Accessibility links

არმენ ზაკარიანი: რუსეთი მეტისმეტად დიდია საიმისოდ, რომ შეუმჩნეველი დარჩეს


ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე

სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ ზუსტად ერთი წლის თავზე სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა სომხეთის 9 ქალაქში გრაფიტის წარწერების გამოყენებით გააპროტესტა სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკა. „ფაშინიანმა სიცრუით იგდო ხელთ ხელისუფლება. მთელი მისი განცხადებები სიყალბეზეა აგებული“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბლოგერმა არტურ დანელიანმა. რაში ადანაშაულებენ ფაშინიანს? იცვლება თუ არა მოსახლეობის დამოკიდებულება რევოლუციური ხელისუფლების მიმართ ? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს არმენ ზაკარიანი, ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი.

არმენ ზაკარიანი: ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულეს პირველივე დღიდან, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა. ხალხმა, რომელიც მანამდე იყო ხელისუფლებაში, მალევე უწოდა მას ხელმოცარული, რომელიც ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას და ასე შემდეგ. მაგრამ გასული მაისიდან, რაც ის პრემიერ-მინისტრი გახდა, სომხეთში ორჯერ ჩატარდა არჩევნები. არ ვიცი, რა გზით შეიძლება ხალხის განწყობის უკეთ შეფასება, ვიდრე არჩევნების შედეგებით. გასული წლის 23 სექტემბერს ერევანში გაიმართა ერევნის მერის არჩევნები და ფაშინიანის წარმომადგენელმა ბლოკიდან „ჩემი ნაბიჯი“, აიკ მარუტიანმა, ხმების 80 %-ზე მეტი მიიღო. შემდეგ იყო 9 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნები სომხეთში. 1998 წლის შემდეგ პირველად, ეს არჩევნები მათში მონაწილე ყველა ძალამ დაახასიათა, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და პატიოსანი არჩევნები. და ამ არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ალიანსმა მოიპოვა ხმების 70 %-ზე მეტი.

რუსეთი მეტისმეტად დიდია საიმისოდ, რომ შეუმჩნეველი დარჩეს და მას არათუ შეუმჩნეველს არ ტოვებს, ფაშინიანი მას ითვალისწინებს თავის პოლიტიკაში. და ეს ეხება არამარტო რუსეთთან ურთიერთობას...
არმენ ზაკარიანი

კობა ლიკლიკაძე: არმენ, თქვენ თქვით, რომ ნიკოლ ფაშინიანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მე დავამატებდი, რომ მის მიმართ ნდობა, ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, 60 %-ზე მაღალია. ის მოსახლეობას, კერძოდ, ჰპირდებოდა, რომ ახალი ხელისუფლება ჩრდილიდან გამოიყვანდა ეკონომიკას, გაზრდიდა სოციალურ დახმარებას და პენსიებს 20 დოლარით. რამდენად ამაღლდა სომხეთის მოსახლეობის კეთილდღეობა ამ ერთი წლის განმავლობაში?

არმენ ზაკარიანი: თუ ასე შევხედავთ, ასეთი დიდი ცვლილებები ეკონომიკის მხრივ სომხეთში არ იგრძნობა. არჩევნების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაიწყებოდა ეკონომიკური რევოლუცია, რომლის კონცეფციაც მას ჯერ არ წარმოუდგენია. მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ იტყუებოდა. ადამიანები მას იმიტომ გაჰყვნენ, რომ ბოლო ოც წელიწადში სომხეთში პირველად დაინახეს ლიდერი, რომელიც, სირთულის მიუხედავად, მზად იყო დაბრკოლებების გადასალახად და ხალხი მას გაჰყვა იმიტომ, რომ ბოლო 20 წელიწადში იყო ერთადერთი ლიდერი, რომელმაც გადააბიჯა ამ დაბრკოლებებს.

კობა ლიკლიკაძე: გასული წლის ბოლოს ბატონმა ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ დაიწყებოდა ომი სომხეთის ოლიგარქების წინააღმდეგ. მან ეროვნული უშიშროების სამსახურსა და პოლიციას დაავალა რეიდების ჩატარება, ოლიგარქებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ოფისების გაჩხრეკა. იყო დაპატიმრების გახმაურებული შემთხვევები. სომხეთის ლიდერმა ასევე პირობა დადო, რომ უკან დააბრუნებდა აშშ-ში, ავსტრალიასა და რუსეთში გაქცეულ ხაზინის ქურდებს. შეასრულა ეს დაპირებები?

არმენ ზაკარიანი: ჩხრეკა და დაპატიმრება დაიწყო თავიდანვე მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა - ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. პირველ ხანებში ქვეყნის ხაზინაში დაბრუნებულ იქნა, ზუსტად რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი. ჩხრეკა ახლაც ტარდება ხოლმე. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს და რა წარმატებას მოიტანს ეს ჩხრეკები, მაგრამ ის, რომ საზღვარგარეთიდან არანაირი ფული არ ჩამოუტანიათ სომხეთში, ეს ცხადია. ასეთი რამ არ უთქვამთ, ხალხმა ეს არ იცის.

კობა ლიკლიკაძე: ნიკოლ ფაშინიანმა თავის დროზე ძალიან გაანაწყენა რუსეთი ყოფილი პოლიტიკური ლიდერების დევნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომხეთის მთავრობა დაადანაშაულა მიცემული პირობის დარღვევაში, სამართლებრივად არ ედევნა თავისი წინამორბედები. კრემლის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც იუწყებოდნენ, ბრალდებებმა, რომლებიც სომხეთმა წაუყენა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვს. როგორ რეაგირებს მოსკოვის ასეთ შენიშვნებზე ნიკოლ ფაშინიანი? ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს სომხეთის შიდა პოლიტიკაში?

რაც შეეხება იმას, თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს, - ნატო იქნება ეს თუ ევროკავშირი, - ეს საერთოდ არ განიხილება სომხეთში. ეს სომხეთში მიჩნეულია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს, ბუნებრივ პრიორიტეტად და სუვერენულ უფლებად...
არმენ ზაკარიანი

არმენ ზაკარიანი: მე შეკითხვას უფრო განვაზოგადებდი და, აი, რატომ: რუსეთი შემოსულია სომხეთის ეკონომიკურ სივრცეში. ენერგეტიკის სისტემები და საკომუნიკაციო სისტემები - ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ სექტორებისა, რომლებშიც რუსული კომპანიები არიან წარმოდგენილი. მხედველობაში მაქვს გარკვეული სამრეწველო დარგებიც, ისევე როგორც ფული, რომელსაც რუსეთში მცხოვრები და მომუშავე სომხეთის მოქალაქეები ურიცხავენ თავიანთ ნათესავებს, რათა მათ სამშობლოში კომფორტულად იცხოვრონ. ასე რომ, რუსეთი მეტისმეტად დიდია საიმისოდ, რომ შეუმჩნეველი დარჩეს და მას არათუ შეუმჩნეველს არ ტოვებს, ფაშინიანი მას ითვალისწინებს თავის პოლიტიკაში. და ეს ეხება არამარტო რუსეთთან ურთიერთობას. ის ითვალისწინებს იმასაც, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში და ეს ასახვას პოულობს, ჩემი აზრით, ფაშინიანის პოლიტიკაში სომხეთის მეზობლების მიმართ.

კობა ლიკლიკაძე: არმენ, თქვენ ახსენეთ რეგიონალური კონტექსტი, რომელსაც ითვალისწინებს ბატონი ფაშინიანი, ისევე როგორც ითვალისწინებდა სომხეთის ყველა ყოფილი ლიდერი. როგორ უყურებს სომხეთის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა და თავად ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი? შეშფოთებული არიან, მხარს უჭერენ, თუ ნეიტრალურად არიან განწყობილნი, როგორც მეგობრები, მეზობლები?

არმენ ზაკარიანი: ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი წამოჭერით, რადგან, საერთოდ, ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებულ სტატუსს იმსახურებს. ამას თავის ნაშრომში ახსენებდა ჯერ კიდევ ლეონტი მროველი, ქართველი მემატიანე, რომელიც წერდა, სომხები და ქართველები ძმები არიანო, ჰაოსი და ქართლოსი. ამჟამად ორი ქვეყნის ურთიერთობა ისეთია, რომ ხელს არ ვუშლით ერთმანეთის განვითარებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება მსოფლიოში და რაც ხდება ჩვენს რეგიონში, ჩემი აზრით, ჩვენ არა მხოლოდ ხელს არ უნდა ვუშლიდეთ ერთმანეთს განვითარებაში, არამედ ერთად უნდა განვვითარდეთ, ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს, - ნატო იქნება ეს თუ ევროკავშირი, - ეს საერთოდ არ განიხილება სომხეთში. ეს სომხეთში მიჩნეულია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს, ბუნებრივ პრიორიტეტად და სუვერენულ უფლებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG