Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3. Georgian, Do You Speak It?


Because the music that they constantly play
It says nothing to me about my life
მაესტრო მორისი

(დასაწყისი აქ და აქ)

პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც ინგლისურად მღერის. პრობლემა ისაა, რომ ყველა ინგლისურად მღერის. შეიძლება სუყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ბოლო რამდენიმე წელია, სრულიად შემობრუნდა ტენდენცია, რომელსაც სათავე 90-იანების როკმუსიკოსებმა დაუდეს. მაშინ უმეტესობა ქართულად მღეროდა და მხოლოდ რამდენიმე - ინგლისურად. ახლაც რომ ეგრე იყოს, უკეთესი იქნება ყველასთვის - მსმენელისთვისაც და მუსიკოსისთვისაც.

ვიდრე ვიტყოდეთ, თუ რატომაა ეგრე, ჯერ ისიც უნდა ვთქვათ, რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ტექსტზე და არა, ვთქვათ, მუსიკაზე ან პროდიუსერებზე, ან, რავი, მომღერლის ჩაცმულობაზე. მაშ, რატომაა ტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანი?


ა. ტექსტი (My Words Are Like a Dagger With a Jagged Edge)

ტექსტი, ყველაზე მნიშნელოვანი, ცხადია, არ არის. მუსიკა ისეთი რამაა, რომ არც ერთი კომპონენტი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რამდენი კარგი თანამედროვე მუსიკოსია, რომელიც ვოკალს სულ არ იყენებს (მაგ. Ratatat); ზოგია, ვოკალი რომ აქვს, მაგრამ ტექსტი არა აქვს - გამოგონილ ენაზე მღერის და ვოკალსაც მხოლოდ ერთგვარ ინსტრუმენტად იყენებს (Sigur Ros-ის შემოქმედების ნახევარი, შინამანეკენა); ზოგან მხოლოდ ვოკალი კი არა, თავად ტექსტი ასრულებს ინსტრუმენტის ფუნქციას - იმისთვისაა, რომ ფრაზების ნაგლეჯებმა და სიტყვების ჟღერადობამ შეგიქმნას განწყობა (Midnight City); ზოგ სიმღერას ტექსტი კი აქვს, მაგრამ მას ინტერნეტის გამოჩენამდე კაციშვილი ვერ არჩევდა (Smells Like Teen Spirit-ის ეს პაროდია მაგაზეა); ზოგის ტექსტიც გესმის, სიტყვებსაც არჩევ, მაგრამ აზრი მაინც ვერ გამოგაქვს (თუნდაც All Along The Watchtower). ხანდახან სიტყვებიც გესმის და შინაარსიც, მაგრამ სიმღერას ეგ არაფერს მატებს - ტექსტი მსგავსი ჟღერადობის სიტყვებით რომ შეცვალო, ზუსტად იმავე სიმღერას მიიღებ (Rio, მაგალითად. რატომღაც ეგ გამახსენდა, მაგრამ კიდევ ათასობით ეგეთია). კაი, მაგასაც რომ თავი დავანებოთ, რამდენი სიმღერა მოგვწონებია ისე, რომ ტექსტზე არც დავფიქრებულვართ - კარგია, ცუდია თუ როგორია და საერთოდ რაზეა. მოგვწონს და მორჩა!

მაშ, რა ტექსტი აგვიტყდა?

აი, რა ტექსტი აგვიტყდა. კი, ზემოთ მოყვანილი მაგალითები, მართალია (ჩემს ძველ მეს დავესესხე. ჩემი ეს პოსტი დიდწილად მასთან კამათია. ის ძველი მე ამბობდა, სიმღერა კარგი იყოს და ენას რა მნიშვნელობა აქვსო), მაგრამ ეგ მაინც გამონაკლისებია. თანამედროვე სიმღერების სრულ უმეტესობას ტექსტი აქვს და ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

კარგი სიმღერა ხომ იდეაში რაღაცაზეა. შეიძლება ამბავი არ იყოს მოყოლილი, მაგრამ განწყობას გადმოსცემდეს. კარგი მუსიკოსი ხომ ისაა, ვისაც სათქმელი აქვს. შეიძლება ეს სათქმელი მუსიკოსს ჩამოყალიბებული არ ჰქონდეს. არ არის საჭირო, მუსიკა იმისია, რომ აზრის დალაგება არ გჭირდება. მაგრამ, რაღაც გრძნობა ხომ უნდა იყოს? ეგ არ არის ის მუსიკა, ჩვენ რომ გვიყვარს?

ამ ამბის თუ გრძნობის გადმოცემა უტექსტოდაც მშვენივრად შეიძლება, მაგრამ უფრო რთულია. ტექსტი გეხმარება. ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელიც საბოლოო პროდუქტს უკეთესს ხდის. კი, მუსიკოსს შეუძლია თქვას - არ მინდა, ტექსტი ხელს მიშლის და მაგის გარეშე მირჩევნიაო. ბაზარი არაა. მაგრამ, როგორც წესი, უარს არ ამბობენ ხოლმე. სხვა თუ არაფერი, ტექსტს იყენებენ თუნდაც იმიტომ, რომ მსმენელი ამას მიჩვეულია.

კი, მუსიკა უნივერსალური ენაა. მაგრამ, ეს მაშინ, თუ მოცარტი ხარ, ან მაილს დევისი ან, „სიგურ როში“ მაინც. ნაკლებ მუსიკოსებს სიტყვები დიახაც რომ ძალიან ეხმარება.

სიმღერა ხომ მეტია, ვიდრე მის შესაკრებთა უბრალო ჯამი. რომ დაშალო - ცალკე ვოკალი განიხილო, ცალკე ტექსტი, ცალკე გიტარა და ცალკე, რავი, დრამი, შეიძლება ვერც მიხვდე, რატომაა კარგი სიმღერა. ერთად კი გესმის და, ბიჭო, გრძნობ!

აი, ქიშოს და ინტელიგენციის ჭეშმარიტება ხომ მოგისმენიათ? მუსიკა როგორია? დიდი ვერაფერი. ცალკე ინსტრუმენტალი რომ ჩაგირთოს ვინმემ, შეგაწუხებს. ტექსტი? „მე ვერ გპირდები ველურ სექსს/მე ვერ გავუძლებ ასეთ ტემპს“? დაწერილი რომ ნახო, არ მოიხიბლები. ლექსი რომ იყოს, ცუდი ლექსი იქნებოდა. მაგრამ ლექსი არ არის. სიმღერაა. თან კარგი სიმღერაა. რაზეა? რის თქმა უნდა ავტორს? რა ვიცი მე. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება. ვგრძნობ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთად „მუშაობს“.

ჰოდა, ინგრედიენტების ეს ერთობლიობა ძალიან ფაქიზ ბალანსზეა დამოკიდებული. ჯადოქრობაა, რა. სიმღერის ცოტა სხვა მიქსს ჩაწერ და მაგია ქრება - კარგი სიმღერა იყო და უცებ საშუალოდ გადაიქცევა. ისეც ხდება, რომ კარგი სიმღერის ჩაწერის დროს გიტარისტი სტუდიაში აურევს, სიმებს დროზე ადრე ჩამოჰკრავს ხელს და ჰოი, საოცრებავ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას მიიღებ. ხელოვნება მცირე, ერთი შეხედვით, არაარსებით რამეებზეა დამოკიდებული. და ეს მცირე რამე ხშირად ტექსტია. მიდი, აბა, შეცვალე ქიშოს სიმღერის სიტყვები. იმავე ხმით იმღეროს ინგლისურად, თუნდაც უფრო ჭკვიანური რამეები. რა გამოვა?

მაი ლეგზ.


