Accessibility links

site logo site logo

"ადამიანი იზრდება ტრავმით"


ნინო მახაშვილი

კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაცია მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სავალალოდ აისახება. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის, „კლუბი სინერგიისდამფუძნებელი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტს დეპრესიის ნიშნები აქვს, ასევე გაზრდილია სხვა აშლილობების რიცხვიც.

- ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება, როგორ აისახება ეს მოსახლეობის ფსიქიკაზე? ბოლო ტენდენცია როგორია?

- ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მოსახლეობას და ამ კვლევების შედეგად ჩანს, რომ 2020 წელთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია. საქართველოს მოსახლეობის მესამედს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნება, ასევე ძალიან ცუდი მაჩვენებელია (40 პროცენტს ახასიათებს) სტრესთან ადაპტაციის თვალსაზრისით, ანუ ადამიანები ახალ სიტუაციას ერგებიან ძალიან რთულად, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. ისინი მუდმივად შფოთავენ, არიან დაძაბულები, ერღვევათ ძილის რეჟიმი, განიცდიან ემოციურ დისბალანსს. ასევე, ორჯერ არის გაზრდილი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ ის რაც ახლა გარშემო ხდება ადამიანებისთვის უბრალო სტრესი კი არა, ისეთივე ტრავმაა, როგორიც მაგალითად, ომი ან წამება. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ნიშნები მოსახლეობის 24 პროცენტს, თითქმის მეოთხედს აღენიშნება.

- რა მდგომარეობაა სხვა აშლილობებთან დაკავშირებით?

- ასევე მაღალია შფოთვის მაჩვენებელი, ის მოსახლეობის მეოთხედს ახასიათებს, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი. უფრო საგანგაშოა ის, რომ მოსახლეობის 33 პროცენტს დეპრესია აქვს.

- ანუ ეს ადამიანები რომ მივიდნენ ექიმთან, მათ დეპრესიის დიაგნოზს დაუსვამენ?

- სამწუხაროდ, კი. ჩვენ კვლევისთვის ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სკრინინგ ინსტრუმენტს, კითხვარს, რომელსაც ადამიანები ავსებენ. ჩვენ შეიძლება უშუალოდ დიაგნოზზე ვერ ვილაპარაკოთ, მაგრამ 33 პროცენტი აკმაყოფილებს ამ დიაგნოზის კრიტერიუმებს, ანუ მოსახლეობის მესამედი ვერ ხედავს გამოსავალს, აღარ აქვს ინტერესი, უმძიმეს გუნება-განწყობაზეა და ასე შემდეგ. ვისაც ადრეც ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა ის კიდევ უფრო ცუდადაა. ამასთან კვლევებმა აჩვენა, რომ სხვებზე გაცილებით მოწყვლადები ახალგაზრდები აღმოჩნდნენ.

- რაც შეეხებათ ექიმებს, როგორია მათი მდგომარეობა?

- შარშან ისინი, ვინც წინა ხაზზე იყვნენ, იქნებოდა ეს ექიმი, სასწრაფოს მძღოლი თუ ფსიქოლოგი, უფრო მშვიდად აღიქვამდა სიტუაციას. ამჯერად მათ ასეთი გამძლეობა აღარ ახასიათებთ, რადგან ყველანაირი რესურსი ამოწურვადია.

პრობლემაა ისიც, რომ სერვისები, რომელიც ამ აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება. იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიამდე ჯანმრთელები იყვნენ და ახლა ფსიქიკურ პრობლემებს წააწყდნენ, ფაქტობრივად მისასვლელიც არსად აქვთ. ამიტომ მოვუწოდეთ დიდ კორპორაციებს, იზრუნონ საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე.

- თან ამჯერად კოვიდ-19-ის გამო ოჯახის ექიმთან დაკავშირებაც რთულია.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო ტრენინგისა და გადამზადების პროგრამა. ოჯახის ექიმები რამდენიმე აშლილობის, მათ შორის სტრესის მართვაში გადაამზადეს. მშვენივრად მართავს ოჯახის ექიმი დეპრესიას და შფოთვას, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით. ახლა პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. პირველი პიკი რომ გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ ოჯახის ექიმების გადამზადება დავიწყეთ და მათ ათასობით ადამიანის კონსულტირება მოახერხეს.

- კოვიდპანდემიამ ადამიანი მოაქცია იზოლაციაში, საკუთარი თავის წინაშე დატოვა. ამას აქვს თავისი უარყოფითი გავლენა, მაგრამ მეორეს მხრივ, ხომ შეიძლება ძალიან სასარგებლოც აღმოჩნდეს, თუნდაც თვითგამორკვევის კუთხით?

- ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა და გვაქვს, რომ ადამიანები იდენტობის, საზრისის, საკუთარი ადგილის ძიებას დაიწყებენ, ფასეულობებს გადახედავენ. აპრილში გამოქვეყნდა მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის ანგარიში. შესწავლილა 13 ქვეყნის მოსახლეობა, აქ იგულისხმება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნები. კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი პანდემიის შემდეგ უკეთაა, ამბობენ, რომ საზრისი იპოვეს. ჩვენ ამ კუთხით კვლევა არ ჩაგვიტარებია.

- რა გვასწავლა ან რა ვერ გვასწავლა კოვიდპანდემიის ორმა წელმა?

- ვისწავლეთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და მხარდაჭერა, რომ ერთმანეთი კი არ უნდა განვსაჯოთ, პირიქით, რითაც შეგვეძლება მხარში უნდა დავუდგეთ. ამ შემთხვევაში ყველაზე გამძლე ის თაობაა გამოდგა, რომელმაც 90-იანი წლები გამოიარა.

- ახსენეთ, რომ ახალგაზრდები ყველაზე მოწყვლადები აღმოჩნდნენ, რატომ აისახა ახალგაზრდების ფსიქიკაზე კოვიდპანდემია ასე რთულად?

- შესაძლებელია იმის გამო, რომ სოციალური ურთიერთობები ლიმიტირებულია. შესაძლოა იმიტომაც, რომ მათ ნაკლებად აქვთ სტრესთან გამკლავების გამოცდილება. როდესაც უნივერსიტეტში ვერ მიდიხარ, მეგობრებს ვერ ხვდები, არაფერი იცვლება... ამასთან ახალგაზრდები გაცილებით მგრძნობიარეები არიან იმ პროცესების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ხდება, იქნება ეს ჩაკეტილობა, უიმედობა თუ სხვა რამე.

- ახალგაზრდებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მიხედვა. რეკომენდაციას ვაძლევთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტს და ზოგადად საზოგადოებას, ვისაც რა შეუძლია, გააკეთონ - უნივერსიტეტებმა კონსულტაცია გაუწიონ თავიანთ სტუდენტებს; გაკეთდეს ცხელი ხაზები; შეიქმნას ვებ-გვერდი, სადაც ხალხი წაიკითხავს, საკუთარ თავს როგორ მიხედონ.

- თქვენ ახსენეთ 90-იანების თაობა, მანამდე იყო ჩვენი ბებიებისა და ბაბუების თაობა მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებით. როგორ ფიქრობთ ყველა თაობის განვითარებისთვის არისაუცილებელიმსგავსი განსაცდელი?

- ადამიანი იზრდება ტრავმით, აუცილებელია იყოს რაღაც სიმძიმე, რომელსაც ის გადალახავს და უფრო მეტად გაძლიერდება. ამიტომაც არის, რომ ყველა თაობას თავის განსაცდელი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG