Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე საერთაშორისო კამპანიის „12 ქალი ბარიკადებზე“ ერთ-ერთ სახედ დასახელდა


„ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა“ ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, კამპანიის „12 ქალი ბარიკადებზე“ ერთ-ერთ სახედ დაასახელა.

კამპანიის მიზანია ქალთა უფლებების მიმართულებით ცნობიერების გაზრდა. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა, გენდერული ძალადობა, ქსენოფობიური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

12 ქალი ბარიკადებზე“ კამპანიის სახეებად შეირჩნენ ადამიანის უფლებების დამცველი ბელორუსიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, უნგრეთიდან.

ანა დოლიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია კამპანიის ერთ-ერთ სახედ დასახელება, რადგან, ერთი მხრივ, თავად კამპანიის მისიაა მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ კი, ის ადამიანები, რომლებიც კამპანიაში იღებენ მონაწილეობას, გამოირჩევიან ფასდაუდებელი ღვაწლით ქალთა უფლებების თვალსაზრისით:

„ყველა ის საკითხი, რომელიც კამპანიის მთავარი მისიაა, მათ შორის, ქსენოფობიურ ძალებთან ბრძოლა, გენდერული ძალადობა და სხვა, ხაზს უსვამს ამ კამპანიის მნიშვნელობას. და თუკი კომიტეტი თვლის, რომ ამ დონის საერთაშორისო შემადგენლობაში მე შემიძლია რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ერთის მხრივ, ძალიან მიხარია, რომ გამომარჩიეს ჩემი მიღწევებითა და სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის და, მეორეს მხრივ, გადაწყვიტეს, რომ მე შემიძლია ამ მისიას წარმატებით გავართვა თავი“.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ანა დოლიძე კამპანიის სახედ იმიტომ შეირჩა, რომ ის თითქმის ოცი წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის.

„2004 წელს, 23 წლის ასაკში, ის იყო კავკასიაში ადამიანის უფლებადამცველთა წამყვანი ჯგუფის - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. მხარს უჭერდა ვარდების რევოლუციას. თუმცა, ცოტა ხანში, ის გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი. დღეს ანა დოლიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია სასამართლოს დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ანა დოლიძე არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებადამცველი“, - წერია კამპანიის საიტზე.

ანა დოლიძესთან ერთად კამპანიის სახეებად შერჩეულნი არიან: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა; იურისტი და უფლებადამცველი ჩრდილოეთ კავკასიიდან, მალიკა აბუბაქაროვა; თურქი ლგბტქი აქტივისტი, რომელიც 2016 წელს, 23 წლის ასაკში მოკლეს.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG