Accessibility links

ახალგორელი პენსიონერებისთვის ათი დღით გაიხსნა გზა


სოფელი ოძისი

პირველი მიკროავტობუსი ოძისის საპოლიციო საგუშაგოსთან პირველის ნახევარზე გამოჩნდა. 5-თვიანი ლოდინის შემდეგ ათი პენსიონერი ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. პოლიციელებს ისინი ავტობუსიდან არც ჩამოუყვანიათ, მხოლოდ პირადობის მოწმობები წაიღეს და რეგისტრაციაში სწრაფად გაატარეს.

ავტობუსთან ჟურნალისტების გარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ევროპელ დამკვირვებლებს თარჯიმანი სიტყვასიტყვით უთარგმნიდა მოხუცების ნათქვამს: ფული საერთოდ აღარ ჰქონდათ. მაღაზიებში, სადაც ძირითადად რუსული პროდუქცია იყო, ვალს იდებდნენ. დეფიციტის გამო მედიკამენტები და პროდუქცია გაძვირებული იყო. თავი შემოდგომაზე მოწეული მოსავლით გაჰქონდათ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ბებიებსყველაზე მეტად შვილები და შვილიშვილები ენატრებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე აღებული მოსავალიც უთავდებოდათ, გადანახული ხილი ნათესავებს მაინც წამოუღეს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნში ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი ათი დღით გახსნა. ამ ათი დღის განმავლობაში ხანში შესულები პენსიას აიღებენ, პროდუქტებსა და მედიკამენტებს შეიძენენ, ცოტაოდენ თანხას ახალგორის მაღაზიებსა და საცხობებში ვალის დასაბრუნებლად გადაინახავენ, რამდენიმე დღით შვილებთან დარჩებიან, ნათესავებსაც მოინახულებენ და მერე ისევ უკან, ახალგორში, დაბრუნდებიან, გზის კიდევ ერთხელ გახსნის იმედით.

ახალგორიდან მთელი დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 30 პენსიონერი გადმოიყვანეს. წინასწარ გაცემული პირობის მიხედვით, გზა 23 იანვარს უნდა გახსნილიყო, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილზე ტექნიკური პრობლემები ვერ მოაგვარა - ზოგს საშვთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, მოსაძებნი იყო საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი, რომელსაც დროებით საშვს გაუკეთებდნენ. ამ საკითხების მოგვარება ერთ დღეში ვერ მოესწრო და პენსიონერებმა გამომგზავრება მხოლოდ 24 იანვარს შეძლეს. ოძისის საგუშაგოსთან მათ ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი დახვდა. იგი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და პენსიონერებისთვის გზის გახსნა დადებით ტენდენციაზე მეტყველებს.

ახალგორიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაბაში 72 პენსიონერია, მთელ რაიონში კი, დაახლოებით, 150. აქედან საშვი 30-მდე მოქალაქისთვის გაიცა. ადგილობრივი მცხოვრებლები მომავალ ოთხშაბათს ელოდებიან - ამ დღეს ცხინვალიდან ჩასულ უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს მათთვის საშვები ჩააქვთ ხოლმე. ამიტომ საშვის არმქონენი ყოველ ოთხშაბათს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაზე სიის გამოკვრის მოლოდინში არიან.

3 თებერვლისთვის გზა ისევ ჩაიკეტება და ორი თვის შემდეგ პენსიონერებისთვის ხელახლა გაიხსნება. რთულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს ეს შეზღუდვა არ ეხებათ და მათი გადმოყვანა ნებისმიერ დროს შეიძლება. ეს ინფორმაცია ახალგორელებს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს. ე.წ. საზღვრის დაკეტვით დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიისა და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG