Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შახიდა იაკუბი: რუსეთის ავიაციის მოქმედებამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა


შახიდა იაკუბი
შახიდა იაკუბი

რუსეთის სამხედრო ავიაცია მერვე დღეა განაგრძობს, როგორც მოსკოვი უწოდებს, იერიშებს ტერორისტთა სამხედრო ობიექტებზე, იარაღის საწყობებსა და კომუნიკაციის საშუალებებზე, თუმცა სირიის მეზობელ თურქეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება რუსეთის მოქმედებების გამო - ლაპარაკობენ მრავალრიცხოვან მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეგადაცემა „ნამდვილი დროის“ აღმასრულებელი პროდიუსერი შახიდა იაკუბი თურქეთ-სირიის საზღვარზე გაეშურა.

შახიდა იაკუბი: ვითარება საკმაოდ დაძაბულია თავად დევნილებისათვის. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპას მიგრანტთა ეს ტალღა მიაწყდა, თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაეკეტა საზღვარი სირიასთან. უფრო ზუსტად, საზღვარზე გადასვლა ძალიან გართულებულია, ანუ სირიაში თურქეთიდან შესვლა გაჭირვებით შეიძლება, თუ შენ სირიის მოქალაქე ხარ, მაგრამ სირიიდან თურქეთში მოხვედრა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა დღემდე მოქმედებენ კონტრაბანდისტები, რომლებსაც საზღვარზე მალულად გადაჰყავთ ადამიანები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვერავინ მოგცემს უსაფრთხოების გარანტიას, რადგან, როგორც მითხრეს, ცეცხლი ორივე მხრიდან წარმოებს, ანუ ისვრის თურქეთის არმიაც და ისვრიან სირიის ტერიტორიიდანაც.

კობა ლიკლიკაძე: შახიდა, ვინ ვის წინააღმდეგ იბრძვის იქ, თურქეთის საზღვართან, - სირიის არმიაა ეს, თავისუფალი სირიის არმია, „ისლამური სახელმწიფო თუ კიდევ სხვა დაჯგუფება. და რას აკეთებს ამ დროს რუსეთის ავიაცია?

შახიდა იაკუბი: იქ არ არის სირიის არმია. იქ, თურქეთის საზღვრის გასწვრივ, არის რაიონები, რომლებსაც აკონტროლებენ დაჯგუფებები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინაღმდეგ იბრძვიან. ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები ანდა ის დაჯგუფებები, რომლებიც ერთბაშად ყველას წინააღმდეგ იბრძვიან. ამიტომ ცეცხლს უშენენ თურქეთიდან იმ ხალხს, რომელიც ცდილობს უკანონოდ გადაკვეთოს საზღვარი, და ისვრიან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდანაც. გუშინ მოვახერხე გავსაუბრებოდი სირიის ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მათ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ რუსეთის საავიაციო იერიშები, მართლაც, ძალიან დიდ ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, ანუ საავიაციო დარტყმებს განიცდის შეიარაღებული ოპოზიციური რაზმების პოზიციები, დამასკთან ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებთან, ჰომსთან და ჰამასთან, რის შედეგადაც, როგორც მითხრეს, საკმაოდ დიდი მსხვერპლია და, როგორც მითხრეს, ბევრ რაიონში ექიმები არ ჰყავთ. ამ რაიონებიდან ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ ლიბანში გაქცევით უშველონ თავს, ლიბანთან საზღვარს კი ძირითადად სირიის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ. ანუ ყველა ამ უბედურ ადამიანს რჩება ერთადერთი გზა - თურქეთისკენ გაქცევით უშველოს თავს. თურქეთის მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელისუფლებამ გახსნა საზღვარი დაჭრილებისათვის და სირიის სასაზღვრო ქალაქ კილისში მდებარე ჰოსპიტალი, როგორც იუწყებიან, გადავსებულია დაჭრილებით. მეც სწორედ იქით მიჭირავს გეზი, მაგრამ ჯერ ვერ ჩავაღწიე იქამდე, რომ ადგილზე შევაფასო სიტუაცია.

კობა ლიკლიკაძე: გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ძალიან აღაშფოთა რუსეთის ავიაციის მოქმედებამ, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ განსაკუთრებით თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევამ. ამ ფაქტს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც კი მიეძღვნა. რას წერს თურქეთის მედია? რამდენად მოსალოდნელია თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის სერიოზული გაუარესება სირიაში ვითარების ესკალაციის ფონზე, მით უფრო, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თურქეთის ავიაციას ცეცხლიც კი გაუხსნია „დაუპატიჟებელი სტუმრებისათვის“?

შახიდა იაკუბი: რუსეთი ძალიან დიდი და საშიში ქვეყანაა, რომელთანაც ძალის საშუალებით საუბრის უფლებას ძნელად თუ მისცემს ვინმე საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, რუსეთის ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთში. თუმცა აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლებას არ უცდია რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, როგორც ეს მოხდა, ვთქვათ, სირიის სამხედრო თვითმფრინავების შემთხვევაში 2013 წელს, როდესაც მათ თურქეთის საჰაერო საზღვარი დაარღვიეს. ანუ თურქეთის მხარემ ამჯერად თავი შეიკავა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მესიჯებშიც ძირითადად საუბარია იმაზე, რომ მიმდინარეობს ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან და რომ რუსეთი აყენებს თურქულ მხარეს საქმის კურსში. ეს არის და ეს. როგორც ჩანს, რუსეთს ჰქონდა მცდელობა შეემოწმებინა, თუ როგორ უპასუხებდნენ მსგავსი დარღვევის ფაქტს თურქეთის მთავრობა და ნატო. ცხადია, რომ რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდება არავის უცდია, ყველა იმედოვნებს, რომ რაღაცნაირად მოხერხდება რუსებთან მოლაპარაკება. მაგრამ ის, რომ იბომბება სირიის შიგნით ტერიტორიები, რომლებზეც არ იმყოფება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებები, როგორც ამას თურქეთის ხელისუფლებაც ადასტურებს და სირიის შიგნით მყოფი თვითმხილველებიც, ეს, რა თქმა უნდა, დიდ უკმაყოფილებას და შეშფოთებას იწვევს. თურქეთის პრეზიდენტმა საერთოდ ისიც კი თქვა, რომ რუსეთს არაფერი ესაქმება სირიაში და რომ თურქეთის მოთმინების ფიალა ივსება, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების გზით თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო ინციდენტები ორ ქვეყანას შორის.

კობა ლიკლიკაძე: შახიდა, არ ვიცი, როდის შეძლებ სირიის სასაზღვრო დასახლებულ პუნქტში, სააში, ჩასვლას, მაგრამ მაინც შეგეკითხები, რადგან გქონდა საუბარი და მიმოწერა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ასევე თურქ და რუს ჟურნალისტებთან, - რამდენად გააძლიერა რუსეთის ავიაციის ამ რვადღიანმა იერიშებმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მდგომარეობა და, პირიქით, რამდენად შეასუსტა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა პოტენციალი?

შახიდა იაკუბი: როგორც დამარწმუნა იმ ადამიანებთან საუბარმა, რომლებიც თავად იბრძვიან სირიაში და ახერხებენ თურქეთში გადასვლას, რუსეთს არანაირად არ გაუძლიერებია სირიის არმია და ბაშარ ალ ასადი, მაგრამ რუსეთი ამ ავიადარტყმებით ძალიან ასუსტებს იმ სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან, ანუ ამ დაჯგუფებებს ბრძოლა უხდებათ როგორც „ისლამური სახელმწიფოს“, ისე ბაშარ ალ ასადის არმიის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, რუსეთის ავიაციის იერიშები მათ სერიოზულად ასუსტებს. მაგრამ ბაშარ ალ ასადს, როგორც ჩანს, რუსეთისგან კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება დასჭირდება, კერძოდ, რეგულარული არმიის გარკვეული სახმელეთო ძალების ყოფნა სირიაში, რომლებიც ქალაქის ბრძოლებში ჩაებმებიან, თუკი საჭირო გახდება გარკვეული დასახლებული პუნქტების დაკავება. თუმცა, ვინაიდან სირიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური წარმომავლობის დაჯგუფება იბრძვის, ამ, როგორც უწოდებენ, ჯუნგლებში გარკვევა ძალიან ძნელია. ამიტომ, დიახ, რუსეთის ავიაციის იერიშები ჯერჯერობით ასუსტებს რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ თუ რამდენად სერიოზული იქნება ეს, ჯერ კიდევ არ ვიცით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსეთის ავიაიერიშები ყველაზე მეტ ზიანს, როგორც ჩანს, მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს. სხვათა შორის, დღეს მაჩვენეს ფოტო კასეტური ბომბებისა, რომელსაც თითქოს რუსეთის ავიაცია იყენებს სირიაში. ეს კი ნამდვილად უმსგავსობაა, რადგან ეს სინამდვილეში ნიშნავს საავიაციო იერიშებს მშვიდობიან მოქალაქეებზე.

კობა ლიკლიკაძე: რუსეთის ავიაცია კასეტურ ბომბებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც იყენებდა. შახიდა, სხვათა შორის, გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე დაადასტურა გარკვეული საავიაციო ძალების მომსახურებასთან დაკავშირებული რუსეთის სახმელეთო ძალების გარკვეული სეგმენტის არსებობა სირიაში. რამდენად რეალური გგონია, რომ რუსეთის საავიაციო იერიშებს შემდგომში მოჰყვეს სახმელეთო ჯარების შეყვანაც?

შახიდა იაკუბი: ასეთ რამეს მოელის ბევრი ის ადამიანი, ვისაც აქ ვესაუბრე, თუმცა ჯერ ოფიციალურად ამის დამადასტურებელი არავითარი მესიჯი არ ყოფილა. უფრო მოსალოდნელია რუსი ე. წ. სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობის გაზრდა, რადგან რუსეთს ჯერ არ შეუძლია სახმელეთო ქვედანაყოფების შეყვანა სირიაში, თუმცა შეუძლია გაზარდოს ინსტრუქტორების რაოდენობა, რომლებიც იბრძოლებენ სირიაში. მოკლედ, ჩვენც, უბრალოდ, უნდა ვისხდეთ და დაველოდოთ, თუ რას გადაწყვეტს ბატონი პუტინი.

კობა ლიკლიკაძე: შახიდა, შენ იყავი ალყაშემორტყმულ დონეცკის აეროპორტში და ჩვენს მსმენელებს ახსოვთ შენი რეპორტაჟი ეპიცენტრიდან. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, სირიაში მოხვედრა შენთვის კიდევ უფრო ძნელია და ვითარებაც კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი. საერთოდ, ვინმე არის პასუხისმგებელი ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, თუ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქმედებ?

შახიდა იაკუბი: არავინ არავისზე პასუხს არ აგებს. მითხრეს, რომ კონტრაბანდული გზით შესაძლებელია სირიაში მოხვედრა და გარკვეულ საფარსაც გპირდებიან, მაგრამ ვერც ავიადარტყმებისაგან დაცვის გარანტიას მოგცემს ვინმე და ვერც იმისას, რომ ცოცხალი დაბრუნდები სირიიდან თურქეთში. თანაც, თუ გასვლა-შემოსვლაზე არ გაქვს თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ნებართვა, მაშინ თუ რაიმე მოხდა და დაგიჭირეს, მაშინვე მოახდენენ თურქეთიდან შენს დეპორტაციას, რაც სრულიადაც არ მინდა. ამიტომ ახლა ვცდილობ ისე გამოვიდე ვითარებიდან, რომ, როგორც იტყვიან, არც მწვადი დავწვა და არც შამფური და რეალურად მოვახერხო სირიაში მოხვედრა და საკუთარი თვალით ნახვა, რომ, დიახ, ეს არის რუსეთის საავიაციო იერიშები, რომელიც დიდი ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. საკუთარი თვალით მინდა ვიხილო ის საშინელი ვითარება, რაზეც აქ ჰყვებიან სირიის საზღვარზე დაჭრილი ადამიანები, დარჩენილი ექიმების, ჰოსპიტლებისა და მედიკამენტების გარეშე, და ვაჩვენო ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც სირიაში ვითარდება და რაც კიდევ უფრო დამძიმდა რუსეთის საავიაციო დარტყმებით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG