Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები უყურებენ პორნოს?


6 წლის ლუკამ პორნოგრაფიული ვიდეო ერთ-ერთ პორნოსაიტზე, უფროს მეგობრებთან ყოფნისას, შემთხვევით ნახა. ბიჭებმა არ იცოდნენ, რომ ლუკაც იმ ოთახში იყო, სადაც ისინი, თავადაც არასრულწლოვნები, ვიდეოს უყურებდნენ. ლუკას დედამ ამ ამბის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ლუკას არაფერი უთქვამს მისთვის, უბრალოდ, თინას თქმით, ბავშვი თამაშის დროს უცნაურ, სექსუალური შინაარსის ფრაზებს ამბობდა და მიხვდა, რომ ბავშვს რაღაცის თქმა უნდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ლუკას ნაკლები დრო გაეტარებინა ინტერნეტთან, ბავშვს არ ჰქონდა ე.წ. სმარტფონი, აკონტროლებდნენ იმ საიტებს, რომელსაც ლუკა იშვიათად, მაგრამ მაინც ნახულობდა, ასევე შეთანხმებულნი იყვნენ ლუკას მეგობრების მშობლებთან, რომ მათთან სტუმრობისას, ლუკას არ ჰქონოდა ინტერნეტთან წვდომა, 6 წლის ლუკამ, შემთხვევით, მაგრამ მაინც ნახა პორნოგრაფიული ვიდეო: „ფრაზებს ისროდა, „კაცი რომ კაცს რაღაცას უშვრება“... მე არ მომმართავდა, თამაშის დროს ისროდა ამ ფრაზებს და მივხვდი, რომ რაღაც აწუხებდა. ვკითხე, რამის თქმა ხომ არ გინდა-მეთქი და მაშინვე დაიწყო ლაპარაკი. ძალიან ღელავდა და ყვებოდა, რომ ნახა ვიდეო, სადაც კაცები ერთმანეთს „რაღაცას უშვრებოდნენ“. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ მიახლოებით მაინც, მისთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა, რა ნახა“, - ჰყვება ლუკას დედა იმ გამოცდილებაზე, რომელიც მას და მის შვილს გადახდა თავს.

წარმოდგენა, რომ ბავშვები პორნოს არ უყურებენ, მცდარია

მიუხედავად პრევენციული ღონისძიებებისა, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა შემზღუდავი აპლიკაცია ტელეფონებისათვის, ინტერნეტთან გატარებული დროის მთვლელი, საიტებზე წვდომა და ა.შ. ბავშვები მაინც ახერხებენ საზიანო, შინაარსის ამ შემთხვევაში, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების ნახვას.

მაგალითად, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერმა ავტორმა, პეგი ორენშტაინმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა და ფემინისტმა, რომელიც არის ავტორი წიგნებისა „გოგონები და სექსი“, „კონკიამ შეჭამა ჩემი ქალიშვილი“, „ნუ დამიძახებ პრინცესას“ და რომელიც ამჟამად წერს წიგნს ბიჭებზე, მასკულინობაზე, სიყვარულზე, სექსსა და პორნოზე, გამოკვლევის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა კოლეჯის ასაკის ბიჭებში და გაარკვია, რომ პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს 11 წლის და ხანდახან უფრო პატარა ასაკის ბიჭებიც უყურებენ: „ხშირად, ეს უბრალოდ ინტერესია. ან მაგალითად, მათზე უფროსი ბიჭი დაუძახებს და ეტყვის, „შეხედე, რა განახო?“ ბიჭები ტრაბახობდნენ, 11 წლის ვიყავი „დიდი ძუძუები“ რომ ვნახე. სულ რაღაც ორი დაწკაპუნებით, ისინი ხვდებიან საიტებზე, უყურებენ ისეთ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებისთვისაც არ არიან მზად, რომ გაიგონ და გადახარშონ, თუ რა ხდება იქ“.

ონლაინრისკების ჩამონათვალში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მკვლევრები, უპირველეს რისკად სწორედ ბავშვებისათვის არასასურველი და მისი ასაკისათვის შეუფერებელი შინაარსის მასალისადმი წვდომას ასახელებენ.

UNICEF-ის ანგარიშში „ბავშვები ციფრულ სამყაროში“, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, გაანალიზებულია თუ როგორ შეცვალა ბავშვების ცხოვრება ციფრულმა სამყარომ. ანგარიშის ავტორები წერენ, ინტერნეტის როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენებზე. უარყოფითი გავლენების სიაში კი ერთ-ერთ პირველ ადგილს სწორედ მოზარდთათვის არასასურველი შინაარსის, მათ შორის, პორნოგრაფიული ხასიათის მასალებისადმი წვდომა იკავებს.

UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს სწორედ ბავშვები შეადგენენ. ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ინტერნეტით სარგებლობას. ზოგიერთ ქვეყანაში, ინტერნეტით სარგებლობს იმდენივე 15 წლამდე მოზარდი, რამდენიც 25 წელს გადაცილებული ზრდასრული. "სმარტფონები" „საძინებლის კულტურას“ ასაზრდოებს, ეს კი ინტერნეტს უფრო და უფრო პირადულ, ინტიმურ სივრცედ აქცევს ბავშვებისთვის და, შესაბამისად, ასუსტებს უფროსების ზედამხედველობას.

შინაარსობრივი რისკი - ეს არის ერთ-ერთი პირველი ონლაინრისკი, რომელსაც მოზარდები ინტერნეტში აწყდებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევრების თანახმად, ის შეიძლება შეიცავდეს სექსუალური, პორნოგრაფიული ხასიათისა და ძალადობის შემცველ ვიდეო- და ფოტომასალას, არასასურველ რეკლამას, რასისტულ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებსა და სიძულვილის ენის შემცველ ინფორმაციას, ვებგვერდებს, რომლებიც აქეზებს არაჯანსაღ ან საშიშ ქცევას, მაგალითად, საკუთარი სხეულის დაზიანებას, თვითმკვლელობას, ანორექსიას და სხვა. UNICEF-ის მკვლევრები წერენ, რომ ინტერნეტსივრცეში მოზარდებს აქვთ წვდომა ასაკისთვის შეუფერებელი ონლაინრესურსებთან, როგორიცაა, მაგალითად, პორნოგრაფიული და აზარტული თამაშების საიტები. ამ საიტებზე ბავშვები დაუბრკოლებლად შედიან და ბევრი მათგანისთვის უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. მათი თქმით, ამ საიტებზე წვდომით მიყენებულმა ზიანმა, „შეიძლება, სამუდამოდ დაუმახინჯოს ცხოვრება პატარას“.

პორნოგრაფიული ვიდეოს მსხვერპლი 8 წლის მოზარდი

„ბავშვს ჰქონდა ზუსტად იმავე სახის სიმპტომები, რა ტიპის სიმპტომებიც აქვთ ხოლმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს.

ის, რომ პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ინფორმაცია მოზარდისათვის შესაძლოა ტრავმის შემცველი იყოს, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებენ ბავშვთა ფსიქოლოგები. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ლაპარაკობენ და იხსენებენ იმ შემთხვევებს, როდესაც მათ მოუწიათ იმ მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობა, რომლებმაც სხვადასხვა საიტზე პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოები ნახეს.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ 8 წლის მოზარდს დახმარებოდა პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოსგან მიღებული ტრავმის დაძლევაში: „ბავშვს ჰქონდა ზუსტად იმავე სახის სიმპტომები, რა ტიპის სიმპტომებიც აქვთ ხოლმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ეს იყო მოზარდი, რომელმაც პორნოსაიტზე ნახა უხამსი ვიდეო, რომელზეც მას ძალიან უჭირდა ლაპარაკი, თვალწინ უდგებოდა ნანახი სცენები, გამოხატავდა ძლიერ შიშს, ჰქონდა ღებინება და ა.შ. ბავშვებს აქვთ უნარი, რომ კონკრეტული მოვლენა განიცადონ, როგორც რეალური ფაქტი და ეს მათ ფსიქიკაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს“, - ჰყვება მაია ცირამუა.

მისივე თქმით, როგორც წესი, ბავშვები ამგვარ გამოცდილებაზე ნაკლებად ლაპარაკობენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ნახეს რაღაც ისეთი, რაც არ უნდა ენახათ. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ადრეულ ასაკში მსგავსი შინაარსის მასალის ნახვა, თავს არ მალავს და სხვადასხვა სახით ვლინდება: „ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს უკონტროლო სექსუალური ქცევები. ამიტომ როგორც კი ასეთი სიმპტომები ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მას ყურადღება მიაქციოს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს რაიმე სახის პრობლემა აქვს, რადგან ბავშვებში არც თუ იშვიათია მსგავსი სახის ქცევები, მაგრამ როდესაც ქცევა კონტროლს აღარ ექვემდებარება, ბავშვი ამგვარ საქციელს არ მალავს და საჯაროდ ავლენს, მაშინ აუცილებლად უნდა გაჩნდეს კითხვა, რატომ?“.

პორნოზე დამოკიდებულება - ხომ არ არის მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

ხშირად სწორედ მოძალადეები იყენებენ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს

დიდხანს იმუშავა 5 წლის ბავშვთან ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემაც. როგორც გაირკვა, პორნოგრაფიულ ვიდეოებს ის ბაბუასთან ერთად უყურებდა. სექსუალური ხასიათის ქცევები კი მოგვიანებით საბავშვო ბაღში გამოავლინა და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ მშობლებიც.

ქეთევან თავართქილაძე ერთ მნიშვნელოვან ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ადრეულ, 6-10 წლის ასაკში, პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ვიდეოებით დაინტერესება, არის სიგნალი იმისა, რომ შესაძლოა ბავშვი თავად არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: „გასათვალისწინებელია, რომ ხშირად სწორედ მოძალადეები იყენებენ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს მოზარდებთან ურთიერთობისას. ისინი ასე ცდილობენ ბავშვი დააინტერესონ, აცდუნონ. ამიტომ აუცილებელია ამ ასპექტზეც ყურადღების გამახვილება“.

თუკი შვილები პორნოს უყურებენ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

ფსიქოლოგების თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მშობელმა გამორიცხოს სადამსჯელო ღონისძიებები. მათ უნდა აუხსნან მოზარდს, თუ ვინ ქმნის მსგავსი შინაარსის პროდუქტს, რომ ის, რასაც ისინი პორნოსაიტებზე უყურებენ, ხშირ შემთხვევაში არის არარეალური, გადაღებული სპეცეფექტების დახმარებით და ხშირად, რეალურ ცხოვრებაში, სექსუალური ურთიერთობები სულ სხვანაირია.

გარდა ამისა, სექსოლოგ მაია ჭავჭანიძის თქმით, აუცილებელია, მშობელმა მოზარდს დაწვრილებით აუხსნას, თუ რატომ შეიძლება ავნოს მის ჯანმრთელობას ასეთ ვიდეოებზე დამოკიდებულებამ:

"ამ ტიპის ვიდეოები თითქმის არ ასახავს რეალობას, ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებული ფორმით არის წარმოჩენილი, მასზე დამოკიდებულ მოზარდებს კი უჩნდებათ გადაჭარბებული მოლოდინები სექსუალურ აქტისა და პარტნიორასდმი, რაც შემდეგ უკვე წარმოშობს სექსუალურ დარღვევებს, მათ შორის სურვილთან, ლტოლვასთან, ერექციასა და ორგაზმთან დაკავშირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG