Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ ხარანაულის დოლი, ცემით გახეთქილი


გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ წელს დაბეჭდილი „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ კიდევ ერთი წიგნია, დაწერილი ბესიკ ხარანაულის მიერ, რომელიც ერთი კონკრეტული ჟანრის ფორმატში არანაირად არ ეტევა და, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას კითხულობ, თუმცა ამის სურვილი კარგ მკითხველს, ალბათ, არც გაუჩნდება: ეს უფრო საპრემიო კომიტეტების პრობლემა შეიძლება იყოს, თუ რომელ ნომინაციაში ჩაწერონ ასეთი უცნაური წიგნები. არსებითად ეს ერთი ღრმა სუნთქვაა, რომელიც კაი ხანია დაეწყო ბესიკ ხარანაულს და მთავარი აქ ცნობიერების ნაკადია, ძალიან მძლავრი, გაბმული ნაკადი, ისეთი ნაკადი, ქართულ ლიტერატურას აქამდე რომ არც კი დასიზმრებია. ბესიკ ხარანაულმა შემოქმედებითი ხანდაზმულობის ასაკში ბოლომდე მოუშვა ხრახნები, გახსნა სარქველები და საკუთარი ფიქრები და განცდები ყოველგვარი თვითცენზურის გარეშე სწრაფ რეჟიმში წიგნებად დაგვილაგა.

ამ ბოლო წიგნში მთავარი პერსონაჟი 175 წლისაა, არადა ავტორი მას 75 წლის ასაკში წერდა. რატომ მოიმატა ბესიკ ხარანაულმა ამ წიგნისთვის ერთი საუკუნე? ვითომ იმიტომ, რომ უკან რომ მიიხედა, იმდენი რამ დაინახა თავის მიერ განცდილი, ნაფიქრი და დაწერილი, რომ 75 წელი ამისათვის ძალიან ცოტა ეჩვენა? შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მე ეს უფრო იოლი ახსნა მგონია. აქ უფრო რაღაც ბიბლიური პარამეტრებია, ალბათ, ნაგულისხმევი, სადაც 175 წელი სრულიად ნორმალური ასაკია. მთავარი გმირი სამყაროსთან, ბუნებასთან, ხეებთან, მგლებთან პირისპირ დგას, უსმენს მათ და ესმის მათი, ქადაგად ეცემა, როგორც თვითონ ამბობს, „ნაგემები აქვს სიგიჟის ნარკოტიკი“ და ამ ძველისძველი ნარკოტიკის მოშველიებით იყურება. ცოდვებიც ტრიალებს ამ წიგნში, რადგან, ავტორის სიტყვებით, „წერაში კაცი, უნდა თუ არა, ცოდვებსაც სჩადის და ინანიებს კიდევაც. დიდ ცოდვებს მე ვინ მომაშავებდა, დიდები დიდებმა წაიღეს. პატარებზე კი მოგახსენებთ“. კი, ბუნებრივია, რომ ჯერაც ეპატარავება ბესიკ ხარანაულს თავისი მასშტაბები, მაგრამ, სინამდვილეში, ის, რაც მის ნაწერებში ხდება, მუდამ დიდი იყო და რაც დრო გადის, კიდევ უფრო იზრდის ზომებს და სიღრმეებს. ამიტომ ძალიან რთულია მასზე საუბარი. ამჯერად ეს მძიმე მისია წიგნის რედაქტორმა, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ იტვირთა.

ზვიად კვარაცხელია: „ბესიკ ხარანაულის ყოველი ახალი ნაწარმოები ახალი გზაა ენის ამოუწურავი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. თან, იმის განცდაც გიჩნდება, რომ ავტორი – აღიარებული პოეტი და ნამდვილი ოსტატი – ივიწყებს მთელ თავის შემოქმედებას, ყველაფერს, რაც მანამდე იყო, და თითქოს ცარიელი ფურცლიდან იწყებს. ხან ბავშვის ენით გელაპარაკება, ხან მოხუცის, ხან სიზმარში ნათქვამს მოიშველიებს, ხანაც ფრაგმენტს ნაძალადევის გორაზე წარმოთქმული ქადაგებიდან.

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

მე ვფიქრობ, ამ წიგნისა და, ზოგადად, ბოლო ხანების ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშია „ჩემს სახლში ყველა ციხეზე სუფთა ჰაერია“. ბევრი რამე შეიძლება ამ ლექსზე ითქვას. ეს, ალბათ, ავტორის აღსარებაცაა, განვლილი ცხოვრებისკენ შემობრუნება და ყველა იმ საფიქრალისგან გათავისუფლება, რაც წიგნის 175 წლის მთავარ პერსონაჟს აღელვებს.

ეს ლექსი ერთგვარი ავტობიოგრაფიაც არის, სადაც ბესიკ ხარანაული, თავისი ბავშვობის ყველაზე გულწრფელ და ადამიანურ განცდებთან ერთად, თავის ყოველდღიურობასაც გვიყვება:

„ყოველ დილას ხამს იკითხო: „ღმერთო, ნეტა რისთვის?“

„დაიბადე მომავლისთვის, არა დღეის დღისთვის!“

ყოველ დილას ხამს აღმართო შენი თავის ალამი,

ვიდრე ქორივით გასაფრენად ხელს გაუშვებდე.

ყოველ დილას ხამს ეძებო არა ხალხის სალამ-ქალამი,

არამედ ხელთ იპყრა ცოცხი და კალამი,

რომ ერთით გზა გაიწმინდო, მეორით სული“.

აქ ზედმეტი პათოსისა და ხატოვნების გარეშე, გამოკვეთილად ჩანს ნამდვილი პოეტის პოზიცია, რომლის სულიც „მეძებრულია“ და დამორჩილებულია ფიქრის ნაკადს. ოღონდ ეს ფიქრი, ბესიკ ხარანაულის წიგნების ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, საოცარი პოეტური ოსტატობითაა მოხელთებული. თუმცა ჩვენ ეს არც გვიკვირს – ჩვენ ამას დიდი ხანია შევეჩვიეთ და ყოველ ჯერზე იმას ველოდებით, რომ რაღაც ახალი გამოჩნდება, რაც გაგვაკვირვებს ამ ათასგვარი „ნიუსებისა“ და სოციალური ქსელის საუკუნეში. ავტორმაც ეს კარგად იცის, ამბობს კიდეც, ინტერნეტის ქოხ-სამკითხველოებშიც კი იციან ჩემი სახელიო. მაგრამ იმათგან, ვისი ტექსტებიც სწორედ ამ პატივითა და ყურადღებითაა დამძიმებული, ბესიკ ხარანაულის ეს ახალი წიგნი სიმსუბუქითა და გულწრფელობით ნამდვილად გამოირჩევა. და კიდევ ბრაზით, გაბრაზებით:

„დაე, ბრაზი იყოს შენთვის ამინდი,

რადგან არც ერთი სხვა გრძნობა ამ საქმეში არ გამოგადგება.

ქუხილიც გადაივლის, რისხვაც გადაივლის, ელვაც ცაზე გაქრება,

სახეზეც სიცილი.

მხოლოდ ბრაზი არის ამინდი

და არც ერთი საქმე არ გამოდის გაუბრაზებლად“.

ეს ბრაზი, შეიძლება ითქვას, ხანდახან აგრესიაც კი, ავტორის ენერგიულობა ამ წიგნში, ჩემი აზრით, ყველაზე თვალსაჩინოდ ერთი მეტაფორითაა გამოხატული - დოლით, რომელსაც ის ცემით ხეთქავს, და მისი ეს ქმედება ლაიტმოტივად გასდევს წიგნს. ეს მისი ფატალური დოლია, ის დოლი, რომელზეც მთელი ცხოვრება გაგიჟებით უნდა უკრას, და ამ დოლის „აწყვეტილმა ხმამ“ ღრმა ძილში მყოფი მთელი სოფელი უნდა ააცქმუტოს, ძილ-ბურანიდან გამოიყვანოს. ეს დოლი მისთვის ყველაფერია და სიბერეშეპარულს ამიტომაც უჩნდება შიში იმისა, რომ ეს დოლი, რომლითაც მთელი თავისი ცხოვრება ააშენა, რომლითაც ყველა თავისი სათქმელი თქვა, არ გაუყიდონ. ამიტომ ფიქრობს, დოლს დააწეროს: „ვინც გაყიდოს, უკან მომყვეს!“

დოლის ცემით ხეთქვის ეს ვნება ბევრ სხვა ვნებაში გადადის. და, საერთოდ, ეს წიგნი ძალიან ვნებიანია, ისევე როგორც მისი წინა წიგნები.

„- მასწავლებელო, მე არ მეშინია არც სიშიშვლის და არც სევდის!

- ყოჩაღ, ხარანაული, დაჯექი, ფრიადი შენ!“

აი, ასეთი დიალოგიცაა ერთგან და იგი ასე თუ ისე გამოხატავს წიგნის ბუნებას. ასე თუ ისე იმიტომ, რომ ხარანაულს არც სისულელის ეშინია და ადამიანის ეს თვისება მისი ბოლო წიგნების გამჭოლი თემაა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბესიკი ერთგვარი ქართველი ერაზმუს როტერდამელიც არის, სისულელეს რომ აქებს ბრძნულად. ერთი სიტყვით, ამ წიგნში ძალიან ბევრი რამ ხდება, ძალიან ფართოა დიაპაზონი სიბრძნეებისა, სიგიჟეებისა, სისულელეებისა, ვნებებისა... ამიტომ არც კორექტული წიგნი არაა ეს წიგნი და ვერც იქნება, რადგან ყელში ამოსულ, სირისტიან, სტერილურ კორექტულობას ასეთი გაქანების ადამიანები ვერასოდეს ემორჩილებოდნენ და ვერც დაემორჩილებიან. მით უმეტეს, მას შემდეგ, როცა შემოქმედი გადაწყვეტს, ფიქრი თავის ნებაზე მიუშვას და მარწუხებში არ მოაქციოს, ბესიკ ხარანაულმა კი ასეთი გადაწყვეტილება კაი ხანია მიიღო.

ზვიად კვარაცხელია: ამბა ბესარიონი იქნება ეს, მთავარი გამთამაშებელი, და ბოლო გმირი, 175 წლის კაცი, რომელიც ახმოვანებს ამ ფიქრებს, ამ ცნობიერების ნაკადს. ცნობიერების ნაკადი არის პერსონაჟი, გაბმული პერსონაჟი, წიგნიდან წიგნში გარდამავალი, რომელსაც მუდმივად ერთგულობს ავტორი, ან, როგორც თვითონ უწოდებს ბოლო პერიოდში დაწერილ წიგნებს, - მეტაპოეტური ნაწერი, ანუ ჟანრების პირშესაყარზე დაწერილი ტექსტები.

XS
SM
MD
LG