უცნობია ისიც, რამდენი ბავშვის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს ნოროვირუსზე და რამდენ მათგანში დადასტურდა ვირუსი.
საბოლოოდ, კლინიკებს სხვადასხვა სიმპტომით, მათ შორის, დიარეით, ცხელებითა და პირღებინებით, საბავშვო ბაღების 100-ზე მეტმა აღსაზრდელმა, 17 სექტემბრის საღამოდან მიმართა.
მომდევნო დღიდან, სხვადასხვა უწყებამ ოფიციალური განცხადებების გავრცელება დაიწყო. მათ შორის, ყველაზე ბოლო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იყო.
დაიწყო გამოძიებაც - ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მუხლით.
“ჩემს შვილს სიმპტომები 18 სექტემბერს, დილით დაეწყო. უკვე ვიცოდი, რომ მის ჯგუფელებსაც ჰქონდათ პირღებინება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი კლინიკაში მიგვეყვანა. მხოლოდ დაკვირვებისთვის დავრჩით რამდენიმე საათი და გამოგვიშვეს, შესაბამისი დანიშნულებით.
რამდენიმე დღის წინ თქვეს, ნოროვირუსი იყოო. ჩემს შვილს რაიმე კონკრეტული კვლევა არ ჩასტარებია, ამიტომ არ ვიცი, რა იყო, ნოროვირუსი თუ სხვა რამ. ოჯახის სხვა წევრებს არ გვქონია სიმპტომები. ადვილად გადადის ნოროვირუსიო, ჩვენ არ გადაგვდებია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა ქალი. ბავშვის ბაღში წაყვანას ორშაბათიდან გეგმავს.
ქრონოლოგია - რას ამბობდნენ ოფიციალური უწყებები და როდის გაჩნდა ნოროვირუსის ვერსია
ოფიციალური უწყებების განცხადებები ეტაპობრივად იცვლებოდა. თავდაპირველად საუბარი იყო საკვებით სავარაუდო ინტოქსიკაციაზე.
20 სექტემბერს, ბავშვების ავადობის დაწყებიდან მეოთხე დღეს, პირველი განცხადება გაავრცელა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა.
პირველ განცხადებაში ცენტრი წერდა, რომ შემთხვევათა „ძირითადი უმრავლესობის“ გამომწვევი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. ორ დღეში - 22 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კიდევ ერთი და ამ დროისათვის, ბოლო განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ “ჩატარებული კვლევებით ნოროვირუსი დადასტურდა”.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავის განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, რამდენი ბავშვის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, რამდენ მათგანში დადასტურდა ნოროვირუსი და არსებობდა თუ არა სხვადასხვა ბაღში დაავადებულ ბავშვებს შორის საერთო ეპიდემიოლოგიური კავშირი.
ასევე არ იყო დასახელებული ვირუსის გავრცელების პირველწყარო.
25 სექტემბრის მონაცემებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ აგრძელებს საკვებისა და სასმელი წყლის ასობით ნიმუშის კვლევას.
ნოროვირუსი არის მარტივად გადამდები ვირუსი, რომელიც მწვავე გასტროენტერიტს იწვევს. მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი, ზოგჯერ - სიცხეც. ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული ხელებისა და ზედაპირების საშუალებით, ასევე ვირუსით დაბინძურებული საკვებისა და წყლის მიღებით.
პირველი ვერსია - ინტოქსიკაცია საკვებით და ბაქტერიული ინფექცია
ბავშვების მასობრივი ავადობის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა.
იმ დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა და მათ ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და გამომძიებლები მუშაობდნენ ოთხ ბაღსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. პროცესში ჩართული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოც.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“, - ეწერა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
იმავე დღეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან კი დროებით ამოიღეს რძის ნაწარმი. ბაღების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რძის პროდუქტების დროებით ამოღება არ ნიშნავდა იმას, რომ კვლევებით მასში რაიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტოს განმარტებით, ეს იყო ერთგვარი პრევენციული ღონისძიება, „სანამ ყველა კვლევის პასუხი არ გახდება ცნობილი“.
სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათიდან, 28 სექტემბრიდან ყველა საბავშვო ბაღში აღდგება სწავლა და დაბრუნდება "ჩვეული მენიუ".
სურსათის სააგენტო - აღებულია 694 ნიმუში
22 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მოკვლევის ფარგლებში უკვე შემოწმებული იყო 70 ობიექტი - მათ შორის თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი.
22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სურსათისა და სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო 502 ნიმუში.
ეს მონაცემები 25 სექტემბერს სააგენტომ განაახლა და განაცხადა, რომ კვლევებისათვის აღებულია 694 ნიმუში და ამ დროისთვის შესწავლილი 129 ნიმუშიდან, არცერთში დადასტურდა სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების დარღვევა:
„ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული".
სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული შემოწმება ტარდევა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
"ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა".
მერის მოადგილე: „ვირუსი ბაღებში გარედან არის შესული“
„ფაქტია, რომ ეს ვირუსი [ნოროვირუსი] საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ჩვენც ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება“, - განაცხადა 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ.
მისი თქმით, ნოროვირუსის შემთხვევები მხოლოდ საჯარო ბაღების აღსაზრდელებში არ ყოფილა.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, მათ შორის აღმზრდელიც [...] მოსახლეობის სხვა ჯგუფების მხრიდანაც არის კლინიკებში მიმართვა“, - თქვა მერის მოადგილემ.
თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რას ეფუძნება დასკვნა, რომ ვირუსი ბაღებში „გარედან არის შესული“ და გამოვლენილია თუ არა კონკრეტული საერთო წყარო, რომლითაც ინფექცია სხვადასხვა ბაღში მოხვდა.
“შეუსაბამო განცხადებები და უპასუხო კითხვები გვაქვს” - ინფექციონისტი
ეპიდემიოლოგი და ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის მიზეზი ნოროვირუსი იყოს, თუმცა ამბობს, რომ საჯაროდ ცნობილი მონაცემები ჯერჯერობით ვერ პასუხობს ორ მთავარ კითხვას - რა ლაბორატორიული მტკიცებულებებით დადასტურდა ნოროვირუსი და, თუ ის მართლაც იყო აფეთქების მიზეზი, როგორ გავრცელდა ვირუსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საბავშვო ბაღებში.
როგორც მაია ბუწაშვილი გვიხსნის, ნოროვირუსს ახასიათებს მასშტაბური აფეთქებები, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნებოდა პაციენტების თანდათანობითი მატება - მაგალითად, ერთ ბაღში ან სკოლაში ერთ დღეს რამდენიმე შემთხვევა, მომდევნო დღეებში კი ახალი შემთხვევები და ა.შ.
თბილისში განვითარებულ მოვლენებში მისთვის ერთ-ერთი მთავარი შეუსაბამობა სწორედ შემთხვევების თითქმის ერთდროული გამოვლენაა.
„ერთ დღეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა უცებ ათეულობით ბავშვს. აი, ეს არის, რაც ლაპარაკობს ნოროვირუსის წინააღმდეგ [...] ადამიანიდან ადამიანზე გადაცემული ინფექცია ერთმანეთისგან იზოლირებულ საბავშვო ბაღებში ვერანაირად ვერ ჯდება ვერცერთ ეპიდემიოლოგიურ მექანიზმში“, - ეუბნება მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, ერთმანეთთან კავშირის არმქონე ბაღებში თითქმის ერთდროულად გამოვლენილი შემთხვევებისას უნდა არსებობდეს სხვა, საერთო რგოლი.
მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რამდენი კლინიკური შემთხვევა გამოვლინდა, რამდენი პაციენტი გამოიკვლიეს, რამდენი ნიმუში იყო დადებითი, უარყოფითი ან საეჭვო.
„ასეთი განცხადება მშრალი, რომ ეს არის ნოროვირუსი, ყოვლად არასწორია. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ნიმუშის გამოკვლევა მოხდა და რამდენი იყო დადებითი, რომ შეგვექმნას მწყობრი შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნამდვილად ნოროვირუსთან დაკავშირებული აფეთქება“.
“21 პაციენტიდან 3 გამოვიკვლიეთ”
ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლინიკას სულ 21-მა პაციენტმა მიმართა. მათმა ნაწილმა საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვა.
მისი თქმით, ლუგარის კვლევით ცენტრში, ამ 21 პაციენტიდან მხოლოდ 3 პაციენტის ნიმუში გაიგზავნა და სამივე შემთხვევაში ნოროვირუსი დადასტურდა:
“ამ ეტაპზე, ყველა პაციენტი გაწერილია. მათი საშუალო დაყოვნება იყო 3-4 დღე. არცერთი ბავშვი არ იწვა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”.
ივანე ჩხაიძის თქმით, საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის შემდეგ, კლინიკაში ნოროვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართვიანობის ზრდა არ დაფიქსირებულა:
“მხოლოდ სტანდარტული მომართვიანობაა. ის, რომ მომატებული შემთხვევები იყოს, ნამდვილად არა. როგორც სეზონს შეეფერება ზოგადად, ასეთია მომართვიანობა. ვირუსული დიარეა არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამომწვევის დადგენა. ექიმის ვალდებულებაა, გაარკვიოს, დიარეა ვირუსულია თუ ბაქტერიული. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი აჟიოტაჟი და ინტერესი იყო, ამიტომ გაიგზავნა ლაბორატორიაში, თორე ამას არ გვავალდებულებს არცერთი პროტოკოლი”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
“მაშინ ეს დიდი ეპიდაფეთქებაა”
მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თუკი ბავშვების ავადობა ნამდვილად ნოროვირუსს უკავშირდება, მაშინ საუბარია დიდი მასშტაბის ეპიდაფეთქებაზე. მისი თქმით, 50-60 ნოროვირუსული შემთხვევაც კი შეიძლება მნიშვნელოვან აფეთქებად ჩაითვალოს, აქ კი მხოლოდ ერთ დღეში, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზეა საუბარი:
“ამ შემთხვევაში, ეპიდკვლევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მონაცემები ეტაპობრივად და დეტალურად უნდა ქვეყნდებოდეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხოლოდ ერთი და ზოგადი განცხადებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
თუკი მართლაც, პაციენტის ნიმუშების დიდ ნაწილში აღმოჩნდა ნოროვირუსი და ჩავთვალეთ, რომ ნოროვირუსია, მაშინ მინიმალური განმარტება სჭირდება ამ მექანიზმს - როგორ მოხვდა ერთმანეთისგან იზოლირებულ ბაღებში ეს ვირუსი“.
ასეთ დროს, უნდა ხდებოდეს ქსელის, ყველა თანამშრომლის ტესტირება. დატესტეს თუ არა ნოროვირუსზე ასეთი თანამშრომლები, უცნობია
საერთო წყაროს ძიებაში
ერთ-ერთი შესაძლო ახსნა იმისა, თუ, სავარაუდოდ, როგორ მოხვდა ნოროვირუსი ერმანეთისგან კილომეტრებით დაშორებულ ბაღებში, ინფექციონისტისა და ეპიდემიოლოგის თქმით, საკვები ან საკვების მომზადების, დამუშავებისა თუ დაფასოების საერთო რგოლია.
“თუ სხვადასხვა ბაღისთვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტი ერთსა და იმავე ადგილას იფუთებოდა ან მუშავდებოდა და ამ პროცესში მონაწილეობდა ნოროვირუსით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის, უსიმპტომო ინფიცირებული, რომელსაც სათანადოდ არ ჰქონდა დაცული ხელების ჰიგიენა, შესაძლებელია პროდუქტის მთელი პარტია ვირუსით დაბინძურებულიყო. ეს წარმოუდგენელი სცენარი არ არის, ცოტა ნაკლებ რეალისტური, მაგრამ შესაძლებელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ბუწაშვილი.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროდუქტებს, რომლებიც შესაძლო დაბინძურების შემდეგ თერმულად აღარ მუშავდება:
“მაგალითად, ყველს, ხილს, ბოსტნეულს ან ცენტრალიზებულად დაფასოებულ სხვა საკვებს. თუკი პროდუქტი დაბინძურების შემდეგ სათანადოდ თერმულად მუშავდება, ინფიცირების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება”.
ეპიდემიოლოგს აინტერესებს, ჰყავთ თუ არა დაზარალებულ ბაღებს საერთო მიმწოდებელი. იღებენ თუ არა ისინი ერთი და იმავე პროდუქტს, მიეწოდება თუ არა მათ პროდუქტის საერთო პარტია ან აქვთ თუ არა საკვების დამუშავებისა თუ დაფასოების საერთო სივრცე.
მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ საკვებში ნოროვირუსის აღმოჩენა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაში შეიძლება ვირუსი კონკრეტულ ნიმუშში ვერ „დაიჭირონ“. ამიტომ ეპიდკვლევისას მნიშვნელოვანია საკვების მომზადების, დაფასოებისა და მიწოდების ჯაჭვში ჩართული ადამიანების გამოკვლევაც:
„ასეთ დროს, უნდა ხდებოდეს ქსელის, ყველა თანამშრომლის ტესტირება და როგორც წესი, ასეც ხდება ხოლმე. დატესტეს თუ არა ნოროვირუსზე ასეთი თანამშრომლები, უცნობია“.
მისი თქმით, პარალელურად დეტალურად უნდა შეისწავლონ ტექნოლოგიური პროცესიც - ვინ ეხებოდა პროდუქტს, როგორ იყო დაცული ხელების ჰიგიენა, იყენებდნენ თუ არა ხელთათმანებს და შეიძლებოდა თუ არა პროდუქტის დაბინძურება რომელიმე ეტაპზე.
17 სექტემბერს, როცა შეიძლება ინტოქსიკაციის შემთხვევა მომხდარიყო, თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში იყო რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ პროდუქტებს თბილისის საბავშვო ბაღებს ერთი და იგივე კომპანიები აწვდიან.
ი.მ. მანანა ღვინცაძე საბავშვო-ბაღებს აწვდის რძის პროდუქტებს: რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ საბავშვო ბაღებს უნდა მიაწოდოს ბელარუსული რძე და საქართველოში წარმოებული სხვა რძის პროდუქტები;
შპს „მითარეა“: ხორცი. ტენდერის მიხედვით, „ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი, გაცივებული, ძვალგამოცლილი“;
შპს „ინ“-ი: ხილ-ბოსტნეული, კარაქი, პური, ბურღულეული, ქათამი - ტენდერის მიხედვით, ნაღების კარაქი და რძის ფხვნილი უნდა იყოს ირანული და ბელარუსული წარმოების, ქათამი [ჯერ არ შეუტანიათ] კი - ქართული.
100-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული [...] ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი ტალღა უნდა გვქონდეს უკვე მათი კონტაქტების, ოჯახის წევრების
სად არიან ნოროვირუსით ინფიცირებული ბავშვების ოჯახის წევრები და სხვა კონტაქტები?
ნოროვირუსი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გადამდები ინფექციაა. მაია ბუწაშვილის თქმით, თუკი 100-ზე მეტი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად საყურადღებო იყო, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ამ პაციენტების უკან გაცილებით მეტი შემთხვევა უნდა ყოფილიყო.
უხეში გათვლებით, მისი თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს კიდევ რამდენიმე ასეულ ადამიანზე:
“შესაბამისად, კვლევა მხოლოდ ჰოსპიტალიზებულებით არ უნდა შემოფარგლულიყო - შესწავლილნი უნდა ყოფილიყვნენ მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები, უსიმპტომო ინფიცირებულები და კონტაქტებიც.
100-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული [...] ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი ტალღა უნდა გვქონდეს უკვე მათი კონტაქტების, ოჯახის წევრების. ძალიან ადვილად გადამდები ვირუსია. ამაზეც არაფერი არ ვიცით“.
ზოგიერთი პაციენტის მშობელი მედიასთან საუბრობდა, რომ სიმპტომები გამოუვლინდათ ოჯახის სხვა წევრებსაც, თუმცა, მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ნოროვირუსის გავრცელების მასშტაბის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ისმის:
„თბილისი ისეთი პატარაა, რომ ამ რაოდენობის პაციენტების შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევები და მასშტაბი გაცილებით დიდი იქნებოდა და ამის შესახებ ინფექციონისტებსა და ეპიდემიოლოგებს ინფორმაცია აუცილებლად გვექნებოდა. რაც, ამ ეტაპზე, არ ჩანს”.
მისი თქმით, ნოროვირუსი მხოლოდ ბავშვების ინფექცია არ არის. ის ადვილად ვრცელდება ორგანიზებულ დაწესებულებებში და ინფიცირებულ ბავშვებთან კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედოს, მათ შორის ხანდაზმულებსაც.
როგორც კი ნოროვირუსთან დაკავშირებული კითხვების დასმა იწყება, პასუხი აღარ არის
ეპიდემიოლოგის ერთ-ერთი ვარაუდი - საკვებით გამოწვეული ტოქსიკოინფექცია
მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბავშვების მასობრივი ავადობის შესახებ პირველი ინფორმაციის მიღებისას, მისი თავდაპირველი ვარაუდი საკვებით გამოწვეული ტოქსიკოინფექცია იყო:
“ამ შემთხვევაში, ბაქტერია საკვებში წინასწარ ხვდება და ტოქსინს გამოიმუშავებს, ადამიანი კი საკვებთან ერთად უკვე მზა ტოქსინს იღებს. შედეგად, სიმპტომები, განსაკუთრებით ღებინება, შესაძლოა სწრაფად და ერთდროულად ბევრ ადამიანს დაეწყოს. თუ რამდენიმე საათში ბევრ ადამიანს ერთდროულად ეწყება ღებინება, ეს უკვე ტოქსინს ჰგავს“.
თუმცა მაია ბუწაშვილის თქმით, ამ ვერსიის შეფასებასაც მონაცემების ნაკლებობა ართულებს:
„სიმპტომები დასაჯგუფებელია - რამდენი მიდიოდა ცხელებით, რამდენი ღებინებით და ასე შემდეგ, ამიტომ ძნელია შეფასება“.
საკვებით გამოწვეულ ტოქსიკოინფექციას ის არც ახლა გამორიცხავს:
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ვერ გამოირიცხება. უბრალოდ გვიმტკიცებენ, რომ ეს ნოროვირუსია, მაგრამ როგორც კი ნოროვირუსთან დაკავშირებული კითხვების დასმა იწყება, პასუხი აღარ არის“.
მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ მისთვის, როგორც სპეციალისტისთვის, მნიშვნელოვანია ეპიდაფეთქების მექანიზმის გარკვევაა: „მე თვითმიზანი კი არ მაქვს, რომ ვინმე დავადანაშაულო, მართლა მაინტერესებს, ჩემი სპეციალობაა, ბევრი მეკითხება და მინდა ვიცოდე სიმართლე“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები
ოფიციალური განცხადებების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ავადობის პირველ დღეებში, შესაძლო მიზეზად საკვებთან დაკავშირებული ბაქტერიული ინფექციაც განიხილებოდა. თუმცა, NCDC-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ კვლევების შედეგად ნოროვირუსი დადასტურდა.
დღეის მდგომარეობით, კვლავაც უცნობია ინფექციის პირველწყარო. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, 22 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ამბობდა, რომ კვლევები გრძელდება იმის დასადგენად, „როგორ და საიდან გავრცელდა“ ვირუსი.
რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს კითხვებით მიმართა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ მათ “უკვე გაავრცელეს განცხადება” და ჩვენს დამატებით კითხვებს აღარ უპასუხებენ.
უპასუხოდ დატოვა რადიო თავისუფლების კითხვები სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.
ჩვენ გვაინტერესებდა:
- რამდენი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშის კვლევით დადასტურდა ნოროვირუსი;
- დადგენილია თუ არა ინფექციის გავრცელების წყარო და რა აკავშირებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბაღებში გამოვლენილ შემთხვევებს;
- გამოიკვლიეს თუ არა საკვებისა და წყლის ნიმუშები უშუალოდ ნოროვირუსზე, თუ კვლევა მხოლოდ სურსათის უვნებლობის სხვა მაჩვენებლებს შეეხებოდა;
- გამოიკვლიეს თუ არა საკვების მიწოდების ჯაჭვში ჩართული თანამშრომლები;
- დაფიქსირდა თუ არა ნოროვირუსის შემთხვევები დაავადებული ბავშვების ოჯახის წევრებსა და სხვა კონტაქტებში;
- გრძელდება თუ არა ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონკრეტულად რა საკითხების დადგენას ცდილობენ ამ ეტაპზე;
- თუ საკვები ინფექციის გავრცელების შესაძლო წყაროდ აღარ განიხილება, კონკრეტულად რომელი კვლევების შედეგებით გამოირიცხა ეს ვერსია.
ფორუმი