Accessibility links

ბელარუსიული მონაგარი - უხვმოსავლიანი ევროპული თამაშები


„უკეთ, ვიდრე ბაქოში“ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეს დევიზი და მიზანი ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში 21-30 ივნისს გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ძალიან ადვილად შეასრულეს.

ევროპის ოლიმპიადად წოდებული ფორუმის ისტორია 2015 წელს დაიწყო, აზერბაიჯანის დედაქალაქში. მაშინ შეჯიბრებაში საქართველო 105 სპორტსმენით ჩაება და 16 მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქროსი. წლეულს კი, ბელარუსიაში ათდღიან თამაშებზე, უკვე სამი დღის შემდეგ გაუმჯობესდა ოთხი წლის წინანდელი მიღწევა, ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც.

მთავარი გმირები

საქართველოს დელეგაციაში სრული გუნდებით იყვნენ წარმოდგენილნი საჭიდაო სახეობები: სამბო, ძიუდო და ჭიდაობა. ცხადია, მთავარი იმედები სწორედ მათზე მყარდებოდა.

გამორჩეულად ამ სამი სახეობიდან სამბომ იყოჩაღა. ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდის დამსახურებაა, რომ საქართველომ საბოლოოდ, ყველა სახეობის შედეგების გათვალისწინებით, საერთო გუნდურ ჩათვლაშო 50 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

მინსკის ხალიჩაზე სამბისტებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო ლევან ნახუცრიშვილისა და ბექა ბერძენიშვილის ფინალები. ნახუცრიშვილი უმაღლეს ტიტულს მსოფლიოს ჩემპიონის - უძლიერესი რუსი მეტოქის ძლევით დაეუფლა. ბერძენიშვილმა კი მასპინძელთა ჯილა იური რიბაკი, მსაჯები და ტრიბუნები ერთად დაამარცხა.

ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონით კატეგორიაში, რიბაკი უმთავრეს ფავორიტად სახელდებოდა. ბელარუსებს მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ჩემპიონილეგენდარულ მოჭიდავეს - ალექსანდრ მედვედს უნდა დაეჯილდოვებინა. ბერძენიშვილმა რიბაკს 8:0 მოუგო და ტელერეპორტაჟის რეჟისორებმა ყურადღება უმალ მედვედის გაოგნებულ და იმედგაცრუებულ მზერაზე გაამახვილეს.

სამბისტებმა მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად დაიკავეს პირველი ადგილი. ასევე პირველი ადგილით დააგვირგვინა მეორე ოლიმპიური თამაშები ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმაც.

ძიუდოს მძიმე წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გურამ თუშიშვილი ავიდა. ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ინალ ტასოევთან ვაზარით ჩამორჩა და უმალვე შეუსრულა მეტოქეს ეფექტური სუფთა გდება.

დიდი სიურპრიზი იყო ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძისა და მისი ვაჟის - ცოტნე მაჭავარიანის მიერ შერეულ წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლის მოპოვება. ეს მათ 50-მეტრიან დისტანციაზე შეძლეს, სადაც თითქმის არავინ ელოდა მათგან წარმატებას. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს ამ სახეობაში მოსამზადებელი ტირი. არც აღჭურვილობა აქვთ და ის იარაღიც, რომლითაც მინსკში ბრინჯაო მოიპოვეს, ზედ შეჯიბრების წინ შეურემონტა სალუქვაძეს ერთ-ერთი კონკურენტი ნაკრების წარმომადგენელმა.

იმედგაცრუება

სპორტის საჭიდაო სახეობებმა ევროპულ თამაშებზე ქვეყანას 25 მედალი მოუტანა. აქედან 7 თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზეა, მაგრამ სამბისტებისა და ძიუდოისტებისგან განსხვავებით, მოჭიდავეების შედეგს საამაყოს ვერ დავარქმევთ, რადგან მათ მინსკში საქართველოს ჰიმნის აჟღერება ერთხელაც ვერ შეძლეს. ორივე სტილის ნაკრებიდან ორ-ორი წევრი გავიდა ფინალში, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა ოთხივემ წააგო.

მსაჯობა

სპორტის მოყვარულებისთვის კარგად ცნობილი სიტუციაა - სადაც ჭიდაობაა, არაობიექტური მსაჯებობის შემთხვევებიც იქვეა და საქართველოს ნაკრების ოქროს მედლის გარეშე დარჩენის ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეიძლება დასახელდეს. თუნდაც ბერძნულ-რომაულის 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი და შმაგი ბოლქვაძის საკამათო გაფრთხილებით წაგებული შეხვედრა რუსეთის ნაკრების წევრ ზაურ კაბალოევთან. ასევე ბერძენ-რომაელი რევაზ ნადარეიშვილის მარცხი მსაჯებთან და მომავალ ჩემპიონთან - სომეხ არტურ ალექსანიანთან.

მოკრივე ნიკოლოზ ბეგაძეს (91 კგ) მეოთხედფინალში ბელარუსიელ ულადისლაუ შიალიკაუსთან წაგება გამოუცხადეს შეხვედრაში, რომელშიც ულაპარაკოდ მოგება ეკუთვნოდა.

უიღბლობა

ცხადია იყო შემთხვევებიც, როდესაც წარუმატებლობის მიზეზი უიღბლობა გახდა. სამბისტმა ნინო ოძელაშვილმა ფინალში, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მიიღო ხელის ტრავმა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. არადა იმ მომენტამდე ოძელაშვილი დამაჯერებლად იგებდა და რომ არა უიღბლობა, ჩემპიონონის ტიტულს ხელიდან არ გაუშვებდა.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალურ გაცურვაში საუკეთესო დროით შევიდა, მაგრამ წინასაშეჯიბრო ვარჯიშისას მიღებული მუცლის ტრავმა ისე აწუხებდა, ტკივილგამაყუჩებელიც ვერ შველოდა. ამ დისკომფორტს ზედ ფინალის წინ ამოვარდნილი ძლიერი ქარიც დაემატა, რომელიც ისეთი მიმართულებით უბერავდა, ზაზას და სხვა მემარჯვენე ნიჩბოსნებს ხელს უშლიდა, მემარცხენეებს კი პირიქით, ეხმარებოდა. საბოლოოდ ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა.

საორგანიზაციო ხარვეზები

მინსკი 2019-მა გახსნისა და დახურვის ცერემონიებით, უშუალოდ შეჯიბრებებისა და შეჯიბრებებს მიღმა საორგანიზაციო დეტალების გათვალისწინებით ბევრი კრიტიკა დაიმსახურა და არც თუ უსაფუძვლოდ.

ორგანიზატორებმა ვიდეორეპორტაჟების მყიდველთა მოთხოვნები ვერაფრით დააკმაყოფილეს. სატელივიზიო სიგნალები ყველა სახეობიდან ლიმიტირებულად ვრცელდებოდა. მაგალითად, ჭიდაობის შეჯიბრებაზე, სამი ხალიჩიდან მხოლოდ ერთიდან აწარმოებდნენ ტრანსლაციას და ისიც არასრული დატვირთვით. დანარჩენ ორ ხალიჩაზე კი არათუ ვიდეოგადაღება, არამედ ლაივ სტრიმიც არ არსებობდა და მობილური ტელეფონით გადაღებაც კი მკაცრად კონტროლდებოდა.

ჟურნალისტებისთვის დიდი პრობლემა იყო ამა თუ იმ სახეობის ობიექტებს შორის გადაადგილება. ბაქო 2015-ზე ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად იყო. საკმარისი იყო, თუნდაც ერთი მსურველი გამოჩენილიყო, ნებისმიერ ობიექტზე წასასვლელად მხოლოდ მისთვის იძახებდნენ ტრანსპორტს. მინსკში კი თავაზიანად მიგითითებდნენ მეტროსადგურისკენ.

ქართული სკანდალი

ბაქო 2015-ის მსგავსად, ქართველებმა მინსკშიც გამოვიჩინეთ თავი ინციდენტით. ოთხი წლის წინ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ზედ ხალიჩაზე წამოეგო პროვოკაციაზე და მეტოქესთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაება.

ამჯერად კი... ქართველები ერთმანეთს დაერივნენ. ჯერ კიდევ ოლიმპიურ სოფელში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ერთ-ერთმა მწვრთნელმა იჩხუბეს და გავრცელებული ხმების მიხედვით, საქმეში სამართალდამცავების ჩარევაც გახდა საჭირო. ბაქოდან გამოფრენის შემდეგ ძიუდოისტებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - თვითმფრინავში. სხვა მწვრთნელსა და სხვა სპორტსმენს შორის.

მეორე ევროპულ თამაშებზე სულ 61-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ქართულმა დელეგაციამ 30 მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. საერთო ჩათვლაში საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავეს 50 ქვეყანას შორის.

2023 წლის ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს.

საქართველოს მედლები მინსკი 2019-ზე

სამბო

ვახტანგ ჩიდრაშვილი - ოქრო

ბექა ბერძენიშვილი - ოქრო

ლევან ნახუცრიშვილი - ოქრო

დავით ლორიაშვილი - ოქრო

მინდია ლილუაშვილი - ვერცხლი

ნინო ოძელაშვილი - ვერცხლი

ელენე ქებაძე - ვერცხლი

გივი ნადარეიშვილი - ბრინჯაო

გეგა ჩირგაძე - ბრინჯაო

პაატა ღვინიაშვილი - ბრინჯაო

ბექა ბერულავა - ბრინჯაო

ძიუდო

ლუხუმ ჩხვიმიანი - ოქრო

გურამ თუშიშვილი - ოქრო

ვარლამ ლიპარტელიანი - ვერცხლი

ამირან პაპინაშვილი - ბრინჯაო

ვაჟა მარგველაშვილი - ბრინჯაო

ბაგრატ ნინიაშვილი - ბრინჯაო

ლუკა მაისურაძე - ბრინჯაო

ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი - ბრინჯაო

ბატუტზე ხტომა

ლუბა გოლოვინა - ვერცხლი

თავისუფალი ჭიდაობა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ვერცხლი

გივი მაჭარაშვილი - ვერცხლი

ავთანდილ კენჭაძე - ბრინჯაო

ელიზბარ ოდიკაძე - ბრინჯაო

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

შმაგი ბოლქვაძე - ვერცხლი

იაკობ ქაჯაია - ვერცხლი

დათო ჩხარტიშვილი - ბრინჯაო

კრივი

სახილ ალახვერდოვი - ვერცხლი

ოთარ ერანოსიანი - ბრინჯაო

კარატე

გოგიტა არქანია - ბრინჯაო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG