Accessibility links

"ახლა დაიწყო იქ კარდაკარ სიარული და ახსნები, მაგრამ ის, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა სოფლის რწმუნებულს, არ იყო გაკეთებული"


ალექსანდრე კვახაძე, "რონდელის ფონდის" მკვლევარი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე ფიქრობს, რომ COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლებების აქტიურობის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში რელიგიური და სხვა, არაფორმალური ლიდერების გადაწყვეტილებებს:

„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ადგილობრივი ხელისუფლება როგორ ურთიერთობას დაამყარებს მოსახლეობასთან. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება. მარნეულის შესახებ მინდა განვაცხადო, რომ ძალიან დადებითი როლი შეასრულა ადგილობრივმა მუსლიმურმა თემმა - შიიტმა სასულიერო პირებმა. ჯერ კიდევ, სანამ საკარანტინო ზონაში მოექცეოდა მარნეული, პირველად განსაბჭოების შემდეგ, დროებით შეწყვიტეს კოლექტიური საპარასკევო ლოცვა და მოუწოდეს მრევლს ილოცონ სახლში და არ შეიკრიბონ მეჩეთში.

ასევე ძალიან დადებითად მინდა გამოვეხმაურო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავარს მეუფე გიორგი ჯამდელიანს, რომელმაც განაცხადა, ჩვენ ვილოცებთ ეკლესიებში, ხალხმა ილოცოს სახლებშიო. იმედი მაქვს, ბოლნისის ეპარქიაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

არაფორმალური ლიდერების - რელიგიური და სხვა საზოგადოებრივი ლიდერების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონებში ამ სენთან ბრძოლის საკითხებში“.

ალექსანდრე კვახაძე ჯერ თითქმის ორი კვირის წინ რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობდა ეროვნული უმცირესობების ინფორმირების გამოწვევაზე. „დილის საუბრებში“ ის დღეს კვლავ მიუბრუნდა ამ საკითხს. მანამდე კი მან აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერა და თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოგანმარტება კორონავირუსის შესახებ:

„სანამ გამოცხადდებოდა ეს მდგომარეობა, ბევრი ძალიან არასერიოზულად აღიქვამდა ამ დაავადებას მარნეულში. დაახლოებით ასეთი მიდგომა ჰქონდათ: აი, ხომ იყო ღორის გრიპი, ქათმის გრიპი, ხომ არაფერი მომხდარა და ეგეც დაახლოებით იგივე რაღაც იქნებაო.

პრობლემა ის არის, რომ ქართულ არხებს, თუნდაც იქ იყოს აზერბაიჯანული პროგრამა, იქ ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს. 99% ძირითადად უყურებს თურქულ არხებს და უყურებენ არა საინფორმაციო გამოშვებებს, უმეტესწილად - გასართობ გადაცემებს.

ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც გადასცემს მარნეულის შესახებ ამბებს და რომელსაც ასე თუ ისე აქვს წვდომა მოსახლეობაზე, არის „რადიო მარნეული“, რომელსაც მანქანებში უსმენენ ხოლმე მარნეულის მკვიდრები. მეორე მხრივ, ძალიან ეფექტიანად მუშაობს სოციალური მედია. სწრაფად გავრცელდა ვიდეოები. ეს ვიდეო, რაც ჩავწერე, იყო ჯგუფ „სალამის“ გამოწვევა, რომელიც მივიღე და ჩავწერე მსგავსი შინაარსის ვიდეო და მოვუწოდე ჩემს სამ აზერბაიჯანელ მეგობარს, რომ იგივე განეხორციელებინათ.

პრობლემა არის აგრეთვე ადგილზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის არაეფექტიანი მექანიზმი, რაც არის სოფლის რწმუნებულებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ისწავლა 1+4-ის პროგრამით და საუბრობს კარგად როგორც აზერბაიჯანულად, ასევე ქართულად და თავისუფლად შეიძლებოდა აქედან საუკეთესოები აერჩიათ და დაენიშნათ სოფლის რწმუნებულებად, თუმცა დღეს მივიღეთ სიტუაცია, რომ სოფლის რწმუნებულები უმრავლეს შემთხვევაში არიან თვითიზოლაციაში და არ ეკონტაქტებიან მოსახლეობას, რომელიც ფაქტობრივად დარჩენილი იყო ინფორმაციულ ვაკუუმში. ახლა დაიწყო იქ კარდაკარ სიარული და ახსნები, მაგრამ ის, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა სოფლის რწმუნებულს, არ იყო გაკეთებული“.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ეხმაურება მარნეულის მოსახლეობისა და აზერბაიჯანული უმცირესობის მიმართ სოციალურ ქსელებში წამოჭრილ მიუღებელ რიტორიკას:

„აუცილებელია საზოგადოების ფართო მასების ინფორმირება, რომ ამ ვირუსმა არ იცის არც ეროვნება, არც რელიგია და ეხება თანაბრად ყველას და ეს არ არის „აზერბაიჯანელებმა შემოიტანეს და გაგვწირეს“. მსგავსი კომენტარები იწერება და ამის კონტრპროპაგანდა აუცილებელია. და არა მარტო სახელისუფლებო, არამედ ყველა მედია უნდა ჩაერთოს მსგავს კამპანიაში და გააქარწყლოს ის მითები, რაც არსებობს“.

ალეკო კვახაძეს სურს, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე პრობლემურ საკითხზე:

„დღემდე არ ვიცი, რა ხდება დმანისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. ის, მართალია, არ შედის საკარანტინო ზონაში, მაგრამ ფაქტობრივად თბილისიდან ვერ მოხვდები დმანისში, თუ არ გაიარე ბოლნისი და მარნეული. ზოგადად, შიდა მობილობა ქვემო ქართლში არის ძალიან დიდი, რადგან თუკი რუსთავი არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცენტრი ქვემო ქართლის, ეკონომიკური ცენტრი არის მარნეული და მარნეულის ბაზრობა. მაგალითად, ბოლნისელს, დმანისელს, წალკელს, თეთრიწყაროელს, კოდელს, თელეთელს რაღაცის ყიდვა რომ უნდა, პირველ რიგში მიდის მარნეულის ბაზრობაზე. ეს რამდენად კონტროლდება? ეს მობილობა დროებით რაღაცნაირად უნდა გაჩერდეს.

ჩემი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კაზრეთში მდებარე „არ-ემ-ჯი გოლდის“ ობიექტებს, სადაც უამრავი ადგილობრივი - კაზრეთის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებია დასაქმებული და, ფაქტობრივად, ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომტანია სამთომოპოვებითი დარგი. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ იქ არ გაჩნდეს კერები. მე არ მაქვს ინფორმაცია, შეწყდა თუ გრძელდება იქ სამუშაოები, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია იქ.

გარდა ამისა, უახლოეს კვირებში მაღალმთიან რეგიონებში - ვგულისხმობ: წალკას, ნინოწმინდას, ახალქალაქს - უკვე გადნება თოვლი და დაიწყება მეცხვარეობის და მომთაბარეობის, იალაღებზე საქონლის გადარეკვის სეზონი. ესეც შესაძლებელია, რომ გახდეს ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი წყარო. სოფლის მეურნეობაზე ითქვა, რომ იქნება მეთვალყურეობა ჯანდაცვის სამინისტროდან და არაფერი თქმულა მეცხოველეობის, საქონლის გადარეკვა-გადმორეკვის შესახებ, მანდ როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკონტროლებული“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG