Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბავშვური და უზრდელური საქციელი“ - მწერლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ


მწერლების ნაწილი უნდობლობას უცხადებს განათლების მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს. მათი პროტესტის მიზეზი არშემდგარი შეხვედრა გახდა. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები 31 მაისს გიორგაძეს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა სამინისტროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ შეხვედრა ჩაიშალა.

„არ მახსოვს, ბოლოს ასე რისი შემრცხვა“, - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა. ის აცხადებს, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებმა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და მის მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე შეათანხმეს. შეხვედრის მიზანი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და, ზოგადად, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო.

ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მათ აცნობეს, რომ ვინაიდან იმავე დღეს საქართველოში ჩამოდიოდა სომხეთის განათლების მინისტრი, მხოლოდ გიორგაძე დახვდებოდათ, უკვე სამინისტროში მისულებმა კი გაარკვიეს, რომ გიორგაძეც სომხეთის განათლების მინისტრთან მიდიოდა შეხვედრაზე. სტუმრები მან სხვა მოადგილესთან, ლევან ხარატიშვილთან, გადაამისამართა, მასთან შეხვედრა კი უკვე დელეგაციამ არ ისურვა.

„საერთოდ, ეს ადამიანები - განსაკუთრებით, მიხეილ გიორგაძე - შემჩნეულები არიან კულტურისა და ლიტერატურის მიმართ ინდიფერენტულობაში. ერთადერთი მაშინ გამოცოცხლდება, როცა რამე კულტურული ძეგლია ასაფეთქებელი... ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ ამ ადამიანს. იმ ანეკდოტისა არ იყოს, ჩვენი ხელიდან მკვდარი არის და დანარჩენი თქვენ იცით“, - ამბობს მწერალი პაატა შამუგია.

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

„განათლების, კულტურის სამინისტრო დღეს მოიქცა სრულიად უკულტუროდ... დღევანდელი ინციდენტი, შეიძლება ითქვას, იყო კულმინაცია იმ პროცესისა, რომელიც გრძელდება მთელი ეს პერიოდი. მინისტრის მოადგილის ქცევა გამოხატავს იმ საერთო ფობიას მწერლების მიმართ, რომელიც მათ აქვთ. მათ, უბრალოდ, ეშინიათ ქართველი მწერლების და გამომცემლების, გაგვირბიან, გვემალებიან... მას შემდეგ, რაც, ვითომდა კეთილი მიზნებით, გააერთიანეს მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი და როდესაც ჩვენ გვინდა დავსვათ შეკითხვები, გვემალებიან. კარგი, ჩვენ კიდევ ავიტანთ, ბოლო-ბოლო, სად გაგვექცევიან, მაგრამ როცა სერიოზული, მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსული და ასეთი ბავშვური, უზრდელური საქციელის მომსწრენი გავხდით“... - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი აცხადებს, რომ: ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. მზად ვიყავი განმეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოიცავს სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობა და პასუხი გამეცა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორებმა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად შეეცადნენ არ შემდგარიყო შეხვედრა და სამინისტროსთან მოსული დელეგაცია უკან გააბრუნეს. როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში შედიოდა, რაც სრულიად მიუღებელია“.

ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის კვლავაც მზადაა შეხვედრისთვის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG