პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:19

ბლოგები / მალხაზ ხარბედია

წიგნების წარღვნა

x
ტექსტის ზომა - +
თვეების მანძილზე ვიკავებდი თავს იმის დაწერისგან, რაზეც ახლა ვწერ, მაგრამ ვეღარ გავუძელი. მეგონა გადამივლიდა, ან იმათ გადაუვლიდათ, ან გამოსწორდებოდნენ, მაგრამ რადგან ტენდენციამ სულ უფრო კარიკატურული და აბსურდული სახე მიიღო, ვერ შევიკავე თავი.

ბოლო დროს იაფფასიანმა ყვითელმა ჟურნალებმა ნამდვილი საგამომცემლო წარღვნა მოაწყვეს, რომელიც ახლაც გრძელდება. დღემდე, მთელი კვირის მანძილზე იმდენი წიგნი მოჰყვება ქართულ ჟურნალებს, რომ მკითხველი (თუ მყიდველი) ძალიან დაიბნა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მხრივ პირველები გამომცემლობა პალიტრა L და ამავე გამომცემლობის ჟურნალი "გზა" იყვნენ. ზუსტად ერთი წლის წინ, თებერვალში მათ მთელს საქართველოს აუწყეს, რომ ახალ პროექტს დაიწყებდნენ,
სახელწოდებით - "ქართული პროზის საგანძური", რომ ყოველ ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად ერთი ქართველი მწერლის წიგნი გამოვიდოდა, რომ თითოეული ტომის სიმბოლური ღირებულება ხელმისაწვდომი იქნებოდა წიგნის მოყვარულთათვის და წიგნთან დამეგობრების მსურველთათვის. და წავიდა, დაიწყო... წიგნთან დამეგობრების სრულიად უმართავი პროცესი დაიწყო. უმართავი იმიტომ, რომ ერთ-ორ თვეში თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთმა მხარი აუბა ამ წამოწყებას და ეს ყველაფერი წარღვნაში გადაიზარდა, ნაღდ ბიბლიო-წარღვნაში, რომელიც ჩვენი უწიგნურობით განრისხებულმა ღმერთმა მოუვლინა საქართველოს.

ბევრ კარგ წიგნს და უზარმაზარ არჩევანს რა სჯობია, მაგრამ ეს ბიბლიო-წარღვნა ნამდვილი სასჯელი აღმოჩნდა ყველასთვის. პირველ რიგში მშობლებისთვის, რომლებმაც ვეღარ გაიგეს, რომელ გამოცემაზე შეეჩერებინათ არჩევანი, მიყოლებით შეეძინათ ყველა წიგნი, თუ ამორჩევით? არადა ყველას როცა ყიდულობ და თაროზე ჩაამწკრივებ, ეს ფერად-ფერადი წიგნები უფრო ლამაზად გამოიყურება, შეგიძლია ტომებიც აურიო და ფერთა გრადაციის მიხედვით დაალაგო წიგნები. თან ჟურნალთან ერთად წიგნი 3 ლარი ღირს, ან 5, მაღაზიაში კი შეიძლება 12-ც დაადონ. ჯიხურებთან ხშირად გაიგონებთ: "სამი მუშკეტერის" მე-4ა ტომი მაკლია, სად ვიშოვო?, "ფორსაიტების საგის" მე-7გ ტომი იქნება საწყობში? აბა "ბინდი" იაფში! "ბინდი 2" ნაკურთხი სანთლით. მურაკამი ტუალეტის ქაღალდზე! 200 გვერდზე დატეული "ბუდენბროკები" ვის უნდა?... როგორია? მთელი დღე კითხულობ ერთ გვერდს, სამაგიეროდ ნაკლები ქაღალდია დახარჯული და წიგნი სულ რაღაც ლარნახევარი ღირს.

მეორე მხრივ, ეს წარღვნა სასჯელია ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგისტებისთვის, რომლებსაც ასეთი დატვირთვა არც დასიზმრებიათ. ძნელია რამდენიმე თვის მანძილზე მთელი ქართული და უცხოური ლიტერატურის ხელახალი დალაგება-დაბარათება-შეყრა-რუბრიკაცია?

სასჯელია მკითხველებისთვის, რომლებიც წიგნს წასაკითხად ყიდულობენ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ან საშინელ ქაღალდზეა დაბეჭდილი, ან კორექტურებითაა სავსე, ან ძალიან ცუდი თარგმანია, ან რედაქტორი არა ჰყავს, ან გვერდები აკლია, ან სათაურის მხოლოდ ნახევარია თარგმნილი, ან კუპიურებითაა თარგმნილი. მაგალითად, ზოგიერთი ჟურნალი ყველა უხამს სიტყვას იღებს წიგნებიდან, ზოგი კი პირიქით, საერთოდ არც კითხულობს რას გამოსცემს.

და მთავარი სასჯელი: მომავალი. პირველ რიგში ჩვენი მომავალი, შემდეგ კი წიგნების. ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნების მომავალი შეიძლება დაზარალდეს, რადგან ამ კონკრეტული გამოცემებიდან ახლო მომავალში ძალიან ცოტას თუ გაიხსენებენ და დაუბრუნდებიან, ამ გამოცემების უმრავლესობა თავიდანვე განწირულია დავიწყებისთვის იმ უზუსტობების, უგემოვნობისა თუ უყურადღებობის გამო, რომლებიც ზემოთაც ვახსენე.

ჩამოვთვალოთ მთავარი გმირები, რამდენიმე მაინც, რადგან ყველას მაინც ვერ გავწვდებით! "გზა" და მისი "ქართული პროზის საგანძური" უკვე ვახსენეთ, მაგრამ სათქმელი მასზე კიდევ დარჩა, იმიტომ, რომ ის ზერელობა და ნაჩქარევობა, რომელიც დღევანდელ ამ წიგნების წარღვნას წყევლასავით გასდევს, პირველად სწორედ "ქართული პროზის საგანძურს" შევატყვე. თავად განიკურნენ, მაგრამ სხვებს კი დაუტოვეს მემკვიდრეობად. მართალია დღესდღეობით ეს სერია მეტ-ნაკლებად ყველაზე გამორჩეული და კვალიფიციურია სხვებთან შედარებით, მაგრამ უხეშ, კურიოზულ შეცდომებში და ზერელობაში ისინი პიონერები იყვნენ. ბუნებრივია - პირველი რისკავ, შეცდომასაც პირველი დაუშვებ. მაგრამ შეცდომა, რომელზეც ახლა გეტყვით, დღემდე ვერ ავხსენი. საქმე ისაა, რომ დავით კლდიაშვილის ტომს, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე თუ ზაფხულის დასაწყისში გამოიცა, კლდიაშვილის ფოტოს ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა. წიგნი ჯერ უნამუნოს ტომი მეგონა, შემდეგ კი, როცა ვნახე, რომ ყდაზე კლდიაშვილი ეწერა, ვიფიქრე, რაიმე ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან მქონდა საქმე და ისიც გავივლე გულში, მალე ალბათ აკაკის ტომსაც გამოსცემენ უოლტ
უიტმენის ფოტოთი მეთქი. შემდეგ ფეისბუკზეც გვქონდა ამაზე სჯა და გახუმრებები. ცოტა ხანში რედაქციამ შეცდომა გამოასწორა, და მე, როგორც "ყურადღებიანი მკითხველი", ყურადღებისა და აქტიურობისთვის, ”ქართული პროზის საგანძურის” აქამდე გამოსული ყველა ტომით დამასაჩუქრა. სამწუხაროდ ეს მრავალტომეული საჩუქარი დღემდე არ წამომიღია გამომცემლობიდან, ხან მანქანიანი მეგობარი ვერ დავიყოლიე, უმანქანოდ კი გამიჭირდებოდა, ხან წიგნებისთვის ვათავისუფლებდი სახლში ადგილს, ხან რა მიზეზი მქონდა, ხან რა. მოკლედ, დღესაც საჩუქრის გარეშე ვარ.

ვინ არიან დანარჩენი ჟურნალები? ანუ მიმბაძველები? პირველ რიგში ესაა ჟურნალი "თბილისელები", რომელმაც თვეების მანძილზე ძალიან ცუდ ქაღალდზე, ძალიან ბევრი კორექტურით, უხარისხოდ, უგემოვნოდ გამოსცა მარკესი, მურაკამი, გოლდინგი, ფრიში და ა.შ. თუ არ ვცდები, იგივე ჟურნალი გამოსცემს საბავშვო ლიტერატურის სერიასაც. "რეიტინგმა" დეტექტივები აარჩია თავის მსხვერპლად: ჰედლი ჩეიზი, კონან დოილი, აგატა კრისტი, ბორის აკუნინი. ჟურნალმა „სარკემ“ - პოეზია: შოთა-ილია-აკაკი-ვაჟა-და-გალაკტიონი... და, რაც მთავარია, ასევე "სარკესთან" ერთად გამოდის (თუმცა ამას წინათ ჟურნალ "გუმბათთან" ერთადაც ვნახე ცელოფანში გამოკეტილი) სერია "ახალი ქართული პროზა". ეს ბოლო აუცილებლად უნდა ნახოთ, ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილება გელით. ასეთი დიზაინის, ფორმატის, შრიფტის და ა.შ. წიგნი მე აქამდე არ მინახავს. და თან იცით ვინ გახსნა ახალი ქართული პროზის სერია? არც მეტი არც ნაკლები, ოტია იოსელიანის წიგნმა "ქალი მაინც ქალია". შემდეგ გურამ მეგრელიშვილის წიგნი გამოვიდა, "ორი მილიონი უფასოდ", გასაოცარი ყდით. არანაკლები იყო ირაკლი ლომოურის წიგნის ყდაც, ფოტოშოპის ყველაზე ცუდ ფილტრში დამუშავებული ნახატით. და ბაჩო კვირტიას წიგნის გარეკანი, რომელიც არაფრით განსხვავდება 90-იან წლებში გამოცემული საგადასახადო კოდექსის გარეკანისგან.

მეტი რაღა ვთქვა, მე მგონი ისედაც ყველაფერი ნათელია, ამიტომ, ჯობია დასკვნებისკენ წავიდე და დავაზუსტო: ის, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, ნამდვილი საგამომცემლო პარაზიტიზმია. ზერელობის ზეიმი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ჟურნალების უმრავლესობა წიგნების გამოცემით უწიგნურობას და უკულტურობას ნერგავს, გამოსცემს მხოლოდ უკვე გამოცემულ წიგნებს და ძირითადად გადამღერებით არის დაკავებული. თავის ჭკუაში ჟურნალსაც ყიდიან, წიგნის გამოცემაშიც აკეთებენ ფულს და მკითხველსაც ანათლებენ. ყველაზე გამაღიზიანებელი სწორედ ეს არის, საგანმანათლებლო და დემოკრატიულობის, ანუ ხელმისაწვდომობის ნიღაბი რომ მოარგეს ამ ზერელობას. იაფი წიგნი არ ნიშნავს უხარისხო წიგნს. იაფმა წიგნმა წიგნი არ უნდა შეგაძულოს. იაფმა წიგნმა პირიქით, მეტი მკითხველი უნდა მოუპოვოს ლიტერატურას. რა უნდა იყოს ამაზე ტრაგიკული? ქალაქიდან დევნიან იაფ ბუკინისტურ წიგნებს, სამაგიეროდ ქალაქს აპყრობინებენ იაფ უსულო და უგემოვნო წიგნებს. ნახეთ ბრიტანული, ამერიკული, ფრანგული, გერმანული, რუსული იაფიანი ახალი გამოცემები. შეადარეთ ჩვენს წიგნებს...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე სხვები ჩემზე უფრო კონკრეტულ და კვალიფიცირებულ წერილებს დაწერენ ამ წარღვნაზე, რადგან დღეს მხოლოდ დეტალური მიმოხილვა და მწვავე კრიტიკა თუ გაანელებს ამ ბაკქანალიას და ცოტათი მაინც დააოკებს და დააგდებს ამ გიჟურ ტემპს. თუმცა ტემპი მე მგონი ისედაც დაეცემა. გამოსაცემი ხომ თითქმის აღარაფერი დარჩა.

ასე რომ, ძვირფასო ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებო, სანამ მეორე წრეზე წახვიდოდეთ, გადახედეთ თქვენს ნამოქმედარს.

თვეების მანძილზე ვიკავებდი თავს იმის დაწერისგან, რაზეც ახლა ვწერ, მეგონა გადამივლიდა, ან იმათ გადაუვლიდათ...

Tags: ბლოგი , წიგნები

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mzia საიდან გვწერთ: tbilisi
24.02.2011 12:41
ეს მაკულატურაა! ყოჩაღ მალხაზ, ესენი ძველ ცენზურირებულ თარგმანებს ხელახლა ბეჭდავენ, არადა იქ ღმერთის ნაცვლად წერია წარმართული: ჰოი, ზეცავ! ხოლო `გულივერის მოგზაურობაში~ მთელი გვერდია გამოტოვებული და იცით, რატომ? საწყალ გულივერს წყალში იეჰუ ქალი ჩაუხტა! არადა, სვიფტი მღვდელი იყო!
ყველა წიგნი ხელახლა უნდა ითარგმნოს! ძველი ცენზურირებული წიგნებსი გამოცემა უბრალოდ უსინდოსობაა!!!! მადამ ბოვარის ძველ გამოცემაში ფლობერი მარქსისტადაა გამოყვანილი!!!

ავტორი: salome საიდან გვწერთ: tbilisi
24.02.2011 09:57
არ შემიძლია, არ დავეთანხმო ავტორს..მართლაც რომ ბიბლიო წარღვნაა და ეს მართლა გამაღიზიანებელია ჩემთვის..თუმცა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" პროექტი ძალიან მომწონს და შეძლებისდაგვარად ვყიდულობ კიდეც..ან უნდა აწარმოო ხარისხიანი პროდუქცია, ან უნდა გაჩერდე.

ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი საიდან გვწერთ: დიდი დიღომი
22.02.2011 17:01
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია წარმოჩენილი ბლოგზე ამ მართლაცდა წარღვნას რომ ეხება. ბევრ რამეში შეუძლებელია არ დაეთანხმო ავტორს. მით უფრო, ამასწინათ ჩემი მეგობარი მწერალი ვნახე, რომელმაც მომიყვა როგორ ურცხვად ამოუღო ერთი აბზაცი მოთხრობიდან ერთ-ერთი გაზეთის თავხედმა რედაქტორმა (არ დავაკონკრეტებ ახლა, მაინც კოლეგაა), მარტო იმის გამო, რომ მწერალმა სასვენი ნიშნები არ გამოიყენა. ცხადია, ასეთი მხატვრული ტექსტები მას არც უნახავს და არც გაუგონია და ეტყობა, თავისი უწიგნური ჟურნალისტების ნაწერი ეგონა, როცა თავს უფლება მისცა ასეთი უხეში ფორმით ჩარეულიყო ტექსტში.

მაგრამ...

არ შემიძლია, ამ "წარღვნის" ზოგიერთ დადებით მხარეზე არ ვილაპარაკო. მაგალითად, გაირკვა, რომ წიგნის გამოცემა შეიძლება იაფადაც და არა იმ ფასებით, როგორც გამოსცემდნენ აქამდე ცნობილი გამომცემლობები. „პალიტრა L“-ის პროექტმა "ქართული პროზის საგანძური" ეს გამომცემლები საგონებელში ჩააგდო. ბაკურ სულაკაურმა - ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო - გადაწყვიტა ერთ-ერთ "ყვითელ ჟურნალს" (როგორც ბლოგერი უწოდებს ;) ) შეამხანაგებოდა და მთელი ის წიგნები რაც აქამდე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ 14-15 ლარად გამოუცია, ახლა რბილ ყდაში ჩასვა და სულ რაღაც 5 ლარად შესთავაზა მკითხველებს. ეს სერია საბავშვო ლიტერატურაა და ბაკურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შედარებით კარგ ქაღალდზეა გამოცემული, ვიდრე „პალიტრა L“-ის წიგნები. ამავე დროს ვერც პალიტრა L-ს ვუსაყვედურებთ განსაკუთრებულ უხარისხობას. მე მაგალითად, ვერც წარმომედგინა, თუკი რაიმე დეტექტივებისკენ მიმაბრუნებდა, ადრეულ ახალგაზრდობაში იმდენად ბევრი დეტექტივი მაქვს წაკითხული. ჟურნალ „რეიტინგთან“ ერთად გამოცემულმა ძალიან კარგმა დეტექტივებმა ამ ჟანრზე წარმოდგენა მთლიანად შემიცვალა უკეთესობისკენ. არ ვიცი, ვინ არჩევდა ამ დეტექტივებს, მაგრამ გემოვნება ნამდვილად დახვეწილი ჰქონია და ინფორმირებულიც კარგად ყოფილა. რაც შეეხება „ქართული პროზის საგანძურს“, მიუხედავად იმ კურიოზისა, რაც ბლოგშია ნახსენები (ასეთი კურიოზები ხდება ხოლმე და მერე ბიბლიოფილები ეძებენ კიდეც თავისი კოლექციისთვის მსგავს გამოცემებს. ეს კი არადა, ხუთლარიანზე ივანე ჯავახიშვილის ნაცვლად მიხეილ ჯავახიშვილი დააწერეს და მიმოქცევაშიც გაუშვეს). სხვა მხრივ, ამ სერიას ნამდვილად ვერაფერს ვუსაყვედურებთ. მხოლოდ კარგი შეფასება უნდა მივცეთ იმ ფაქტს, რომ მშობლები ცდილობენ, არც ერთი წიგნი არ გამორჩეთ ამ „საგანძურიდან“. შეიძლება საბჭოთა პერიოდიდან იყვნენ კიდეც შემორჩენილნი ისეთი ადამიანები, ვინც თაროების გასალამაზებლად ყიდულობს ასეთ ტომეულებს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახლა ასეთები უფრო ცოტანი არიან.

რაც შეეხება „ახალი თაობის“ ჰოლდინგისა და „გუმბათის“ გამოცემებს, მათ მართლაც არაკვალიფიციური გამომცემლის ხელი ეტყობა და მხოლოდ იმიტომ იბეჭდება, რომ „პალიტრის“ ჰოდინგს ეჯიბრება. ეს დაპირისპირება ბაზრის კანონებს უნდა მივაწეროთ. ამ მხრივ, წიგნი მართლაც ზარალდება.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი რამ - თანამედროვე მწერლებმა, რომელთა ნაწარმოებები ამ სერიებში მოხვდა, ერთჯერადი სახით წინასწარ ჰონორარები მიიღეს. ეს კი ზოგიერთისთვის, ვისაც სხვა სამსახური არა აქვს, პატარა ფინანსური შეღავათია და ამას მხოლოდ დადებითად ვუყურებ.

ავტორი: ირმა
19.02.2011 22:52
ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
14.02.2011 18:25

შეგიჭამე ლექსიკის დონე და წერის მანერა ასე რომ ხელგეწიფება:)

ხი ხი ხიიიი

ავტორი: dito
18.02.2011 11:17
ამ ყველაფრის ფონზე "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო....... " მართლა მისწრებაა, ნუ რათქმაუნდა სხვა საქმეა რა წიგნებია იქ შესული :)

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
14.02.2011 18:25
დავიწყებ იმით, რომ კომენტარების ავტორებში ბევრი ისეთია, ვინც სხვის ფეხის ხმას აჰყვა და უნდა, სხვისი კრიტიკით გაცილებით პროგრესულად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე წარღვნაში უნავოდ და უქოლგოდ დარჩენილები არიან. ამას უბრალოდ შეატყობს ყველა მათ ენასა და წერის მანერაზე. ბეჭდვითი შეცდომა ვის არ მოსდის, მაგრამ გრამატიკულად ტექსტის გამართვა ყველას არ ხელეწიფება, რომ აღარაფერი ვთქვა ლექსიკის დონეზე.

ახლა კი თავად პრობლემას მივხედავ. ისევე რგორც ფურცელს, პრობლემასაც ორი მხარე აქვს. უარყოფითი მხარეები წარმოაჩინა უკვე სტატიის ავტორმა, რომელსაც გარკვეულწილად ვეთანხმები. დადებითსაც ნუ დავივიწყებთ, თუნდაც ის უმცირესობაში იყოს. კერძოდ კი, გამოფხიზლდა საზოგადოება, ბულვარული ჟურნალების გარდა სხვა საკითხავიც გაუჩნდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ შეფასებისა და შედარების საშუალება მიეცა: რა განსხვვებაა იაფფასიანსა და ძვირადღირებულ გამოცემას შორის. ის, რომ საგამომცემლო საქმიანობა გაიშალა, თუნდაც დიდი ხარვეზებით, მაგრამ მაინც. გასცდა ორიოდე გამომცემლობის კედლებს. ის, რომ დაიწყო გამომცემლებისა და გამომცემლობების კრიტიკა. ვინ იცის, ცოტა ხანში ამ უხარისხო, დაუდევარი, წყალს გასატანებელი თუ უკვე გატანებული გამომცემლობებიდან დაიბადოს ახალი ჯგუფი, ტალღა გამომცემლებისა, რომლებიც მიიღებენ და გაითვალისწინებენ კრიტიკას და კონკურენციას გაუწევენ აქამდე საგამომცემლო ბაზარზე მყოფ მონოპოლიებს.

თარგმანებზე კი შემდეგს მოგახსენებთ: რაც ძველია, ავტომატურად კარგიც არ არის. ზარატუსტრას მაგალითი რომ ავიღოთ, მისი თარგმანი უფრო ეგონება ადამიანს ნიცშესი, ვიდრე ორიგინალი, გაუგებარი და ღვლარჭნილი ენის გამო. არადა, ნიცშე ორიგინალში ბევრად გასაგებია.
ავტორიტეტებისა და ხატებისკნ აქვს ქართულ საზოგადოებას მიდრეკილება. ამიტომაც კლავს ყოველ ახალ წამოწყებას ძირშივე. აცალეთ ახალგაზრდა მთარგმნელებს, თარგმნონ. გამოცდილების ამბავია დანარჩენი. ხოლო ის გადარჩება, ვინც უკეთესია.
პატივისცემით
მე

ავტორი: eka საიდან გვწერთ: tbilisidan
14.02.2011 17:30
კომენტარების სიმრავლიდანაც ჩანს, რომ ამ გამოცემებზე სათქმელი მართლაც დაგროვდა. ხარისხი რომ მაღალ ფასთან ასოცირდება, ეს არავისთვისაა სიახლე, მაგრამ თუ არ ვცდები 6ლარიანი`მსოფლიო ლიტერატურის შედევრებისა და ბესტსელერების` ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ალბათ სწორედ ამის გამო იყო, რომ გამოცემა 11 ტომზე შეჩერდა.
რაც შეეხება ქართული პროზის საგანძურს, ვფიქრობ არ იყო მისაღები ოთარ ჭილაძის `გზაზე ერთი კაცი მიდიოდა`ს სამ ტომად გამოცემა. ორ წიგნშიც ჩაეტეოდა ისე, რომ ფორმატი არ დაირღვეოდა. ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება ისიც, რომ ხელმომწერებს 52 ტომის ნაცვლად, კიდე დამატებით გაგრძელებას გვთავაზობენ 65 ტომამდე. ეს მხოლოდ ჯერჯერობით...

ავტორი: ირმა
13.02.2011 18:55
რა საშინლად დამიწერია...იმედია მომიტევებთ..სხვის კომპთან გახლდით და როგორც ალბათ გამოგიცდიათ მთლად შენს საყვარელ და მისადმი ფამილიარულად განწყობილ და შეჩვეულ კლავიატურასთან თუ არ ხარ ბეჭდვითი შეცდომებიც არ აყოვნებს ხოლმე...

და რა ხდება სხვა არავის გაღელვებთ მდარე ხარისხის წიგნები? მგონი ადამიანების უმრავლესობამ კიდევ ვერ გაიგო რომ კარგი წიგნის კითხვა დიდი სიამოვნებაა და ღირს მისით დაკავება...

ავტორი: ირმა
11.02.2011 16:33
აი თურმე როგორი საჭირო ყოფილა ბუკინისტები საზოგადოებისათვის,ნაღდი განათლებისათვის რაც გემოვნებას მოიაზრებს პირველ რიგში...(ამაში დარწმუნებული არ ვარ რომ პირველ რიგში მაგრამ დაბრუნება და წაშლა მეზარება)რომ იტყვიან დრო იხელთა უგემოვნობამ მაგრამ როგორც იტყვიან ბაზარი დაარეგულირებს:)

ავტორი: ირმა
11.02.2011 16:30
მალხაძ რა ხდება იცი? ერთი წიგნი ცემტანაც მოიტანეს და ვინ იყიდა არ ვიცი,დედაჩემმა? ცემმა ძმამ? ხურდში გამოაყოლეს ვინმეს? მოკლედ ეს იყო ფერმან ჰესეს ტრამალის მგელი რომელის ძველი გამოცემები გვაქვს ქართულადაც და რუსულადაც,კი გამიხარდა ახალი წიგნი რომ დავინახე მაგრამ რომ გადვსალე ზუსტად ვიცი რომ მისი გადამკითხავი არ ვიყავი და იმის ტქმა მინდა რომ ეგ ხალხი თუ მხოლოდ აგროვებს მაგ წიგნებს როგორც გვჩვეოდა ხოლმე ქართველებს და კარადაზე დასალაგებლად უნდა და ხელმისაწვდომობას დაეშურა ეგ სხვა საკიტხია მაგრამ ვისაც წასაკითხად უნდა და ერთის წაკითხვა მაინც სცადა შეუძლებელია კიდევ გააგრძელოს ყიდვა.ბოლოს დაბოლოს ლიტერატურას მე სიამოვნებისათვის ვკიტხულობ და ეს შემეცნებაც სიამოვნებაა ცემთვის და არა რაღაც სხვა მიზმინით და თუ შემომცირებს ხარისხი ამ სიამოვნების განცდას რატომ ვიყიდი? ჰა?

ავტორი: ana საიდან გვწერთ: biblioteka
10.02.2011 22:04
ბატონო მალხაზ, იმ ქვეყნიდან გწერთ, მილიონზე მეტი ღატაკი ადამიანი რომ ჰყავს, ეს ოფიციალურად... რატომ გიკვირთ, რომ უამრავი ადამიანი ვერ ყიდულობს წიგნებს, სწორედ იმის გამო, რომ საკმაოდ ძვირი ღირს. ხშირად გამოვსულვარ წიგნების მაღაზიიდან გულდაწყვეტილი, რადგან ბიბლიოთეკარის მწირი ხელფასით ვერ მიყიდია მართლაც ძალიან კარგი, პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე შესრულებული გამოცემები.
ბიბლიოთეკაში უკვე მრავალი წელია ვმუშაობ და კარგად ვიცი, კარგი წიგნის ფასი. სხვათა შორის, იმ მწერლებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, პირადად ვიცნონ და მათ შემოქმედებასაც დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებ. ეს გამოცემები, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოდის. ახალგაზრდა მწერლებისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამომცემლებმა, წიგნების მაღაზიების მფლობელებმა ჩემნაირ მკითხველებზეც გათვალონ გამოცემები და მერწმუნეთ, კარგსა და ცუდს ერთმანეთისგან გავარჩევთ...
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
11.02.2011 00:37
ეს სულ სხვა ბლოგის თემააა. მემგონი ცოტათი არასწორად გაიგეთ. უკაცრავად.

ავტორი: Chaga საიდან გვწერთ: tbilisi
10.02.2011 12:14
მე პირადად ვკითხულობ ელექტრონულ ვერსიებს წიგნებისას, ხან კომპზე, ხან აიპოდზე, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უფასოდ. საავტორო უფლებები კლასიკას გაუვიდა...პრინციპში ვფიქრობ რომ მომავალში უხარისხო წიგნების ადგილი არაა, რადგან თვითონ შინაარსი წიგნებისა იქნება უფასო. ელექტრონულად ხელმისაწვდომი. მათ ვისაც ენდომებათ ფიზიკურ წიგნთან ურთიერთობა, რაც ფუფუნება იქნება, მოუწევთ ძალიან მაღალი ხარისხის კარგ გამოცმების შეძენა, შედარებით ძვირად, რადგან მარტივი მოთხოვნა მიწოდების ამბავია, რადგან კონტენტი უფასო იქნება, ზიფიკურ წიგნზე მოთხოვნა ნაკლები იქნება, და მოგება დარჩება ხარისხს და არა რაოდენობას.... დაიზოგება ქაღალდი და ასე შემდეგ...

ავტორი: A.
09.02.2011 23:23
იქნებ რომ არ გეთმინათ და აქამდე რომ დაგეწერათ ამ თემაზე წარღვნაც აგვეშორებინა თავიდან :)

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: ველური დასავლეთიდან
09.02.2011 01:37
მოგესალმებით. თემას რეალურად მწვავედ აღვიქვავ. ავტორს ბევრ საკითხში ვეტანხმები. კარგად მახსოვს ის დრო დედაჩემს "ქართული პროზის საგანდზურის " შედზენა, რომ ვთხოვე. სახლში კი დიადი პიროვნებები დამხვდა მწირი ფორმატით (თითქოს ამ ხალხს თითები მოაჭრეს), მაგრმ მაინც კმაყოპილი ვარ. ნეტა ეს მცირედი წააკიტხა და გააზრებინა ბევრს. აქვე მინდა ვაღიარო "კვირის პალიტრის" 50 სასიცოცხლოდ აუცილებელი წიგნის ხარისხი ( სასიცოცხლო მნიშვნელობა კი სადაოდ მეჩვენება, თან ეს სიტყვა "უნდა"...) დასასრულს კი მინდა ერთ-ერთი კომენტარის პატრონს განუმარტო, რომ ე.წ. "ტუალეტის ქაღალდი" რა ირონიულადაც არ უნდა ჯღერდეს დღეს უფრო ძვირი გირს.

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თბილისი
09.02.2011 01:27
ანნას - ბიბლიოთეკიდან:

როგორ, თქვენ აქამდე გურამ მეგრელიშვილის , ირაკლი ლომოურის, ბაჩო კვირტიას და სხვა, ამ სერიაში გამოცემული თანამედროვე ავტორების წიგნები არ გინახავთ? ნება მიბოძეთ, გკითხოთ - სად ცხოვრობთ?

ავტორი: ana საიდან გვწერთ: biblioteka
07.02.2011 22:28
ძალიან მომწონს ჟურნალ ,,გუმბათის'' გამოცემა ,,ახალი ქართული პროზა''. მკითხველებს საშუალება გვაქვს, ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლების შემოქმედებას გავეცნოთ. ბოლო რამდენიმე წელია, მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი მწერალი იბეჭდებოდა, ,,მოდაში'' იყვნენ და იმიტომ. ახლა საშუალება გვაქვს, ყველას გავეცნოთ, კარგი იქნება თუ ცუდი, ამას მკითხველი გაარკვევს. ისე ძალიან მიკვირს, თან იმათ დასცინით, ვინც თაროებზე წიგნებს ფერების მიხედვით ალაგებს და თან ამ გამოცემების ყდებს დასცინით... ძალიან მიხარია, ახალი ქართული პროზის გაცნობის საშუალება რომ მოგვეცა, ცოტა ხანს დაგვასვენეთ, ბატონებო, თქვენი სნობური შეფასებებით... როგორმე გავიკვლევთ გზას ამ ,,ქაოსში''... ჩემო ბატონებო, მოდური მწერლები ხომ ვიკითხეთ, ახლა გვაცადეთ, ნიჭიერ შემოქმედ ადამიანებსაც გავეცნოთ!..

ავტორი: luki საიდან გვწერთ: Tbilisi
07.02.2011 18:13
მშვენიერი ბუკინისტური გამოცემები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველზე, ბესიკის ქუჩის დასაწყისში გახსნილ წიგნის მაღაზიაში.

ავტორი: kukuto საიდან გვწერთ: sachxere
07.02.2011 17:05
ურედაქტორო, უკორექტორო და შესაბამისად უპასუხისმგებლო გამოცემები... მადლობა მალხაზ...
მხოლოდ ბესიკ ხარანაულის "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის" შევიძინე... მაგარიაააააააა

ავტორი: adamiani საიდან გვწერთ: arsaidan
07.02.2011 12:30
მალხაზ! დიდი მადლობა ამ წერილისთვის. მე ერთ-ერთი ის ავტორი ვარ, რომელიც ამ წარღვნა-შარში გაეხვა. ერთ-ერთმა გამომცემლობამ წიგნი დამიბეჭდა და ისეთი ამბები გადამხდა, რომ მოვყვე, არ დაიჯერებთ! ისეთ ხალხთან მქონდა საქმე, რომ გითხრათ, ზღაპარი გეგონებათ. ისეთი აზრები და სიტყვები გავიგონე, რომ გადმოგცეთ, ყურებს არ დაუჯერებთ. ამიტომ, როცა დრო მოვა, თვითონ დავწერ ამ ყველაფრის შესახებ, და როცა შენ შეგხვდები, მოგიყვები კიდეც. მანამდე მადლობა! ცოტა გული მომეფხანა, მაგრამ მაინც გადარეული ვარ... ეს რა ვნახე, კაცო... ეს რა მოვისმინე და რა გავიგონე, და ეს რა გამიკეთეს... ქართველი მწერალი კაცის (ან ქალის) დღევანდელ გაჭირვებულ ყოფას რა ვუთხარი მე, ფული რო ჭირდება, თორემ ამათთან, კაცო?! ამათთან რო მე აწი საქმეს დავიჭერ, ისე თქვენ იყავით კარგად!
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
07.02.2011 14:00
აუცილებლად უნდა დაწერო ბ. :)

ავტორი: შალვა ნათელაშვილი საიდან გვწერთ: დუშეთი
06.02.2011 21:31
რაღა დროს ქაღალდის წიგნებია, 21-ე საუკუნეა, კინდლი იყიდეთ.
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
06.02.2011 23:04
:)) ეჰ, რაღადროის კინდლია... :)) რა სწრაფად გარბის დრო!

ავტორი: ruso საიდან გვწერთ: Tbilisi
06.02.2011 14:07
ძალიან კარგია, რომ ამაზე ითქვა, ითქვა საქმიანად და გულისტკივილით ( და არა როგორც აქ წერენ _ ''გაბოროტებით" ).
საგამომცემლო საქმიანობაც ბიზნესია, მაგრამ მარტლა ბაზარს არ უნდა დაემსგავსოსო: აბა "ბინდი" იაფში! "ბინდი 2" ნაკურთხი სანთლით. მურაკამი ტუალეტის ქაღალდზე! 200 გვერდზე დატეული "ბუდენბროკები" ვის უნდა?...

ავტორი: სხვა საიდან გვწერთ: პროვინციიდან
06.02.2011 00:51
მე ამ წიგნების მყიდველი და მკითხველი ვარ და მხოლოდ დღეს მივხვდი რა შარში გავხვეულვარ. ის პრობლემები ამ წერილში რომ წამოჭრა ავტორმა-თარგმანების, ბუკინისტური ლიტერატურის გაქრობის, იაფი წიგნების არსებობა - მოზღვავებისა-მგონი ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა.თუმცა ვერ მივხდი "ქართული პროზის საგანძურთან'ან თარგმნის პრობლემები რა კავშირშია, ან ბუკინისტური ლიტერატურის გაქრობა, თბილისსიქითა საქართველოში ის ხომ არასდროს არსებულა. რაც დაბალ ხარისხსა და სიიაფეს შეეხება იყოს არჩევანი და მყიდველი თავად გადაწყვეტს იაფიანი იყიდოს თუ ძვირადღირებული. ეს ,დამერწმუნეთ ,მის ჯიბეზეა დამოკიდებული და არა უგემოვნობაზე. მე პირადად, უწიგნობას ასეთი მირჩევნია.


ავტორი: პროსპერო
06.02.2011 00:37
ვეთანხმები ავტორს. იაფი წიგნების ბაზარი აუცილებელია, მაგრამ გემოვნების დამახინჯების და წიგნის შეჯავრების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეს. თუმცა რა გვიკვირს, ერთი უგემოვნო ერი ვართ. განა რომელიმე სხვა სფეროში გამოგვიჩენია განსაკუთრებული გემოვნება?! ილუსტრაციას არ მოვყვები. ფანჯარაში თავი გაყავით და მოპირდაპირე შენობების ფასადებს შეხედეთ. მიხვდებით, რასაც ვგულისმოხბ. მთელი თაობები იზრდებიან სტაბილური, მე ვიტყოდი, ფუნდამენტური უგემოვნების პირობებში...

ავტორი: avto abesadze საიდან გვწერთ: kutaisi
05.02.2011 23:38
გემოვნებიანი მკითხველი წიგნის დიზაინსაც აქცევს ყურადღებას. ვინც ზემოხსენებული გამოცემების მუტარია, მათზე რა მოგახსენოთ. რაც შეეხება გამომცემლებს, უმნიშვნელო თანხის ეკონომიის გამო - უხეშად რომ ვთქვა, ,,წუწურაქობენ,, და თავს არიდებენ ზედმეტ ხარჯებს.....მე პირადად მიხდება წიგნის დიზაინზე მუშაობა და გამომცემლობებთან ურთიერთობისა ხშირად შეურაცყიფილად მიგრძვნია თავი.....სხვას აღარაფერს ვამბობ..........

ავტორი: dato gabunia საიდან გვწერთ: shinidan :)
05.02.2011 23:00
მახო, აეგრე!
როგორი მართალი ხარ. აქ დადებულ ყდებს ვინც შხედავს (იოსელიანი, მეგრელიშვილი, ლომოური) და არ აღშფოთდება - იმას წიგნის ყიდვის უფლება უნდა ჩამოართვა საერთოდ :)

ავტორი: zeino საიდან გვწერთ: buxridan
05.02.2011 17:45
me : ) საიდან გვწერთ: saidanac yvela : )
05.02.2011 17:07 ''lishbi vakritikot!!!''ჩათვალეთ, რომ ამ ადამიანის სიტყვები დავაკოპირე.....არც ხარისხიანის ყიდვის თავი თუ არ გაქვთ, ოდნავ უხარისხო აღარ იკადროთ რააა : )))
/////////////////////////////////

ავტორი: Nina საიდან გვწერთ: saxlidan
05.02.2011 14:53 სრულიად ვეთანხმები ''lijby vakritikot''- კომენტარის ავტორს. გაბოროტებული კომენტარების ოსტატები ვართ.

////////////////////////////////////

თქვენ ერთი "კანტორიდან" ხომ არა ხართ? :))

ავტორი: me : ) საიდან გვწერთ: saidanac yvela : )
05.02.2011 17:07
''lishbi vakritikot!!!''ჩათვალეთ, რომ ამ ადამიანის სიტყვები დავაკოპირე.....არც ხარისხიანის ყიდვის თავი თუ არ გაქვთ, ოდნავ უხარისხო აღარ იკადროთ რააა : )))

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2011 16:18
ბოლომდე ვეთანხმები ამ ბლოგის ავტორს.. კარგა ხანია მეც მაწვალებს კითხვა "სად გაქრნენ ბუკინისტები" .. და სხვათაშორის თუ ხელმისაწვდომ ფასებზე საუბრობთ არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ბუკინისტებში საკმაოდ ხემლისაწვდომად ნახავთ სერიოზულ წიგნს სერიოზული თარგმანით (პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით)
თუ კონკრეტულად გაინტერესებთ3-4 ლარებში მაქვს შეძენილი ჰენიგუეი, ფილკნერი, ნიცშე, გოლზუორთი, ზოლა, აკუტაგავა და კიდევ მრავალი სხვა.. ძლიერი გამოცემები და შესაშური თარგმანი.
მოკლედ ამათ გამოცემულ წიგნებს მე ისევ ჩემი ბუკინისტები მირჩევნია .. სადაა თორე

ავტორი: Nina საიდან გვწერთ: saxlidan
05.02.2011 14:53
სრულიად ვეთანხმები ''lijby vakritikot''- კომენტარის ავტორს. გაბოროტებული კომენტარების ოსტატები ვართ.

ავტორი: ნათ საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2011 11:43
მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი, გემოვნებიანი გამოცემები ძალიან ძვირი ღირს. რას სჯობს იმ მშობელმა, რომლის დაბნეულობაზეც ასე წუხს ბატონი ხარბედია, საერთოდ ვერ უყიდოს შვილს წიგნი თუ შედარებით დაბალხარისხიანი გამოცემა უყიდოს?! სხვა გამოცემებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ `პალიტრის" არცერთი წიგნი არ არის იმდენად უხარისხო, რომ ან შრიფტი არ გაირჩედეს, ან კორექტურას მიჰქონდეს ყველა და ყველაფერი.
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
05.02.2011 13:20
სადმე წაიკითხეთ რომ მე იაფიანი გამოცემების წინააღმდეგი ვარ? პირიქით, ძალიან მინდა რაც შეიძლება გაჯერდეს ბაზარი ხელმისაწვდომი ფასის წიგნებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ წიგნებს ყველა გამოსცემდეს, ვისაც კომპიუტერი და სტამბა აქვს. გარდა ამისა, მე სპეციალურად არაფერი დავწერე იმაზე, ზოგიერთი "გამომცემელი" რამდენად იცავს ავტორის ან მთარგმნელის საავტორო უფლებებს. ეგ ცალკე თემაა :)

ავტორი: მეკა საიდან გვწერთ: სახლი
05.02.2011 03:50
თან რო ყიდულობენ კითხულობდნენ მაინც,
ბევრისგან გამიგია რომ თაროზე შეომოსადებენ ყიდულობენ (ზუსტან ასე მითხრეს!) ფერადი წიგნები უხდებდაო თაროსო..

ჯერ ის იყო ცუდი სულ არაფერი რომ არ იბეჭდებოდა, ეხლა გამოდის მარა რად გინდა..

ავტორი: გიორგი დარსალია საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2011 02:52
დიდი მადლობა მახოს ამ წერილისთვის!

ვინც არ მიცნობს (ცოტა თავხედური ნათქვამია :), მე ვარ არეტეს და პარნასის დამფუძნებელი.
ცუდი ისაა, რომ არავინ აფასებს რედაქტორს და გამომცემელს.
თუ წიგნს აწერია ავტორად ცნობილი მწერალი, ის ავტომატურად იყიდება და იკითხება. თუ ის ავტორი ცუდი ნათარგმნი (რედაქტირებული) არის, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამით ეს ავტორი სამუდამოდ დასამარდება ქართველი მკითხველის ცნობიერებაში: "ეს მწერალი არ ვარგა..."
ან კიდევ უარესი, თან ასე გავრცელებული: "ქართულად ნათარგმნი არ ვარგა"!
აღარ მოუნდებათ წაკითხვა, მორჩა და გათავდა...

როდესაც მე და მახო გამოვცემდით გიორგი ეკიზაშვილის ნათარგმნ "ელემენტარულ ნაწილაკებს", საგანგებო "სხდომა" მოვიწვიეთ იმისთვის, რომ გადაგვეწყვიტა, რომელი სიტყვა გვეხმარა "უწმაწური" სიტყვების ექვივალენტად. თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი იყო. ეს მაშინ, როდესაც გიორგი ეკიზაშვილი ალბათ ის იშვიათი მთარგმნელია, რომელსაც რედაქტირება ფაქტიურად არ სჭირდება.

არ ვიცი... თარმანებს საშვილიშვილოდ უნდა მოეპყრო. ეს ძალიან კარგი სიტყვაა იმის განსამარტავად, რას ნიშნავს თითოეული ნათარმნი შედევრი ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. თითქოს ქალაქის ცენტრში სახლს აშენებდე. მერე ვეღარ დაანგრევ.
ჯობია ცოტა იყოს და კარგი. ნელ-ნელა დავეწევით.

მახო, გმადლობ, რომ ამოხეთქა :) ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მთლად კორექტული...

ავტორი: lishbi vakritikot!!!
05.02.2011 02:12
ქართველების საქმე დღეს როგორაა, ოღონდ ვაკრიტიკოთ და მეტი არაფერი გვადარდებს??? მე პირადად ამ სტატიიდან მივხვდი იმას, რომ ავტორს არც ერთი ეს გამოცემული წიგნი უბრალოდ არ უყიდია!!! ეს "წარღვნა" როგორც ის მას უწოდებს დაიწყო კვირის პალიტრის მიერ გამოცემული მსოფლიო მხატვრების კატალოგებით და ვინმე მათ თუ ხარისხ უწუნებს, ან თარგმანს ძალიან ცდებით. ყველა გამოცემა მაქვს და ხარისხიც არაჩვეულებრივია დაწყებული სურათებით დამთავრებული ქაღალდით და ავტორიც არაჩვეულებრივად წერს!!! რაც შეეხება პროზის საგანძურს აქაც იგივე შემიძლია ვთქვა, უბრალოდ ნაყიდი არ გაქვს როგორც ჩანს არც ერთი. ქართული პროზის საგანძურს თარგმანი რომ არ სჭირდება ეს კარგად იცი ალბათ, ავტორებიც არ დაეწუნება წიგნებს, კი ბატონო ფურცელი ცოტა ცუდი ხარისხისაა, მაგრამ საქართველოში ყველას არ ძალუძს მაღალი ხარისხის ფურცლებიანი და ლამაზ ყდიანი წიგნების ყიდვა, არც დიდი ბიბლიოთეკა აქვს რომ ძველი გამოცემებიდან წაიკითხოს, ასეთმა ადამიანმა რა ქნას? არ იკითხოს საერთოდ, იმიტომ რომ ფული არ აქვს რომ ძვირიანი გამოცემა იყიდოს, ხოლო იაფფასიანი გამოცემები თურმე ზოგს აღიზიანებს!!! იგივე კომენტარის დაწერა შემიძლია მსოფლიო დეტექტივების სერიაზეც, ყველა მაქვს, თარგმანი ძალიან კარგია, არც ერთს არ აკლია ფურცელი, არც სათაური და ბოლომდეა თარგმნილი!!! ასე რომ პროტესტის გამოხატვა ჩვევაში ნუ გადაგდით!!! გასაპროტესტებელი მეტი ვერაფერი თუ ნახეთ მაშინ მახათს მიმართეთ!!!!
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
05.02.2011 13:34
ცოტა უფრო კორექტულადაც შეგეძლოთ ამ სისულელის დაწერა :) + მხატვრების კატალოგები საერთოდ არც მიხსენებია და პალიტრის გამოცემებზეც მემგონი გასაგებად დავწერე.

ავტორი: ლიი
05.02.2011 00:29
მოგესალმებით,

ძალიან კარგი, რომ ამ პრობლემაზე წერთ. შესაძლოა, გამომცემლებს ასე არც უფიქრიათ. იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან.

ავტორი: alco საიდან გვწერთ: zecidan
04.02.2011 21:24
სწორი შენიშვნაა,!!!!!!!! ეს ქაგალდები ალბათ 2 წელიწადში ფასიან ტუალეტებში გაიყიდება.

ავტორი: ბაბისა
04.02.2011 20:53
კარგი სტატიაა. გეთანხმები,
მაგრამ ეჭვი მეპარება ამას რამე ეშველოს აწი..

ავტორი: Thor საიდან გვწერთ: ექს ლიბრის
04.02.2011 19:52
"თუ არ ვცდები, იგივე ჟურნალი გამოსცემს საბავშვო ლიტერატურის სერიასაც. " - სერიას, რომელიც მშვენიერი ხარისხის ფურცლებით, ტექსტის გამართულობითა თუ ნაწარმოებთა არჩევანით გამოირჩევა განსხვავებით იმავე ჟურნალის მიერ წარმოებული ზემოთ ხსენებული სერიისა.

P.S. წიგნებს ჟურნალი არ გამოსცემს ;)

ავტორი: just_for_today
04.02.2011 19:36
შეადარეთ კარგია.
იქ წიგნებს აფორმებენ მხატვრები/ილუსტრატორები, აქ კიდე "ვახტიორის სინდრომით" შეპყრობილი ხალხი. და კიდევაც არის შესაბამისი ხარისხი.

ავტორი: მაკიაველი საიდან გვწერთ: რუსთავი
04.02.2011 18:30
ბატონმა ოტია იოსელიანმა თუ ნახა ეს ყდა? და თუ ნახა რა კომენტარი გააკეტა?

ავტორი: დავით შემოქმედელი
04.02.2011 18:18
საჭირო წერილია, რადგან ფინანსური მხარეა ჩარეული მეეჭვება მაგრამ ამ წერილმა, იქნებ პროცესებზე რაიმე გავლენა იქონიოს.

ავტორი: dros-oph-ila
04.02.2011 18:06
აუ მაგათი მომწამლავი ხმაური და მძვინვარება შემომეყიდა ზაფხულში... კარგად გამახსენდა, უნდა გადავაგდო


ავტორი: nino საიდან გვწერთ: saxlidan
04.02.2011 18:03
სრულიად ვეთანხმები მალხაზს. საოცრად უგემოვნობო გამოცემებია. თუმცა, ერთი-ორს არა უშავს. მაგალითად, ამას წინად პალიტრის დამატება გამოვიდა - ისტორიულ-გეოგრაფიული ჟურნალი,"National Geographic"-ის სტილში . მართლა მომეწონა, რადგან გადამღერება არ იყო და სტატიებიც კარგად ჰქონდათ დაწერილი.
იმაშეც ვეთანხმები ავტორს, რომ ამ საქმეს დეტალური კრიტიკა სჭირდება, თორემ ასე "ფეისბუქზე" დაწერილი მოკლე კომენტარებით საქმეს არ ეშველება. მაგრამ მგონი აქ მივედით მთავარ სათქმელთან:
ასზე მეტი წლის წინ, ილიამ ასეთი სტატია გამოაქვეყნა ჟურნალ "ივერიაში": "რა მიზეეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს". ნეტა მიზეზები იგივე დარჩა თუ მომრავლდა?
ამ პასუხისმგებლოობას მეც ვიზიარებ, ვინაიდან გრაფა "საიდან გვწერთ"-ზე სახლიდან-თქო ვუპასუხე. მეტი სოციალური აქტიურობა გვმაერთებს ყველას, ვისაც ქართულ და არა მარტო სიტყვიერებასთან დაკავშირებული პროფესია გვაქვს შეძენილი.

ყველაზე პოპულარული