Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავთულხლართებით გაყოფილი სახლები და "საზღვრის" მიღმა დარჩენილი სკოლა


რუსი მესაზღვრეები კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში მავთულხლართებით ეგრეთ წოდებული საზღვრის მონიშვნას აგრძელებენ. სოფელ ხურვალეთის შემდეგ მავთულხლართები გუგუტიანთკარსა და დვანშიც გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სოფელ გუგუტიანთკარში ქეთევან გუგუტიშვილს მავთულხლართი ეზოში გაუბეს, სოფლის სკოლის შენობა კი ამ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა.

სოფელ ხურვალეთში 8 ოჯახს საერთოდ გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ორი კვირის წინ ამ სოფლის მცხოვრები დავით ვანიშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ საკუთარი ეზოდან გარეთ გამოვიდა. ვანიშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ სოფელში ცხოვრობდა, მოულოდნელად რუსების მიერ შემოვლებული მავთულხლართებით დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ვანიშვილი რამდენიმე დღე ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, შემდეგ კი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვარს აღარ დაარღვევდა და სოფელში აღარ გავიდოდა. ამ სოფლის სასაფლაოც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა. ხურვალეთელები სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ.

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დვანში ჩავიდა. მან საკუთარი თვალით ნახა რუსების მიერ გაბმული მავთულხლართები და ახალ ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირება მოსთხოვა. მისი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება უპრინციპოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა ასეთ საკითხზე განგაშს არ ტეხს.

რუსი მესაზღვრეების ახალი მავთულხლართები ქართულ სოფლებში
რუსი მესაზღვრეების ახალი მავთულხლართები ქართულ სოფლებში
ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რუსულ და ოსურ მხარეს ამ ქმედებებზე განმარტება მოსთხოვა, მაგრამ, როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე აცხადებს, არგუმენტირებულ პასუხს ვერავინ ეუბნება.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 18 მარტს გაიმართება, ქართული მხარე კი ამ საკითხს ისევ შეიტანს დღის წესრიგში.
XS
SM
MD
LG