Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა სოუსი: აგრესიის საფრთხე რუსეთის მხრიდან ყოველთვის არსებობს


ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.
ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.

2008 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო - ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთს არ ჰქონდა სხვა ”მორალური არჩევანი”, გარდა იმისა, რომ შეესრულებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თხოვნა, ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობაო. მაგრამ, თავის მხრივ, მინსკს არ უღიარებია სეპარატისტების სახელმწიფოებრიობა და ეს, ცნობების თანახმად, მოსკოვის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. რატომ? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.

ანა სოუსი: რუსეთის მხრიდან ზეწოლა, მართლაც, ძალიან დიდი იყო. ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა ალექსანდრ ლუკაშენკოს უწოდა "პოლიტიკური ცხოველი", რომელიც მშვენივრად გრძნობს, თუ რა მომენტში რა უნდა გააკეთოს. გიგანტური ზეწოლა იყო რუსეთისგან. თითქმის მთელი წელი ჰპირდებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ბელარუსი აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თითქმის მთელი წელი ჰპირდებოდნენ, რომ ამ საკითხს განსახილველად წარუდგენდნენ მორჩილ პარლამენტს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, ვინაიდან დასავლეთმა მინსკს მეტი შესთავაზა. იმ მომენტისათვის ლუკაშენკომ გადაწყვიტა, რომ მეტ დივიდენდს მიიღებდა დასავლეთისაგან.

მახსოვს, ხუთი წლის წინ, როდესაც ლუკაშენკო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, მისი პირველი სიტყვები იყო: „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართული მიწააო“. და საქართველოს ყველა ლიდერი ამის გამო მისი მადლიერია - გულახდილად რომ ვთქვათ, თბილისი სწორედ ამიტომ ხუჭავს თვალს ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, რომელსაც დასავლეთში ლუკაშენკოს ადვოკატს ეძახდნენ და რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ალექსანდრ ლუკაშენკოს 2010 წლის არჩევნებში გამარჯვება - ეს მაშინ, როცა ასობით ადამიანს სცემდნენ და გისოსებს მიღმა ყრიდნენ.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონას. ბელარუსს ამით არ უსარგებლია. ერთადერთი, რითაც მან ისარგებლა, ამ პროგრამის ფარგლებში მიიღო გარკვეული თანხა ენერგეტიკული, ეკოლოგიური, სამედიცინო და საბაჟო პროექტებისათვის...
ანა სოუსი

ასე რომ, ამ მომენტისათვის ლუკაშენკოსათვის უფრო ხელსაყრელია ეს ტერიტორიები აღიაროს საქართველოს შემადგენლობაში.

კობა ლიკლიკაძე: ამის მიუხედავად, ბელარუსი ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყანაა. რა მნიშვნელობას ანიჭებს ბელარუსის პრეზიდენტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას?

ანა სოუსი: თითქმის 19 წელი გავიდა ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტების გაუჩინარებიდან. ახლახან, 31 იანვარს, მათმა ნათესავებმა მიიღეს გამომძიებლებისგან ინფორმაცია, რომ გაუჩინარების თაობაზე საქმეები შეწყდა. ოფიციალური მიზეზი ასე ჟღერს: „იმის გამო, რომ ვერ დადგინდა პირი, რომელსაც სამართალში მისცემდნენ ბრალდებულის სახით“.ადამიანის უფლებების მხრივ, ვითარებას ბელარუსში მოკლედ ასე დავახასიათებდი: არ არსებობს არჩევნები, ხდება ყველა შემთხვევაში არჩევნების აბსოლუტური გაყალბება, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მასმედია ძალიან ძლიერ ზეწოლას განიცდის.

კობა ლიკლიკაძე: ამის მიუხედავად, ბელარუსი ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყანაა. რა მნიშვნელობას ანიჭებს ბელარუსის პრეზიდენტი„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას?

ანა სოუსი: თქვენ მკითხეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. ზუსტად 2008 წელს დაიწყო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა და მაშინ, მათ შორის იმისთვისაც, რომ ლუკაშენკო დაერწმუნებინა, არ ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, ბელარუსში ჩავიდა ჩეხეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარელ შვარცენბერგი და პირადად გადასცა ლუკაშენკოს მოსაწვევი ბელარუსისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ გასაწევრიანებლად. მანამდე ლუკაშენკოს პრაქტიკულად არ ხვდებოდნენ ევროპელი ლიდერები. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონას. ბელარუსს ამით არ უსარგებლია. ერთადერთი, რითაც მან ისარგებლა, ამ პროგრამის ფარგლებში მიიღო გარკვეული თანხა ენერგეტიკული, ეკოლოგიური, სამედიცინო და საბაჟო პროექტებისათვის.

ბელარუსი პროგრამაში მონაწილე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ არის წარმოდგენილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეაში. მას უარი უთხრეს, რადგან ევროკავშირმა არადემოკრატიულად მიიჩნია ბელარუსის საპარლამენტო არჩევნები 2008, 2012 და 2016 წლებში.

კობა ლიკლიკაძე: როცა თქვენ გისმენდით, გამიჩნდა შეკითხვა: რით განსხვავდება დღევანდელი ბელარუსი საბჭოთა ბელარუსისგან, გარდა გადაადგილების თავისუფლებისა და იმისა, რომ ახლა ბელარუსულ ენაზე უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს? რა განსხვავებაა, ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ.

ანა სოუსი: რით განსხვავდება არსებითად? იმით, რომ ბელარუსები აცნობიერებენ, რომ ცხოვრობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომ არ სურთ ცხოვრობდნენ იმპერიის შემადგენლობაში, არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა. ბელარუსები ხვდებიან, რომ ისინი ნამდვილად განსხვავდებიან რუსებისაგან. ადრე ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, ბელარუსები არიან რუსები ხარისხის ნიშნითო.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, ბევრი ბელარუსი მკაფიოდ ამბობს: ჩვენ ვართ ბელარუსები, არ ვართ ისეთები, როგორებიც რუსები არიან.

წელს შესრულდება 25 წელი, რაც იგი ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია. დღეისათვის ბელარუსში არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება შეიცვლება ან ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაიცემა. 2020 წელს ბელარუსში უნდა გაიმართოს პრეზიდენტის რიგით უკვე მეექვსე არჩევნები. ეჭვი არავის ეპარება, რომ ისიც ისე გაყალბდება, როგორც ყველა წინა...
ანა სოუსი

კობა ლიკლიკაძე: ამასთანავე, არსებობს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულება. რამდენად რეალურია სამხედრო აგრესიის ალბათობა მოსკოვის მხრიდან, თუ ბელარუსი მეტისმეტად თავისუფლად იმოქმედებს?

ანა სოუსი: აგრესიის საფრთხე რუსეთის მხრიდან ყოველთვის არსებობს. უკრაინის შემდეგ ამას პრაქტიკულად ყველა აცნობიერებს ბელარუსის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რუსეთი და ბელარუსი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და სამხედრო პარტნიორები არიან. ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარეობს რუსეთის ორი სამხედრო ბაზა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მესამის, ავიაბაზის, განთავსებაზე. ამ მომენტისათვის რუსეთი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ბელარუსი ისედაც მისი ტერიტორიაა, სტრატეგიული პარტნიორია და ამიტომ არ მიმართავს ზომებს რუსეთის შემადგენლობაში მის ოფიციალურად შესაყვანად. მაგრამ საჭიროა ზუსტად გვესმოდეს, რომ როგორც კი შეიცვლება ბელარუსის გეოპოლიტიკური კურსი, - როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში, როცა გამოაცხადეს ნატოსა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, - რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ არ დათმოს ბელარუსი. ეს არის მისი უკანასკნელი პარტნიორი ევროპის ტერიტორიაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

კობა ლიკლიკაძე: რაკი მოვლენათა განვითარების მომავალ სცენარებს შევეხეთ, მაინტერესებს თქვენი პასუხი ერთ ჰიპოთეტურ შეკითხვაზე: რა ელის ბელარუსს ლუკაშენკოს შემდეგ?

ანა სოუსი: წელს შესრულდება 25 წელი, რაც იგი ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია. დღეისათვის ბელარუსში არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება შეიცვლება ან ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაიცემა. 2020 წელს ბელარუსში უნდა გაიმართოს პრეზიდენტის რიგით უკვე მეექვსე არჩევნები. ეჭვი არავის ეპარება, რომ ისიც ისე გაყალბდება, როგორც ყველა წინა, გარდა სულ პირველი არჩევნებისა, და, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ამჯერადაც ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვებულად გამოცხადდება ალექსანდრ ლუკაშენკო.

ძალიან მინდა, რომ ის თვითონ უსვამდეს საკუთარ თავს შეკითხვას, თუ რა იქნება ლუკაშენკოს შემდეგ. ეს შეკითხვა ღიაა და ის ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსისთვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG