Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გაიტანოთ "გრენლანდია"

დონალდ ტრამპი და გრენლანდია
დონალდ ტრამპი და გრენლანდია

ავტორი: დავით დარჩიაშვილი

სოციალურ ქსელებში დავა ჩვეულებრივი ამბავია. ამ თანამედროვე „სალონის“ ბევრ წევრს ბოლო დროს გრენლანდია გვაწუხებს. რიგ სხვა საკითხში თანამოაზრე ოპონენტები კი ხან იმას გვეუბნებიან - სად გრენლანდია და სად საქართველო? ხანაც - რასაც უნდა აკეთებდეს ამერიკა, გაუმარჯოს მას, რუსეთის იმპერიის ერთადერთ საპირწონესო.

მე მგონია, რომ საკუთარ სახლში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ნორმალური, ანგარიშვალდებული (ე.წ. კარგი) მმართველობის დანერგვას პირდაპირ უკავშირდება პასუხი კითხვაზე: ამერიკის მხარდაჭერა თვითმიზანია, - რადგან იგი ანტირუსული ძალაა და, ვთქვათ, ბობ დილანი უფრო მელოდიურად და ლირიკულად ჩაგვესმის, ვიდრე გრებენშჩიკოვი, - თუ ეს მხარდაჭერა რაღაც უფრო მნიშვნელოვნის ფუნქციაა? ანუ, თავისუფლების იდეალია მთავარი, თუ მასთან ასოცირებული თავისუფლების ქანდაკება, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ფრანგებმა აჩუქეს ამერიკელებს?

პასუხი „გრენლანდიის ქეისის“ შეფასებაშია.

რაც უნდა გვეგონოს, რომ საერთაშორისო სამართალი იდეაა და არა რეალობა, კანონისა და სტაბილურობის განცდით მცხოვრები სამყარო უფრო მდგრადია, ვიდრე ძალმომრეობითი. კი, ძალა აღმართს ხნავდა და ხნავს, მაგრამ ძალის პრიმატის რეალისტი აპოლოგეტი, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ცოცხალი ამერიკელი კლასიკოსი ჯონ მერშაიმერიც კი ამბობს, უკეთესია, როდესაც ყველაზე თვალთმაქცი დიდი სახელმწიფოები მაინც ცდილობენ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებზე მითითებით იხელმძღვანელონ; ისინი შეიძლება არღვევდნენ ამ ნორმებსა და სტანდარტებს, მაგრამ მათზე მითითების საჭიროება თამაშობს შემაკავებელ როლსო.

ჰოდა, საქმე ისაა, რომ ტრამპმა შეცვალა ეს კლასიკური დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის მიმართ. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ტრამპის ქცევა რუსეთისათვისაა წამახალისებელი: პუტინს მაგალითები არ სჭირდება, ის ისედაც ასე იქცევა. მაგრამ ტრამპის დისკურსი მაინც პარადიგმატული ცვლილების მნიშვნელობის შეიძლება იყოს, რადგან იგი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მომგონი დასავლური, ანუ იუდეოქრისტიანული ცივილიზაციის ფარგლებიდან გადის.

ამერიკულ-ევროპული ხიდი მარტო რამდენიმე ათეულ წელს არ ითვლის. მონროს დოქტრინა, რომელზედაც ტრამპი თავის „დონროს“ აფუძნებს, ამერიკული სახელმწიფოს არც ერთადერთი ქვაკუთხედი ყოფილა და არც, მე ვიტყოდი, მთავარი.

ამერიკული სახელმწიფო ლოკის, მონტესკიეს და რუსოს იდეებზე დაფუძნდა და ამ ხაზის გამგრძელებელი სიმბოლოა თავისუფლების ქანდაკებაც. ეს რომ არა, არც "მარშალის გეგმა" იქნებოდა და არც ნატო შეიქმნებოდა. ანუ, წარსულში, იმპერიალისტური ომების და კოლონიალიზმის გარდა, რაღაც სხვაც უნდა დავინახოთ - გვინდა თუ არა, ისტორიას ტელეოლოგიურად, ანუ მიზანმიმართულების ლოგიკით შევხედოთ. აქამდე ეს ტელოსი ვლინდებოდა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, ძალაუფლებათა გამიჯვნის პრინციპებისადმი მიდევნებაში, თუნდაც პრაქტიკა წინააღმდეგობრივი ყოფილიყო.

თავისუფლების იდეალი არც ევროპაში და არც ამერიკაში დამკვიდრებულა უპრობლემოდ, მაგრამ აზროვნების მიმართულება უცვლელი რჩებოდა. საერთაშორისო სამართალი კი ამ ტელოსის კერძო გამოვლინებაა. "მონროს დოქტრინა" მაშინ შეიქმნა, როდესაც ევროპა კოლონიალიზმის სენით იყო დაავადებული, მაგრამ იმძლავრა ნორმებისადმი ერთგულებამ, და ერების თავისუფლების იდეამ კოლონიალიზმიც დაამარცხა, თუნდაც მისი ნარჩენები რაღაც ფორმებით შენარჩუნებულიყო. ამის შემდეგ მონროზე მითითება, რომელიც ამერიკული კონტინენტების ევროპული კოლონიალიზმისაგან დაცვას ქადაგებდა, აზრს კარგავს. სხვათა შორის, მეოცე საუკუნის ახალ კონცეპტუალურ ტალღებს ისევ ამერიკელმა ვუდრო ვილსონმა მისცა ბიძგი. ტრამპი ამას არ იხსენებს. იგი მონროს იდეებს ანაქრონისტულად გარდაქმნის „დონროდ“ და ცივილიზაციურ თუ ნორმატიულ ტრანსატლანტიკურ ერთობას ევროპისათვის გრენლანდიის წართმევა ურჩევნია.

მოკლედ, თუ ამერიკულმა საზოგადოებამ თავის თავში არ ნახა ძალა და მიზანდასახულობა, დაუბრუნდეს განვითარების საუკუნოვან ბილიკს, რომელიც ტრანსატლანტიკურ ხიდზე გადის, სამყარო უპრეცედენტოდ დაუცველი და უმიზნო შეიძლება გახდეს. ახალი იმპერიების ზღვაში ევროკავშირს ფუნქციონირება გაცილებით უფრო გაუჭირდება, ვიდრე ეს ამერიკელებთან პარტნიორობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ამ პარტნიორობას არა ევროპელთა ტრადიციული ბიუროკრატიული სიზანტე, არამედ ამერიკული MAGA ეღობება.

ატლანტიკურ ოკეანეს, დასავლურ კარიბჭესთან მდგომ თავისუფლების ქანდაკებას, კი დღეს სიმბოლურად ჩრდილავს თეთრი სახლის ამპირის სტილში მოოქრული ინტერიერი. ესაა პრობლემა ისეთი პატარა პერიფერიული ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, და არა ის, რომ ტრამპის ცალმხრივი ქმედებები ვენესუელაში რუსეთს თუ ჩინეთს ცუდ მაგალითს აძლევს. პუტინისა და სი ძინპინისათვის, დიახაც, რომ საშიშია ამერიკის ძალმოსილება და ეს იქნებ კარგიც იყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ძალმოსილების უკან ისევ თავისუფლების უნივერსალური იდეალი იდგება.

ამ მოსაზრების გამოხატვისაკენ გეორგ აიკჰოფთან „თავისუფლებაზე“ ამასწინათ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ მიბიძგა. იგი საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ძვრებს, ძირითადად, მადუროს გატაცების შუქზე ხსნის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აიკჰოფს ბევრი რამ აკავშირებს ვენესუელურ ოპოზიციასთან. გრენლანდია მის ნარატივში შედარებით პერიფერიულია. რასაც იგი ვენესუელასა და მის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ამბობს, სრულად გასაზიარებელია: ვეთანხმები, რომ ვაშინგტონის მოტივებში ცალსახად ჩანს აქ ჩინურ-რუსული სინდიკატის არდაშვება. შესაბამისად, ვენესუელაში მიმდინარე პროცესში ამერიკელები და ევროპელები საზრისის დონეზე ისევ ერთ ნავში სხედან, თუმცა კი ტაქტიკა სხვადასხვაგვარად ესმით. მაგრამ მე მოვლენათა დრამატიზმის ქვაკუთხედი გრენლანდიის ირგვლივ მიმდინარე ვნებათაღელვა მგონია.

აიკჰოფის თქმით, ტრამპი აქაც ჩინეთს იწვევს, ევროპამ კი თავი უნდა გადაირჩინოს, რადგან, ამერიკელთა ხედვით, იგი დაბერდა და ეს მართალია. ტექსტის კვინტესენცია კი შემდეგ პასაჟშია:

„...ამაში (საერთაშორისო ნორმების იგნორირებაში - დ.დ.) ახალი არაფერია. ასე ხშირად ხდებოდა მეოცე საუკუნეში. ასე ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეშიც. ჩვენ, უბრალოდ, თამაშის უწინდელ წესებს ვუბრუნდებით. ჩინეთი და რუსეთი ისედაც ამ წესებით თამაშობდნენ. ჩინეთში, ბატონ სი ძინპინთან, საუკუნეებით ფიქრობენ. რუსეთის ახალი "ცარიც" საუკუნეებით ფიქრობს. ტრამპი ცოტა განსხვავებულია. ის ათწლეულებით არ ფიქრობს. მაგრამ აგერ, საკუთარი კაბინეტი ოქროთი მოავარაყებინა. ეს მისთვის იმპერიული ატრიბუტიკის ნიშანია“.

მგონია, რომ ასეთი მსჯელობით ათასწლოვანი იმპერიული ეპოქების ნორმალიზაცია თუ რუტინიზაცია ხდება, ევროპული ღირებულებები კი ხანმოკლე ანომალია გამოდის. ბოლოს აიკჰოფი ევროპისადმი სიმპათიას გამოხატავს და მას თვითგადარჩენას უსურვებს. მაგრამ ეს სურვილი კარგავს დამაჯერებლობას, თუ არ ვიტყვით, რომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის იდეალებს, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, ახლა ტრამპმაც მიაყენა დარტყმა.

რაც უნდა მინერალებით თუ არქტიკის კომუნიკაციებზე კონტროლის სურვილით იყოს ნაკარნახევი გრენლანდიის ანექსიისაკენ მისწრაფება, სწორედ იგი აკარგვინებს აშშ-ს ტრადიციულ საზრისს. არადა, გლობალური როლის იდეურ-ცივილიზაციური შენარჩუნებისა და არქტიკაში დომინირების ამოცანები თავსებადია: არავინ უშლის ხელს შტატებს გრენლანდიაში ნებისმიერი ეკონომიკური, წიაღის მომპოვებელი თუ თავდაცვითი პროექტები განახორციელოს, საკუთარი მოკავშირეების მიმართ საერთაშორისო ნორმებისა და ვალდებულებების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი ეცლება არა უბრალოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელ 1949 წლის ხელშეკრულებას, არამედ, მინიმუმ, 2000-წლოვან იდეას საზოგადოებათა თანაცხოვრებაზე, რომელმაც ქრისტიანული ტრაქტატებიდან მოდერნულ ევროამერიკულ პოლიტიკურ ფილოსოფიაში გადაინაცვლა.

დასასრულს, ჩემი „5 თეთრი“ ვენესუელური საგას განხილვაში: The Atlantic-რედაქტორი, დევიდ ფრომი აღნიშნავს, კარგი იქნებოდა, რომ მადუროს მოტაცების შემდეგ ტრამპს პრესკონფერენციაზე რუბიოს თუ ჰეგსეტის ნაცვლად ლათინური ამერიკის სხვა რომელიმე ქვეყნის ლიდერი დასდგომოდა გვერდში. დავამატებდი, საჭირო მგონია, რომ ამერიკელებმა ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობაში სიმონ ბოლივარის სიმბოლო გამოიყენონ.

„ჩავიზმის“ იდეოლოგემებით, ბოლივარი ანტიამერიკანიზმს დაუკავშირდა, იდეოლოგემები კი საზოგადოებრივი განწყობების ფორმირების ინსტრუმენტია. ამერიკელები თავად უნდა მიმართავდნენ ლათინურ-ამერიკული ნაციონალიზმის ამ სიმბოლოს რეინტერპრეტაციას და ათასნაირი ოლიგარქიებით თაობების მანძილზე შეწუხებული რიგითი „მორენოს“ გულამდე პოულობდნენ მისასვლელ გზას.

შეძლებს ამას ტრამპი? არ ვიცი.

მე უფრო ახალი ფულხენსიო ბატისტების ძიების მოდალობას თუ პოლიტიკურ კულტურას ვხედავ მასში. შეიძლება ახალი იმპერიების და პატარა დიქტატორების სამყარომ ერთი-ორი თაობა გაძლოს, მაგრამ იგი აუცილებლად მწვავე კრიზისით დასრულდება. ისტორიას თუ რაიმე გაკვეთილი აქვს ჩვენთვის, ესაა.

რაც შეეხება გრენლანდიას, ვისურვებდი, რომ მისი პოლიტიკური კუთვნილების ბედი და საერთაშორისო სისტემის მთავარი პრინციპის - სუვერენიტეტის დაცვა გრენლანდიელებმა გადაწყვიტონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG