Accessibility links

არტისტული ყვავილები - დასაწყისი და დასასრული


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის გენიალურ წიგნზე, პოეტური შედევრების კრებულზე, „არტისტული ყვავილები“, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა. საუბარია, კერძოდ, იმ ორ ლექსზე, რომელიც იწყებს და ამთავრებს ამ პოეტურ კრებულს;.ეს ლექსებია: „შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში“ და „დომინო“. პირველი სიტყვა, რომელიც „არტისტულ ყვავილებს“ ხსნის, არის „შემოდგომა“. ეს ამ კრებულის კამერტონია. მაისი, ივნისი, ივლისი, ნოემბერი, თებერვალი — ეს პოეტური სიმბოლოებია. სიყვარული, რომელიც იბადება გაზაფხულზე და ზეობას აღწევს ზაფხულში, როგორც ყვავილი, ჭკნება შემოდგომისას და კვდება ზამთარში, ანუ „სასახლის ჩაქრება ჭაღები“. სასახლე პოეზია და სიცოცხლეა. ლექსის ბოლოს კი ბავშვური ეშმაკობით (ტერმინ „გაზელის“ გამოყენებით) გალაკტიონი გამოგვიმჟღავნებს, რომ იგი პოეზიის მეფე და ღმერთია. რა ფუნქცია დააკისრა გალაკტიონმა თავის შედევრ „დომინოს“? რატომ იცვლება მასში ასე ხშირად რიტმი? რას გვეუბნება დაქტილების მოძალება პოეტური კრებულის პირველ და უკანასკნელ ლექსში? რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები „მესმის ამ გამძაფრების წამწამების კანკალი“? რას ნიშნავს ეს კრებული ქართული ლიტერატურისთვის? რითი ჰგავს გალაკტიონი გურამიშვილს? როგორ გაიმეორა თავისი საყვარელი „მწუხარე ყრმის“, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მისია „რომანტიკოსების სკოლის პირველი კლასის მოსწავლე“ გალაკტიონმა? რატომ დომინირებს „არტისტული ყვავილების“ პირველ და უკანასკნელ ლექსში მაცხოვრის სახე? — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG