პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:33

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

ზაფხულის თამაშები: თაგაობა

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
ქართველ ბლოგერებს (ალბათ არა მარტო ქართველებს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს), აქვთ ასეთი ერთგვარი თამაში. ერთი დაწერს რამე თემაზე. ვთქვათ - რომელია ჩემი საყვარელი პოკემონი (ცხადია, მადკიპი!), ან - რატომ ვარ ასეთი რაღაცნაირი... მერე „დათაგავს“ (თუ „დათეგავს?“ რად დუმხარ, ორთოგრაფიულო ლექსიკონო?) სხვებს და იმათაც ამ თემაზე უნდა წერონ და მერე სხვები დათაგონ და ასე, ვიდრე ბლოგერთა მარაგი არ ამოიწურება. მოკლედ, ერთგვარი „შეგრჩას“ თამაშია, ან კიდევ, სკოლაში „აჩკო“ რომ იცოდნენ ხოლმე და ტუალეტში უკან ხელაფარებულს რომ უნდა გევლო. ისე, რა მაგის პასუხია, მაგრამ ზრდილობიანად ფეხსალაგს რომ ამბობენ ხოლმე, ბევრად უარესი ასოციაციები მიჩნდება, ვიდრე ტუალეტზე. ფეხსალაგის გაგონებისას სკოლის ტუალეტის სუნი მახსენდება. არადა, თითქოს დიდი ოთახი უნდა წარმოიდგინო, სადაც ფეხები ალაგია...

მოიცა, საქმეს მოვუბრუნდეთ. რაღაც ხნის წინ ასე მეც დამთაგეს. ეს „რაღაც ხანი“ კაი თვენახევრის წინ იყო, მაგრამ, მოდი, არ შევიმჩნიოთ. თემა იყო ”ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“. მოკლედ, როგორც მივხვდი, უნდა დაწერო, შენი აზრით, როგორ გხედავენ სხვები, ქუჩაში რომ მოდიხარ. ჰოდა, ერთი მხრივ, როდესაც გეთამაშებიან, უნდა ითამაშო და არ დაემსგავსო ჩემს მეგობარ კოკის, რომელსაც რომ ეტყვი, მოდი, ცხრანი ვართ და მაფია ვითამაშოთო, იტყვის, მე მეზარება და არ მინდაო და გაღმა გასული თვალებით მესიჯობას გააგრძელებს. მეორე მხრივ, თემაზე, „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“ დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს. თუ ვინმეს აინტერესებს, მაგისთვის ფეისბუკი არსებობს. თუ მაინცდამაინც, აჰა - „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ დაინახავთ ზომიერად მსუქან, მელოტ აღარცთუისეახალგაზრდას, რომელიც ამოუხსნელი მიზეზებით ზიგზაგებით მოდანდალებს“ (არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორ ხაზზე ვერ დავდივარ). აჰა. მოვრჩი.

მაგრამ, თამაში თამაშია და, კიდევ ერთხელ, არ უნდა დავემსგავო ჩემს მეგობარ კოკის, რომელიც, თუ ეტყვი, ბარემ ოთხნი ვართ და ნამიოკობანა ვითამაშოთო, დაემსგავსება სულს, ჯერეთ უმანკოს, მხურვალე ლოცვით მიქანცებულს და მესიჯობას გააგრძელებს. ამიტომ, მოდი ჩავერთვები და მეც მოვიფიქრებ ახალ თემებს. ოღონდ ისეთებს, მარტო საკუთარი თავის აღწერა რომ არ იყოს და ერთმანეთისგან რამე ვისწავლოთ.

მამის დარიგებები, რომლებსაც ყოველთვის ვასრულებ


მამაჩემის აღმზრდელობითი მიდგომა ასეთი იყო - გაიზრდება და თავისით ისწავლის. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად, მაინც გადაწყვეტდა ხოლმე, რომ გამოცდილება გაეზიარებინა. ამ რჩევებს შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვასრულებ ხოლმე.

შვილო, არასოდეს მოწიო სიგარეტი ტუალეტში.
- ჯერ ერთი საზიზღარი სუნი დგება. მეორეც - უბრალოდ უწესობაა. მართალია წელიწადნახევარი სახლში სულ ტუალეტში ვეწეოდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ აივანი არ მქონდა და ოთახში ბავშვი იყო და სჯობს პრინციპები დაარღვიო, ვიდრე ბავშვს თამბაქოს ბოლი ასუნთქო.
 
შვილო, თუ დალევა არ გინდა, არ დალიო.
- არის შემთხვევები როდესაც არ გამოდის. პატარა სუფრაა. თავში გამობრძმედილი ბიძა დგას და ჭიქას გაწვდის - ახლა ჩემი გარდაცვლილი დედის სადღეგრძელო უნდა დალიოო. გინდა თუ არ გინდა, სვამ. ისე კი, სტუდენტობის პერიოდში ფასდაუდებელი რჩევა აღმოჩნდა - რამდენჯერ დავფიქრებულვარ - ეხლა მინდა მართლა დალევა თუ მგონია, რომ უნდა მინდოდეს? მერე კი მაინც ვსვამდი, მაგრამ მაინც... დაგაფიქრებს. (ეს გადავიკითხე და დალევაზე ისე ვწერ, გეგონება ან ბუკოვსკი ვიყო და ან ოთარ რამიშვილი. არ გვქონდა მაშინ სხვა გასართობი და რა გვექნა?)
 
რას ავუხსნიდი ახალგაზრდა ნიკოს

„სიყვარულის ახსნა“ ყოვლად არასაჭირო რამეა
- სკოლის ასაკიდან ვიცოდი, რომ გოგო თუ მოგწონს, რაღაც დროს უნდა მიხვიდე და „სიყვარული აუხსნა“, ანუ უთხრა, რომ გიყვარს და იმის პასუხს დაელოდო. ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ მეგონა, რომ ურთიერთობის ასაწყობად ეს აუცილებელი ნაბიჯია. არადა, რა სისულელეა! არაფერს არ გაძლევს. რა თქმა, უნდა, თუ მოგაწვა, სიყვარული უნდა გამოთქვა, მაგრამ არა დებილური რიტუალიზებული სახით. შეიძლება მოსწონხარსავით იმ გოგოს და ამ დროს დაძაბო. მოკლედ, ჯობია სადმე დაპატიჟო და შეატყო, როგორ მიგდის საქმე. თუ კარგად - ილაპარაკე მერე სიყვარულზე, რამდენიც გინდა.

ვერც სხვები ერთობიან მაინცდამაინც
- საახალწლო შეკრებები, დისკოთეკები, რაღაცნაირი დაბადების დღეები... ვიჯექი და ვფიქრობდი - რა მჭირს ასეთი, რატომ ვერ ვერთობი, აი, ყველა გარშემო რა კარგ დროს ატარებს მეთქი. მერე მივხვდი, რომ უმეტესობა ჩემსავით იყო. უბრალოდ, არ იმჩევდნენ. სხვათა შორის, მაგას რომ მივხვდი, მერე უფრო კარგ დროს ვატარებდი ხოლმე.
 
ახალი ანდაზები და გამონათქვამები
არ მოვიდა დრო, რომ ახლები მოვიფიქროთ? მე მაინცდამაინც კარგი არ გამომივიდა, მაგრამ, აჰა, დავიწყებ და იქნება ბოლოს რამე გამოვიდეს.

კარგი ნაშა „სემში“ არ უნდა ჩასვაო
- გამოყენების მაგალითი - გიორგი: გავიგე, ყაზახი პარტნიორები ჩამოგსვლიან. სად უნდა წაიყვანო, „ხინკლის სახლში? დათო: არა, რას ამბობ. არ გაგიგონია - კარგი ნაშა სემში არ უნდა ჩასვაო?

„იმედის“ კარგი ჟურნალისტი ცენზორს არ დაიჭირვებსო
- გამოყენების მაგალითი - შავი კაკო: ძველნიკუშ, ხო უთხარი პატიკოს, რო არ გააბაზროს ჩვენ რაც ვიჩალიჩეთ? ძველნიკუშა: არ მითქვამს. იმიტო, რო არაა საჭირო. „იმედის“ კარგი ჟურნალისტი, ბო*იშვილი ვიყო, ცენზორს არ დაიჭირვებსო!
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Rusa საიდან გვწერთ: Tbilisi
11.08.2010 10:37
ნიკო, შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ და ჩვეულებრივ ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგს, მაგრამ ბოლო რამდენიმე პოსტი ძალიან გამაწბილებელი იყო, თითქოს ეტყობა რომ 'ძალითაა" ნაწერი, თითქოს ბოლომდე გულწრფელი (genuine) არ არის. ხოდა, იმის თქმა მინდა ჯობია ერთხელ დაწერო და მაგარი ვიდრე 10-ჯერ და საშუალო. ძალიან ნუ მიწყენ ჩემს გულწრფელობას :))

ავტორი: Monkey საიდან გვწერთ: მაიმუნთა ბლოგიდან
29.07.2010 16:42
მოწევაზე განვავრცეთ და ბარემ ვიტყვი. ჩვენთან სამსახურში ერთი კასტაა, მარკეტინგის გოგჩოები, ერთნაირად დაზაგრულები თმებდავარცხნილ ტონა მაკიაჟიანები დაბაკუნობენ ხოლმე. ტუალეტშიც შებაკუნდებიან ხოლმე გასაფუილებლად. არადა სანამ ტუალეტამდე მიხვალ ”კურილკა” უნდა გაიარო ^_^ კიდე გამახსენდა ერთი მეგობარი მიყვებოდა ადრე თავის მეზობელზე. იმ კაცს შვილები უცხოეთში ჰყავდა და სტროგი ცოლი ჰყავდა ძალიან, ჰოდა ერთხელაც ეს ცოლიც წავიდა რამდენიმე თვით საზღვარგარეთ. კაცი კიდევ მაინც ტუალეტში ეწეოდა. (ისიც მითხრა ზამთარში სახლში პალტოთი მოძრაობსო, ამაზე თავიდან არ გამეცინა მაგრამ ახლა მეცინება ^_^)

ავტორი: კატერინა საიდან გვწერთ: თბილისი
28.07.2010 16:00
თანამშრომელი ეწევა ჩუმად "ტუალეტში" :))))))' მაგარი მწეველია. მაგ ამბავში სასაცილო ისაა, რომ 45 წლისაა და დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მაგას რამეს დაუშლის. ცუდი ისაა, რომ საჭიროში ლამისაა აირბაგებით შევიდე, სულ ისეთი ბოლი და უბედურებაა... მინდა უთხრა, რომ შეეშვას ჩემ ტანჯვას, მაგრამ რომ მახსნდება რა მონდომებით მალავს ამბავს, რომელიც ყველამ ვიცით, ლაპარაკის ხალისი მეკარგება

ავტორი: mariam
26.07.2010 11:55
ჰო , დამავიწყდა დამეწერა, სახალისო ბლოგია, ძალიან მომეწონა :)

ავტორი: mariam
26.07.2010 11:54
მამაჩემი სულ პრაქტიკულ დარიგებებს მაძლევდა. ერთ-ერთი ასეთი იყო "შვილო, საზამთროს ჭამის დროს თუ რამოდენიმე კურკა გადაყლაპე არაფერია, ლულა გაგეწმინდებაო" მაშინ ვერ ვიგებდი და მეც რომ შვილები მეყოლა მაშინ მივხვდი რომელ ლულას გულისხმობდა :)

ავტორი: saxeli
19.07.2010 05:41
პარასკევია დღესაო, კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო.
პარასკევ-ღამეობით აქტუალურია თითქოს.

როცა გშია ზაქარია, ცივი ჭადიც შაქარია. ეს მიყვარდა რატომღაც.

ავტორი: ირმა
17.07.2010 22:52
ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
17.07.2010 07:37
ყველა სოფელს რომ თავისი გიჟი ჰყავს, ალბათ გვახსოვს, მაგრამ მთავარია ეს გიჟი პრეზიდენტად არ ავირჩიოთო.

..............
:)

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
17.07.2010 07:37
ყველა სოფელს რომ თავისი გიჟი ჰყავს, ალბათ გვახსოვს, მაგრამ მთავარია ეს გიჟი პრეზიდენტად არ ავირჩიოთო.

p.s. ნიკო, ჩემგან დიდი სიმპათიები.

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Athens
17.07.2010 01:02
რამდენიმე დღის უკან ერთმა საატების მაღაზიამ გამოაცხადა რომ იხურებოდა და საკმაოდ კარგ საათებს გამოიტანდა მეოთხედ ფასშიც კი.
მოკლედ შევიძინე ერტ-ერტი საათი , 2 წლის თუ მეტის იქნებოდა ალბათ ცხადია უხმარი მაგრამ ელემენტი ქონდა დამჯდარი..
მესაატესთან მივიტანე ჩავასმევიე და მერე გამახსენდა მეკითხა ,
მეთქი ბატარია ლითიუმის ჩასვი მეთქი?
არაო , მითხრა მესაათეები ლითიუმის ბატარიას არ ვსვამთო...

პრინციპში სამაჯურის დაპატარავებაც მინდოდა მესაატეს მაინც ვერ ავცდებოდი , ნმაინცდამაინც გული არ დამწყვეტია .
ალბათ სამ ოთხ თვეში დაჯდება ეს ბატარია , ლითიუმის ბატარია 2-3 წლამდე ძლებს ...
მოკლედ ანდაზად ალბათ გამოდგება ... ხო კიდე ბავშვობაში პარიკმახერებისგან მახსოვს კიდევ , მოკვდებოდნენ და მოკლეზე არ შეგჭრიდნენ თმებს ... ლამის თვეში ერთხელ მჭირდებოდა მისვლა...

ავტორი: kako საიდან გვწერთ: komuna
16.07.2010 13:15
აუუუ დამათაგვინეთ რააა :))))

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
15.07.2010 22:25
Jessica de Rider საიდან გვწერთ: s
15.07.2010 15:35
-------------------------------------------------------------------------------

:))
მართლაც ჭეშმარიტებაა. თან რომელიც არასოდეს ზეიმობს, თუმცა რომლის მტრებიც ადრე თუ გვიან კვდებიან :)

ავტორი: რუსო საიდან გვწერთ: თბილისი
15.07.2010 19:36
მართალია წელიწადნახევარი სახლში სულ ტუალეტში ვეწეოდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ აივანი არ მქონდა და ოთახში ბავშვი იყო და სჯობს პრინციპები დაარღვიო, ვიდრე ბავშვს თამბაქოს ბოლი ასუნთქო.- და, ახლა, როგორც მივხვდი, სახლში ტუალეტში აღარ ეწევი და , აივანი ააშენეთ თუ ბავშვი აღარ გყავთ სახლში?
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
17.07.2010 16:14
ბავშვი გავაშვილე, ტუალეტი მოვანგრიე და აივანი მივაშენე...

ავტორი: Jessica de Rider საიდან გვწერთ: s
15.07.2010 15:35
მამაჩემმა (ღმერთმა აცხონოს) მითხრა ერთხელ (მაშინ მომეჩვენა, რომ გენიალური იყო, ეხლა მეჩვენება, რომ მარტი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაშინ 16 წლის მშიერი და გაჭირვებული აბიტურიენტი ვიყავი): თუ ყველას აზრი გაითვალისწინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყო, რა უნდა გეცვას და გეხუროს (დიდი არჩევანი არასდროს მქონია) და რას უნდა ფიქრობდე, ძალიან მალე მოკვდებიო!

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: ქუთაისიდან
14.07.2010 23:48
ახალი ანდაზა გამახსენდა
საქართველოშI თუ ცხოვრობ ევროპული ქუდი უნდა დაიხუროო...


გამოყენება ყოველდღიური, შეიძლება ითქვას საყველპურო...


ევრორემონტი რემონტების მეფეაო, ხომ გაგიგიათ, იმისი არ იყოს ევროპაშI რა გინდოდა თუ ევროპული "ფასეულობა" არ გინდოდაო...

და ასე შემდეგ
უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება

მამაჩემი მეუბნებოდა უცხოებს მაინდამაინც ნუ დაუჯერებო, ხო და მეც არავის უჯერებ, დაჟე სხვისი რომ არ მეჯერა, ჩემი საკუთარი ლეკსიკონი მოვიფიქრე. აი რომ მეუბნებოდნენ შავზე შავიაო ან თეთრზე თეთრიო, არ მეჯერა, ხო და გადავარქვი ორივეს სახელები...
ასე ხშირად ვიქცევი...
ეხლა დანარჩენის დაწერა მეზარება
მერე გავაგრძელებ...
ისე ვაჩნაძიანთ საფიხვნოს შემდეგ ეს ბლოგი ნირვანაა...

ავტორი: Monkey საიდან გვწერთ: Zoo
14.07.2010 23:38
არა გოგიჩა გვეუბნებოდა ლექციებზე. რომ მსოფლიოს 2 მესამედს ურჩევნია უთხრან რა გააკეთონ, და ასე უფრო კარგად გრძნობენ თავს, აი ერთი მესამედი კი იტანჯება თავისი კრეატივიზმით და თავისუფლებისმოყვარეობით. ერთი სიტყვით ლიდერული თვისებებით. მოკლედ მთლად მოსალოცი საქმე არაა, მაგრამ მაინც კარგია ))
თანაც დათო მგონი სანდო კაცია და ამიტომ მგონი სწორია ეს აზრიც.
ბოლოსდაბოლოს ჩემი მეორე საყვარელი ლექტორია )))

ავტორი: ევა საიდან გვწერთ: დაკარგული სამოთხიდან
14.07.2010 20:12
მართლა პირნათლად ვასრულებ მამის დარიგებას,სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება როცა სახლში არ მეძინა:)ობიექტური მიზეზით,რასაკვირველია:) ხო კიდევ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ უხაროდათ ახალი წელი,აი ეგეთი "უჟმური"ვარ პატარაობიდან:) ან რატომ არ შეიძლება ბავშვმა იცოდეს,რომ საჩუქარი მამაისმა უყიდა და არა არარსებულმა თოვლის ბაბუამ თუ სანტამ,ეხლა ეგ არი მოდაში,უი ,მოკლეკაბიანი "სნეგურაჩკა"დამავიწყდა:)არა თქვათ ეხლა მძიმე ბავშობა გქონიაო,მხიარული და ლაღი ბავშვობა მქონდა,უბრალოდ მშობლები არ მატყუებდნენ
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.07.2010 20:18
ახალი წელი კარგი იყო ხოლმე - საჭმელი, ტელევიზორში შედარებით კარგი გადაცემები, იქნებ საჩუქარიც... რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიტანს, მთავარია იყოს...

ავტორი: ირმა
14.07.2010 19:56
რამდენიც არ უნდა იმეცადინოს მაგას ეგ არ გამოუვა

არაა რას ამბობ მთავარია მოწადინება არ გაგიგია ბლოგები ხშირხშირად უნდა წეროოო?:)

მაგარია ნიკო.

ავტორი: ევა საიდან გვწერთ: დაკარგული სამოთხიდან
14.07.2010 19:29
ძალიან კარგი იყო, რამდენჯერ დავფიქრებულვარ ამყველაფერზე, მეც არასოდეს მესმოდა რატომ ეწევიან გოგონები ტუალეტში,მაინც ყველამ იცის ვინ ეწევა:) ინსტიტუტში კიდევ შეიძლება რაღაც ახსნა მოუძებნო,მაგრამ სამსახურშიც რომ არიან ტუალეტში მწეველები და აქაც 2 კატეგორიაა--საჯაროდ მწველები და "ჩუმად" მწეველები:) მეც ყოველთვის მიკვირდა რატომ სვამენ კაცები თუ არ უნდათ დალევა:) ხო მამაჩემის ერთი ცოტა უცნაური რჩევაც გამახსენდა----ღამით ყოველთვის სახლში დაიძინეო:)ანუ მეგობართან არ დარჩეო:) და ანდაზებს რაც შეეხება-----ქალს ისე არაფერი ამშვენებს როგორც სულელი დაქალიო:))ძალიან ვიხალისე:))
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.07.2010 19:51
მერე, ასრულებ მამის დარიგებებს?

ავტორი: გოია
14.07.2010 18:07
”ბლოგი წავა და წამოვა ნიკ(ო)ები დარჩებიანო”.... :))))
გამოყენების მაგალითი:
მეზობელი ბლოგერი იურა გეუბნება (ქალაქური სტოიკით) - რას კითხულობ ბიჯო მაგ ნერგაძის ბლოგს, ვერ ხედამ მე რა მაგარი დავწერე ტოოო...
შენ კი ეუბნები - ბლოგი წავა და წამოვა ნიკ(ო)ები დარჩებიანო....
წესით უნდა გაჭრას :))
ისევ ქალაქურად გეტყვი - მალადეც ნიკუშ, მაგრად წერამ...

ავტორი: dv0rsky საიდან გვწერთ: dgiuri.com
14.07.2010 17:05
აუ, არადა რა გვიან მივხვდი ამ გართობის ამბავს :)
ზრდასრულ ასაკში, ფაქტიურად
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.07.2010 19:51
მე მეგონა შენ მაგრა ერთობოდი და შენ კიდევ გეგონა რომ მე და ვერავინ ვერ ვერთობოდით. უჟას!

ავტორი: მაიმუნი საიდან გვწერთ: Zoo
14.07.2010 16:46
wow.. კი გითხარი უკვე, მაგრამ მაინც. ძალიან კარგია. აი არავის გადმოუნთხევია ამდენი კრეატივი ამ თამაშში. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს იმ ერთ მესამედში ხარ, რომელიც არ კმაყოფილდება მიცემული ჩარჩოებით. გილოცავ :დ
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.07.2010 19:52
მადლობა მოლოცვისთის. ეგ მსოფლიოსმესამედი შენი მოფიქრებულია თუ რამე ცნობილი გამონათქვამია?

ყველაზე პოპულარული