166-ე სკოლა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს დაზიანდა - შენობის კედელს ბზარი გაუჩნდა, ამის გამო გადაწყდა სკოლის დემონტაჟი.
166-ე სკოლის მასწავლებლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანება მეორე და მესამე ხარისხისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ „სკოლა არ არის ავარიული, მაგრამ საჭიროებს გამაგრებას“.
ამ დროის განმავლობაში დემონტაჟი არ განხორციელებულა, არ ჩატარებულა არც სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და უკვე მესამე წელია, 166-ე სკოლის მოსწავლეებს ორ სხვა - 24-ესა და 155-ე სკოლებში - რამდენიმე ცვლაში უწევთ სწავლა.
მასწავლებლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს ისიც, რომ განახევრდა მოსწავლეთა რაოდენობა და მასწავლებლებს შეუმცირდათ სასწავლო საათები.
„ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. პედაგოგებს გვიწევს სამ ლოკაციაზე მუშაობა - ონლაინგაკვეთილი, 195-ე და 24-ე საჯარო სკოლა. ერთი დღის განმავლობაში სამ ლოკაციაზე მომუშავე პედაგოგი როგორ შეძლებს აკადემიური გაკვეთილი ჩაატაროს?“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას 166-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მადონა ცინცაძე. მისი თქმით, განათლების სამინისტროსა და მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ „ასეთ პირობებში მოსწავლეთა მაღალი დონის აკადემიური ცოდნის მიღება ყოვლად შეუძლებელია“.
რადიო თავისუფლება აქციაზე შეკრებილ მშობლებსაც ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ რამდენიმე ცვლაში სწავლა მათ შვილებს დასვენებისა და სხვა, სკოლის გარე აქტივობებისთვის ნაკლებ დროს უტოვებს - უჭირთ წრეებსა და რეპეტიტორებთან სიარულიც. „რიტმი არის ძალიან დარღვეული - ჩვენ ვცხოვრობთ დიდ დიღომში და დიდი დიღმიდან 24-ე სკოლამდე, სადაც ახლა სწავლობს, არის ძალიან დიდი გზა, თითქმის ერთი საათი სჭირდება და ამიტომ რჩება სულ რაღაც 2 საათი მეცადინეობისთვის, რაც მე-10 კლასელისთვის ძალიან ცოტაა“, - ამბობს მარიამ ჩუბინიძე, რომლის შვილიც 166-ე სკოლის მეათე კლასელია, თუმცა ახლა 24-ე სკოლაში უხდება სიარული. მშობლის თქმით, სხვა სკოლასა და ცვლაში სწავლის გამო სრულიად შეიცვალა მისი შვილის განრიგი.
მარიამი გვეუბნება იმასაც, რომ დღეს ეს სკოლების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა ქვეყნის მასშტაბით ასობით სხვა მოსწავლეს აწუხებს. „ჩემი შვილი, მისი კლასელები და ათასობით ბავშვი ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით რჩება სამწუხაროდ იმ ელემენტარული ინფრასტრუქტურის გარეშე, რასაც ჰქვია სკოლის შენობა.“
ზოგიერთ მშობელს 166-ე სკოლაში ორი ან სამი შვილი დაჰყავდა, ახლა კი მათი შვილები სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ, რაც მათთვის ყოველდღიურ გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.
„ჩემი ორი შვილი სწავლობს ამ სკოლაში, ერთს უწევს 24-ე სკოლაში სიარული, მეორეს - 155-ე სკოლაში. უწევთ გვიანობამდე მეცადინეობა, უარი ვთქვით სპორტზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, ვერ ვითარდებიან ჩემი შვილები ამ კუთხით, აქვთ არასწორი ცხოვრების წესი, კვება დარღვეული აქვთ, ძილი დარღვეული აქვთ…“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხატია სტურუა.
მასწავლებლების თქმით, მათ განუმარტეს, რომ სკოლის შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო.
„სამი წელია, ვუყურებთ, რომ არაფერი არ გაკეთებულა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოსთვის და განათლების სამინისტროსთვის ბავშვები და მათი განათლების უფლება პრიორიტეტს არ წარმოადგენს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში განათლების სპეციალისტი, გოტა ჭანტურია.
მას შემდეგ, რაც აქცია დააანონსეს, მასწავლებლების თქმით, მათ განათლების სამინისტროში შესთავაზეს შეხვედრა. ისინი იმედოვნებენ, რომ შეხვედრაზე სკოლის რეაბილიტაციის საკითხი გადაიხედება ისე, როგორც ეს 21-ე სკოლის შემთხვევაში მოხდა.
166-ე სკოლის შემთხვევა ერთადერთი არ არის - სულ მცირე 14 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დაიწყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დაიკეტა.
ასე მოხდა 21-ე საჯარო სკოლის შემთხვევაშიც - 15 სექტემბერს სწავლა იქაც განახლდა, თუმცა 17 სექტემბერს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან დირექტორს აცნობეს, რომ მომზადდა დასკვნა შენობის დემონტაჟის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა.
განათლების სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის ავტორს მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით. პასუხების მიღების შემდეგ კი სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ 21-ე სკოლა თავის შენობაში დაასრულებდა სასწავლო პროცესს.
რადიო თავისუფლება 166-ე სკოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. მასალა განახლდება.
ფორუმი