Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოიგეს არჩევნები, მაგრამ დათმეს მთავრობა" - ადამ რაიხარდტი პოლონეთის არჩევნებსა და საქართველოსთან პარალელებზე


ადამ რაიხარდტი
ადამ რაიხარდტი

“როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, ასე რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, რუსეთთან მიდგომა არ შეიცვლება” - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ნიუ ისტერნ იუროპის" მთავარი რედაქტორი ადამ რაიხარდტი.

გასულ კვირას, 15 ოქტომბერს პოლონეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე. Არჩევნების ერთ-ერთ შედეგად ის იმასაც ხედავს, რომ “ორბანს [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი] მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ახალი მთავრობა იქნება, რომელიც, თუ ბრიუსელი ბუდაპეშტის დასჯას გადაწყვეტს, უკვე აღარ გამოესარჩლება მას”. რაიხარტს ვაჟა თავბერიძემ კითხვა "ატაკამსების" დებიუტზეც დაუსვა.

რადიო თავისუფლება: პოლონეთის არჩევნებით დავიწყოთ - რამდენად მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ? ერთგან ამ არჩევნებს „დე-ფაქტო რევოლუცია“ უწოდეს, თქვენს სარედაქციო წერილს კი „ცვლილებების სიო“ ერქვა სათაურად. რას მოასწავებს ეს ყოველივე პოლონეთისთვის?

ადამ რაიხარდტი: ეს ამოსავალი კითხვაა. ცვლილებები იქნება, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომლებიც გრძელვადიან მომავალში დიდ გავლენას იქონიებენ, მაგრამ თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ხვალ გაიღვიძებს, ანაც ორ კვირაში ახალთახალ, სრულად გარდაქმნილ პოლონეთს იხილავს... მომიწევს იმედები გავუცრუო მათ, ვინვ ასე ფიქრობს. ეს ყველაფერი მოხდება თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტად რჩება ანდჟეი დუდა, რომელიც „კანონის და სამართლიანობის“-ს პარტიის ღია მოკავშირეა - მასზე და მის პოზიციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი მთავრობის ფორმირებისას. მაგრამ მთავარი, რაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, არის შემდეგი - პოლონელებს - პოლონელების უმრავლესობას - სურდა ცვლილება, მათ ყელში ამოუვიდათ ყველაფერი ის, რასაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ხედავდნენ, ისინი მზად არიან წინ ნაბიჯის გადასადგმელად. მართალია, არჩევნები სახელისუფლებო პარტიამ კი მოიგო - ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ახალი მთავრობის ფორმირებას სჭირდება. თუ, რა თქმა უნდა რომელიმე ოპოზიციური პარტია არ დათანხმდება მათთან კოალიციის შექმნას, რაც დღეისთვის წარმოუდგენლად მოსჩანს - ყველა ცივ უარზეა და ღიად აცხადებენ, რომ ასეთ კოალიციაში შესვლას არ დათანხმდებიან. ერთი სიტყვით, ჯორჯ მარტინს რომ დავესესხოთ, მათ მოიგეს ბრძოლა, მაგრამ წააგეს ომი - მოიგეს არჩევნები, მაგრამ დათმეს მთავრობა.

“ვიცი, რომ საქართველოში ერთგვარი სკეპტიციზმია ამის გარშემო, რომ მესამე ძალას სულ ელიან, ის კი არა ჩანს, და ბევრს იმედი გადაეწურა, რომ ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ გარემოში მესამე ძალის აღმოცენება უკვე შეუძლებელია, მაგრამ პოლონეთის მაგალითიც გვეუბნება, რომ ასე არ არის, რომ ეს რეალურია, გაკეთებადია”

რადიო თავისუფლება: ამ ეტაპისთვის, კიდევ ვინ შეიძლება მივაკუთვნოთ მოგებულების / წაგებულების რიცხვს? მათ შორის გარე აქტორებიც...

ადამ რაიხარდტი: დავიწყოთ გამარჯვებულებით. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, ეს პოლონელი ხალხის გამარჯვებაა, მათი დემოკრატიული სულისკვეთების გამარჯვება. ამომრჩეველთა 75 %-იანი აქტივობა, რაღაც წარმოუდგენელია, თანაც ქვეყანაში, სადაც ხმის მიცემა სავალდებულო არ არის. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ქალებისა და ახალგაზრდების მაღალი მონაწილეობის მაჩვენებელი. პოლონეთში ეს მანამდე არასოდეს მომხდარა, იმ ისტორიულ არჩევნებშიც კი, 89-წელს, როდესაც [კომუნისტური] სისტემა შეიცვალა, ნაკლებმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, გაიმარჯვა პოლონელმა ხალხმა, მისი ხმა გაიგონეს - 8 წელიწადი არ ესმოდათ, ახლა კი მოუწიათ გაგონება. გამარჯვებულების რიგს უნდა მივაკუთვნოთ, ასევე, ე.წ. პრო-დასავლური ძალების ბლოკი, მათ მოახერხეს ამომრჩევლის მიზიდვა, და განსაკუთრებით კარგად იმუშავეს ახალგაზრდებთან. რაც შეეხება საგარეო აქტორებს, აბა დავფიქრდეთ, ვინ შეიძლება ჩავთვალოთ მოგებულად...

რადიო თავისუფლება: ალბათ ბრიუსელი?

ადამ რაიხარდტი: ჰო, ალბათ, ევროკავშირი, რომლის სცენაზეც პოლონეთი დაბრუნდება გაუმჯობესებული იმიჯით, მაგრამ იგივე, აწ უკვე კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ამბიციებით, იყოს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და წარმმართველი ძალა. პოლონეთის არჩევნები სამაგალითო და თითით საჩვენებელი იქნება, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამარცხო პოპულიზმი. მის ხმას მეტ ანგარიშს გაუწევენ როგორც ბრიუსელში, ასევე პარიზსა და ბერლინში. ახლა რაც შეეხება წაგებულებს, გარდა სახელისუფლებო პარტიისა - პირველ რიგში უნდა ვახსენოთ რადიკალი მემარჯვენეები, რომლებმაც მწარე მარცხი იწვნიეს. არადა ჯერ კიდევ ზაფხულში, გამოკითხვების მიხედვით, ორნიშნა მაჩვენებელი უნდა ჰქონოდათ. მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არჩევნებზე ამდენი ხალხი მივიდოდა, სხვა ხალხიც - გარდა მათი ერთგული ამომრჩევლებისა - და მოუწიათ 7 პროცენტს დასჯერებოდნენ. გარე აქტორებიდან, წაგებულად შეიძლება ჩავთვალოთ ვიქტორ ორბანი, რომელმაც ვარშავაში მოკავშირე დაკარგა - ეს ალიანსი უკვე ისედაც მორყეული იყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ მაინც...

რადიო თავისუფლება: სამაგიეროდ, საქართველოს სახით შეიძინა მოკავშირე...

რაიხარდტი: [იცინის] ჰო, ეს უკვე ცალკე ისტორიაა. ორბანი თანდათან უფრო და უფრო შორდება ევროპას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ის დახელოვნდა პირადი ალიანსების შექმნაში. ეს არ არის, მაგალითად, უნგრეთ-რუსეთის ალიანსი, ან უნგრეთ-საქართველოს ალიანსი - ეს ორბანისა და მოსკოვის ალიანსია, რომლის ფონზეც ხდება უნგრეთის, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ინტერესების უგულვებელყოფა, რაც მას არ ადარდებს. მაგრამ ახლა მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ახალი მთავრობა იქნება, რომელიც, თუ ბრიუსელი ბუდაპეშტის დასჯას გადაწყვეტს, უკვე აღარ გამოესარჩლება მას.

რადიო თავისუფლება: მინდოდა მეკითხა ამ არჩევნების გავლენაზე უკრაინის ომზე, მაგრამ მანამდე საქართველოზე მინდა გკითხოთ - რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ პოლონეთის ამ არჩევნებისგან? 75- პროცენტიანი მონაწილეობა, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა - საქართველოსთვისაც იმუშავებს ეს რეცეპტი?

ადამ რაიხარდტი: კარგი კითხვაა. ვფიქრობ, არის აქ რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც საქართველოს და კერძოდ, ქართულ ოპოზიციას შეიძლება გამოადგეს. მათგან პირველი - რებრენდინგის აუცილებლობაა. ქართულ პოლიტიკას მეტნაკლებად ვიცნობ, ვიცი, რომ ესაა მეტწილად ორპოლუსიანი, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, და არსებული ორი ძალიდან ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის, რომ რიგითი ამომრჩევლისთვის დიდად მიმზიდველია. ანალოგიური სიტუაცია იყო პოლონეთშიც მანამ, სანამ ოპოზიცია საკუთარი თავის რებრენდინგს მოახერხებდა. რაც მეტ წილად დონალდ ტუსკის დამსახურება იყო, რომელმაც პირადადაც გაიარა რებრენდინგის ფაზა. ძალიან კარგად იმუშავა ახალგაზრდებზე კონცენტრირებამ, ვიდრე მხოლოდ ერთგულ ამმომრჩეველზე, და დიდი როლი ითამაშა ასევე ე.წ. მესამე ძალების აღმოცენებამ, მათ ბლოკს ასეც ქვია - „მესამე გზა“, არჩევნებში კი თითქმის ხმების 15 პროცენტი დააგროვეს. მე ვიცი, რომ საქართველოში ერთგვარი სკეპტიციზმია ამის გარშემო, რომ მესამე ძალას სულ ელიან, ის კი არა ჩანს, და ბევრს იმედი გადაეწურა, რომ ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ გარემოში მესამე ძალის აღმოცენება უკვე შეუძლებელია, მაგრამ პოლონეთის მაგალითიც გვეუბნება, რომ ასე არ არის, რომ ეს რეალურია, გაკეთებადია. ასე რომ, ამის სწავლაც შეიძლება პოლონეთისგან. ახალგაზრდებზე ფოკუსი უკვე აღვნიშნე და ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქალების აქტივობა იყო ძალიან მაღალი, რაც ალბათ კიდევ ერთი გაკვეთილი თუ რჩევა შეიძლება გამოდგეს საქართველოსთვის.

რადიო თავისუფლება: თქვენს სახელისუფლებო პარტიას, თბილისისგან განსხვავებით, არ აქვს ჯოკერი - მოსახლეობას ვერ ეტყვის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ომი დაიწყება, რუსეთი შემოიჭრება...

ადამ რაიხარდტი: გაგიკვირდებათ და, აქვთ მსგავსი ბერკეტი, ოღონდ ჩვენთან როლები შეცვლილია. მმართველი პარტია ოპოზიციის ლიდერს ადანაშაულებს პრო-რუსულობაში: ამბობენ, აი, ტუსკი მოვა, ბერლინს გაურიგდება, მერე კი ერთად „დაალაგებენ“ კრემლთან და საბოლოოდ პოლონეთში რუსული გავლენა გაიზრდება. რაც თითქმის იგივე კოქტეილია, რაც თქვენთან, ოღონდ სხვა არომატით. ეს შიშის ტაქტიკაა. მაგრამ ზოგადი კონსენსუსი პოლონეთში უცვლელია - ყველა, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, ასე რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, რუსეთთან მიდგომა არ შეიცვლება.

რადიო თავისუფლება: კეთილი, - დაპირებისამებრ, გადავიდეთ უკრაინაზეც. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ არჩევნების წინ ვარშავასა და კიევს შორის გაუარესებულ ურთიერთობებს, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახლა?

რაიხარდტი: ვფიქრობ, ეს გართულებული ურთიერთობები მეტწილად პოლონეთის შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი - მმართველი პარტია ცდილობდა, ამომრჩეველი წაერთმია რადიკალი მემარჯვენეებისთვის, პარტია „კონფედერაციისთვის“, რომელიც ღიად ანტი-უკრაინულია, მხარს არ უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და ითხოვს მიგრანტების იძულებით უკან დაბრუნებას. მმართველმა პარტიამ სცადა მათი ამომრჩეველი აეწაპნა, ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა პოლიტიკური ბრაკონიერობა. მაგრამ ეს სტრატეგია ეფექტური არ გამოდგა - მეტწილად იმიტომ, რომ პოლონელების უმრავლესობა ღიად უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელების ბრძოლას საკუთარი ქვეყნის, ტერიტორიის დასაცავად. და როდესაც ახალი მთავრობა მოვა, ვფიქრობ, ვიხილავთ ჩამტვრეული ხიდების შეკეთების პროცესს. ყველაზე დიდი ჩამტვრეული ხიდი მწვანე დერეფნის, დახურვა იყო, და ახლა, როდესაც ევროკავშირიც ამბობს, რომ დერეფანი შესაძლოა გაიხსნას, ვფიქრობ, გზა გამოიძებნება, გაიხსნება სატრანზიტო დერეფანი უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებისთვის, იმ გარანტიით, რომ ისინი არ მოხვდებიან პოლონეთის ბაზრებზე, რაც კონკურენციას გაუწევდა აქ ადგილობრივ სოფლის მეურნეობის სექტორს, რადგან ეს არის პოლონეთში ფერმერების ყველაზე დიდი თავსატეხი. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი იპოვიან გზას ამის გასაკეთებლად, რადგან ამ საკითხის ინსტრუმენტალიზაცია დიდწილად არჩევნებისთვის მოხდა. .

რადიო თავისუფლება: პოლონეთის არჩევნებმა და ისრაელში მიმდინარე მოვლენებმაც კი ვერ გადაფარა ATAMCS-ების ერთობ შთამბეჭდავი დებიუტი უკრაინის ფრონტზე. თვეების განმავლობაში ყოყმანობისა და მარჩიელობის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, უკრაინელებთან ATAMCS-ები მაინც ჩავიდა და მათაც არ დაახანეს - დაარტყეს რუსების მიერ კონტროლირებულ სამხედრო აეროდრომს ოკუპირებულ ბერდიანსკში - თავდასხმა შეფასდა, როგორც რუსეთის საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ დღეში. ისმის კითხვა - ამის ფონზე მეტ ATAMCS-ებს უნდა ველოდოთ? დაიძლევა ყოყმანი?

რაიხარდტი: ვფიქრობ, რომ დიახ, ამ შთამბეჭდავი წარმატების შემდეგ მეტ ATAMCS-ებს ვიხილავთ, ვიხილავთ ფ-16-ებსაც და მეტ აბრამსებსაც ბრძოლის ველზე. რაც მეტი საბრძოლო წარმატება ექნება უკრაინას, მით ნაკლები იქნება ყოყმანიც. უკრაინის კონტრ-იერიში ერთობ ნელი პროცესი აღმოჩნდა, რაც არ ნიშნავს წარუმატებელს - ისინი მშვენივრად ართმევენ თავს რუსული რესურსების გახარჯვას, მაგრამ არ აქვთ მნიშვნელოვანი პროგრესი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობდა რუსეთის საჰაერო უპირატესობა და ის, რომ რუსულ ავიაციას შეეძლო დაუსჯელად შეენელებინა უკრაინული იერიშის ტემპი. ატაკმსის ბრძოლის ველზე შემოსვლასთან ერთად ამ მხრივ ძალთა შეფარდება შეიცვლება და თუ უკრაინელები ასე გააგრძელებენ, ვფიქრობ ვაშინგტონში ბევრს აღარ იჭოჭმანებენ მეტი ATAMCS-ების მიცემაზე. მე ვთვლი, რომ ეს უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა, რომ ვაშინგტონის შიში, თითქოსდა ეს ესკალაციას გამოიწვევს რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფუძვლოა. რუსეთი არ და ვერ წავა ამ კონფლიქტის გაფართოებაზე, უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანაზე - კრემლში ჩვენზე უკეთ ესმით და ხედავენ, თუ რა დღეშია რუსეთის შეიარაღებული ძალები და რისი „მიღწევის“ პოტენციალი აქვთ მათ, თუ კონფლიქტი გაფართოვდება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG