Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღების თანამშრომლებს ბაქტერიოლოგიური კვლევა დაავალეს - რას ეძებს სურსათის სააგენტო?

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სამზარეულოს თანამშრომლებსა და დამლაგებლებს ნაწლავთა ფლორის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება დაავალა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სამზარეულოს თანამშრომლებსა და დამლაგებლებს ნაწლავთა ფლორის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება დაავალა.

საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის გამოვლენის შემთხვევების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღების თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება დაავალა.

პოულობს თუ არა ეს კვლევა ნოროვირუსის კვალს?

რადიო თავისუფლების ამ კითხვას სპეციალისტები პასუხობენ და ამბობენ, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევით ეს ვირუსი არ ვლინდება და მის დასადგენად სპეციალური კვლევაა საჭირო.

რას და ვის იკვლევენ თბილისის ბაღებში?

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გამოკვლევები უტარდებათ თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, მათ შორის, აღმზრდელებს, სამზარეულოში დასაქმებულებს, დამლაგებლებს.

ამ ინფორმაციას ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის თანამშრომელი გვაწვდის.

მისი ინფორმაციით, კვლევა ტარდება ნაწლავური ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებზე - Escherichia coli (E. coli), Salmonella spp., Shigella და Yersinia enterocolitica - ეს არის ბაქტერიები, რომელთა გამოსავლენად განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მწვავე გასტროენტერიტი - დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ცხელება; ზოგ შემთხვევაში ინფექცია შეიძლება უფრო მძიმედაც წარიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ 22 სექტემბერს, თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის მიზეზად დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ნოროვირუსი დაასახელა, ინფექციონისტები ამბობენ, რომ ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის დანიშნული კვლევა ნოროვირუსს არ ადგენს.

„უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ“

26 სექტემბერს, თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ლაბორატორიას ბაღის თანამშრომელმა მიაკითხა. ის სწორედ იმ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობს, სადაც 17-18 სექტემბერს, ბავშვთა მასობრივი დასნებოვნება გამოვლინდა.

სამედიცინო ლაბორატორიის თანამშრომელი გვეუბნება, რომ ბაღის თანამშრომელს საჯაროდ საუბარი არ სურს:

„ბაქტერიოლოგიური კვლევის კონკრეტული ჩამონათვალი ჰქონდა მოტანილი, თუმცა, ეს კვლევები ნოროვირუსს არ ადგენს. მისი თქმით, ყველა თანამშრომელს დაავალეს კვლევის ჩატარება - დირექტორს, სამზარეულოს თანამშრომლებს, აღმზრდელებს, დამლაგებლებს.

ხმამაღლა საუბარი სამსახურის დაკარგვის შიშით არ უნდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო, რომ კვლევის საფასურის გადახდა თავად უწევთ“, - გვეუბნება სამედიცინო ლაბორატორიის თანამშრომელი.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ კვლევაში ბაღის თანამშრომელმა 90 ლარი გადაიხადა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კვლევების საფასურს ბაგა-ბაღების თანამშრომლებს აუნაზღაურებენ:

„ყველას აუნაზღაურდება, იმის მიხედვით, ვინც უკვე გაიკეთა და ვისაც ჯერ არ გაუკეთებია“.

რადიო თავისუფლება: „ დავაზუსტებთ, თავად იხდიან კვლევის საფასურს და შემდეგ აუნაზღაურდებათ?“

„კი, როგორც ჩანს, ასეა. დეტალები არ ვიცით, ყველა კითხვაზე პასუხის ლოდინს დრო მიაქვს“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას სააგენტოს პრესსამსახურში.

მანამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან რადიო თავისუფლებას ასეთი განმარტება მოსწერეს:

„შეგროვდა როგორც საკვები პროდუქტების სინჯები, აღებული იქნა ნიმუშები სამზარეულოს ინვენტარის ზედაპირებიდან, გარკვეული ტექპერსონალის ხელის ზედაპირებიდან შემდგომი კვლევისთვის.

ასევე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სამზარეულოს პერსონალიდან კონკრეტულ პირებს დაევალათ ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ნაწლავთა ინფექციების გამომწვევ პათოგენურ ფლორაზე. ამ დრომდე გამოკვლეულ არც ერთ სინჯში დარღვევები არ გამოვლენილა; ასევე არ გამოვლენილა რაიმე სახის ინფექცია გამოკვლეულ თანამშრომლებს შორის“.

სხვა დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხების მისაღებად გვითხრეს, რომ მივწეროთ ოფიციალური წერილი. გვაინტერესებდა, რომელი უწყება ანაზღაურებს ხარჯებს, რა თანხაა კვლევებისათვის გამოყოფილი, სულ რამდენ თანამშრომელს იკვლევენ.

ის ინფორმაცია, რომ კვლევების საფასური მოგვიანებით აუნაზღაურდებათ, ბაღის თანამშრომლებს სავარაუდოდ, არ აქვთ.

რადიო თავისუფლება რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის თანამშრომელსაც ესაუბრა. მათი თქმით, გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება მათ გეგმიურად, ყოველ წელს, ევალება.

ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ყოველწლიურად გადიან ტუბერკულოზზე შემოწმებას და უტარდებათ გულ-მკერდის რენტგენოლოგიური კვლევა.

კიდევ ერთი თანამშრომლის თქმით, მას კვლევებს უტარებენ, თუმცა ზუსტად არ იცის, კონკრეტულად რა დაავადებებზე.

ისინი ამბობენ, რომ გეგმიური სამედიცინო გამოკვლევების საფასურს თავად იხდიან.

ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების (№307/ნ) თანახმად, სკოლამდელი, სასწავლო და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები ყოველწლიურად გადიან შემდეგ კვლევებს:

„გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ტესტირება შიდსსა და ათაშანგზე. საჭიროების შემთხვევაში, თერაპევტი და დერმატოვენეროლოგი იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევის ჩატარების შესახებ“.

ადგენს თუ არა დანიშნული ბაქტერიოლოგიური კვლევა ნოროვირუსს?

„ეს არის ჩვეულებრივი ბაქტერიების კვლევა. ნოროვირუსთან კავშირში ეს კვლევები არ არის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მისი განმარტებით, ბაქტერიოლოგიური კვლევით ნაწლავური ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს ეძებენ. ნოროვირუსი კი ვირუსია და ამ მეთოდით მისი აღმოჩენა შეუძლებელია.

„შესაძლოა, ვერ ხვდებიან და ჰგონიათ, რომ ნოროვირუსიც ამოითესება, მაგრამ არ ამოითესება. ეს არის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ეს კვლევები ტარდება, როდესაც, მაგალითად, პაციენტს აქვს ფაღარათი და იკვლევ გამომწვევ ბაქტერიებს“, - ამბობს ის.

ინფექციონისტის თქმით, ნოროვირუსის გამოსავლენად ორი მეთოდი გამოიყენება - ანტიგენის კვლევა და PCR.

„ნოროვირუსზე მაშინვე უნდა გამოეკვლიათ“

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბაღებში ბავშვების ავადობის შემთხვევების გამოვლენისთანავე ეპიდემიოლოგიურ კვლევას არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ის ადამიანებიც უნდა მოეცვა, რომლებიც შესაძლოა ვირუსის გავრცელების საერთო რგოლი ყოფილიყვნენ.

„როგორც კი იწყება ნოროვირუსის აფეთქება, მაშინვე უნდა მოხდეს ნიმუშების აღება და სწორედ ამას ვითხოვდით ჩვენც - საწყობის ქსელების თანამშრომლები იქნებოდნენ თუ საბავშვო ბაღების, ეს ადამიანებიც უნდა ეკვლიათ“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი რადიო თავისუფლებასთან რამდენიმე დღის წინაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბაღებში ბავშვების თითქმის ერთდროულად ავადობის შემთხვევაში გამოსაკვლევი იყო შესაძლო საერთო რგოლი, მათ შორის საკვების მომზადების, დამუშავების, დაფასოებისა და მიწოდების პროცესში ჩართული ადამიანები.

ახლა კი, მისი თქმით, დაგვიანებით ჩატარებულ კვლევას ინფექციის პირველწყაროს გამოვლენის თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

„ზოგადად, გარკვეული თვალსაზრისით, ცუდი არ არის თუნდაც ამ ტიპის გამოკვლევის ჩატარება, მაგრამ არა ბაღის თანამშრომლების ხარჯზე. არ ვიცი, შესაძლოა, გარკვეულ ღონისძიებაში რომ ჩაეთვალოთ ეს კვლევები, ამას უფრო ჰგავს“, - ამბობს ინფექციონისტი.

რა ვიცით ამ დრომდე?

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის პირველი შემთხვევები 17 სექტემბრის საღამოს გამოვლინდა. მსგავსი სიმპტომებით, მათ შორის დიარეით, პირღებინებითა და ცხელებით, კლინიკებს 100-ზე მეტმა ბავშვმა მიმართა.

დაიწყო გამოძიება - ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მუხლით.

20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ლაბორატორიული კვლევების შედეგებით შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი „მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“, 22 სექტემბერს კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჩატარებული კვლევებით ნოროვირუსი დადასტურდა“. ცენტრს საჯაროდ არ დაუკონკრეტებია, რამდენი ბავშვის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და რამდენ მათგანში აღმოჩნდა ნოროვირუსი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევებით ამ დრომდე ინფექციის გავრცელების წყარო გამოვლენილი არ არის. უცნობია ასევე, ჩატარდა თუ არა ეპიდემიოლოგიური მოკვლევის საწყის ეტაპზე ბაღებისა და საკვების მიწოდების ჯაჭვში ჩართული თანამშრომლების კვლევა უშუალოდ ნოროვირუსზე.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG