ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:37

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

3. Georgian, Do You Speak It?

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
Because the music that they constantly play
It says nothing to me about my life
მაესტრო მორისი

(დასაწყისი აქ და აქ)

პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც ინგლისურად მღერის. პრობლემა ისაა, რომ ყველა ინგლისურად მღერის. შეიძლება სუყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ბოლო რამდენიმე წელია, სრულიად შემობრუნდა ტენდენცია, რომელსაც სათავე 90-იანების როკმუსიკოსებმა დაუდეს. მაშინ უმეტესობა ქართულად მღეროდა და მხოლოდ რამდენიმე - ინგლისურად. ახლაც რომ ეგრე იყოს, უკეთესი იქნება ყველასთვის - მსმენელისთვისაც და მუსიკოსისთვისაც.

ვიდრე ვიტყოდეთ, თუ რატომაა ეგრე, ჯერ ისიც უნდა ვთქვათ, რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ტექსტზე და არა, ვთქვათ, მუსიკაზე ან პროდიუსერებზე, ან, რავი, მომღერლის ჩაცმულობაზე. მაშ, რატომაა ტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანი?


ა. ტექსტი (My Words Are Like a Dagger With a Jagged Edge)

ტექსტი, ყველაზე მნიშნელოვანი, ცხადია, არ არის. მუსიკა ისეთი რამაა, რომ არც ერთი კომპონენტი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რამდენი კარგი თანამედროვე მუსიკოსია, რომელიც ვოკალს სულ არ იყენებს (მაგ. Ratatat); ზოგია, ვოკალი რომ აქვს, მაგრამ ტექსტი არა აქვს - გამოგონილ ენაზე მღერის და ვოკალსაც მხოლოდ ერთგვარ ინსტრუმენტად იყენებს (Sigur Ros-ის შემოქმედების ნახევარი, შინამანეკენა); ზოგან მხოლოდ ვოკალი კი არა, თავად ტექსტი ასრულებს ინსტრუმენტის ფუნქციას - იმისთვისაა, რომ ფრაზების ნაგლეჯებმა და სიტყვების ჟღერადობამ შეგიქმნას განწყობა (Midnight City);  ზოგ სიმღერას ტექსტი კი აქვს, მაგრამ მას ინტერნეტის გამოჩენამდე კაციშვილი ვერ არჩევდა (Smells Like Teen Spirit-ის ეს პაროდია მაგაზეა); ზოგის ტექსტიც გესმის, სიტყვებსაც არჩევ, მაგრამ აზრი მაინც ვერ გამოგაქვს (თუნდაც All Along The Watchtower). ხანდახან სიტყვებიც გესმის და შინაარსიც, მაგრამ სიმღერას ეგ არაფერს მატებს - ტექსტი მსგავსი ჟღერადობის სიტყვებით რომ შეცვალო, ზუსტად იმავე სიმღერას მიიღებ (Rio, მაგალითად. რატომღაც ეგ გამახსენდა, მაგრამ კიდევ ათასობით ეგეთია). კაი, მაგასაც რომ თავი დავანებოთ, რამდენი სიმღერა მოგვწონებია ისე, რომ ტექსტზე არც დავფიქრებულვართ - კარგია, ცუდია თუ როგორია და საერთოდ რაზეა. მოგვწონს და მორჩა!

მაშ, რა ტექსტი აგვიტყდა?

აი, რა ტექსტი აგვიტყდა. კი, ზემოთ მოყვანილი მაგალითები, მართალია (ჩემს ძველ მეს დავესესხე. ჩემი ეს პოსტი დიდწილად მასთან კამათია. ის ძველი მე ამბობდა, სიმღერა კარგი იყოს და ენას რა მნიშვნელობა აქვსო), მაგრამ ეგ მაინც გამონაკლისებია. თანამედროვე სიმღერების სრულ უმეტესობას ტექსტი აქვს და ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

კარგი სიმღერა ხომ იდეაში რაღაცაზეა. შეიძლება ამბავი არ იყოს მოყოლილი, მაგრამ განწყობას გადმოსცემდეს. კარგი მუსიკოსი ხომ ისაა, ვისაც სათქმელი აქვს. შეიძლება ეს სათქმელი მუსიკოსს ჩამოყალიბებული არ ჰქონდეს. არ არის საჭირო, მუსიკა იმისია, რომ აზრის დალაგება არ გჭირდება. მაგრამ, რაღაც გრძნობა ხომ უნდა იყოს? ეგ არ არის ის მუსიკა, ჩვენ რომ გვიყვარს?

ამ ამბის თუ გრძნობის გადმოცემა უტექსტოდაც მშვენივრად შეიძლება, მაგრამ უფრო რთულია. ტექსტი გეხმარება. ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელიც საბოლოო პროდუქტს უკეთესს ხდის. კი, მუსიკოსს შეუძლია თქვას - არ მინდა, ტექსტი ხელს მიშლის და მაგის გარეშე მირჩევნიაო. ბაზარი არაა. მაგრამ, როგორც წესი, უარს არ ამბობენ ხოლმე. სხვა თუ არაფერი, ტექსტს იყენებენ თუნდაც იმიტომ, რომ მსმენელი ამას მიჩვეულია.

კი, მუსიკა უნივერსალური ენაა. მაგრამ, ეს მაშინ, თუ მოცარტი ხარ, ან მაილს დევისი ან, „სიგურ როში“ მაინც. ნაკლებ მუსიკოსებს სიტყვები დიახაც რომ ძალიან ეხმარება.

სიმღერა ხომ მეტია, ვიდრე მის შესაკრებთა უბრალო ჯამი. რომ დაშალო - ცალკე ვოკალი განიხილო, ცალკე ტექსტი, ცალკე გიტარა და ცალკე, რავი, დრამი, შეიძლება ვერც მიხვდე, რატომაა კარგი სიმღერა. ერთად კი გესმის და, ბიჭო, გრძნობ!

აი, ქიშოს და ინტელიგენციის ჭეშმარიტება ხომ მოგისმენიათ? მუსიკა როგორია? დიდი ვერაფერი. ცალკე ინსტრუმენტალი რომ ჩაგირთოს ვინმემ, შეგაწუხებს. ტექსტი? „მე ვერ გპირდები ველურ სექსს/მე ვერ გავუძლებ ასეთ ტემპს“? დაწერილი რომ ნახო, არ მოიხიბლები. ლექსი რომ იყოს, ცუდი ლექსი იქნებოდა. მაგრამ ლექსი არ არის. სიმღერაა. თან კარგი სიმღერაა. რაზეა? რის თქმა უნდა ავტორს? რა ვიცი მე. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება. ვგრძნობ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთად „მუშაობს“.

ჰოდა, ინგრედიენტების ეს ერთობლიობა ძალიან ფაქიზ ბალანსზეა დამოკიდებული. ჯადოქრობაა, რა. სიმღერის ცოტა სხვა მიქსს ჩაწერ და მაგია ქრება - კარგი სიმღერა იყო და უცებ საშუალოდ გადაიქცევა. ისეც ხდება, რომ კარგი სიმღერის ჩაწერის დროს გიტარისტი სტუდიაში აურევს, სიმებს დროზე ადრე ჩამოჰკრავს ხელს და ჰოი, საოცრებავ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას მიიღებ. ხელოვნება მცირე, ერთი შეხედვით, არაარსებით რამეებზეა დამოკიდებული. და ეს მცირე რამე ხშირად ტექსტია. მიდი, აბა, შეცვალე ქიშოს სიმღერის სიტყვები. იმავე ხმით იმღეროს ინგლისურად, თუნდაც უფრო ჭკვიანური რამეები. რა გამოვა?

მაი ლეგზ.


ბ. ქართული ტექსტი (You're Talkin' a Lot, But You're Not Sayin' Anything)

ზემოთ დაწერილში, როგორც ვხვდები, ბევრი არც შემეკამათება, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე - არგუმენტის უკეთ ასაგებად. ახლა ისიც ვთქვათ, რატომ არ შეიძლება, ეგ სათქმელი მუსიკოსმა ინგლისურად გადმოსცეს.

აუ, როგორ არ შეიძლება. ძალიან კარგადაც შეიძლება. უბრალოდ, უფრო რთულია და, როგორც წესი, არ გამოსდით ხოლმე. გასაკვირია? სად შენს ენას რომ გრძნობ ადამიანი და სად სხვისას?! კი, ზოგმა ინგლისურიც წყალივით იცის, ვინძლო ქართულზე უკეთესადაც, მაგრამ უმეტესობა ხომ არ არის ეგრე. აჰა, ვუსმენ ამ ბოლო ორი წლის ინგლისურენოვან ქართულ სიმღერებს და ან ისერა ინგლისურია და ან კიდევ სულ არ ისმის, რას მღერიან. კი, ბატონო. მოსულა. მაშინ, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა, რას მღერი და ტექსტი მხოლოდ ორნამენტია, მაგრამ უმეტესობა რომ არ მღერის ეგეთ სიმღერებს?

რამდენჯერ მომისმენია, რომ ბევრს მუსიკოსს უფრო ბუნებრივად ტექსტი ინგლისურად მოსდის. ინგლისურად ეწერინება და რა ქნას. ან იქნებ მუსიკა აქვს ისეთი, ქართული რომ არ მოუხდება. იმიტომ, რომ ისეთ რამეებზე მღერის, ქართულად რომ არ გადმოიცემა.

ბულშიტ. არ მჯერა მე მაგისი.

ათი-ოცი სიმღერის, ან სამი-ოთხი ჯგუფის შემთხვევაში კიდევ დაიჯერებდა კაცი. ნუ, ეგრე ხედავს ადამიანი თავის მუსიკას და უთხარი ეხლა, გინდა თუ არა, სხვანაირად დაინახეო. მაგრამ ყველა, ტო?

ყველა ეგრე იმიტომ მღერის, რომ ინგლისურად ტექსტის წერა უფრო ადვილია. ადვილია იმიტომ, რომ მსმენელს არ ესმის რას მღერი და თავად მუსიკოსსაც უკეთესად ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.

ის, რომ, აი, ინგლისურად ვწერ, იმიტომ, რომ ქართულად სასაცილოდ ჟღერსო, არის თავის მოტყუება. თუ ქართულად სასაცილოდ ჟღერს, დიდი შანსია, რომ ინგლისურადაც ეგრე იყოს. თუ ქართულად უაზროა, სავარაუდოდ, ინგლისურადაც უაზროა. არის გამონაკლისებიც. ზოგი რამე მართლა უკეთესად ჟღერს ინგლისურად. მაგრამ არა ყველაფერი. მაგის უმეტესობა არის სიზარმაცე. და კიდევ ის, რომ სათქმელი ჯგუფს რეალურად არა აქვს.

მთავარ პრობლემას, აი, ეს აზრის ჩამოუყალიბებლობა ქმნის. ნუ კარგი, არ ვარგა ტექსტი და არ ვარგა. ისედაც გავალთ იოლას. კარგი სიმღერა უსიტყვებოდაც მუშაობს. მაგრამ უშინაარსოდ კარგი იშვიათად გამოდის.


გ. თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...

საქმე ისაა, რომ ქართული ჯგუფების უმეტესობა მთლად ორიგინალურ მუსიკას არ უკრავს. ყოველთვის ასე იყო. საქართველო და სხვა პატარა ქვეყნები მუსიკის ახალი მიმდინარეობების სამჭედლო არ არიან ხოლმე. ყველა ვიღაცის პონტში უკრავს. ეს, ცხადია, ნორმალურია. სხვისას აიღებ, შენსას დაამატებ და კარგი გამოდის.

შენი გამოდის.

ცუდი კი ისაა, როცა ამ შენის დამატება ვერ ხერხდება. ამაში დამნაშავედ  კი მე დიდწილად ისევ ინგლისური ტექსტი მგონია. ინგლისური ბევრს სწორედ ამ, თავისი საყვარელი სიმღერების მეშვეობით აქვს ნასწავლი. ამიტომ შთაგონებას არა მხოლოდ თავიანთი საყვარელი ჯგუფების მუსიკაში ეძებენ, არამედ მათ ტექსტებშიც. შესაბამისად, როცა ამბავია მოსაყოლი, იმათ ამბავს ყვებიან და არა ჩვენსას.

ბევრი თქვენგანის საყვარელ ბენდს რომ დავესესხო, ავიწყდებათ, რომ საბურთალოდან არიან და არა ჰანტერს ბარიდან. ზუსტად არ ვიცი, სად არის ჰანტერს ბარი (სადღაც სამხრეთ-დასავლეთ შეფილდში), მაგრამ ის კი ვიცი, რომ აქედან შორია. სოუ, გეთ ოფ ზი ბენდვაგონ ენდ ფუთ დაუნ ზი ჰენდბუკ.

იე იე იე იე.

ეგაა, თორემ განა ვინმე 90-იანების მუსიკას მისტირის. ის დრო გავიდა, მოკვდა-მოკვდა, აღარ არის და ძალიანაც კარგი. არც ისე კარგი იყო, როგორც გვახსოვს. დღეს გვყავს უფრო მეტი და უკეთესი მუსიკოსი (ეს, გეხვეწები, სააკაშვილის ხმით წაიკითხე), ვიდრე ოდესმე გვყოლია. დღეს მეტ ნიჭიერ ტიპს უჭირავს გიტარა ან ლეპტოპი, ვიდრე აქამდე. და რას აკეთებს ამ ნიჭიერი ტიპების უმეტესობა?

სხვა, უკეთეს ჯგუფებს აქსეროქსებს.

ამათი დიდი ნაწილი ცუდ მუსიკას სულაც არ წერს. მაგრამ, ხანდახან ნეტა ცუდი იყოს. ხშირად  ჯობია ცუდი იყოს, ვიდრე საშუალო. ისერა. ნორმალური.

ჯენერიკ.

სეიფ.

მიდიოკრ.
                              
ქართული თანამედროვე მუსიკის უდიდესი ნაწილი მეორადი საქონელია. არ არის ეგრე? ნუ, კარგი - შენი ჯგუფი არ არის ეგეთი. სხვებისა ხომ არის? არ არის?

ხომ იცი, რომ არის. საშუალო დონის კავერ-ვერსიაა.

„ადიბასი“.

„ელვისის“ სუში.

„შუა ქალაქში“ ახალი შემადგენლობით.

ქართული ფლეშმობები.

ბუტკის პიცა კეტჩუპით და მაიონეზით.

თითქმის, მაგრამ არცთუ მთლად ზი რიალ თინგ.

თუ არა და ჰა. იძახე, თბილისის ანძა ჯობია ეიფელსო. და იცი რა? რაღაც პონტში მართლა ჯობია - თუ თბილისის ანძა თბილისისანძობს და არ ეიფელობს. ეიფელი არ დაგვნათოის თბილისელებს თავზედა. თბილისის ანძაა ეგ. და უმეტესობას ანძასთან მეტი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს (აი, ამ ჭიქით, ძმებო...), ვიდრე ეიფელთან. „გომი ორიგინალი“ უფრო ვიცით, ვიდრე „საუზერნ კომფორტი“. ვაკის პარკში უფრო ხშირად დავდივართ, ვიდრე ჰაიდ პარკში.

ჰოდა, ფაქინგ ექთ ლაიკ ით.

გეთ ოფ ზი ბენდვაგონ ენდ ფუთ დაუნ ზი ჰენდბუკ.

იე იე იე იე.

(გაგრძელება იქნება)

Tags: ბლოგი, მუსიკა, როკი, ნიკო ნერგაძე



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: MrDatua
19.06.2012 03:21
მართალია, მართალი.
არ წერენ ქართულად, და თან წუწუნობენ - არ მოსწონთ ქართული ჯგუფებიო.
მუსიკით ვერ გვაწონებენ თავს და ტექსტით მაინც მოგვაწონონ!
ქართულ სიტყვებს არ უხდება ამღერებაო, ეს არის ფობია.

ავტორი: salome საიდან გვწერთ: Germany
08.06.2012 23:21
რატომღაც მთელი სტატიის მანძილზე (რომელიც ძალიან მომეწონა) ანრი ჯოხაზე და ის სიხარული მახსოვდა მისი სახელი რომ არ ამოვიკითხე ფინალისტთა სიაში.
http://www.youtube.com/watch?v=cUEkOVdUjHc

აი ეს ჭირთ 90% ინგლისურენაზე მომღერალ ქართველებს!

ავტორი: ბუგიმენი საიდან გვწერთ: კარადიდან
03.06.2012 14:02
http://www.youtube.com/watch?v=ifwYrGakH4Y
http://www.youtube.com/watch?v=NyM47lA7U1Y
?

ავტორი: J საიდან გვწერთ: sadgac dedamicidan
01.06.2012 21:16
სიმღერაში ქართული ტექსტი მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, პირადად ჩემთვის იგივეა რაც electric gutar is an reason-is მაგივრათ ფანდურით ან რაღაც მაგნაერით რომ აკეთო მუსიკა.... პრობლემა ენაში არ არის, პრობლემა თვითონ მაგ ვითომ მუსიკოსებშია რომლებიც oasis-ს და მსგავს ჯგუფებს ვერ გაცდნენ.... ratatat , sigur ros და health გაგონილიც არა აქვს უმეტესობას..... და ვაბშე მთელი შენი სტატია მუსიკოსებს კი არა ლუზერებს ეძღვნება მემგონი.... აწვალებენ ლეპტოპებსაც და თავებსაც მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაც თავისნაერმა ლუზერმა შეამჩნიოს.... ხოდა ესეეე.. ჰაჰ......

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
30.05.2012 23:46
ავტორი: ხელოსანი საიდან გვწერთ: შორიდან
30.05.2012 09:55

....დიდი მინდორი დანამა მირჩევნია სთეირვეი თუ ჰევანს .... ჩემი გჯერა?
არა, უუუუ, ით მეიქს მე ვანდერ...... :000000 :)))))))))))))

ავტორი: ხელოსანი საიდან გვწერთ: შორიდან
30.05.2012 09:55
ინდოეთს დავემსგავსეთ ინგლისის ყოფილ კოლონიას სადაც გუდ მორნინგით ესალმებიან ერთმანეთს და თუ გააბრაზებ ვინმეს ბასტარდს გეძახიან....... ჩვენთან ალბათ რუსულიც ასე მოდაში იყო ადრე....დიდი მინდორი დანამა მირჩევნია სთეირვეი თუ ჰევანს .... ჩემი გჯერა?

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
29.05.2012 19:26
მართალი ხარ ნიკო, ტექსტი ქართულად...
მაგრამ...
მუსიკა კარგი გვაქვს?
არამგონია კარგმა ტექსტმა კარგი მუსიკა მოიტანოს.
გლობალურად კარგი მუსიკა, ცუდი, გაუგებარი, უაზრო ტექსტით, მაინც წავა, ისმინება..
კარგი ტექსტი, ცუდი მუსიკით, არა.. გამონაკლისების გარეშე.
ჯობდა მაინც მუსიკით დაგეწყო..
ესაა ჩემი კომენტარი.

ავტორი: ნოდარი საიდან გვწერთ: აქედან
26.05.2012 19:14
შეცდომაა: ო მაი გად, ნიკ, ქოოლ
სწორია: საღოლ, ნიკო, ჯიგარი ხარ :)
ისე ერთი ამბავი გამახსენდა. ერთი ჩემი ნაცნობია, სკოლა ისე დაამთავრა ხეირიანი წერა ვერ ისწავლა, საკუთარ გვარს ბოლოში ხან ****ძე -ს უწერდა და ხან ****-ხე -ს, ხოდა ახლა სიმღერების ტექსტებს წერს ინგლისურად :)) და სხვათა შორის ყიდის კიდევაც :))

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
26.05.2012 08:07
ვინ ქმნის ისტორიას, ცალკეული პირები თუ ხალხი, ეგებ ორივე, ან სულაც ისტორია ქმნის საკუთარ თავს და ჩვენ მსახიობები ვართ.

სხვადასხვა ეპოქაში ,სხვადასხვა პრობლემები, გასაჭირი თუ გზის მონახვა ხდება აქტუალური.
კაცობრიობა გადადის ახალ რელსებზე, ან ეგუება შეუცვლელს, მომავალ აჯანყება გამოსავლის ძიებამდე.

ომები, აღმოჩენები, ფასეულობათა ცვლა, განათლება.

მაგრამ ეს ყველაფერი მთლად ყოველდღიური არაა ,თითქოს სადღაც იხარშება და თითქმის არაპროგნოზირებულად ამოხეთქავს. იწყება ცვლილებები

ცვლილებების ქარი, მგონი ციმერმან დილანი მღეროდა.

ასევე ხელოვნება ესეც იმ ამოხეთქვის ნაწილი ან ცალკე არსებული, რეალობის ასახვა ან რეალობიდან გაქცევაა ,უკეთეს მომავალში, ხშირად ქვეცნობიერის მიერ მიგნებული მაშველი რგოლი კაცობრიობის გადაგვარების ოკეანეში, სულიერების, ამაღლებულის გადასარჩნად.

როგორც ტექტონიკური ფილების ურთიერთ მიწოლისას ხდება მოულოდნელად, დიდი ენერგიის გამოთავისუფლება, ისე რომ არავინ იცის როდის, ასევე სახვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა სიძლიერით გენოისები ხელოვნების გზით ამბობენ სათქმელს.

რა თქმა უნდა აქ აუცილებელი ინგრედიენტებია, ცალკეული ერების ხასიათი, სამყაროს აღქმა, განვლილი ისტორია დასხვა

სამოციან წლებში, როცა ახალგაზრდობა და ინტელექტუალები სექსუალური რევოლუციის ფონზე ,ახლებურად გაგებული თავისუფლებისათვის, ადამიანის უფლებებისთვის და მშვიდობისთვის იბრძოდნენ, ხელოვნებამ ზუსტად დაჩაგრულ ფერის მუსიკის ფესვებზე დაყრდნობით როკი მოგვცა

როკი რომელსაც თითქოს კლასიკურ მუსიკასთან არაფერი იქონდა საერთო.

ეს იყო ახალი აზროვნების ადამიანების შინაგან პრიზმაში გატარებული, გარდატეხილი ახალი მუსიკა. რასაც კელტურმა პირქუშმა მითოლოგიამ და ინგლისელთა გარეგნულად ჩაკლულმა, მაგრამ შინაგანად მდუღარე ემოციებმაც შეუწყო ხელი.

ეხლა თქვენ მითხარით არის ის სიტუაცია , ხედავთ თუნდაც ქართულ სინამდვილეში საჭირო ინგრედიენტებს რომ კარგი როკი მივიღოთ

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
25.05.2012 09:08
"ევოლუცია ისეთი ქუიქლია რომ მალე მიეწევით. წინ!!!- კი ქუიქლია აბა რააააააა!-შევარცხვინე ისეთი ქართველი ქართული ენა რომ დაავიწყდება, თანაც რომ პატრიოტობს და "ქუიქლს" პირდაპირ რომ გვჩრის როგორც ქართულ გამოთქმას-გამომივიდა რა ესეც ექსტრავაგანტი.....

ავტორი: revaz
24.05.2012 19:18
ეს პრობლენა ენის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ბევრი უნდა დაიწეროს მადლობ ნიკო ძალიან კარგი იყო

ავტორი: მიშა
24.05.2012 17:04
ძალიან საინტერესოა, რომ სიმღერის ტექსტის, ქართულ ენას მიუძღვენით ბლოგი. ამ თემაზე/პრობლემაზე მე არ მინახავს არასდროს არაფერი.
არც მომისმენია რომლეილმე მუსიკოსს, მუსიკაში ქართული ენის სტრუქტურაზე და მის თავისებურებაზე ეასუბროს.

ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია.

"ბევრი თქვენგანის საყვარელ ბენდს რომ დავესესხო, ავიწყდებათ, რომ საბურთალოდან არიან და არა ჰანტერს ბარიდან."

მაგარი ხელოვანი კის ის იქნება ვინც ჰანტერის ბარშიც იჯდება და მიუხედავად ამისა მაინც ქართული ემოციის გადმოცემას შეძლებს:)

ამისათვის ალბათ ძალიან ელეგენტურად უნდა ფლობდეს ადამიანი ქართულ ენას, მის ინტონაციურობას, ამავე დროს კარგად უნდა იცნობდეს თანამედროვე კულტურას.

ბატონ გიორგი მაისურაძეს ქონდა კარგი ბლოგი,

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24419674.html

რომელიც ვფიქრობ პრობლემის მეორე მხარეა.

ანუ, ერთის მხრივ მთლიანად ჩაკეტვა ნაციონალურ კონტექსტში, მეორეს მხრივ კი სრული ურაყოფა/ახლის ვერ შექმნა და იდენტობის დაკარგვა.

ავტორი: GERMANE
24.05.2012 13:07
სუფთა ქართული დისკუსიაა:

ჩვენ ხო ყველაფერში მაგრები ვართ - ვართ.

რატო არ უნდა ვიყოთ ახლა როკში/ჯაზში და სხვა მუსიკაში მაგრები?

მოდით და გამოვიძიოთ:
რატომ ვერ შეედრება რუმინეთში "გასეშენებული" "დაჩია" ბობლინგენში დამზადებულ მერსედესს? ან ბავარიულ "ბე -ემ-ვეს"?
ქართულმა ლუდმა ხომ მოუჯოკრა ბავარიულს? (ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნება მიშა!)
ქართველი მშენებლები ხო უფრო პროფესიონალები გახდნენ ვიდრე შვეიცარიელი მეგვირაბენი? (ამასაც მიშა გვეუბნება!)

რატომ არ უნდა იყოს ქართული როკი-ჯაზი-პოპი თუ რეპი დასავლეთი (ინგლის-ამერიკის) სადარი მაინც?

არ გაგიგიათ მეფედ გამხდარი მესაცრეს ამბავი? თავადებთან ნადირობისას რომ ხეზე მიაკაკუნა და თქვა - ამ ხისგან მაგარი საცერი გამოვაო?

ავტორი: კომეტა საიდან გვწერთ: კოსმოსი
23.05.2012 00:37
მოვალ მალე და გვეშველება

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
22.05.2012 22:52
არ ვიცი, კომპეტენტურობა არ მყოფნის, მაგრამ მაინც, მგონია რომ ფრანგებთან ყველაზე დიდი კულტურაა ტექსტის და ეს მათ შველის. იქნებ იმიტომ, რომ სიტყვა მუსიკაა და თუ ის ქართულია, ე.ი. მუსიკაც ქართული გამოვა. ჰოდა იმას ვამბობდი, მუსიკოსმა კიდევ სიტყვაში მუსიკა ანუ ბგერები უნდა იყნოსოს.

ავტორი: vikaflute საიდან გვწერთ: New Orlean
22.05.2012 20:56
იმედია გაგრძელება მალე იქნება.... :)

ავტორი: Nick Davitashvili საიდან გვწერთ: Apple Cross
22.05.2012 20:49
pure გენაცviolence (c)

ავტორი: ანონიმი
22.05.2012 20:45
მსოფლიო პროგრესულ ახალგაზრდობაში აღარა აქვს მნიშვნელობა მუსიკას და ტექსტს: თანამედროვე ცხოვრების რიტმით გამოშტერებულები ( ყველა არ ესვრის შუა დღისას ქუჩაში გამვლელებს ფანჯრიდან კომპიუტერს) როგორც ეს ამას წინ ქნა ლონდონის ცენტრში ვიღაცამ) ახალგაზრდები იკრიბებიან ბანდებად სადღაც დახურულ სივრცეში სადაც არის გამაყრუებელი ბრაგაბრუგი და ღრიალი (რაც უფრო გამაყრუებელია მით უფრო მოსწონთ),დამაბრმავებელი ელვარე განათება (რაც უფრო დამაბრმავებელია მით უფრო მოსწონთ), არის კიდევ სასმელი,საყლაპი,საყნოსი,გასაკეთებელი ნივთიერებები,არის სპეციალური ვნებების ამშლელი საყლურწები რომლებითაც ცხოვრებით დაქანცულ გოგონებს და ბიჭუნებს უმასპინძლდებიან და იმართება ორგიების კოლექტიური თუ მეგობრული ნაირსახეობები. მერე ვისაც პოლიცია ვერ იჭერს სახლშიც ბრუნდება ხანდახან. ამას წინ ისევ ინგლისში ვიღაც მთვრალი და გამვლელების მელოდიურად მლანძღველი ქალწული ვერ დაემალა ბობის.

ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად კოკნიდან შექსპირის ენაზე გარდამავალ დიალექტებზე ხდება. მოკლედ საქართველო ჯერ ველურია და ჩამორჩენილია მოწინავე საზოგადოებებისგან. მაგრამ ევოლუცია ისეთი ქუიქლია რომ მალე მიეწევით. წინ!!!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: შორიდან
22.05.2012 20:42
ნიკო, ალბათ ეს არ მოგისმენია. მხოლოდ გაცნობის მიზნით გიდებ ლინკს :) და მეგობარს რეკლამას ვუკეთებ :)

http://www.youtube.com/watch?v=J9d8Pg85HkU

ავტორი: ani
22.05.2012 18:47
მაკ ლავაში დაგავიწყდა ნიკო :)))))))

ავტორი: ანონიმი
22.05.2012 17:25
მოკვდა მოკვდაააააა:)

ავტორი: nikala საიდან გვწერთ: koka yandiashvili
22.05.2012 17:17
ნუ, რა უნდა გელაპარაკო, გენიოსი ხარ! :))))

ავტორი: მანქი
22.05.2012 17:01
tl;dr

ყველაზე პოპულარული