Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეურაცხმყოფელია!“ - აფხაზეთში რუსეთის ეკლესიისგან პასუხს ითხოვენ

რუსეთის პატრიარქი კირილი, აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქი ილია მეორე
რუსეთის პატრიარქი კირილი, აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქი ილია მეორე

აფხაზეთში პოლიტიკურ-რელიგიური სკანდალი გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის განცხადებამ.

მან თქვა, რომ შუა საუკუნეებში, როდესაც აფხაზეთში ტაძრები შენდებოდა, თანამედროვე აფხაზებმა „ქრისტიანობის არაფერი იცოდნენ“. აფხაზეთში აღშფოთდნენ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკანოზის სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და განაცხადა, ისინი საქართველოს ეკლესიისა და ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნარატივებს იმეორებსო. ოკუპირებულ რესპუბლიკაში მოქმედი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოსგან ოფიციალური შეფასება მოითხოვა. პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

სოციალურ ქსელებში არ ცხრება სკანდალი იმ გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელშიც საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი განიხილავს აფხაზი ხალხის წარმომავლობას და კავშირს რეგიონში არსებულ ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან.

„აფხაზების ოფიციალური რიტორიკა ასეთია: ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დამოუკიდებელი ეკლესიაც გვეკუთვნის. ამბობენ, რომ ოდესღაც არსებობდა აფხაზეთის კათოლიკოსატი. მაგრამ აქ გაუგებრობას თავად ტერმინი ქმნის – ვის ვუწოდებთ აფხაზებს? ის აფხაზები, რომლებსაც ჰქონდათ კათოლიკოსატი და ეს აფხაზები, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ, სხვადასხვა ხალხია. დღევანდელი აფხაზები უფრო ჩრდილოკავკასიელი ადიღელები არიან, რომლებიც იქ დასახლდნენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც IV საუკუნეში ტაძრებს აშენებდა, სამხრეთისკენ წავიდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე IV საუკუნის ტაძრები მართლაც დგას, მაგრამ ისინი აფხაზებს არ აუშენებიათ. აფხაზებს მაშინ ქრისტიანობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. არც ქართველებს არ აუგიათ - ისინი უბრალოდ ასევე „აფხაზებად“ იწოდებოდნენ. მოკლედ, სხვადასხვა ხალხებს ერთი სახელი ჰქვიათ“, – განაცხადა მან.

ამ ვიდეოს აფხაზეთში ფართო განხილვა და მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის ე.წ. ხელისუფლების დონეზეც. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრომ", რომელიც რელიგიურ საკითხებს არ ეხმაურება ხოლმე, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "უწყების" პრესმდივნის, ალისა ბარზანიას თქმით, იაკიმჩუკის განცხადებების იგნორირება შეუძლებელია, რადგან ისინი „პოლიტიკური იყო და რელიგიური დისკუსიების ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცდა“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის სიტყვები შეფასდა, როგორც „დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი“ აფხაზი ხალხისა და მისი სულიერი თუ რელიგიური პრაქტიკების მიმართ. აფხაზი ხალხის ეთნოგენეზზე გამოთქმულ მოსაზრებებს ე.წ. საგარეო უწყებამ „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„მცდელობა წარმოაჩინო, თითქოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ადიღედან გადმოსახლდა, აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ განიხილება, როგორც პავლე ინგოროყვას ანტიმეცნიერული მემკვიდრეობის რეტრანსლაცია. ის უარყვეს როგორც აფხაზმა, ისე რუსმა და ქართველმა მეცნიერებმა.

იყენებს რა სასულიერო სტატუსსა და საჯარო პლატფორმას, დეკანოზი იაგორ იაკიმჩუკი ავრცელებს არასწორ და მავნე ნარატივებს აფხაზი ხალხის შესახებ, რომელიც თანხვედრაშია როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიტორიკასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

პავლე ინგოროყვა (1893–1983 წწ.) - ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი. თავის ნაშრომში „გიორგი მერჩულე“ მან წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც, შუა საუკუნეების აფხაზეთის სამეფო წარმოადგენდა ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იქ მცხოვრები ძველი ტომები იყვნენ ეთნიკური ქართველები. ინგოროყვას ვერსიით, თანამედროვე აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიიდან მოგვიანებით გადმოსახლდნენ და დროთა განმავლობაში შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას. აფხაზი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს თეორია არ არის მეცნიერული და გარკვეული იდეოლოგიის მატარებელია. ინგოროყვას იდეებს ზოგი ქართველი ისტორიკოსი ნაწილობრივ იზიარებს, ზოგი კი - არა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკანოზ იაკიმჩუკს მოუწოდა, არ დაუპირისპირდეს რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკას, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის ძმურ და მოკავშირეობრივ ურთიერთობებს ასახავს.

იგორ იაკიმჩუკი იმყოფებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაში, რომელიც საქართველოს პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვიდა.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭომ იაკიმჩუკის განცხადებებს განსხვავებული ისტორიული ვერსიით უპასუხა.

„ახ.წ. 55 წელს აფხაზეთში მოვიდნენ თორმეტი მოციქულიდან ორნი – სიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული. აქედან ისინი კიევის რუსეთში გაემართნენ. უკვე 325 წელს პირველმა ქრისტიანულმა თემებმა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე გაგზავნეს. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში ოდითგანვე ჭეშმარიტება სუფევდა. მოციქულთა ქადაგების წყალობით ხალხმა იწამა და ჩვენ „ქრისტესმოყვარე აბაზგებად“ ვიწოდებოდით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს ისტორიული ნარატივი გამოიყენება ასევე ეკლესიის დამოუკიდებლობის დასასაბუთებლად:

„აფხაზეთის ეკლესიის, როგორც აფხაზეთის კათოლიკოსატის მემკვიდრის დამსახურებაა ის, რომ ხალხისთვის მართლმადიდებლობა ცხოვრების აზრი გახდა“.

საეკლესიო საბჭო აცხადებს, რომ არაკანონიკური იყო, როდესაც 1943 წელს პატრიარქმა სერგიმ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ პატრიარქ კირილთან, როგორც უმაღლეს ავტორიტეტთან, მათ განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აქვთ და შეფასებას ახლა მისგან ელიან.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი თავხედური განცხადებების გამო, საეკლესიო კანონებით დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა პასუხი უნდა აგოს მოსკოვის პატრიარქის წინაშე. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭო დარწმუნებულია, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი, რომელიც ჩვენი, აფხაზეთის სულიერი წინამძღვარია, სათანადოდ შეაფასებს დეკანოზ იგორის მიუღებელ გამონათქვამებს და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებს…“ – ნათქვამია განცხადებაში.

რეაქციას ითხოვს აფხაზეთის მოსახლეობაც. სოციალურ ქსელებში განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება – ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები „ზემოდან“ მოდის, ზოგს კი ჰქონია, რომ იაკიმჩუკი პროვოკატორია.

„იმედი მაქვს, ამ წერილს მოსკოვის საპატრიარქოში გაგზავნიან“;

„ზემოდან რომ არ დაერთოთ ნება, ამას ვერ იტყოდა“;

„რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სრული დისკრედიტაცია იქნება, თუ ამას არ დაგმობენ. მაშინ აღარც მათი სასულიერო პირები უნდა იყვნენ აფხაზეთში“;

„კარგი იქნებოდა, ამ განცხადებაში ასევე იყოს მიმართვა ხელმძღვანელობისადმი, შეაფასონ ეს სიტუაცია. გაარკვიონ რა ხდება და პოზიცია გამოთქვან“;

„არ ღირს „ღორებისთვის მარგალიტის დაფენა“. ეს მორიგი პრიმიტიული პროვოკატორია - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემარცხვენელი. მოსკოვის პატრიარქი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს ამ უღმერთო მღვდელს, ერესს რომ ავრცელებს და შესაბამისად დასაჯოს“.

2026 წლის 14 აპრილის მდგომარეობით, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური რეაქცია არ დაუფიქსირებია. არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხია. აფხაზეთში ამ დუმილს სხვადასხვანაირად აფასებენ –როგორც ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობას ან როგორც მსგავსი დისკურსის დასაშვებობის ირიბ დადასტურებას. თუმცა, რადგანაც მართლმადიდებელ თემებს შორის ურთიერთობაზე თავად იაკიმჩუკია პასუხისმგებელი, საჯარო პოზიციის არარსებობა გაუგებრობას კიდევ უფრო აძლიერებს.

თეოლოგი გურამ ლურსმანიშვილი ეჭვობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პატრიარქმა კირილმა ოფიციალურ განცხადება გააკეთონ. მისი აზრით, უფრო მოსალოდნელია ქვედა დონეზე უპასუხოს ვინმემ, მაგალითად, თქვან, რომ იაკიმჩუკმა „მთლად ხეირიანად ვერ გამოთქვა აზრი“ და მისი სიტყვები ეკლესიის პოზიციას არ გამოხატავს. თუმცა თეოლოგი მიიჩნევს, რომ იაკიმჩუკმა, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ პირადი შეხედულება, არამედ სწორედ ის პოზიცია გაახმოვანა, რომელიც რუსეთის ეკლესიის ისტებლიშმენტშია.

ამავდროულად, ლურსმანიშვილი არ მიიჩნევს, რომ ეს განცხადება საქართველოს ეკლესიისთვის რამე კარგის მიმანიშნებელია.

„რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები მინიშნებებით და სიგნალებით არ ლაპარაკობენ. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაძაბული ურთიერთობა აქვს მსოფლიო პატრიარქატთან, ალექსანდრიის ეკლესიასთან და სხვებთან - აქ მართლაც შეიძლება დიპლომატიურ თამაშსა და სიგნალებზე ვისაუბროთ. მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სხვა ტიპის ურთიერთობაა. მათ კომუნიკაციის პირდაპირი არხები აქვთ. ღიად კონტაქტობენ: როდესაც ჩვენი ეპისკოპოსები რუსეთში მიემგზავრებიან, ფოტოებს აქვეყნებენ, როდესაც რუსეთიდან აქ ჩამოდიან - მაშინაც იგივე ხდება. ეს ის ურთიერთობა არ არის, „ჩუმ სიგნალებს“ რომ საჭიროებს. ამიტომ ახლა ეს განცხადება საქართველოსთვის არაფერს ცვლის. თუ დასჭირდება, რუსეთის ეკლესია პირდაპირ ეტყვის საქართველოსას, რა უნდა გააკეთოს“, - ამბობს თეოლოგი. ის იაკიმჩუკის გამონათქვამებში ფარულ მოტივებს ვერ ხედავს.

ეს განცხადება უნიკალური არ არის. უფრო ადრე მსგავსი რამ თქვა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა. ის ჯერ კიდევ 2012 წელს ეჭვობდა, რომ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას ძველ ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან არაფერი აკავშირებს. მისი თქმით, ამ მიწაზე მართლაც დგას ძველი მართლმადიდებელი ტაძრები, მართლაც არსებობდა აფხაზეთის სამეფო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. „საკითხავი მხოლოდ ისაა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იმ ხალხთან, რომელიც დღეს ამ ადგილას ცხოვრობს, - ამბობდა კურაევი. - პარადოქსი ისაა, რომ საკუთარ თავს ეს ხალხი „აფსუას“ უწოდებს, თავიანთ ქვეყანას - „აფსნის“ და არა „აფხაზეთს“. სიტყვა „აფხაზეთი“ ქართულია. ანუ ვინც ოდესღაც აფხაზებად იწოდებოდა, ქართული ეთნოსის ნაწილი იყო, მაგალითად, მეგრელების მსგავსად. ქართველი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ავთენტური აფხაზები, მართლმადიდებელი, ქართველებთან და მის ეკლესიასთან გაერთიანებული ხალხი, თურქებმა მე-16, მე-17 საუკუნეებში გაყარეს. ცარიელ მიწაზე კი თურქულმა ხელისუფლებამ ჩერქეზები ჩამოასახლა და უთხრა, ახლა თქვენ იცხოვრეთ აქო. გამოდის, რომ დღევანდელი აფხაზეთის მოსახლეობა აქ დიდი ხნის მოსული არ არის. მაგრამ მათ სიამოვნებთ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის ძველი ტაძრები მათი აშენებულია.“

ანდრეი კურაევი წლების განმავლობაში რუსული ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა იყო. მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ეკლესიური ურთიერთობების განყოფილების წევრი. თუმცა ის მუდმივად აკრიტიკებდა ეკლესიის ხელმძღვანელობას, სააშკარაოზე გამოჰქონდა სისტემის ხარვეზები, არ ეთანხმებოდა პატრიარქატის პოლიტიკურ პოზიციას. ამ ყველაფრის გამო 2020 წელს მას პატრიარქმა კირილემ მსახურება აუკრძალა, 2023 წელს კი საბოლოოდ ჩამოართვეს ჩინი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში და „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს. 2024 წლის აპრილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მას პროტოდიაკონის ჩინი აღუდგინა. თუმცა რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას დღემდე არ აღიარებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG