Accessibility links

"ბათუმის რივიერაზე" ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება


"ბათუმის რივიერა"

ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერის“ სახელითაა ცნობილი, ახალი განაშენიანება იგეგმება.

„ბათუმის რივიერაზე“ ახალი განაშენიანება იგეგმება

  • „ბათუმის რივიერაზე“ 6 ჰექტარ მიწას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ფლობს.
  • საინვესტიციო კომპანია თავის საკუთრებაში არსებული მიწის გარდა სახელმწიფო საკუთრებაზეც აპირებს პროექტების განხორციელებას.
  • 9 ჰექტარამდე ტერიტორიაზე პროექტს „ბათუმის რივიერა“ საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს.
  • პროექტის განმახორციელებელი „სილქ როუდ ჯგუფია“, მისი ფინანსური მხარდამჭერი კი - „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

ქალაქის ამ ნაწილში 6 ჰექტარ მიწას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ფლობს. საინვესტიციო კომპანია თავის საკუთრებაში არსებული მიწის გარდა სახელმწიფო საკუთრებაზეც აპირებს პროექტების განხორციელებას, რაც მათ სახელშეკრულებო პირობებში უდევთ. საერთო ჯამში, დაახლოებით, 9 ჰექტარამდე ტერიტორიაზე პროექტს „ბათუმის რივიერა“ საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს. კერძოდ, „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება ოთხი საცხოვრებელი სახლი, 2 სასტუმრო და გაკეთდება ხელოვნური ყურე, მოეწყობა კაზინო და სხვა დაწესებულებები. პროექტის განმახორციელებელი „სილქ როუდ ჯგუფია“, მისი ფინანსური მხარდამჭერი კი - „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი კომპანია სანაპიროზე არსებული იახტკლუბის მართვის ვალდებულებას 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე იახტკლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ. „მთლიანობაში, პროექტი ოთხ ფაზად განხორციელდება. ამჟამად იწყება პირველი ფაზა, რომლის ჯამური ღირებულება 65 მილიონ აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“ აშენებას, ამბობს კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე:

„ორი სასტუმროს აშენებაა გათვალისწინებული ამ გენგეგმაში, მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით ტურისტების ზრდის ტენდენციას და თუ გვექნება ისეთი ზრდა ვიზიტორების, როგორიც ბოლო სამი წლის მანძილზეა, დიდი ალბათობით, სასტუმროების რაოდენობა გაიზრდება. დღეს კი ვფიქრობთ ორი სასტუმროსა და ოთხი საცხოვრებელი სახლის აშენებას, ხოლო თუ სასტუმროს რაოდენობას გავზრდით, მოგვიწევს საცხოვრებელი კორპუსების შემცირება. შენობები სხვადასხვა სიმაღლის იქნება. ეს მაინც გენგეგმაა და პროექტირების შემდეგ ეტაპზე უფრო ზუსტად გვეცოდინება. დაახლოებით, 35-37-სართულიანი შენობებია გათვალისწინებული“.

პროექტი "ბათუმის რივიერა"
პროექტი "ბათუმის რივიერა"

ტერიტორია, სადაც კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ ახალ მაღალსართულიან განაშენიანებას გეგმავს, ბათუმის ძველი, ისტორიული უბნის ნაწილია. ამიტომ, კანონის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დასამუშავებლად საჭიროა მრავალკომპონენტიანი კვლევების ჩატარება, მათ შორის კი აუცილებელია სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა. ამ კვლევაზე კომპანიისთვის მუშაობს ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია. იგი ამბობს, რომ ვიდრე ბათუმს არ გააჩნია განვითარების გენერალური გეგმა და ასევე არ არის განსაზღვრული ძველი ქალაქის დამცავი ზონები, ქალაქის ცალკეული ტერიტორიების დაგეგმარება სწორედ ინვესტორს შეუძლია:

„რახან ეს არის ქალაქი, რომელიც ღია სივრცეზე, ლანდშაფტზე და ზღვაზეა ორიენტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია დაიგეგმოს ეს ყველაფერი ისე, რომ ჰარმონიული იყოს ამ საერთო სურათში და უნდა მოხდეს სილუეტში მისი განვითარება, იმიტომ რომ, ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებული მოვლენების თვალსაზრისით, ბათუმი არის პირველობით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქალაქი, რომელსაც ყველაზე მეტი ლახვარი ჩაეცა, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით. ეს არის ახალი ქაოსური მშენებლობები, აბსოლუტურად უპროპორციო და უმასშტაბო შენობები, რომლებიც ძალიან ამახინჯებს ყველაფერ ამას და, ფაქტიურად, ისტორიული ბათუმი რაც იყო, მისგან დარჩენილ მხოლოდ ნაწილს ვეპოტინებით. ეს უნდა იყოს ზონა, რომელიც იქნება ძველ ქალაქთან ინტეგრირებადი“.

"ბათუმის რივიერა"
"ბათუმის რივიერა"

პროექტი „ბათუმის რივიერა“ რომ ქალაქის ისტორიულ უბანთან იყოს ინტეგრირებული, ამისთვის კომპანია გაითვალისწინებს ბათუმის მერიის მოთხოვნას, მაღალსართულიანი შენობები იმგვარად დაგეგმარდეს, რომ ძველი ბათუმის ქუჩებიდან ზღვის ხედი ჩანდეს, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, გიორგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ახალი პროექტის განხილვა ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ერთი თვის წინ დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ბათუმის მერიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. უცნობია, რას ფიქრობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ახალ პროექტზე, სახელწოდებით „ბათუმის რივიერა“. არც ისაა ცნობილი, რა ეტაპზეა ბათუმის გენერალური გეგმისა და ბათუმის ისტორიული უბნების დამცავი ზონების შემუშავება.

ბათუმელების ნაწილისთვის კი, რომელიც რადიო თავისუფლებამ გამოკითხა, მიუღებელია ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ზღვისპირა ზოლში კიდევ რამდენიმე ცათამბჯენის აშენება, მით უფრო მაშინ, როდესაც ბათუმს არ აქვს ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელი მთავარი დოკუმენტი:

„ზღვისპირა ზოლის გასწვრივ დომინოს პრინციპით აყუდებული ეს შენობები შეიძლება, სილუეტის თვალსაზრისით, მახინჯაურიდან ლამაზად ჩანდეს, მაგრამ ქალაქი ვენტილაციის გარეშე დარჩა, კედელია აღმართული ქალაქსა და ზღვას შორის. ქალაქის განაშენიანების დაპირებული გეგმა კი, რომელიც რაღაც ბუასავით მოდის და ვერ მოაღწია, სავარაუდოდ, მოვა მაშინ, როდესაც ბათუმში მინდორი აღარ იქნება შემორჩენილი, სადაც შესაძლებელი იქნება სკამი ჩადგას ადამიანმა“, - ამბობს დავით ტრაპაიძე

"ბათუმის რივიერა"
"ბათუმის რივიერა"

„რაც მთავარია, ბავშვებს აღარ დარჩათ სივრცე ქალაქში, ადამიანებისთვის აღარ დარჩა სივრცე. რაც შეეხება სანაპირო ზოლის ასეთი მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობებით ამოვსებას, მე ვფიქრობ, ამით ქალაქის მთელი ხიბლი და ტურისტებისთვის რატომაცაა საინტერესო ზღვისპირა ქალაქი, ეს იკარგება“, - შენიშნავს მაია ჟღენტი.

„ძველ ბათუმს ნამდვილად უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული თავისი პირვანდელი სახე, ავთენტურობა დაცული უნდა იყოს და თუ ძალიან უნდათ ცათამბჯენების აშენება, გააკეთონ ეს შედარებით ამაღლებულ ადგილას და ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, იმიტომ რომ პირდაპირ სანაპირო ზოლთან მოგვიწევს მისვლა, რომ ზღვა დავინახოთ. ხომ უნდა მქონდეს იმის შეგრძნება, რომ ზღვისპირა ქალაქში ვარ?“ - ასე ფიქრობს ხათუნა დუნდუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG