Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო უკრაინისთვის - პირველად ბოლო თვეებში


თეთრი სახლი ვაშინგტონში. აშშ 300 მილიონ დოლარს გადაურიცხავს სამხედრო დახმარების სახით უკრაინას.
თეთრი სახლი ვაშინგტონში. აშშ 300 მილიონ დოლარს გადაურიცხავს სამხედრო დახმარების სახით უკრაინას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 300 მილიონ დოლარს გადაურიცხავს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით.

ეს არის ამ ტიპის პირველი პაკეტი ბოლო თვეებში, როცა ომით დაზარებული ქვეყნისთვის მასშტაბური დახმარების პროექტი კვლავ გაჩერებულია აშშ-ის კონგრესში.

თეთრი სახლი ცდილობს მოძებნოს საშუალებები, რომ უკრაინას დიდი სამხედრო დახმარება გაუწიოს მას მერე, რაც დეკემბერში ამოიწურა კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, 12 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაფინანსებას უზრუნველყოფს პენტაგონი, რომელმაც ფული დაზოგა კონტრაქტებზე. პენტაგონის დაახლოებით 840 მილიარდი დოლარის მოცულობის ბიუჯეტში 300 მილიონი დოლარი დამრგვალების ცდომილების შედეგადაა მიღებული.

სალივანმა თქვა, რომ თანხები გამოყენებული იქნება უკრაინაში საარტილერიო ჭურვების და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) საბრძოლო მასალების მისაწოდებლად. მისი თქმით, ეს დახმარება მხოლოდ რამდენიმე კვირა იქნება საკმარისი.

რუსეთმა წელს გააძლიერა ფრონტზე იერიშები მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები განიცდიან შეიარაღების დეფიციტს. ამ დრომდე, შეერთებული შტატები - უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში - ვერ ამტკიცებს კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდებას კონგრესში არსებული ჩიხის გამო. კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან წარმომადგენელთა პალატაში არ ამტკიცებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული, რაც უმეტესად სამხედრო ხარჯებს უნდა მოხმარდეს.

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა გუშინ კონგრესს განუცხადეს, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას მალე არ გაუგზავნის, მის ძალებს გაუჭირდებათ რუსეთის წინსვლის შეჩერება.

XS
SM
MD
LG