Accessibility links

ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს - აქცია ახალციხეში


ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაპატიმრებული ქართველი ექიმის ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ. ახალციხის მკვიდრი ნინო თოდაძე ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს გმირი ექიმის გასათავისუფლებლად.

,,როგორ შეიძლება ექიმის დაკავება საკუთარ ტერიტორიაზე? ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებს ემსახურება. ექიმობა ხომ ჰუმანური პროფესიაა და ის ყველას ჭირდება თბილისშიც და ცხივნვალშიც. უკანონოდ მიუსაჯეს თითქმის ორი წელი. ვითხოვთ, რომ ახალ წელს მაინც შეხვდეს საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად" - აცხადებს ახალციხელი ნინო თოდაძე.

,,ძალიან რთულია, როცა ადამიანი ახალ წელს თავის ოჯახში ვერ ხვდება. უფრო მეტად ჰუმანურები უნდა ვიყოთ ორივე მხარეს. მივმართავ ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს, არ შეიძლება უდანაშაულო ექიმი უკანონოდ იყოს დაპატიმრებული", - აცხადებს ვეფხია დიაკონაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ,,თანადგომა შვილებს".

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემბერს ცხინვალის სასამართლომ წელიწადი და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას პერიოდულად ახალციხეშიც აპროტესტებენ:

,,ვაპროტესტებთ ჩვენი თანამემამულის უკანონოდ დაკავებას, რომელიც იმყოფება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე და მას არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთავს. ეს უკანონო დაპატიმრებაა და ახალციხელებიც ვუერთდებით ამ პროტესტს".

ახალციხის ცენტრში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია 13 დეკემბერს ადვოკატებმაც გამართეს. 12-მა უფლებადამცველმა ექიმ-ტრავმატოლოგის უკანონო პატიმრობა მდუმარე აქციით გააპროტესტა და დაკავებული გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. სამცხე-ჯავახეთის მედიაანალიტიკური ცენტრის დირექტორის, ედუარდ აივაზიანის, აზრით, ექიმობა ჰუმანური პროფესიაა და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გასათავისუფლებლად:

,,ჩვენ მოვედით ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ჰუმანური პროფესიის კაცია და არ შეიძლება მისი ციხეში ყოფნა. მხარს ვუჭერთ ვაჟას და მის ოჯახს".


უფრო ადრე ,,თეთრი ხალათების“ აქცია ახალციხელმა ექიმებმაც გამართეს და ოკუპანტების გადაწყვეტილება დუმილით გააპროტესტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG