ფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბარამ, “კინობიენალეს” დაწყების წინ ბოდიში მოუხადა კინოს მოყვარულებს და დირექციის ეს გადაწყვეტილება “საორგანიზაციო განრიგის შეუსაბამობით” ახსნა. ჟიურის პრესკონფერენცია ოდნავ შეცვლილი, “შემოკლებული” ფორმატით მაინც ჩატარდა. წლევანდელ “მსაჯულთა” პრეზიდენტმა, ფემინისტმა მსახიობმა მეგი ჯილენჰოლმა მწვავედ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ 21 საკონკურსო ფილმიდან მხოლოდ 2-ია ქალის გადაღებული. თუმცა არც ფესტივალის დირექტორმა და არც ჟიურის თავმჯდომარემ არ შეიმჩნიეს ღია წერილი არტისტებისა, რომლებიც ფესტივალისგან ითხოვდნენ, რომ სხვა ქვეყნების გვერდით პალესტინის დროშაც აღმართულიყო. მითუმეტეს, რომ წლევანდელ პროგრამებში 2 პალესტინური ფილმია წარმოდგენილი.
ვენეციის ეს კინოფესტივალი მეათეა ჩემთვის. ვფიქრობ, ყველაზე უფრო პოლიტიზირებული, ყველაზე დაძაბული.. ალბათ, იმის ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, კინოს ყველაზე სნობი, მე ვიტყოდი “ულტრაესთეტი” მოყვარულიც კი, პოპულარული ავტორებისგან მკაფიო სამოქალაქო პოზიციას მოელის. პრესკონფერეციების გაუქმებას, მწვავე კითხვებისგან გაქცევას დღეს არავის აპატიებენ. ზუსტად ამის შესახებ ისაუბრა ჯორჯ კლუნიმ ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც მას აქ საპატიო “ოქროს ლომი” გადასაცეს კინოს გაწეული ღვაწლისთვის:
„პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები გაჩუმებას აიძულებდნენ, პოლიტიკოსები კი არ იყვნენ. ეს იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს სვამენ. ეს იყვნენ ხელოვანები, რომლებიც მარტივ პასუხებზე უარს ამბობენ. ესენი არიან რეჟისორები, მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები, რომლებიც გვახსენებენ, რომ ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხართ, თქვენი თანაგრძნობის ღირსია”
ამ სიტყვებით ჰოლივუდის ვარსკვლავმა თითქოს ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის პროგრამაც შეაჯამა. ყოველ შემთხვევაში ფესტივალის პირველი 3 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წლევანდელი პროგრამის ძირითადი ტონი გამოკვეთილიყო - ფილმები, რომლებიც აქამდე ვნახე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვევდებიან, თუმცა მათ შორის ერთი საერთო განწყობა იგრძნობა - ყველა ავტორი ცდილობს გაიაზროს რა ხდება დღეს მსოფლიოში. მაშინაც კი, როდესაც გასული საუკუნის ამბებს აღადგენს და მიმართავს ერთი შეხედვით პოლიტიკისგან დაცლილ ისტორიებს. ერთადერთი ფილმი, რომელიც პრინციპულად “ამოვარდნილია” საერთო ტენდენციიდან და თითქოს განზრახ ემიჯნება ჩვენს ყოველდღიურ “ამაოებას” არის კონკურსში ჩართული კლასიკოსის, ვერნერ ჰერცოგის “BUCKING FASTARD” . თუმცა ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში გადახდათ ტყუპ დებს, გრეტა და ფრედა ჩაპლინებს. დები იმედენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ერთხმად ლაპარაკობენ, ერთი და იგივე სიზმრები აქვთ და ერთი კაცი უყვარდებათ.
ჰერცოგი ამბობს, რომ ეს ფილმი ასრულებს მის „საოპერო ტრილოგიას“, რომელშიც შედის „ფიცკერალდო“ და „გრიზლი-ადამიანი“. მას აქაც აინტერესებს „აუტსაიდერები“, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიურობის და სოციალური ნორმების საზღვრების გარღვევას.
საინტერსოა, რომ ფილმი დაიწუნა კანის წლევანდელმა ფესტივალმა კონკურსისთვის და ჰერცოგს კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართვა შესთავაზა, მაგრამ რეჟისორმა ამაზე უარი განაცხადა. როგორც წესი, ასეთი სახის უარი დიდი ფესტივალის შემრჩევი კომისიისგან, მნიშვნელოვნად მოქმედებს ფილმის რეპუტაციაზე. მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. გავიხსენოთ, რომ ჯიმ ჯარმუშის ფილმი „მამა, დედა და და-ძმა“, რომელიც კანის ფესტივალის დირექციამ ასევე დაიწუნა, შარშან, ვენეციის ფესტივალის „ოქროს ლომით“ აღინიშნა.
სამწუხაროდ, მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის ახალ სურათს გამონაკლისად ვერ მივიჩნევთ. ჰერცოგის მშრალი რეჟისურა (განუწყვეტელი პანორმაული კადრებით), ფილმის არათანაბარი დინამიკა და სიუჟეტური ხაზების მუდმივი წყვეტები, აგებულია უფრო დების „უცნაურობებზე“ („ეგზოტიკისთვის“ ადგილის ძებნა ამ სამყაროში, ჰერცოგის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა), რომლებიც შანსს არ უტოვებს მაყურებელს თანაგრძნობისთვის. ეს ტყუპი ქალები, რომლებიც ერთ ხმაში ლაპარაკობენ, არა ცოცხალ ადამიანებად, არამედ კლასიკოსის იდეების ილუსტრაციას ემსგავსებიან. ჰერცოგის მცდელობა, შეექმნა ლინჩისეული იდუმალი სამყარო (ფილმის პირველ ტიტრში ვერნერ ჰერცოგი გვეუბნება, რომ ამ ფილმს დევიდ ლინჩის ხსოვნას უძღვნის), ჩემი აზრით, ვერ შედგა და ფილმმა სრულიად დაკარგა გერმანელი კლასიკოსისთვის დამახასიათებელი ავთენტური ხელწერა.
ვფიქრობ, ესა თუ ის ავტორი მხოლოდ მისი დამსახურებისთვის და იმ ხელწერის გამო არ უნდა გვიყვარდეს, რომელიც მან დაამკვიდრა კინოში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელწერა უნდა იცვლებოდეს, ხელოვანი უნდა იცვლებოდეს და მუდმივად ეძებდეს ახალ ფორმებს , გამოხატვის ახალ საშულებებს. კინოში ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც არ უნდა აღმერთებდეს ავტორი „სხვა სამყაროს“, კინო მაინც ყველა ხელოვნებაზე მეტადაა გადაჯაჭვული რეალობასთან (ვენეციაში ელიან ფესტივალის მეორე ნახევრისთვის დაგეგმილ პრემიერას დოკუმენტური ფილმისა, რომელშიც სლავოი ჟიჟეკი კინოხელოვნების შესახებ საუბრობს). ამ მხრივ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ვენეციის წლევანდელი ფეტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართული ფილმი „მისტერ ნელსონ, თქვენ კლავდით ადამიანებს?“ - ომის დრამა, რომელიც გამოხატავს აფრო-ამერიკული ჯარისკაცის მორალურ ტრავმებს ვიეტნამის ომის შემდეგ..ფილმი აგებულია მემუარებზე ომის ვეტერანის, ალენ ნელსონისა, რომელიც მოგვიანებით იაპონიაში დასახლდა და ომის საწინააღმდეგო ლექციების კითხვა დაიწყო.
სინია ცუკამატო იაპონური კიბერპანკის და ბოდი-ჰორორის ჟანრის პიონერადაა მიჩნეული და იაპონური კინოს სამყაროს ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა, კვენტინ ტარანტინო აღმერთებს მის შავ-თეთრ ფილმს „ტეციო -რკინის კაცი“, რომელიც ადამიანის სხეულის და მეტალის სინთეზს, ურბანულ გაუცხოებას ასახავს.
ცუკამოტოს სტილი გამოირჩევა აგრესიული მონტაჟით და „ინდუსტრიული მუსიკით“ ...ის, რაც არის ცუკამატოს ახალ ფილმშიც, თუმცა იაპონელი ოსტატის პირველი ინგლისურენოვანი სურათი მაინც სხვა კინოა. განსხვავებით თუნდაც ჰერცოგისგან, ის არ ერიდება გამომწვევ მანიპულაციას, რათა მაყურებელმა მის გმირს თანაუგრძნოს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ სეანსის დროს ბევრმა ვერ გაუძლო ომის ამსახველ ნატურალისტურ სცენებს და დატოვა დარბაზი. „ძალიან ნაზი გულები აქვთ!“ - გავიფიქრე ჩემთვის და გამახსენდა დიდი ავტორები, რომლებიც „ტრაქტორივით ხნავდნენ მაყურებელის ტვინებს“ (ეიზენშტეინის ცნობილი გამოთქმაა), რაც, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, დიახაც, ხელოვანის შეიძლება სახიფათო, მაგრამ სწორი არჩევანია.
რა თქმა უნდა, ცუკამოტოს სტილის ცვლილება ფილმის შინაარსმაც განსაზღვრა. „მისტერ ნელსონი“ პირველ რიგში ჰოლივუდის კინოზე აღზრდილი მაყურებლისთვისაა განსაზღვრული. იაპონელმა რეჟისორმა ერთგვარად შეავსო ვენეციის წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში ამერიკული კინოს ნაკლებობით გაჩენილი სიცარიელე . მითუმეტეს, რომ კონკურსში წარმოდგენილი ერთადერთი ას პროცენტიანი ამერიკული ფილმი, ლენს ოპენჰაიმის „პრაიმ-ტაიმი“, ის კინო არაა, რომელმაც რაიმე მხატვრული სიახლით შეიძლება გაგვაკვირვოს. რობერტ პატინსონი აქ ანსახიერებს რეალურ ისტორიულ პერსონაჟს, კრის ჰანსენს, რომელიც პოპულარული გახადა „რეალითი-შოუმ“ „To Catch a Predator“. ამ სკანდალურ ტელეფორმატში ჟურნალისტები ფარული კამერებით “მახეს უგებდნენ” პედოფილებს და სექსუალურ მანიაკებს. ფილმი იკვლევს იმ სახიფათო ზღვარს, რომელიც გადის ჟურნალისტიკას, სამართალს და გასართობ შოუ-ბიზნესს შორის. შესაბამისად ავტორი (ეს მისი დებიუტია დიდ კინოში) სვამს კითხვას, სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკას და ლინჩის წესით გასამართლებას შორის, აიძულებს მაყურებელს (ისევ “ტრაქტორივით”) დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ უყვარს საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენის “შოუდ ქცევა”, რაც დღეს, “ტიკ-ტოკის” ეპოქაში, ალბათ, კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე 2000-იანი წლების ეპოქაში.
“პრაიმტაიმის” მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორის ეს ახალგაზრდა რეჟისორის ამ დებიუტს დიდ კინოში მე წარმატებულს მაინც ვერ ვუწოდებ. 2006-2008 წლების სატელევიზიო ესთეტიკის გაცოცხლება, კამერების მუდმივი ხილვადობით, მონიტორების კადრში დატოვებით, ხელოვნური დოკუმენტალიზმით, ფილმის მსვლელობის პროცესში სრულიად მექანიკურად აღიქმება, მთლიანად ფილმი თავად ვარდება იმ მახეში, რომელსაც აკრიტიკებს - რეალური ადამიანების ტრაგედიებისა და ეთიკურად საეჭვოსატელევიზიო მეთოდების პრაიმტაიმ-გასართობად ქცევაში. აღარაფერს ვამბობ სატელევიზიო სამყაროს ზედმეტ დემონიზაციაზე, რაც ამერიკულ ფილმს სწორხაზოვნებას ანიჭებს.
რობერტ პატინსონმა აღიარა, რომ როლზე მუშაობისას ქუჩაში დადიოდა, ჰენსენის ძველ პოდკასტებს უსმენდა და ხმამაღლა იმეორებდა მის ფრაზებს, რის გამოც გამვლელები შეშინებულები უყურებდნენ. პატინსონის თამაში კრიტიკოსებმა განსაკუთრებით დააფასეს, ბევრი ვენეციაში მას „ლომსაც“ უწინასწარმეტყველებს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მაგრამ ამ პრიზზე მას სერიოზული კონკურენტები ჰყავს ვენეციის ფესტივალის წლევანდელი ფავორიტების, ჯონ მალკოვიჩის და სემ როკველის სახით. ფილმს, რომელშიც მათ მთავარი როლები შეასრულეს, მარტინ მაკდონაჰის „9 ველურ ცხენს“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს კრიტიკოსთა გამოკითხვაში.
ირლანდიელი რეჟისორის ეს ფილმი “შავი კომედიაა” ტრილერის ელემენტებით. მოქმედება ვითარდება 1973 წლის ჩილეში, სამხედრო გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე. სიუჟეტის ცენტრში არიან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვეტერანი აგენტები ჩარლი (მალკოვიჩი) და ლი (როკველი), რომლებიც წლების განმავლობაში საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა მათ ე.წ “აღდგომის კუნძულზე” აგზავნიან. მაგრამ ოპერაციის წარმატებით შესრულების ნაცვლად აგენტებს ეგზისტენციალურ და ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობის სურვილი უჩნდებათ. მითუმეტეს, რომ მალკოვიჩის გმირს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ მას, როგორც მორწმუნე კაცს, მონანიების და მემუარების ჩაწერა უნდა. ეს მონანიება შეიძლება საშიში გახდეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის, რომელიც ლის ფაქტობრივად მალკოვიჩის გმირის ზედამხედველად მიავლინებს “აღდგომის კუძულზე”… ამ ორი ადამიანის გაუთავებელი კინკლაობა და ფილოსოფიური დიალოგები ეკრანიდან თვალის მოწყვეტის საშუალებას ერთი წამითაც არ იძლევა. ცხადია, ეს უპირველესად რეჟისორის დამსახურებაა - მაკდონაჰი “შავი იუმორის”, აბსურდული სიტუაციების, მელანქოლიის, დიალოგების ოსტატია, მაგრამ “9 ველური ცხენი| მაინც მსახიობების კინოა მალკოვიჩი-როკველი ისე თამაშობენ, თითქოს გადაღების პროცესში, კამერის წინ იღებენ გადაწყვეტილებას როგორ წარმართონ ფილმის მოქმედება - რა თქვან, რა გააკეთონ… უფრო მეტიც, როგორ წარმართონ ფილმის მოქმედება. თითქოს ყველაფერი, რაც კამერის წინ ხდება, აბსოლუტური იმპროვიზაცია იყოს.
მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე იქმნება პარალელები დღევანდელობასთან, მგონია, რომ მაკდონაჰის სტილისთვის დამახასიათებელი ცინიკური იუმორი ახლობელი და გასაგებია ყველასთვის, ვისაც გააზრებული აქვს, რომ ადამიანების, კაცობრიობის ისტორია - ესაა ძლიერის ძალაუფლება და ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა… ესაა უსამართლობა და უთანასწორობა, რომელსაც თუ ვერ ებრძვი, შეგიძლია დასცინო მაინც.
ვენეციის კინოფესტივალი, ისტორიაში პირველი ფესტივალი, რომელიც რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს იტალიელი ფაშისტების მმართველობის წლებში დაარსდა, ყოველთვის სუსტის მხარეს იყო. უბრალოდ წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სუსტი უფრო მეტადაა გაბრაზებული, ვიდრე სხვა წლებში. სავარაუდოდ, პროგრამის შინაარსი არც ფესტივალის მეორე ნახევარში უნდა შეიცვალოს.
ფორუმი