Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სკანდალი ქართულ რაგბიში - "კლანი", შიდა დაპირისპირება და დაჭრილი მორაგბე


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს რაგბის კავშირში დღეს მომხდარ ინციდენტს სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფი საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა. პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ რაგბიში არსებული მძიმე სიტუაციის გამოსასწორებლად, პირველ ყოვლისა, აუცილებელია რაგბის თემიდან კლანის მოშორება, რადგან ეს კლანი, უკვე თორმეტი წელია, რაგბის კავშირში დამკვიდრდა და თავის მარწუხებს რაგბის თემს ყოველ წელს უფრო და უფრო მჭიდროდ უჭერს. საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებით, რაგბი საქართველოში ასოცირდება ვაჟკაცობასთან და ამ საამაყო იმიჯის შესანარჩუნებლად, უკვე მეხუთე წელია, აქტიურად ებრძვიან კლანს.

ჯგუფი, რომელიც საქართველოს 31 სარაგბო კლუბს აერთიანებს, დღეს „მზიურის“ ტერიტორიაზე შეიკრიბა ეროვნული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საორგანიზაციო დეტალებზე სასაუბროდ. შეხვედრას ესწრებოდა რამაზ ხარაზიშვილიც, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების კაპიტანია. შეკრებილებს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არ ჰქონიათ და, შესაბამისად, გუნდური დაპირისპირებაც არ მომხდარა.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა დავით ცხვედიანმა დაპირისპირების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი დღეს ჩვენთან საუბრისას რაგბის კავშირის არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურებია.

ცნობილია, რომ საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ბოლო დროს არაერთგზის დაუპირისპირდა და მთელი რიგი პრეტენზიებიც წაუყენა, მათ შორის კავშირში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დღეს მომხდარი ინციდენტი ამ დაპირისპირების გაგრძელება.

მომხდართან დაკავშირებით რადიო თავისუფლება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ თორნიკე გოგებაშვილსაც ესაუბრა.

„პოლიციასთან დაკავშირება მყისიერად მოხდა და გამოძიებაც სწრაფად დაიწყო. რაგბის კავშირის ყველა წევრი თანამშრომლობს გამოძიებასთან და, იმედია, მალე გაირკვევა, რა და როგორ მოხდა. პირადად მე არ შევსწრებივარ ინციდენტს და დეტალებზე საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 1969 წელს დაბადებული ბესელიას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG