Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა ფობიას!“: ხელისუფლებას არ გააჩნია სისტემური ხედვა


ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და საზოგადოებასა და ხელისუფლებას ახსენებენ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს.

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

ამ დღის აღნიშვნა 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო სიიდან ამოღებას უკავშირდება. 2004 წლიდან კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 17 მაისი მასობრივი დემონსტრაციებით აღინიშნება.

საქართველოში ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა მასობრივი დემონსტრაციით IDAHOT-ის აღნიშვნა პირველად 2012 წლის 17 მაისს სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

2013 წლის 17 მაისს კი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ფუნდამენტალისტური განწყობების მქონე პირებმა დომინანტი რელიგიური ჯგუფის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, გამართეს კონტრაქცია და ფიზიკურად გაუსწორდნენ სექსუალურ უმცირესობებს და მათ მხარდამჭერებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს ვალდებულება, შეექმნათ უსაფრთხო პირობები აქციის მონაწილეთათვის. დაპირისპირების შედეგად დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, საბოლოოდ კი, დემონსტრანტებს არ მიეცათ აქციის მშვიდობიან პირობებში ჩატარების შესაძლებლობა.

საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირება გაამძაფრა მომდევნო წელს საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისის “ოჯახის სიწმინდის” დღედ გამოცხადებამ, რითაც გაძლიერდა ჰომოფობიური განწყობა, რომ თითქოს ლგბტქი თემის წარმომადგენელთა მიერ IDAHOT-ის აღნიშვნა ქართული საზოგადოების კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს.

გასათვალისწინებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამ უფლებით მოსარგებლე პირების დასაცავად, მათ შორის გამოიყენოს საპოლიციო ძალა იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ და საფრთხეს უქმნიან მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, ამდენი წლის შემდეგაც ლგბტქი თემის წარმომადგენლები კვლავ დგანან იმავე რისკების წინაშე, რაც მათ ხელს უშლის უფლებით სარგებლობაში.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები

როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, უახლეს წარსულში განვითარებული მოვლენები ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობაზეც მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი უმცირესობათა მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილ ქმედებებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, წლების განმავლობაში შესაბამისი ორგანოები თავს იკავებდნენ ამ ნორმების გამოყენებისგან.

"ხაზგასასმელია, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს საქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის გამო ბრალდებული პირები. წინასასამართლო სხდომაზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა კონტრაქციის მონაწილე სასულიერო პირის მიმართ, ხოლო 2013 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბევაში მონაწილე ოთხ პირს მინიმალური სახდელის სახით 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამდენად 2013 წელს გამოვლენილი აგრესიის გამო ადეკვატურად არავინ დასჯილა. სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები და მათი არასათანადო გამოძიება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ მსხვერპლები ხშირ შემთხვევაში მეორადი ვიქტიმიზაციის შიშით და სამართალდამცავი უწყებების მიმართ არსებული უნდობლობის გამო, საერთოდ არ მიმართავენ მათ და ამდენად, ბევრი დანაშაული უხილავი რჩება. საბოლოოდ, სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობამ და არასათანადო რეაგირებამ საზოგადოებაში ჰომოფობიური, არატოლერანტული განწყობები კიდევ უფრო წაახალისა", - ნათქვამია განცხადებაში.

სექსუალური უმცირესობები, როგორც პოპულიზმის იარაღი

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, 2018 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით მმართველმა პარტიამ “ქორწინების ცნება” განმარტა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რაც სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ამომრჩეველთა გულის მოსაგებად იყო გამოყენებული. ამგვარი მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე (ამ შემთხვევაში ლგბტქი თემზე) არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ქმნის საზოგადოებაზე ზრუნვის ილუზიას და დროებით თითქოსდა აკმაყოფილებს საზოგადოების ნაწილის მოთხოვნებს.

სიძულვილის ენა

როგორც უფლებადამცველები მიუთითებენ, ხშირია პოლიტიკური პირების მიერ წინასაარჩევნოდ, პოპულისტურ ნიადაგზე ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელების შემთხვევებიც:

"მაგალითად, 2018 წლის 30 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას (მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული). ასევე არაერთხელ გამოვლინდა საქართველოს პარლამენტისა თუ მთავრობის წევრებისგან ლგბტ ჯგუფის სიძულვილის ენით, დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების ფაქტები. მათ შორისაა მაგალითად, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფო არ აღიარებს ლგბტქი პირთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის სისტემურ პრობლემას და მეტიც, ამგვარი განცხადებებით თავად უწყობს ხელს სიძულვილის გაღრმავებას საზოგადოების ჯგუფებს შორის".

საზოგადოებრივი განწყობები

საზოგადოებაში არსებული მწვავე ჰომოფობიური განწყობები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საფეხბურთო მატჩზე ლგბტქი პირთა მხარდაჭერის ნიშნად, შვიდფეროვანი სამკლაურით ითამაშა. კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ ეს მხარდაჭერა ლგბტქი თემის პროპაგანდად მიიჩნიეს და გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვაც მოითხოვეს.

ლგბტქი თემის მდგომარეობა - ქვეყნის სოციალური ფონის კონტექსტში

უფლებადამცველთა თქმით, დღეს, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს დასაქმება, სიღარიბე, საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა. ამ პრობლემების კვალდაკვალ და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გათვალისწინებით, აღნიშნული ფონი დისკრიმინირებულ ჯგუფებზე, მათ შორის ლგბტქი თემზე ორმაგად მძიმედ აისახება, მათ შორისაა მათი დასაქმება, განათლება, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა თუ სხვა:

"ზემოაღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლების მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და შემოიფარგლება ფორმალური საკანონმდებლო (ან იშვიათ შემთხვევაში პრაქტიკული) გარანტიების შექმნით. ერთ-ერთ ასეთ გარანტიას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რაც, თავისთავად, სახელმწიფოს მიერ მიღებულ დადებით, თუმცა არსებული პრობლემების დაძლევისთვის არასაკმარის ზომას წარმოადგენს. ხელისუფლებას არ გააჩნია სისტემური ხედვა, რითაც უზრუნველყოფდა ლგბტქი ადამიანების ინკლუზიას, თანასწორობის დაცვას, ძალადობის პრევენციას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეიმუშავოს ერთიანი ხედვა ჰომოფობიის სისტემური პრობლემის გადასაჭრელად, უზრუნველყოს ლგბტქი პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ მიერ საჯარო სივრცეებით მშვიდობიანი სარგებლობა, მოახდინოს ძალადობის პრევენცია და სათანადო რეაგირება ჰომო-ტრანსფობიურ დანაშაულებზე, ხელი შეუწყოს განათლების, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში ლგბტქი პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG