Accessibility links

აშშ საელჩო მიესალმება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას


აშშ საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას:

„მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა. მანამდე, გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG