Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭომ პოლიტპატიმრის სტატუსი განსაზღვრა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტპატიმრის სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები შეიმუშავა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლიტპატიმრის ტერმინის განსაზღვრება დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, მომხსენებელი კი ასამბლეის გერმანელი დეპუტატი კრისტოფერ შტრესერი გახლდათ. სწორედ ამ დეპუტატს უკავშირებდნენ იმედებს სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ფედერაციის წევრები რამდენიმე თვის წინ. ქართველი უფლებადამცველები ტერმინ „პოლიტპატიმრის“ განსაზღვრას დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამის შემდეგ რეალურად შესაძლებელი გახდება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება ან მათი საქმეების ხელახალი გადასინჯვა სასამართლოს გზით.

თუ პირის დაკავება მოხდა ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციითა და თანმხლები ოქმებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, კერძოდ, თუ ადგილი აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების, შეკრებისა და გაერთიანების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, ამ შემთხვევაში პირი მიიჩნევა პოლიტპატიმრად. ასევე, თუ პირის დაკავება მოხდა უშუალოდ პოლიტიკური მიზეზით, მის მიერ აქტუალური დანაშაულის ჩადენის გარეშე, თუ პოლიტიკური მოტივები, სასჯელის ვადა ან პირობები აშკარად შეუსაბამოა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთან ან დანაშაულთან, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, ამ შემთხვევაშიც პირი პოლიტპატიმარია. ასევე,
თუ პოლიტიკური მოტივებით მის დაკავებას აქვს დისკრიმინირებადი ხასიათი, სხვა ანალოგიური მიზეზით დაკავებულ პირებთან შედარებით, და თუ დაკავება გამოწვეულია სასამართლო პროცესის აშკარა უსამართლობით და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან, ამ შემთხვევაშიც პირს შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს იმ პირებს, რომლებიც ტერორისტულ დანაშაულში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულნი.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ვეტყვით, რომ ყველა ამ კრიტერიუმით დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც უკვე არის ჩვენს სიებში, რომლის საქმეებიც არის შესწავლილი, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებული ...
ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებულ განმარტებას დიდ გამარჯვებად მიიჩნევს. მისი სიტყვებით, ამ განმარტების საფუძველზე უკვე შესაძლებელია უფლებადამცველებმა ახალი მოწვევის პარლამენტს მიმართონ და მოითხოვონ მათ მიერ უკვე შესწავლილი 119 პირის საქმის განხილვა და ამ ადამიანების გათავისუფლება ან მათი საქმეების სასამართლოს გზით გადახედვა, როგორც ამას საპრალამენტო ასამბლეა მიუთითებს:

”ერთი მხრივ, ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ვეტყვით, რომ ყველა ამ კრიტერიუმით დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც უკვე არის ჩვენს სიებში, რომლის საქმეებიც არის შესწავლილი, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებული. დანარჩენი პატიმრის საქმეები, რომელიც არის განხილვის სტადიაში, ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს დროულად იქნეს შესწავლილი და ადამიანებს განესაზღვროთ ჯერ ადგილზე სტატუსი, შემდგომ ეს გადაეგზავნოს, ერთი მხრივ, ევროპარლამენტს და, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ მიიღოს სათანადო ზომები, რასაც მოითხოვს მისგან ევროპარლამენტი - ან ჩატარდეს სასამართლო პროცესები, ან გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან.”
ევროსაბჭოს ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა წევრი სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ეცდება საკუთარ სამართლებრივ სიბრტყეში ეს პრინციპები რაღაცნაირად დაამკვიდროს ...
უჩა ნანუაშვილი

ნანა კაკაბაძის სიტყვებით, ხელისუფლება წლების განმავლობაში არ აღიარებდა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას, მიზეზად კი ძირითადად ის სახელდებოდა, რომ არ არსებობდა ერთიანი განმარტება ამ ტერმინისა. თუმცა გეტყვით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ჯერ კიდევ 2009 წლის შემოდგომაზე აღიარა ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ”. მის ანგარიშში მაშინ სულ რვა პოლიტპატიმრის საქმე მოხვდა. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე მიუთითებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2011 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, ეყრდნობოდა რა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ე.წ. პოლიტპატიმართა არსებობის თაობაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცედ უარყოფენ ქვეყანაში ე.წ. პოლიტპატიმართა არსებობას და ამ ტერმინს უკვე წლებია ან პოლიტიკურ გაზვიადებად, ან აბსურდად მოიხსენიებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებული ტერმინის განსაზღვრება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მის რატიფიცირებამდე გარკვეული დრო იქნება საჭირო, მაინც ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე არსებობს ერთიანი ხედვა პოლიტპატიმრის სტატუსის შესახებ. უჩა ნანუაშვილი დასძენს, რომ ახლა უკვე პოლიტპატიმართა საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული:

”ქვეყანას თავად შეუძლია გადაწყვიტოს ამას გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს, მაგრამ, ევროსაბჭოს ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა წევრი სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ეცდება საკუთარ სამართლებრივ სიბრტყეში ეს პრინციპები რაღაცნაირად დაამკვიდროს.”

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც პოლიტპატიმართა საქმეებს წლების განმავლობაში სწავლობდა, ამ სატატუსით დაკავებულ პირებად მიიჩნევს ყველას, ვინც უკანასკნელ წლებში სხვადასხვა პოლიტიკური შინაარსის აქციების დროს დააკავეს. ასეთი კი, სულ, 119 პირია. ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ვარაუდობს, რომ ეს სია კიდევ შეივსება მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დადგენილების შესახებ საზოგადოება შეიტყობს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG