სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:42

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

დეკლარირებულად დაწინაურებული ასპირანტობა

x
ტექსტის ზომა - +
„რას ნიშნავს ტერმინი „ასპირანტი“ საქართველოსთან მიმართებით?“ - ვეკითხები საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რათა თვითნებურმა ინტერპრეტაციამ ან ნატოს ტერმინოლოგიაში ჩემმა გაუწაფაობამ, არ დააკნინოს საქართველოს დაწინაურებული ურთიერთობა ნატოსთან. ვთანხმდებით, რომ ასპირანტი ქვეყანა უნდა გავიგოთ, როგორც ალიანსის წევრობის მოსურნე, გაწევრიანების მაძიებელი ქვეყანა.

კაცმა რომ თქვას, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ აქამდე, აბა რა ვიყავით - ასპირანტობის ასპირანტები? ანდა დეკლარაციის 31-ე მუხლის ეს ჩანაწერი გამაგებინოს ვინმემ და თავს მოვიჭრი: „მადლიერი ვართ პარტნიორების, რომლებიც ნატოს წევრობას ესწრაფვიან (aspire), ნატოს სარდლობით მოქმედ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“

ოღონდ საქართველო ნატოში არ მიიღონ და, გაოცდები, რანაირ ლინგვისტურ ტრიუკებს აღარ იყენებენ ალიანსის მახვილგონიერი „პიარშჩიკები!“

თუ მადლიერი ხარ, მამაცხონებულო, რას აჯანჯლებ?! მომეცი რა, კლუბის წევრის პირადობის მოწმობა! რა, გასული საუკუნის 50-იანი წლების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე უარესი ვარ, თუ 90-იანი წლების ალბანეთზე უფრო არადემოკრატიული?

ეჰ, იყვირე და ივიშვიშე, რამდენიც გინდა. ბოლო-ბოლო, გაწელე-გამოწელე, მაინც „პარტნიორი ქვეყანა" გქვია და კაცმა არ იცის, ნატოს კიდევ რამდენი სამიტი ჩაივლის და რამდენი სადღეგრძელო ითქმება მაღალი დონის „სამუშაო სადილ-ვახშმებზე“, სანამ სანუკვარ ალიანსში მიგვიღებენ...

არადა, საშინლად არ მომწონს ეს „ასპირანტობა“.

უნებურად მახსენდება ჩემი სტუდენტობისდროინდელი, გასული საუკუნის 80-იანი წლების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კათედრები, სადაც მარადიული ასპირანტები მუშაობდნენ ლაბორანტებად, ასისტენტებად და რაღაც კიდევ ასეთ გამოგონილ მუშაკებად. თან მეცნიერებაში იყვნენ და თან არც იყვნენ. ცხოვრობდნენ თავისთვის წყნარად 100-მანეთიან ხელფასზე,  ეხმარებოდნენ კათედრების ხელმძღვანელებს საორგანიზაციო საკითების მოწესრიგებაში, დამატებითი შემოსავლისათვის ამზადებდნენ აბიტურიენტებს, შედიოდნენ საგამოცდო კომისიებში და, შესაბამისად, დიდი წონა ჰქონდათ ნაცნობ-მეგობრებსა და მეზობლებში: ასპირანტია, რაც უნდა იყოს, საჭირო კაციაო, - ამბობდნენ მათ დანახვაზე.

ვიცი, ახლა დამიწყებენ დამუნათებას ჩემი კეთილისმყოფელი ანონიმი კომენტატორები. „რა, სკეპტიციზმს ნერგავ?! ამისთვის წახვედი ჩიკაგოში კონგრესის ფულით? შენგან ამას არ მოველოდით!“

მაგრამ ვიდრე ქვას მესვრით, ჩემო კეთილო მსაჯულებო, ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ 2012 წლის მაისის ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია. მერე შეადარეთ ამას 2010 წლის ნოემბრის ლისაბონის სამიტის დეკლარაცია. მერე ამ ორ დეკლარაციას, ერთად აღებულს, შეადარეთ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია და, თუ რაიმე დიდ განსხვავებას აღმოაჩენთ, ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდგარ, ყველაზე მაღალ ხეზე ჩამომკიდეთ.

Tags: ნატო, სამიტი, ჩიკაგო



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სოსელო
25.05.2012 19:13
ვინმე რომ მიეღოთ და ჩვენ გარეთ დავეტოვებინეთ, მეც ისევე მოვიშლებოდი ნერვებზე და ვინერვიულებდი, როგორც კობა....,მაგრამ რადგან ჯერ არავინ არ მიუღიათ,თანაც იმ სამ ქვეყნებს შორის პირველებს მოგვიხსენიებენ კაი ქვეყნები,დიდი ალბათობით მომდევნო სამიტზე გავადენთ "ტყაპანს" ნატოში...
ასე რომ დიპლომატებო და ნიჭიერო ყველაფრის მცოდნენო,კარგი იყო საბჭოთა კავშირი,მაგრამ ყველა საბჭოთა კავშირის შემქმნელნიც და მისი მოტრფიალენიც ჯოჯოხეთში ღებულობენ ცეცხლის ტბის აბაზანებს....ჩვენი ადგილი კი სინათლეში და ნატოშია....

ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი.....

ავტორი: GERMANE
24.05.2012 12:56
ბატონო კობა, მაგ "ასპირე"-თი ეგენი ასპირანტობას კიარა, ასპირაციას გულისხმობენ.
ალბათ ფიქრობენ, როცა იქნება დაიხრცობა საქართველო ბოღმაშიო (ანუ ასპირაციას განიცდისო)და მერე მოგვეშვებიანო.
მანამდე კი - დაქირავებულ სახორცე მასალად და პიარად ვყავართ - ერთ-ერთი ვართ იმ 30 ქვეყნიდან, ავღანეთსი და ერაყში რმაა. 30 კი 2-ზე (ინგლის-აშშ-ზე) მეტია. ამიტომაც ნუ დავივიწყებთ ვინ ვართ და რაში გვიხდიან ფულს.

ის რომ თეფშის მრეცხავი მილიარდერი ხდება - დაგვიმტკიცერს ამერიკელებმა ჩვენსავე მაგალითზე.
ახლა ჩვენ თეფშის მრეცხაობით პრეზიდენტობა მოგვინდა, თანაც ამერიკისა და ასე არაა სქმე.
ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ.

ავტორი: KELVIN საიდან გვწერთ: თბილისიდან
24.05.2012 05:13
არ ვიცი ვინ რა განსხვავებას ხედავს 2008, 2010 და 2012 წლის დეკლარაციებს შორის, მაგრამ მაინც მინდა ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გაგიზიაროთ. იყო დრო, როდესაც უკრაინას და საქართველოს ერთად მოიხსენიებდნენ ნატოს კანდიდატ ქვეყნებად და ამ დროს ევროპის ის სამი ქვეყანა ცალკე მოიაზრებოდა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ უკრაინა ჩვენზე წინ იყო ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ ნატოსთან მიმართებით ერთად მოგვიხსენიებდნენ. მერე უკრაინასთან ურთიერთობები შეცვალა როგორც ევროკავშირმა, ასევე ნატომაც. შეიცვალა საქართველოსთან დამოკიდებულებაც: საქართველო "წინ წასწიეს" და იმ სამ ქვეყანას "მიაწებეს" – ვითომ ეს შემთხვევითია (რა, ვინმე დაუშლიდათ, ისინი ისევ ცალკე განეხილათ, ხოლო საქართველო – ცალკე?)?. გასაგებია, რომ ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანების დიდი შანსი აქვთ (გეოგრაფიული მდებარეობის გამო) და მათ გვერდით საქართველოს მოხსენიება მის შანსს უდავოდ ზრდის (ჩემი აზრით) . . .

ავტორი: ღუტუ საიდან გვწერთ: ძირს ნატოდან
24.05.2012 01:53
ოჰ.ოჰ, რა ანტიანატოური ყიჟინა ატეხილა? გამოიღო შედეგი კობას მცდელობებმა? არადა, მინდა ვიკითხო, ნატო თუ გვექაჩება თავისკენ, გინდა თუ არა გამიწევრიანდიო? ცოტა კი უნდა ეს, მაგრამ ცოტაზე ცოტა მეტად ეს არ უნდა წმინდა პრაგმატული მოსაზრებითაც. ესაა რუსეთის დასუსტება და საქართველოს შედარებითი მოძლიერება.. რუსეთს თუ რა დაგვისუსტებს ამაზე არაფერს ვიტყოდი. ჩვენდათავად, კი საქართველოს გაძლირებაზე ზრუნვა უკვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ვექტორის მიმართულებით უნდა წავიდეს. ჩვენნირი აზიური ხალხისთვის ძნელი იქნება, მაგრამ ცდით რა დაგვაკლდების?

ავტორი: მიქელა საიდან გვწერთ: თბილისი
23.05.2012 18:31
საინტერესოა კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებენ ნატოს თემით სპეკულირებას. როდემდე უნდა გვაყარონ თვალებში ნაცარი! ნატოსკენ მისწრაფებამ რა შედეგამდეც მიგვიყვანა ყველამ ვნახეთ. ქართველი ერი ბრბოს ინსტიქტის მატარებელი გონიათ ამ შარლატანებს, მაგრამ მწარედ ცდებიან. მალე ყველას და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და ესენიც ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდრებენ ადგილს ისტორიულ სანაგვეზე.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
23.05.2012 17:55
სიტყვების გადათამაშება, განსაკუთრებით ინგლისური ენაში, რომელიც წელიწადში 5000 სიტყვით მდიდრდება, მეტად მომგებიანია დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც არადემოკრატიული რეჟიმების რაიმენაირად დაბეგვა უნდათ.

მაგალითად ლიბიაში კადაფის წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული 1973 რეზოლუცია რომ წაიკითხოთ..გაგიკვირდებათ :)

ავტორი: budzu საიდან გვწერთ: თბილისიდან
23.05.2012 09:57
რამე სხვას ელოდა ვინმე? თუ კი, რატომ? მგონი ყველა კარგად უნდა ვხვდებოდეთ, რომ არ ვართ ნატოს წევრობისთვის მზად და რატომ უნდა მიგვიღონ? გულდასაწყვეტია, მაგრამ ასე არაა?

ავტორი: Bashiachuki საიდან გვწერთ: Evropidan
22.05.2012 21:00
სააკაშვილს განუცხადებია ჩიკაგოდან, რომ 2014 წელს თუ არ მიგვიღებეენ ალიანსში, ნატოს სათქმელი არ ექნებაო. რატომ? ეს არ არის ულტიმატუმის ენაზე ლაპარააკი? უნდა მიგიღებსს და უნდა არა. ნატო სააკაშვილს საკუთაარი საჯარო რეესტრი ჰგონია ეტყობა.. თავად რომ წყვეტს ვის მისცეს მოქალაქეობა და ვის არა.

ავტორი: რრრ
22.05.2012 19:09
კარგია:)

ავტორი: Vanonimi საიდან გვწერთ: Laosidan
22.05.2012 17:15
მოდერატორებო, აუხსენით ანონიმს თუ რა განსხვავებაა ბლოგსა და რეპოტრაჟს შორის, თორემ ძალიან ნერვიულობს უკვე სამი დღეა და მაგას რომ რამე დაემართოს, მიშა და ვანო დარჩებიან დამრტყმელი ძალის გარეშე

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.05.2012 15:06
ძალიან მაგარი წერილია კობა, რეალისტური და ჩვეული გლწრფელობით გამორჩეული! დიდი მადლობა :)

ავტორი: ანონიმი
22.05.2012 14:16
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბატონი კობა საკუთარ რეპორტაჟებს არ კითხულობს, არ უსმენს ან სპეციალურად რადიკალურად უპირისპირდება :)

ავტორი: ანონიმი
22.05.2012 12:41
მე ის მიკვირს რომ ვეღარ შეიგნო ამ ხალხმა, რომ ეს ნატო მხოლოდ (უმტკივნეულო, ან შედარებით უმტკივნეულო) დაშლისათვის მზადებაშია. ამ დროს რა მიღებებზეა საუბარი.
ჩვენ ხომ ჭაობი ვართ. არანაირი ხედვის მქონე ვიწრო, მყაყე ჭაობი. სულ სხვა რამეა გასაკეთებელი და რაში მიდის ენერგია.

ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: თბილისი
22.05.2012 10:11
და საერთოდ რო უარი ვუთხრათ ამ ნატოს არა? რაში გვჭირდება ეს არაფრის მომტანი სამხედრო ბლოკები და გაერთიანებები, ვლანძღავთ ამ საბჭოთა კავშირს,დსთ და მივილტვით ეგეთივე ალიანსებში გასაერთიანებლად,ალბათ ამ კომენტარზე ზოგი დაიწყებს თუ არ გავერთიანდით რუსეთი ჩაგვყლაპავს და ასე და ისე და, ხოდა მაგათ გასაგონად მინდა ვთქვა მაგას დიპლომატია უნდა და გონიერება და არა უაზრო და უპასუხისმგედლო განცხადებების კეთება,თორე უაზრო პოლიტიკით გინდა ნატოში იყავი გინდაც ევროკავშირში არავინ დაგინდობს

ავტორი: Redo საიდან გვწერთ: Aspiranturidan
22.05.2012 03:33
მაგარი ბლოგი. ბევრი ვისიამოვნე ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ტრაბახს რომ ვუსმინე ჩიკგოდან

ავტორი: გობრონი
22.05.2012 03:09
რა კაია, რომ ლიკლიკაძე გაუშვით ჩიკაგოში. თქვენი რადიოთი ვიგებთ სიმართლეს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი გავიგეთ. დაბრუნდებიან ქართველი ჟურნალისტები საქართველოში და დაიწყება ტყუილების გავრცელება. დიდი მადლობა თავისუფლებას.

ავტორი: მელანქოლიკოსი
22.05.2012 02:37
ნატოს ალბათ მალე დაშლის პოსტკომინტერნი,მაგრამ რაღაც ვიღაცისთვის მაინც ოკ იქნება.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: ამერიკა
21.05.2012 23:56
იუმორი საუკეთესო საშუალებაა, სასოწარკვეთილებისგან თავის დასახსნელად. კარგად გამოგდის, ასე გააგრძელე, თორემ ამდენი უმსგავსობის გამგონს, გული მიჩერდება. აი, შენს "გაუწაფაობაზე" რა მოგახსენო, როცა ამდენი უგუნური დაპატრონებია ქვეყანას. ახლა ასპირანტურაში მიგვიღეს, ჩაწყობით და ღმერთმა უწყის, იმ აქტივისტი(გალაბორანტებული) კომკავშირლებივით, გვეღირსება თუ არა დოქტორის ხარისხი. მგონი ნატოელები გვაშაყირებენ და ჩვენთვის, როგორც ავადმყოფისთვის, იმედს იგონებენ, ზებო გამახსენდა, ჭაში მჯდომი იმედი:) გმადლობ.

ავტორი: 123 საიდან გვწერთ: თბილისი
21.05.2012 23:49
სამწუხაროდ, აბსოლუტურად სწორი შეფასებებია

ყველაზე პოპულარული