ბ. ქართული ტექსტი (You're Talkin' a Lot, But You're Not Sayin' Anything)

ზემოთ დაწერილში, როგორც ვხვდები, ბევრი არც შემეკამათება, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე - არგუმენტის უკეთ ასაგებად. ახლა ისიც ვთქვათ, რატომ არ შეიძლება, ეგ სათქმელი მუსიკოსმა ინგლისურად გადმოსცეს.

აუ, როგორ არ შეიძლება. ძალიან კარგადაც შეიძლება. უბრალოდ, უფრო რთულია და, როგორც წესი, არ გამოსდით ხოლმე. გასაკვირია? სად შენს ენას რომ გრძნობ ადამიანი და სად სხვისას?! კი, ზოგმა ინგლისურიც წყალივით იცის, ვინძლო ქართულზე უკეთესადაც, მაგრამ უმეტესობა ხომ არ არის ეგრე. აჰა, ვუსმენ ამ ბოლო ორი წლის ინგლისურენოვან ქართულ სიმღერებს და ან ისერა ინგლისურია და ან კიდევ სულ არ ისმის, რას მღერიან. კი, ბატონო. მოსულა. მაშინ, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა, რას მღერი და ტექსტი მხოლოდ ორნამენტია, მაგრამ უმეტესობა რომ არ მღერის ეგეთ სიმღერებს?

რამდენჯერ მომისმენია, რომ ბევრს მუსიკოსს უფრო ბუნებრივად ტექსტი ინგლისურად მოსდის. ინგლისურად ეწერინება და რა ქნას. ან იქნებ მუსიკა აქვს ისეთი, ქართული რომ არ მოუხდება. იმიტომ, რომ ისეთ რამეებზე მღერის, ქართულად რომ არ გადმოიცემა.

ბულშიტ. არ მჯერა მე მაგისი.

ათი-ოცი სიმღერის, ან სამი-ოთხი ჯგუფის შემთხვევაში კიდევ დაიჯერებდა კაცი. ნუ, ეგრე ხედავს ადამიანი თავის მუსიკას და უთხარი ეხლა, გინდა თუ არა, სხვანაირად დაინახეო. მაგრამ ყველა, ტო?

ყველა ეგრე იმიტომ მღერის, რომ ინგლისურად ტექსტის წერა უფრო ადვილია. ადვილია იმიტომ, რომ მსმენელს არ ესმის რას მღერი და თავად მუსიკოსსაც უკეთესად ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.

ის, რომ, აი, ინგლისურად ვწერ, იმიტომ, რომ ქართულად სასაცილოდ ჟღერსო, არის თავის მოტყუება. თუ ქართულად სასაცილოდ ჟღერს, დიდი შანსია, რომ ინგლისურადაც ეგრე იყოს. თუ ქართულად უაზროა, სავარაუდოდ, ინგლისურადაც უაზროა. არის გამონაკლისებიც. ზოგი რამე მართლა უკეთესად ჟღერს ინგლისურად. მაგრამ არა ყველაფერი. მაგის უმეტესობა არის სიზარმაცე. და კიდევ ის, რომ სათქმელი ჯგუფს რეალურად არა აქვს.

მთავარ პრობლემას, აი, ეს აზრის ჩამოუყალიბებლობა ქმნის. ნუ კარგი, არ ვარგა ტექსტი და არ ვარგა. ისედაც გავალთ იოლას. კარგი სიმღერა უსიტყვებოდაც მუშაობს. მაგრამ უშინაარსოდ კარგი იშვიათად გამოდის.


გ. თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...

საქმე ისაა, რომ ქართული ჯგუფების უმეტესობა მთლად ორიგინალურ მუსიკას არ უკრავს. ყოველთვის ასე იყო. საქართველო და სხვა პატარა ქვეყნები მუსიკის ახალი მიმდინარეობების სამჭედლო არ არიან ხოლმე. ყველა ვიღაცის პონტში უკრავს. ეს, ცხადია, ნორმალურია. სხვისას აიღებ, შენსას დაამატებ და კარგი გამოდის.

შენი გამოდის.

ცუდი კი ისაა, როცა ამ შენის დამატება ვერ ხერხდება. ამაში დამნაშავედ კი მე დიდწილად ისევ ინგლისური ტექსტი მგონია. ინგლისური ბევრს სწორედ ამ, თავისი საყვარელი სიმღერების მეშვეობით აქვს ნასწავლი. ამიტომ შთაგონებას არა მხოლოდ თავიანთი საყვარელი ჯგუფების მუსიკაში ეძებენ, არამედ მათ ტექსტებშიც. შესაბამისად, როცა ამბავია მოსაყოლი, იმათ ამბავს ყვებიან და არა ჩვენსას.

ბევრი თქვენგანის საყვარელ ბენდს რომ დავესესხო, ავიწყდებათ, რომ საბურთალოდან არიან და არა ჰანტერს ბარიდან. ზუსტად არ ვიცი, სად არის ჰანტერს ბარი (სადღაც სამხრეთ-დასავლეთ შეფილდში), მაგრამ ის კი ვიცი, რომ აქედან შორია. სოუ, გეთ ოფ ზი ბენდვაგონ ენდ ფუთ დაუნ ზი ჰენდბუკ.

იე იე იე იე.

ეგაა, თორემ განა ვინმე 90-იანების მუსიკას მისტირის. ის დრო გავიდა, მოკვდა-მოკვდა, აღარ არის და ძალიანაც კარგი. არც ისე კარგი იყო, როგორც გვახსოვს. დღეს გვყავს უფრო მეტი და უკეთესი მუსიკოსი (ეს, გეხვეწები, სააკაშვილის ხმით წაიკითხე), ვიდრე ოდესმე გვყოლია. დღეს მეტ ნიჭიერ ტიპს უჭირავს გიტარა ან ლეპტოპი, ვიდრე აქამდე. და რას აკეთებს ამ ნიჭიერი ტიპების უმეტესობა?

სხვა, უკეთეს ჯგუფებს აქსეროქსებს.

ამათი დიდი ნაწილი ცუდ მუსიკას სულაც არ წერს. მაგრამ, ხანდახან ნეტა ცუდი იყოს. ხშირად ჯობია ცუდი იყოს, ვიდრე საშუალო. ისერა. ნორმალური.

ჯენერიკ.

სეიფ.

მიდიოკრ.

ქართული თანამედროვე მუსიკის უდიდესი ნაწილი მეორადი საქონელია. არ არის ეგრე? ნუ, კარგი - შენი ჯგუფი არ არის ეგეთი. სხვებისა ხომ არის? არ არის?

ხომ იცი, რომ არის. საშუალო დონის კავერ-ვერსიაა.

„ადიბასი“.

„ელვისის“ სუში.

„შუა ქალაქში“ ახალი შემადგენლობით.

ქართული ფლეშმობები.

ბუტკის პიცა კეტჩუპით და მაიონეზით.

თითქმის, მაგრამ არცთუ მთლად ზი რიალ თინგ.

თუ არა და ჰა. იძახე, თბილისის ანძა ჯობია ეიფელსო. და იცი რა? რაღაც პონტში მართლა ჯობია - თუ თბილისის ანძა თბილისისანძობს და არ ეიფელობს. ეიფელი არ დაგვნათოის თბილისელებს თავზედა. თბილისის ანძაა ეგ. და უმეტესობას ანძასთან მეტი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს (აი, ამ ჭიქით, ძმებო...), ვიდრე ეიფელთან. „გომი ორიგინალი“ უფრო ვიცით, ვიდრე „საუზერნ კომფორტი“. ვაკის პარკში უფრო ხშირად დავდივართ, ვიდრე ჰაიდ პარკში.

ჰოდა, ფაქინგ ექთ ლაიკ ით.

გეთ ოფ ზი ბენდვაგონ ენდ ფუთ დაუნ ზი ჰენდბუკ.

იე იე იე იე.

(გაგრძელება იქნება)
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG