Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ


ოქსფორდში ინგლისისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებების ერთობლივი საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს. ბორჯღალოსნები მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან ერთად სავარჯიშოდ ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის ედი ჯოუნსის ინიციატივით ჩავიდნენ, ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ.

საქართველოს ნაკრების თავკაცის მილტონ ჰეიგის განცხადებით, მის შეგირდებს უმაღლესი რანგის ნაკრებებთან თამაშისა და თუნდაც ვარჯიშის გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ მიზეზთა გამო, ამას იშვიათად ახერხებენ.

ბორჯღალოსნების ინგლისურ შეკრებას ბრიტანეთის გამოცემა The Telegraph-იც გამოეხმაურა, ქართული რაგბისადმი მიძღვნილი ვრცელი სტატიით, რომელშიც საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელ გრემ როუნთრის კომენტარიცაა. ეს სპეციალისტი 2015 წლამდე ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. როუნთრი ყველაზე მეტად ქართველების ღონიერებამ გააოცა. აი რას ამბობს მწვრთნელი:

„ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ქართველ მორაგბეები 70-კილოგრამიანი გირებით, ერთი ხელით ვარჯიშობენ. სასწაულ წონებს ეჭიდებიან და მათი ძალა მოედანზეც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“.

ბორჯღალოსნები 1 მარტს ოქსფორდიდან ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც 2 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG