Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმარი კორტავა ”მაყურებლის“ ინსტიტუტმა იმსხვერპლა?


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო არაადეკვატურად გამოეხმაურა მე-3 სექტორის შეფასებებს გეგუთის კოლონიაში ცემის შედეგად დაღუპული პატიმრის ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით. ამ ჭრილში კითხვის ნიშნები უკავშირდება ე.წ. „აყურებლების“პრობლემასა და სახალხო დამცველთან არსებული საპატიმროთა მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ პატიმარ კორტავას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მისმა უწყებამ უპრეცედენტოდ ”სწრაფი და ადეკვატური” რეაგირება მოახდინა:

”ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ციხის დირექტორი და მისი ყველა მოადგილე გავათავისუფლეთ, ხოლო კიდევ რამდენიმე დღეში მათ მიჰყვნენ რეჟიმის უფროსი და უსაფრთხოების უფროსი. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ვინც იმ დროს იყო ციხეში, არის გათავისუფლებული”.

გათავისუფლებულ პირთა ჩამონათვალში სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების უფროსი მალხაზ სინაურიძეც დაასახელა, თუმცა მის მხოლოდ გათავისუფლებას საკმარისად არ მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 6 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ”მალხაზ სინაურიძეს 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე მიცემული აქვს ჩვენება რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ”, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ”სინაურიძემ ჩვენება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორი ბაჩო ახალაია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში იგი გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა”.

ეჭვს იმის თაობაზე, რომ სინაურიძეს საგანგებოდ მფარველობდა სასჯელაღსრულების სისტემა, თავად ბაჩო ახალაიას გარდა, დაღუპული პატიმრის ნათესავებიც გამოთქვამენ. თუმცა ამგვარ აქცენტს სოზარ სუბარი სავსებით მშვიდად უყურებს და ამბობს, რომ თუკი გამოძიება მალხაზ სინაურიძეს დამნაშავედ მიიჩნევს, ის სხვა პირების ბედს გაიზიარებს.
გავიხსენოთ, რომ ამ ეტაპზე პატიმარ ლევან კორტავას ცემის შედეგად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 10-მდე პირი, მათ შორის ოთხი გეგუთის კოლონიის ყოფილი თანამშრომელია. მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულთა შორის არიან პატიმრებიც, რომლებმაც ლევან კორტავას 12 მაისს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მძიმე საგნების გამოყენებით, უმოწყალოდ ორჯერ სცემეს. 24 წლის პატიმარი სწორედ ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 2013 წლის 23 მაისს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. გამოძიებამ დაადგინა, რომ გეგუთის კოლონიაში ახლად გადაყვანილ პატიმარ კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ილია შანშაშვილმა, ასე ვთქვათ, პატიმრებს გადააბარა.

მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა - პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა - სისტემური ხასიათი მიიღოს...
მოვლენათა ამგვარი განვითარება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმის მანიშნებელია, რომ გეგუთის კოლონიაში გაბატონებული იყო ე.წ. ”მაყურებელთა“ ინსტიტუტი და ეს 5 აგვისტოს ერთობლივ განცხადებაშიც არის აღნიშნული: ”მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა - პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა - სისტემური ხასიათი მიიღოს”.

ამ განცხადების ტექსტში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული აქცენტის ფორმულირებას არ იზიარებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. ”არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, „გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც, სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“. სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: „გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა ერთ-ერთ მსჯავრდებულს“, - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები აზრის ფორმულირების ამ ვარიანტებს შორის განსხვავებას პრაქტიკულად ვერ ხედავენ. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის ხელმძღვანელმა გია გვილავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ ლაპარაკია უკანონო ქმედებაზე და რომ ე.წ. „მაყურებელის“ ინსტიტუტის ზემოქმედების მავნე პრაქტიკა არ უნდა გამოჰპარვოდათ სახალხო დამცველთან მოქმედი სამონიტორინგო სეგმენტის - ”პრევენციის ეროვნული მექანიზმის” - წარმომადგენლებს.

”მონიტორინგის შედეგებს გეგუთის კოლონიის ფაქტის შემდეგ, სამწუხაროდ, კითხვის ნიშანს დავუსვამდი. თუ მონიტორინგს გამოეპარებოდა ასეთი სიტუაცია ამ ციხეში, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ციხეებშიც შესაძლებელია იყოს, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობისა, თუ ეს მენტალიტეტი ისევ წამოვიდა ციხიდან. თუ ეს სხვაგანაც არსებობს, მაშინ ამ მონიტორინგს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გამოჰპარვია. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, თუმცა მოვუწოდებ, გააქტიურდნენ, უფრო ყურადღებით იყვნენ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 6 აგვისტოს გია გვილავამ.

მე არ ვიცი, სადმე, რომელიმე ქვეყანაში არსებობს თუ არა მსგავსი სისტემა უსაფრთხო სახით, არა მგონია... ვინმეს რომ ჰკითხოთ, ალბათ, გაეცინება. როცა პატიმრებს ურთიერთობაში რაღაც პრივილეგიას აძლევ, მათი გაკონტროლება მერე ძალიან რთული ხდება...
კახა კოჟორიძე
ციხეში „მაყურებელთა“ ინსტიტუტის აღმოფხვრის აუცილებლობას 6 აგვისტოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც გაუსვა ხაზი, მაგრამ იქვე ისიც თქვა, რომ წარსულის ამ მავნე გადმონაშთთან ბრძოლას დრო დასჭირდება. თუმცა პრობლემა სამუდამო ჰგონია, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. როგორც ნათია იმნაძემ უთხრა ჟურნალისტებს, ”’მაყურებლების’ ინსტიტუტი იყო, არის და იქნება”, მაგრამ ამან საფრთხე არ უნდა შეუქმნას პატიმრებს:

”ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი მიჩენილი და იმ ვითარებაში, რაც არის ახლა, როცა თანამშრომლები ვერ ასრულებენ ან მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და წესრიგთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემებია ციხეებში, აი აქ დგება უკვე პრობლემა „მაყურებლის“ ინსტიტუტის. სხვა შემთხვევაში, როცა ყველას თავისი ადგილი ექნება ციხეში, შეიძლება ამ ინსტიტუტმა ასეთი სერიოზული პრობლემები არ გააჩინოს”.

თავისი არსით პრივილეგიებსა და ძალადობაზე დაფუძნებული „მაყურებლის“ ინსტიტუტის უსაფრთხო ფორმით არსებობა არ წარმოუდგენია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს, რომლის აზრითაც, ეს ინსტიტუტი არანაირი ფორმით არ უნდა არსებობდეს:

”მე არ ვიცი, სადმე, რომელიმე ქვეყანაში არსებობს თუ არა მსგავსი სისტემა უსაფრთხო სახით, არა მგონია... ვინმეს რომ ჰკითხოთ, ალბათ, გაეცინება. როცა პატიმრებს ურთიერთობაში რაღაც პრივილეგიას აძლევ, მათი გაკონტროლება მერე ძალიან რთული ხდება. ამიტომ უსაფრთხო, ჩემი აზრით, ვერასოდეს ვერ იქნება და თუკი ეგ ინსტიტუტი დარჩება, ყოველთვის იქნება ძალიან მაღალი რისკი იმისა, რომ რომელიმე პატიმარმა ძალიან უხეში კანონდარღვევა ჩაიდინოს”.

კახა კოჟორიძის ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთ-ერთი ხელმომწერია 5 აგვისტოს ერთობლივ მიმართვაზე, რომელშიც სხვა არაერთ აქცენტთან ერთად, სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის მექანიზმის პარალელურად, საპატიმროების ალტერნატიული საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნაზეა ლაპარაკი. ასეთ პერსპექტივაზე არაფერს ამბობს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე კი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ უკვე მოქმედი მონიტორინგის მექანიზმი - პრევენციის ეროვნული მექანიზმი - სექტემბრიდან ახალი ძალითა და გაფართოებული ფორმატით ამოქმედდება და მას არაფერი გამოეპარება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG