნებულებიც იშოვნიდნენ ნორმალურ სამუშაოს. თუმცა, ავღანეთში ამ დროისათვის მხოლოდ თითო-ოროლა ქართველი სამოქალაქო მფრინავი, კავშირგაბმულობის სპეციალისტი და ელექტროინჟინერი იმყოფება. მაგრამ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო კვლავაც მზად არის იმდენი სპეციალისტი გაგზავნოს ავრანეთში, რამდენიც საჭირო იქნება.

„ ვფიქრობთ სერიოზულად იმაზე, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი პედაგოგები, ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი ინჟინრები, რომლებიც შეიძლება მიეხმარონ [ავღანეთის ხელისუფლებას] ამ მისიაში. და კიდევ ერთი ასპექტი - ავღანეთში, სადაც ახლა ფაქტიურად თავიდან შენდება ეს ქვეყანა, - მოთხოვნილება არის ყველაფერზე, სათბურიდან დაწყებული ელმავლამდე. და საქართველომ არა მხოლოდ სამხედრო გზით უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, არამედ ჩვენ ის, რის შეთავაზებაც შეგვიძლია ავღანეთისათვის, აქტიურად უნდა შევთავაზოთ. ჩვენ გვაქვს ამის მორალური, მატერიალური და ეკონომიკური საფუძველი.“


როგორც ირკვევა, მაღალი ანაზღაურების გამო საქართველოს მოქალაქეები მზად არიან, არა მხოლოდ სამშენებლო ობიექტებზე იმუშაონ, არამედ გაწევრიანდნენ უშიშროების კერძო ფირმებში, ე.წ. „კომერციულ არმიებში“ და შეასრულონ საკმაოდ სახიფათო ამოცანები. საქართველოს ამის გამოცდილება უკვე აქვს ერაყში, სადაც 2005-2008 წლებში საქართველოს არმიიდან დათხოვნილი დაახლოებით 100 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი მუშაობდა უშიშროების რამდენიმე კერძო კომპანიაში. ერთ-ერთ ქართველ ოფიცერთან, რომელიც საქართველოში სამხედროების სელექციას ეწეოდა, ანონიმურობის დაცვით რადიო თავისუფლებამ გასული წლის დეკემბერში შემოგთავაზათ ინტერვიუ.

ინკოგნიტო ოფიცერი უარყოფდა ხმებს, თითქოს დაქირავებულ ქართველ სამხედროებს ერაყში ამერიკელებზე ანდა ბრიტანელებზე ნაკლები ანაზღაურება, ანდა პატივისცემა ჰქონდათ.

“სხვათა შორის, თითოეულ ასეთ კომპანიაში არ არის ისე, რომ საგნის დონეზე უყურებდნენ ადამიანს. არის კონტროლი და ელემენტარული პატივისცემა, ანუ არ გიყურებენ როგორც საგანს და გეპყრობიან დამსახურების მიხედვით. არ არის განსხვავება იმაში, შენ ქართველი ხარ თუ ამერიკელი. ამ განსხვავებას ადამიანი ვერ გრძნობს,” გვითხრა ქართველმა ოფიცერმა.

ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ავღანეთში მოქმედ უსაფრთხოების კერძო კომპანიებში აჟამად თითო-ოროლა ყოფილი ქართველი სამხედრო თუ იმყოფება. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, ცნობილი ამერიკული კერძო კომპანია „ბლეკუოტერის“ სკანდალის შემდეგ შეზღუდა ავღანეთში უსაფრთხოების კერძო ფირმების გამოყენება. ხოლო 22 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განკარგულება გასცა, წლის ბოლოსთვის დაიშალოს ავღანეთში მოქმედი უშიშროების ყველა კერძო ფირმა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების სენატის თავდაცვის კომიტეტის სკანდალური დასკვნა, რომლის თანახმადაც „უსაფრთხოების კერძო ფირმების გზით ამერიკის საბიუჯეტო თანხები მეამბოხეთა ხელში ხვდებოდა.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG