Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აი, რატომ მომეწონა „ტიტები 2019“


არა, ეს სიმღერა თავიდანვე განწირული იყო!

ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ბატონი ჯემალ სეფიაშვილი წარმოუდგენელ სისულელეს იტყოდა და 9 აპრილის სიმღერაზე (9 აპრილის სიმღერაზე, ბილ! 9 აპრილის!) იტყოდა -ეს მარტო კაცებმა უნდა იმღერონ, რადგან ქალი ქუხნაში უნდა იყოს და სამშობლო კაცებმა უნდა დაიცვანო.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ სიმღერის ხელახალი შესრულების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. რა, ახლებური არანჟირება ან სხვა ვოკალი სჭირდებოდა ვინმეს? ხელახალი ინტერპრეტაცია რამენაირი?

არანაირად.

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, როგორც კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ცალკე მდგომი სიმღერა არ არსებობს. ანუ, არავინ რთავს „ტიტებს“ უბრალოდ მოსასმენად, როგორც მორიგ სიმღერას. რომ აი, „ვაგონი მიქრის“ მოვისმინეთ, მერე „ხელები“ ჩაირთო, მერე „ტიტები“ და მერე, ვთქვათ, „თბილისო“. უბრალოდ შეუძლებელია, „დღე დგება უტყვი და უჩვევი“ გაიგონო და პარლამენტის წინ გადაღებული შავ-თეთრი კადრები არ წარმოგიდგეს თვალწინ. „ტიტები“ სიმღერა არ არის - მოვლენაა.

ვისაც 1989 წელი არ ახსოვს, სრული უფლება აქვს ამტკიცოს, სიმღერა არ ვარგაო. მუსიკალურად, ალბათ, ქართველებს უკეთესი ბევრი დაგვიწერია. მე 11 წლის ვიყავი, პირველად რომ მოვისმინე. მაშინვე დამბურძგლა. ალბათ ვიტირე. 30 წელი გავიდა. დღემდე მოქმედებს. გულგრილად ვერ ვუსმენ.

საერთო არა აქვს მნიშვნელობა, მუსიკალურად კარგი და ცუდი რა აქვს ამ სიმღერას ან ყველა კარგად მღერის თუ არა და კიდე რამდენად აკმაყოფილებს მორის ფოცხიშვილის ტექსტი თანამედროვე სტანდარტებს. რად უნდა ამას დიდი მსჯელობა, აქანე? გულზე თუ გხვდება, ესე იგი, არის მანდ რაღაცა.

კარგი, ეგ გავიარეთ.

იქნებ, რამე ახალი კონტექსტი ჭირდებოდა სიმღერას? რომ, აი, 30 წლის შემდეგ, ეს სიმღერა ახლებურად გვაერთიანებს?

ამაში კიდევ იქნებოდა ლოგიკა, 2019 წლის ვერსიას ორიგინალის ყველა ხიბლი მეწამულ ბილიკს რომ არ გაეყოლებინა.

89 წლის „ტიტებს“ მღეროდა, ვინც ქართველებს მაშინ სახელოვანი მომღერალი გვყავდა, აი, ლამის სუყველა. ნანი, ბუბა, რობერტი, ირმა, ეკა, მერაბი, გოგი, გიული, თამარი... რავი, ვინმე კარგი ალბათ გამორჩათ, ან, იქნებ არ ეცალა, მაგრამ ისე ყველა იქაა. სხვადასხვა ასაკის, ჟანრის და გაგების წარმომადგენლები - ერთად დგანან და კი არ მღერიან, ლოცულობენ.

ახალ ვერსიის შემსრულებელი კაცები, წესით თვითონაც ვერ იტყვიან, რომ ეგენი არიან, ვინც არიან საქართველოში. რამდენიმეს, ალბათ, მართლაც ეკუთვნის ტოპ-25ში ყოფნა. დანარჩენები ვინ არიან, არავინ იცის.

მოკლედ, სიმღერა რომ კარგი გამოსულიყო, მაინც არავის მოეწონებოდა. კარგი კი არანაირი სტანდარტებით არ გამოსულა... ტყუილად იღადრავენ ხორხს ნელთბილი სიმღერით!

აბა, რა მომეწონა?

რა, და, როგორც მოულოდნელად აღმოჩნდა, 30 წლის შემდეგ გაჟღერებულმა ამ „ტიტებმა“ კვლავინდებურად გაგვაერთიანა. ოღონდ, ამჯერად არა საბჭოთა კავშირის, არამედ, აი, სწორედ ამ სიმღერის ახალი ვერსიის სიძულვილმა.

ნაცმა და ქოცმა, ბებერმა და ახალგაზრდამ, მემარჯვენემ და მემარცხენემ - ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელები და „ფეისბუკზე“, „იუტუბზე“ და ყველგან შეუწყეს ერთმანეთს ხმები. კარგი არაფერი უთქვამთ, მაგრამ სადაა „სიტყვა გამოვნახოთ თბილი“ და კაი ცხოვრება.

რამდენი ხანია ასეთი ერთიანობა არ გვინახავს.

როგორ გვაკლდა.

მადლობა!

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG