ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2014 თბილისის დრო 13:11

რუბრიკები / მეათე სტუდია

კალიგრაფია თუ ფონტი?

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, უკვე მესამე წელია იმართება ყოველწლიური კონკურსი, სახელწოდებით ”ქართული კალიგრაფია”. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები საქართველოდან და ასევე უცხოეთიდან. კონკურსი მიმდინარე კვირას გამოცხადდა, გამარჯვებულები კი ივნისის ბოლოს დაჯილდოვდებიან. რა მიზანს ემსახურება ქართული კალიგრაფიის კონკურსი, რას ფიქრობენ ლამაზად წერის ხელოვნებაზე ქართველი კალიგრაფები და ბავშვები, რომლებიც ახლა სწავლობენ წერას?

ნიკა მესამეკლასელია. წერა ორი წლის წინ ისწავლა. ახლა ლამაზად წერას სწავლობს. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს ლამაზად წეროს. აი, როგორი ბავშვური გულახდილობით აღწერს ის წერის პროცესს: ”ვნერვიულობ და ზოგჯერ ოფლიც მომდის და მცხელა, ვიძაბები ხოლმე. მინდა, რომ უფრო ლამაზად ვწერდე და ლამაზი ხელის ჩუქურთმა მქონდეს, მაგრამ ხანდახან არ გამომდის”, - ამბობს 9 წლის ნიკა.

ე.წ. ხელის ჩუქურთმის ამბავი ნიკას და მის თანაკლასელებს მაია მასწავლებელმა უამბო. კლასის კედლები ბავშვების ხელნაწერებითაა სავსე. ამით ისინი ქართული კალიგრაფიის, უნიკალური ანბანის დაფასებას სწავლობენო, ამბობს მაია მჭედლიშვილი. ბავშვებს ლამაზად წერის დროს ხელები რომ არ დაეღალოთ, ამისათვის მათ პატარა საიდუმლოც აქვთ: ”მოვეფეროთ, ვეთამაშოთ ხელებს. ყოველთვის ვატარებთ ასეთ რიტუალს, რომ ნაწერი ლამაზი გამოგვივიდეს”, - ამბობს მესამოცე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მჭედლიშვილი.

ყველას უნდა თავისი რვეული მაჩვენოს, ყველას უნდა ერთი სიტყვა მაინც მითხრას იმის შესახებ, თუ როგორ ძალიან უნდათ, რომ ლამაზად წერონ:

- ლამაზად რომ წერ, შენც გიხარია.
- ხელებს უნდა მოეფერო და ის უფრო ლამაზად დაწერს.
- ქართულის წერა ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ მათემატიკაში რიცხვებს ცოტა ცუდად ვწერ.
- წერა ძალიან მიყვარს, თუმცა  მათემატიკა უფრო მირჩევნია. მაგრამ ქართულ წერას არ მივატოვებ, - აბა, ქართული ხომ უნდა ვისწავლო?!
- მე, სხვათა შორის, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს სახლში და მინახავს ძველი ხელნაწერები.

ელენე მაჭავარიანიელენე მაჭავარიანი
x
ელენე მაჭავარიანი
ელენე მაჭავარიანი
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში. საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე კალიგრაფები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. ავგაროზ ბანდაისძე, გაბრიელ მცირე, ეფრემი, იოანე მესვეტე, შავზაქარია, ბედისმწერლიშვილები - ეს იმ ქართველი კალიგრაფების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში სხვადასხვა ტიპის წიგნებს ხელით წერდნენ და მომავალ თაობებს უტოვებდნენ. ელენე მაჭავარიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ათეულობით წელია ქართულ ხელნაწერს, კალიგრაფიასა და მის მნიშვნელობას სწავლობს. ის ჩვენთან საუბარში იმ განსხვავებაზე საუბრობს, რაც საქართველოში კალიგრაფ კაცებსა და ქალებს ახასიათებდათ: ”იყო კალიგრაფიული სკოლები. კალიგრაფია მაშინ ხელობად ითვლებოდა.

ანდერძებში მითითებული იყო, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ ისწავლა წერა. მაგალითად, მეთოთხმეტე საუკუნის ანდერძში ავგაროზ ბანდაისძე წერს, რომ დახელოვნებული იყო მხატვრობასა და წერაში. აი, ეს გარემოება კი მგონია, რომ გამორიცხულია, როდესაც ქალი წერდა. ის უფრო თვითნასწავლი იყო და ნაკლებკალიგრაფიული ხელით წერდა”, - შენიშნავს ელენე მაჭავარიანი.
ელენე მაჭავარიანი ამბობს, რომ თანამედროვე ეპოქაში, როცა ხელით წერის ტრადიცია ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს და მას სულ უფრო ხშირად კომპიუტერი ენაცვლება, აუცილებელია ამ ტრადიციის წახალისება და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის შეხსენება. იდეა კალიგრაფიის კონკურსის შესახებაც სწორედ ამ მიზეზით დაიბადა. ხელით წერის კულტურის განვითარება კომპიუტერულ ეპოქაში - ასე შეიძლება დავახასიათოთ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მისია, გვეუბნება ირინა გოგონაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ”ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზად წერს და ეს ნიჭი და უნარი არ არის აქტუალიზებული, თითქოს არავის სჭირდება. და უცებ გამოჩნდა კონკურსი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით წარმოაჩენს მათი ნიჭის მნიშვნელობას. ამით კი ადამიანებს ეძლევათ თვითრეალიზაციის საშუალება.”

დათო მაისურაძედათო მაისურაძე
x
დათო მაისურაძე
დათო მაისურაძე
19 წლის კალიგრაფი დათო მაისურაძე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ის კალიგრაფთა კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი ნამუშევარი უახლოეს მომავალში კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენაზე გაიგზავნება. ის რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კალიგრაფიას, ლამაზად წერის ხელოვნებას ასწავლის. თვითონ კი სკოლაში შესვლამდე ჯერ ასომთავრული დამწერლობა შეისწავლა. მოხაზულობა მომწონდა და წიგნებიდან ვიხატავდიო, მეუბნება ის. მისი დღევანდელი კალიგრაფია მეთექვსმეტე საუკუნის წერის სტილზეა დაფუძნებული. ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არც ისე ლამაზად წერს. შესაძლებელია თუ არა, რომ კლავიატურამ და ფაილმა ფანქარი და ფურცელი ჩაანაცვლოს? ვკითხე დათოს: ”შეიქმნა ფოტოაპარატი, იღებენ ფოტოსურათებს, მაგრამ ამან მხატვრობა ხომ ვერ ჩაანაცვლა? ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერში ავკრიფოთ ტექსტი, გავუგზავნოთ ვინმეს, მაგრამ ხელით ნაწერს მაინც ვერ შეცვლის. ამას, მართალია, შეიძლება პრაქტიკული დატვირთვა აღარ ჰქონდეს, მაგრამ ეს უკვე ხელოვნებაა. მე, მაგალითად, ჩემს ნამუშევრებს სახლის კედლებზე ვკიდებ, როგორც სურათებს. მეგობრებსაც ვჩუქნი”, - ამბობს დათო მაისურაძე.

ვიღაცას ალპური მწვერვალების დალაშქვრა სჭირდება;  ელექტრონული ფოსტის ხანაში ადამიანები მარკებს მაინც აგროვებენ; რა კარგი იქნება, მშობლები ბავშვებს კალიგრაფიული ხელოვნების სკოლებში აბარებდნენ, ხელწერის ასპარეზობებზე გზავნიდნენ ...
როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ამ დროისათვის მუშავდება კალიგრაფიული სკოლის შექმნის პროექტი, სადაც დაინტერესებული ადამიანები შეისწავლიან როგორც ქართული დამწერლობის ისტორიას, ასევე ლამაზად წერის ხელოვნებასაც.

სხვათა შორის, კალიგრაფიის კურსები დაახლოებით სამი ათეული წლის წინ კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმაც გაიარა. სწორედ ეს გამოცდილება გამოიყენა მან კურსების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც ის ”მაკინტოშისათვის” ფონტებს ქმნიდა. ვერავინ და მათ შორის ვერც მე წარმოვიდგენდი, თუ რაში დამჭირდებოდა კალიგრაფიის კურსებზე სიარულიო, თქვა სტივ ჯობსმა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე: ”ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ”მაკინტოშის” პირველ კომპიუტერს ვაკეთებდით, ეს ცოდნა უკან დამიბრუნდა. ეს იყო პირველი კომპიუტერი არაჩვეულებრივი ტიპოგრაფიით. მე რომ კალიგრაფიის კურსები არ დამემთავრებინა, ”მაკინტოშს” არასდროს ექნებოდა ასეთი გამორჩეული დიზაინის ფონტები. ვინდოუსს რომ არ გადაეღო ისინი, არც თქვენს პერსონალურ კომპიუტერებს ექნებოდა ეს ფონტები.”

და აქვე გვერდს ვერ ავუვლით იტალიელი ფილოსოფოსისა და მწერლის უმბერტო ეკოს წერილს, რომელიც ორი წლის წინ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა. ”კალიგრაფიის დაკარგული ხელოვნება” - ასე ჰქვია პუბლიკაციას, სადაც უმბერტო ეკო კალიგრაფიის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე საუბრობს:

”დიდი ხანია, ადამიანები ცხენზე ამხედრებულები აღარ მოგზაურობენ, მაგრამ ზოგი საცხენოსნო სკოლაში დადის; მართალია, მოტორიანი იახტები გვაქვს, მაგრამ ისეთიც რამდენია, ვისაც ნიჩბის მოსმა ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც ძველ ფინიკიელებს 3000 წლის წინ; გვირაბები და რკინიგზები გავიყვანეთ, მაგრამ ვიღაცას ალპური მწვერვალების დალაშქვრა სჭირდება;  ელექტრონული ფოსტის ხანაში ადამიანები მარკებს მაინც აგროვებენ; რა კარგი იქნება, მშობლები ბავშვებს კალიგრაფიული ხელოვნების სკოლებში აბარებდნენ, ხელწერის ასპარეზობებზე გზავნიდნენ - მარტო იმისთვის კი არა, რომ ბავშვმა მშვენიერების შეგრძნება არ დაკარგოს, არამედ მისი ფსიქომოტორული გაწაფულობისთვისაც. დიახ, მართალია, ბავშვებს სატელეფონო გზავნილებისა და კომპიუტერის გამოყენებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ კაცობრიობა სპორტს, ესთეტიკურ სიამოვნებებს, ცივილიზაციის მიერ არასავალდებულოდ მიჩნეულ ზოგ საქმიანობას მაინც ვერ შეელია.”


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მიტო
16.03.2012 15:34
ავტორი: Jonah Lomu
10.03.2012 22:17
მიტო, შენისთანა ნიჰილისტი (და ამავე დროს უვიცი) რომ ვიყო, აუცილებლაად ჩავბარდებოდი ლუარსაბ თათქარიძეს "პლენში". საოცრად კარგი მონაცემები გქონია საკუთარი გაუნათლებლობით აღტაცებისა. გილოცავ:)

გმადლობ, მართალია, მე ნიჰილისტი არ ვარ, მაგრამ ნიჰილისტობა ცოდვა არა არის. იქ, სადაც მითები და იგავები ბატონობს, პირიქითაც არის - ძალიანაც პროგრესული რამაა. თუმცა ეს სხვებისთვის დამითმია. მე უფრო რეალისტი გახლავარ. ყოველ შემთხვევაში, ასე მიმაჩნია. გაუნათლებლობა რაში შემატყვე, არ ვიცი. ეს არც შენს პოსტში ჩანს და არც ჩემი წინა პოსტიდან უნდა ყოფილიყო იოლი ამოსაკითხი. თუ მაინც და მაინც გაინტერესებს, დამწერლობა და ფონტები ზუსტად ჩემი პროფესია გახლავს და ამან უფრო ამომაღებინა ხმა. თორემ აქ რომ ამ თემაზე სერიოზული კამათის ადგილი არ არის, ცხადია (კომენტარების დონეს ვგულისხმობ, თორემ რადიო "თავისუფლებას" არ ვერჩი, ეგენი სავსებით იმსახურებენ სერიოზული დისკუსიების მასპინძლობას). თუ რამე ანგარიშგასაწევი ინფორმაცია მოგეპოვება ჩვენი უნიკალურობის და განუმეორებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოვისმენ. ასეთ ინფორმაციას ბარემ ისიც მიაწერე, რომ ჩვენი განუმეორებლობა სწორედ "ლუარსაბობის" უფლებას და გარანტიას გვანიჭებს ნებისმიერ სფეროში აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე...

ავტორი: me საიდან გვწერთ: Deutschland
16.03.2012 13:01
მიტოს სრულებით ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ ტრაბახის ჩემპიონატში წამყვან ადგილს დაიკავებენ ქართველები რამდენიმე ახლო მესობლებთან ერთად.
რაც შეეხება, რომ "ჩვენ ვართ ერთადერთი ერი პლანეტაზე, რომლელსაც აქვს სამი სახის დამწერლობა და სამივე სრულყოფილების ნიმუშია", როგორც ამ დარგის წარმომადგენელი გეტყვით, რომ ჯერ ერთი, ჩვენი ერთადერთობა არ არის სწორი და მეორეც, ასეთ თემაზე ასეთ იდეოლოგიზირებული საუბარი, რბილად რომ ვთქვად ან მიზანმიმართული სიცრუე, ან უკეთეს შემთხვევაში უნებლიე სიბრიყვეა.

ავტორი: Jonah Lomu
10.03.2012 22:17
ავტორი: მიტო
10.03.2012 18:31

--------------------

მიტო, შენისთანა ნიჰილისტი (და ამავე დროს უვიცი) რომ ვიყო, აუცილებლად ჩავბარდებოდი ლუარსაბ თათქარიძეს "პლენში". საოცრად კარგი მონაცემები გქონია საკუთარი გაუნათლებლობით აღტაცებისა. გილოცავ:)

ავტორი: მიტო
10.03.2012 18:31
ჩვენ ვართ ერთ-ერთი (მართალია, არა ერთადერთი ერი პლანეტაზე), რომელსაც სერიოზული საფუძველი აქვს ტრაბახში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიოს.

ავტორი: მიტო
10.03.2012 18:27
ავტორი: ანონიმი
10.03.2012 17:48
ცნობისთვის: ჩვენ ვართ ერთადერთი ერი პლანეტაზე, რომლელსაც აქვს სამი სახის დამწერლობა და სამივე სრულყოფილების ნიმუშია.


გამოგვადგა რო?!

ავტორი: ანონიმი
10.03.2012 17:48
ცნობისთვის: ჩვენ ვართ ერთადერთი ერი პლანეტაზე, რომლელსაც აქვს სამი სახის დამწერლობა და სამივე სრულყოფილების ნიმუშია.
ქალბატონო ჟურნალისტო, გთხოვთ და გემუდარებით, მსგავსი თემები ხშირად გააშუქეთ.

ავტორი: ანონიმი
10.03.2012 14:41
ძალიან სასიამოვნოა თანამედროვე საგიჟეთში ძველი სილამაზის შენარჩუნება. ამას, სხვათა შორის თერაპიული დანიშნულებაც აქვს. კარგი იქნება თუ გამოჩნდება ვინმე ბაღ-წალკოტების ძველ ქართულ ხელოვნებაზე მზრუნველიც. სუფთა ჰაერი, ლამაზი დერადი თანაც სამკურნალო მცენარეებით და ჩიტების გალობა ჟღურტულით სავსე გარემო კურნავს სულს და ხორცს. ეს კარგად იცოდა ცივი და ფსიქოლოგიური ომის ბერძენი სპეციალისტების მიერ ნათრევმა კოლხმა (მზის შვილიშვილშვილმა,სხვათა შორის) მედეამაც...

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული