Accessibility links

აახენის ხელშეკრულება ცხადყოფს ნაქები ფრანკო-გერმანული ღერძის სისუსტეს


აახენის ხელშეკრულება, რომელსაც 22 იანვარს ხელი მოაწერეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, წააგავს ხანშიშესული ევროპელი წყვილის ხელახლა ქორწინებას, როცა სიყვარულისაგან ბევრი არაფერია დარჩენილი და დიდად არც სექსს უნდა მოელოდე.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს მოვლენა სიმბოლოებით უფრო იქნებოდა დატვირთული, ვიდრე შინაარსით.

აახენი იყო დედაქალაქი იმპერატორ კარლოს დიდის ფრანკთა სამეფოში, რომელიც მოიცავდა როგორც დღევანდელ საფრანგეთს, ისე გერმანიასა და ევროკავშირის დამფუძნებელი კიდევ ოთხი ქვეყნის - ბელგიის, იტალიის, ლუქემბურგისა და ნიდერლანდის - ტერიტორიების უდიდეს ნაწილს. და ხელშეკრულება გაფორმდა ზუსტად 56 წელიწადში ელისეს ხელშეკრულებიდან, რომელმაც მოახდინა ფრანკო-გერმანული პარტნიორობის - უკვე ათწლეულებია, ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალის - ინსტიტუციონალიზაცია.

ახალი ხელშეკრულება განგაშს იწვევს ევროპის სხვა დედაქალაქებში. ევროკავშირის წევრებიდან ზოგი მომცრო სახელმწიფო შიშობს, რომ ხელშეკრულებამ შესაძლოა გზას გაუხსნას პარიზ-ბერლინის ღერძს, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ბრიუსელში მისაღებ ყველა გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ბლოკიდან გავა სიდიდით მესამე წევრი, გაერთიანებული სამეფო.

მაგრამ შიში, რომ ძლიერი წყვილი იქნება დომინანტური ძალა, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს ერთგვარ სუპერევროკავშირში, გაზვიადებულია. ძნელი წარმოსადგენია, რომ საფრანგეთმა გერმანიისაგან მიიღოს დახმარება დაკარგული დიდების დასაბრუნებლად, ხოლო პარიზმა, თავის მხრივ, ბერლინს დაუბრუნოს ელზასი და ლოტარინგია, როგორც ირწმუნება მაკრონის დაუძინებელი მტერი, მარინ ლე პენი.

რეალობა არის ის, რომ ფრანკო-გერმანული ძრავა რახრახებს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ 1963 წლის ევროპული თანამეგობრობა არ არის 2019 წლის ევროკავშირი.

საფრანგეთსა და გერმანიაზე მოდის ევროკავშირის მოქალაქეთა სულ 30 %-მდე. საბჭოში, რომელიც არის ევროკავშირისთვის გადაწყვეტილებების მიმღები უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ბრიუსელში, „ორმაგი უმრავლესობის“ საარჩევნო სისტემა საჭიროებს, სულ ცოტა, 16 ქვეყანას ბლოკის მოსახლეობის, სულ ცოტა, 65 %-ით. გერმანიამ და საფრანგეთმა, უბრალოდ, სხვებთანაც უნდა ითანამშრომლონ ახლაც და მომავალშიც. გარდა ამისა, ბევრ შემთხვევაშია აუცილებელი ერთსულოვანი პოზიცია და ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მიმხრობას, რათა ზედმეტად არ შელახონ სუვერენიტეტი.

22 იანვარს ხელმოწერილი 16-გვერდიანი დოკუმენტი გულდასაწყვეტად რბილია. ის ითვალისწინებს ჯანდაცვასა და განათლებაში კავშირების ერთგვარ გაღრმავებას, ეკონომიკისა და შრომის ბაზრის სფეროებში პოზიციების დაახლოების მხარდაჭერას, “სამოქალაქო ფონდს“, რომელიც ხელს შეუწყობდა ქალაქების მეგობრობასა და ინიციატივებს, როგორიცაა ორენოვანი საბავშვო ბაღები და ორ ქვეყანას შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. არსებობს ინიციატივაც, შეიქმნას როგორც ერთობლივი ასამბლეა, რომელიც წელიწადში ორჯერ შეიკრიბება, მაგრამ არ აღიჭურვება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, ისე ფრანკო-გერმანული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო, რომელიც, როგორც მერკელი იმედოვნებს, შეძლებს შექმნას „საერთო სამხედრო კულტურა“, რაც „ხელს შეუწყობს ევროპული არმიის შექმნას“.

ამაზე უფრო ამაღელვებელს არაფერს უნდა ველოდეთ. წარსულს ჩაბარდა მართლაც რომ ევროფედერალისტური (და ფრანგული) ოცნება ევროზონის დიდ ბიუჯეტზე, ევროზონის ფინანსთა მინისტრზე, გაძლიერებულ ევროპარლამენტსა და სრულ საბანკო კავშირზე. ამის ნაცვლად შეგვრჩა ბუნდოვანი მანიფესტი ორი დასუსტებული პოლიტიკოსისაგან, რომელსაც წინ სახიფათო დაბრკოლებები მოელის. საფრანგეთში, „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის ფონზე, მაკრონი კარგავს თავის რეფორმისტულ შემართებას და სულ უფრო ემსგავსება ერთვადიან პრეზიდენტს. მერკელს, რომელმაც უკვე გააღო კარი პოლიტიკიდან წასასვლელად, წელს მოელის რთული ადგილობრივი არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიის ზოგ მხარეში. და ორივეს პარტიები შიშით შესცქერიან ევროპარლამენტის არჩევნებზე, ოთხ თვეში, დამამცირებელი შედეგის პერსპექტივას.

და ასე გააგრძელებს ფრანკო-გერმანული წყვილი 2019-ში თავისი პოზიციების დაცვას, სავარაუდოდ, ბრიტანელების გარეშე, და შინაც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გაძლიერებული ნაციონალისტების, წყენია „ვიშეგრადის ოთხეულის“, ძუნწ ჩრდილოევროპელთა და ბალტიისპირელთა ღერძისა და არაპროგნოზირებადი სამხრეთული კლუბის შემყურე, ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევის მცდელობასა და 60-იანი წლების სასიამოვნო მღელვარებაზე ოცნებაში.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG