Accessibility links

ამერიკული გრანტით დაფინანსებულ სომხურ საიტს COVID-19-ზე ფეიკების გავრცელებაში ადანაშაულებენ


კორონავირუსის გლობალური ეპიდემიის ფონზე, ერთბაშად რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა სომხეთში დაფუძნებული საინფორმაციო პორტალი Medmedia.am, რომელმაც სახელი გაითქვა ფეიკნიუსების გამოქვეყნებით ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის თემაზე.

ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე ღიად მიანიშნა საფრთხეზე, რასაც COVID-19-ის ეპიდემიის შესახებ სხვადასხვა სოციალური ქსელით გავრცელებული დეზინფორმაცია შეიცავს იმ ფონზე, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. 28 მაისისათვის სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 8 216 შემთხვევა, აქედან 4 816 პაციენტი სამკურნალო დაწესებულებაში რჩება, 113 პაციენტი გარდაიცვალა.

„ფეიკპანდემია“ და ვითარება სომხეთის მორგებში

ბრიტანულმა საინტერნეტო გამოცემა „open-Democracy”-მ შეისწავლა სომხურენოვან Medmedia.am-ში კორონავირუსის თემაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები და აღმოაჩინა, რომ საიტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა სომეხი ექიმების ასოციაციის“ (Armenian Association of Young Doctors) მიერ არის შექმნილი, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„OpenDemocracy”-ის თანახმად, მაისის თვეში Medmedia.am-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ანონიმური ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, კორონავირუსის პანდემია „ფეიკიაო“, და იყო მოწოდება „უარი ეთქვას [COVID-19] ვაქცინაციის ყველა პოტენციურ პროგრამას“. ასეთი შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში ნახა 131 ათასმა იუზერმა, ხოლო 23 000-მა მოიწონა, რაც საკმოდ დიდი რიცხვია სამმილიონიან ქვეყანაში.

პოპულარობით მეორე ადგილზე იყო სტატია, რომელშიც უაპელაციოდ ამტკიცებდნენ, თითქოს სომხეთში მორგებში 100 000 სომხურ დრამს ($205) სთავაზობდნენ თითოეული გარდაცვლილის ნათესავს, თუ აღიარებდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავსმა დეზინფორმაციამ და კონსპიროლოგიამ COVID-19-ის ინფექციაზე, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს ეპიდემიური ვითარება და კორონავირუსის ვაქცინაზე, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი, იმთავითვე შეამციროს მოთხოვნა.

„თუ ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია ასეთივე ტემპით გაგრძელდება, მაშინ სომხეთმა იგი სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად უნდა გამოაცხადოს“, - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა.

ფეიკსაიტი „დემოკრატიის განვითარების“ გრანტით

დასავლური ანალიტიკური გამოცემებისთვის ამ ისტორიაში ყველაზე სკანდალური ის აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებული ვებგვერდ Medmedia.am-ის დამფუძნებელი და რედაქტორია სომხეთში სკანდალურად ცნობილი ანტილგბტ ექიმი გევორგ გრიგორიანი, ხოლო ვებსაიტის ხარჯები დაფინანსდა იმ თანხით, რომელიც „ახალგაზრდა სომეხი ექიმების ასოციაციამ“ გასულ წელს სომხეთში აშშ-ის საელჩოსგან მიიღო „დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით 50 ათას დოლარამდე საგრანტო თანხა სხვადასხვა პროექტს ეძლევა „დემოკრატიის განვითარებისათვის“.

საიტ Medmedia-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტპორტალი ფინანსდება აშშ-ის მიერ, მაგრამ მასში გამოქვეყნებული სტატიები „აუცილებლად არ გამოხატავენ“ აშშ-ის მთავრობის თვალსაზრისს. მეტიც, როგორც გევორგ გრიგორიანმა უთხრა „გარდიანს“, ის თავადაც არ იზიარებს საიტზე გამოქვეყნებულ მოსაზრებებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ამის გამო ისინი არ უნდა მოხსნან. „ეს არ არის ფეიკნიუსი. ეს არის სპეციალისტების, ექიმების, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები. ეს არის თვალსაზრისი. ამიტომ ეს არ არის ფეიკნიუსი“, - აცხადებს გრიგორიანი.

როგორც საინტერნეტო გამოცემა „open-Democracy”-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ერევანში მდებარე აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ გასულ წელს სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის გრანტი Medmedia.am-აც მიიღო. მაგრამ საელჩომ არ დაასახელა გრანტის ზუსტი მოცულობა და არც საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების შინაარსზე გააკეთა კომენტარი.

მაგრამ გრიგორიანმა „გარდიანს“ უთხრა, რომ მას დაუკავშირდნენ აშშ-ის საელჩოდან და გაუზიარეს „შეშფოთება“ საიტზე გამოქვეყნებული საავტორო სვეტებისა და სტატიების გამო. „დარწმუნებული ვარ, მე შევძელი მეპასუხა ამ შეკითხვებისთვის და ეს შეშფოთებაც გაქრა. ჩვენი საიტი არ არის ვაქცინის საწინააღმდეგო ფორუმი“, - აცხადებს გრიგორიანი.

Medmedia.am-ის დამფუძნებელი, თავის მხრივ, გამორიცხავს რაიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირს და ასეთი სტატიების ფართოდ გავრცელებაში სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელიც, გრიგორიანის თქმით, როგორც სტატისტიკაც უჩვენებს, „სრულიად დამარცხდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

რაც შეეხება წინა წლებში გამოთქმულ ანტილგბტ გამონათქვამებს, მათ შორის იმას, რომ „ყოველთვის იბრძოლებს გეების წინააღმდეგ“, - გრიგორიანი აცხადებს, რომ ეს იყო კონკრეტული „ანტისაზოგადოებრივი ქმედებით“ ნაკარნახევი სიტყვები, რომელიც ინტერპრეტირებულია.

მაგრამ ულტრამემარჯვენე ორიენტაციის სომეხ ექიმსა და საიტ Medmedia.am-ის დამფუძნებელს პასუხი აღარ გაუცია 2014 წელს ფეისბუკში გამოქვეყნებული მისი იმ პოსტის შესახებ დასმული შეკითხვისთვის, რომელშიც აცხადებდა, „გეები საჯაროდ უნდა დავწვათო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG