Accessibility links

ანდრეი შაროგრადსკი: ვფიქრობ, რომ საქმე შეეხება ზეწოლასა და კორუფციას ფიფაში...


სპორტი მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია პოლიტიკასთან, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა ძალიან პოლიტიზებული აღმოჩნდა არა მხოლოდ ასპარეზობის დაწყების წინ, არამედ ბევრად უფრო ადრე, როდესაც ფიფამ ასეთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო. თუ რა არის ამის მიზეზი, ჩვენ გავარკვევთ ანდრეი შაროგრადსკისთან, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელთან ერთად.

ანდრეი შაროგრადსკი: საქმე ისაა, რომ ეს მოხდა 2010 წლის დეკემბერში. მანამდე, სამი წლით ადრე, რუსეთმა მიიღო სოჭის ოლიმპიადა. ესეც დიდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს კონტექსტი იმ ვითარებისა, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ესაა ე.წ. მსუყე წლები რუსეთში, როცა იზრდება ეკონომიკა, ნავთობზე არსებული ძალიან მაღალი ფასების წყალობით. ავიღოთ 2010 წელი. გასულია ორი წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც სერიოზულად აისახა რუსეთის, როგორც იმ ქვეყნის იმიჯზე, რომელსაც შეუძლია ისეთი გრანდიოზული ღონისძიების მასპინძლობა, როგორიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატია.

რადიო თავისუფლება: მახსენდება, რომ საქართველოში მაშინ ეს გადაწყვეტილება ბევრისათვისმოულოდნელი აღმოჩნდა.

ანდრეი შაროგრადსკი: დიახ, დიახ... და მეორე მომენტი ისაა, რომ ამ ომის შემდეგ ერთბაშად რუსეთი ჩაეფლო ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში და, 2007 წლის რუსეთისაგან განსხვავებით, როდესაც სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კრიზისის მდგომარეობაში მყოფი რუსეთისათვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭება, ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ამიტომ მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რატომ ღებულობს ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას მაშინ, როცა ერთობლივი მასპინძლობის განაცხადი შეტანილი ჰქონდა ბელგია-ჰოლანდიას და ესპანეთი და პორტუგალიაც სთავაზობდნენ ფიფას ჩემპიონატის მათთან ჩატარებას.

რადიო თავისუფლება: და რატომ? თქვენ გაქვთ პასუხი ამ შეკითხვაზე?

ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთმა მიიღოს რაიმე ეკონიმიკური დივიდენდი. პირიქით, ეკონომიკური თვალსაზრისით, მსგავსი სპორტული ღონისძიებების ჩატარების შედეგად ქვეყანა სერიოზულად იზარალებს. შეგვიძლია რამდენიმე მაგალითის მოყვანა. ავიღოთ არენა სანქტ-პეტერბურგში...
ანდრეი შაროგრადსკი

ანდრეი შაროგრადსკი: მე მაქვს ვარაუდი. ვფიქრობ, რომ საქმე შეეხება ზეწოლასა და კორუფციას ფიფაში, რაც სამი წლის შემდეგ ცხადი გახდა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საკუთარმა ფეისბუკმა შემახსენა სამი წლის წინანდელი ერთი ანეკდოტი. მანქანით მიდიან ფიფას გენერალური მდივანი, მისი მოადგილე და პრესმდივანი. და შეკითხვაა: ვინ ზის საჭესთან? პასუხი: პოლიციელი. გახსოვთ, რომ სამი წლის წინ ფიფაც და უეფაც სერიოზული სკანდალის წინაშე აღმოჩნდნენ. იოზეფ ბლატერი, ფიფას ახლად არჩეული პრეზიდენტი, გადადგა თანამდებობიდან, ხოლო უეფას ყოფილ ხელმძღვანელს, მიშელ პლატინის, ჩამორთმეული აქვს უფლება დაესწროს მატჩებს და ეს თვალსაჩინო ფეხბურთელი, რომელიც, საბოლოოდ, კორუმპირებული აღმოჩნდა,ჩამოშორებულია ფეხბურთს. და ეს ყველაფერი აჩენს სერიოზულ შეკითხვას, თუ როგორ და რა პირობით იქნა თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ.

რადიო თავისუფლება: ეს ყველაფერი წინა ისტორიაა. ამჟამინდელ ვითარებას რაც შეეხება, რაკი ასეთი მაღალია პოლიტიკური დაინტერესება, ცხადია, ვიღაცა პოლიტიკური დივიდენდის მიღებასაც შეეცდება. რა პოლიტიკური დივიდენდის მიღებას მოელის მოსკოვი ამ სპორტული ჩემპიონატისაგან?

ანდრეი შაროგრადსკი: შესაძლოა არ იყოს ძალიან წარმატებული შედარება, მაგრამ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი უზბეკეთში ტურისტული მოგზაურობიდან. ანუ ჯგუფთან ერთად ჩავედი უზბეკეთში, ვეწვიე ერთ ქალაქს, მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. სრულიად მოხიბლული დავბრუნდი ამ ქალაქების სილამაზით, გემრიელი საჭმლით, ადამიანების სტუმართმოყვარეობით და ასე შემდეგ. ასეთივე შთაბეჭდილება ექნებათ იმ ქომაგებს, რომლებიც რუსეთში ჩამოვლენ ფეხბურთის საყურებლად - ივლიან ბარებსა და რესტორნებში და კმაყოფილები დარჩებიან ასპარეზობის ორგანიზებით, წესრიგითა და უსაფრთხოებით. სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ ჩემპიონატის დაწყების წინ ადამიანთან, რომელიც მოსკოვის მთელ ჯიბის ქურდებს აკონტროლებს, ჩატარდა პროფილაქტიკური საუბარი, რათა მსოფლიო ჩემპიონატის დროს ამ ბანდებმა აღარ იმუშაონ.

რადიო თავისუფლება: ამბობენ, რომ კაზაკებსაც მოუხმეს დასახმარებლად ...

ანდრეი შაროგრადსკი: კი, კაზაკებსაც, თუმცა ამის თაობაზე ბევრი კამათია. ზოგი ამბობს,ისინი არ არიან ნამდვილი კაზაკები და არ არის საჭირო მათი როლის გაზვიადებაო, რადგან მათ არ ექნებათ იარაღის ტარების უფლება. მაგრამ ეს მაინც დამაფიქრებელია, რადგან ფაქტია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე რუსეთის ხელისუფლებამ კაზაკები გამოიყენა აქციების დაშლის დროს. ისინი სცემდნენ „პუსი რაიოტის“ წევრ ქალებს, ისინი სცემდნენ მოსკოვში 5 მაისის აქციაში მონაწილეებს. ცხადია,ამ ყველაფერს გარკვეულ დასკვნებამდე მიყავხარ.

რადიო თავისუფლება: ქვეყნის შიგნით ძალიან აკრიტიკებდნენ რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისათვის დიდი რაოდენობით თანხები დახარჯა ფედერალური ბიუჯეტიდან. ანაზღაურდება ეს დანახარჯები? რა დივიდენდის, კერძოდ, რა ეკონომიკური დივიდენდის მიღების მოლოდინია რუსეთში?

ანდრეი შაროგრადსკი: ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთმა მიიღოს რაიმე ეკონიმიკური დივიდენდი. პირიქით, ეკონომიკური თვალსაზრისით, მსგავსი სპორტული ღონისძიებების ჩატარების შედეგად ქვეყანა სერიოზულად იზარალებს. შეგვიძლია რამდენიმე მაგალითის მოყვანა. ავიღოთ არენა სანქტ-პეტერბურგში. ესაა სტადიონი, რომლის ღირებულება მშენებლობის პროცესში ოთხჯერ გაიზარდა და რამდენჯერმე შეიცვალნენ მოიჯარეები. კიდევ უფრო მკაფიო მაგალითია სტადიონი ქალაქ სარანსკში. ამ ქალაქს გუნდიც კი არ ჰყავს უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, სარანსკში თამაშობს მესამე ლიგის დონის გუნდი. სტადიონის მშენებლობაზე სარანსკში დაიხარჯა 270 მილიონი დოლარი. მსოფლიო ჩემპიონატის დროს იქ ოთხი მატჩი ჩატარდება, ანუ ბიუჯეტს თითოეული წუთი საფეხბურთო მატჩისა დაუჯდება 750 ათასი დოლარი, რაც, საეჭვოა, ანაზღაურდეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG