შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც B1/B2 კატეგორიის ვიზის აღებისას მოუწევთ სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა.
B1/B2 კატეგორიის ვიზები არის „არაიმიგრაციული ვიზა“, რომელიც განკუთვნილია საქმიანი ვიზიტებისა და ტურისტული/პირადი მიზნებისათვის.
„მაღალი რისკის ქვეყნები“
დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქმე ეხება „მაღალი რისკის ქვეყნებს“.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს სკრინინგისა და შემოწმების პოლიტიკის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან იმიგრანტებმა უკანონოდ არ ისარგებლონ შეერთებულ შტატებში სოციალური დახმარებით ან არ გახდნენ ტვირთი სახელმწიფოსთვის“.
აქამდე მსგავსი ქვეყნების რიცხვი 38 იყო.
12 ახლად განსაზღვრულ ქვეყანას შორის არის საქართველოც.
2 აპრილიდან მსგავსი შეზღუდვა ჯამში 50 სახელმწიფოზე გავრცელდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმადვე, ცვლილების მიზანია, აშშ-ში უცხოელმა ვიზიტორებმა არ დაარღვიონ ვიზით გათვალისწინებული ვადები და არ დარჩნენ უკანონოდ აშშ-ში იმაზე მეტხანს, ვიდრე ამას გაცემული ვიზა და კანონმდებლობა ადგენს.
თანხის დაბრუნების პერსპექტივით
დეპოზიტის („ბონდის“) ოდენობა იქნება $5 000, $10 000 ან $15 000.
ადამიანებს ვიზის აღებისას მოუწევთ ამ თანხის გადახდა - იმ დათქმით, რომ თუკი სავიზო პირობებს არ დაარღვევენ და აშშ-დან დროულად დაბრუნდებიან შინ, თანხას დაიბრუნებენ.
დეპარტამენტის თანახმად, მათ ეს თანხა დაუბრუნდებათ იმ შემთხვევაშიც, თუკი ვიზას არ გამოიყენებენ და არ იმოგზაურებენ შეერთებულ შტატებში.
დღეს დამატებულ თორმეტეულში, საქართველოს გარდა, არიან კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.
50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი.
„ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც მოგზაურობს ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის მიერ გაცემული პასპორტით და რომელსაც აქვს B1/B2 ვიზის მიღების უფლება, უნდა წარადგინოს 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარის ოდენობის გარანტია“, - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.
უწყების ცნობითვე, საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, სავიზო გასაუბრების დროს საელჩოებში.
ეს არის ის თანხა, რაც აპლიკანტმა უნდა წარადგინოს, როგორც გარანტია.
სავიზო აპლიკაციას ღირებულებას ვიზის მსურველები ძველი წესებით გადაიხდიან.
აპლიკანტმა ასევე უნდა შეავსოს „საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს ფორმა I-352“ - და ეს ფორმა უნდა შეავსონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკონსულო ოფიცერი მათ ასეთ დირექტივას მისცემს.
დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ თანხის გადახდა ავტომატურად არ ნიშნავს ვიზის მიღებას, ხოლო თუკი მოქალაქე კონსულის მითითების გარეშე გადაიხდის აღნიშნულ თანხას, თანხა არ დაუბრუნდება
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტში ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაგზავნილ კითხვაზე პასუხად განუცხადეს:
„მოთხოვნა ეფუძნება განმცხადებლის მოქალაქეობას და იგი გავრცელდება ვიზაზე განაცხადის შემტან საქართველოს ყველა მოქალაქეზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“.
ველით კომენტარს საგარეო უწყებიდან
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს შემდეგი კითხვებით:
- როგორ აფასებს ამ ცვლილებას,
- ჰქონდა თუ არა ამერიკულ მხარეს ამ საკითხზე კომუნიკაცია;
- გეგმავს თუ არა თბილისი უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებას ან მოლაპარაკებებს ცვლილების მოსათხოვად.
სამინისტროს პრესცენტრისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE-ის) 2024 წლის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს 833 მოქალაქე გამოაძევა ქვეყნიდან.
„ურთიერთობების გადატვირთვის“ მოლოდინში
2024 წლის 30 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა - წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, - საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი; ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო.
ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში, სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებსა და სხვა უწყებებში, ასევე კონგრესის წევრებთან.
ამ შეხვედრების ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ელიან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას.
ჯერჯერობით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა და სტრატეგიული პარტნიორობა არ განახლებულა.
ცვლილების დასაბუთება
2025 წლის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრი იმიგრაციულ პოლიტიკას ატარებს.
ამის ნაწილია დეპორტაციის აქტიური კამპანია, ასევე, მწვანე ბარათების გაუქმება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მონიტორინგი.
ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფები გმობენ ტრამპის იმიგრაციასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული პოლიტიკას.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს „შეერთებული შტატებიდან ერთი უცხოელის გაძევება საშუალოდ $18 000 უჯდებათ“.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის გადასახადის გადამხდელებს წელიწადში 800 მილიონ დოლარამდე დაზოგავს, რაც სხვა შემთხვევაში საჭირო იქნებოდა იმ უცხოელების გაძევებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ზედმეტად რჩებიან“, - განმარტავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ფორუმი