Accessibility links

გაგამარუ: „ვხვდები, დასასრულთან ძალიან ახლოს ვარ“


„ერთი წელია, მხოლოდ გულშემატკივრებისგან წამოსული სიყვარული მაძლევს დოჰიოზე ასვლის მუხტს“

მარტში ერთ-ერთმა ცნობილმა იაპონურმა გამოცემამ საგანგებო სტატია მიუძღვნა ქართველ სუმოისტ თეიმურაზ (გაგა) ჯუღელს. გაგამარუს საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი გოლიათი წლების განმავლობაში პროფესიული სუმოს უმძიმესი სეკიტორი იყო. მისი წონა ორასიდან ორას ოც კილოგრამამდე მერყეობდა და საჭიდაო სტილიც ამ წონის და ფიზიკური მონაცემების მიხედვით შეურჩიეს. მძლავრი მიძალებით ამარცხებდა უძლიერეს მეტოქეებს და იაპონელი გულშემატკივრების სიყვარულიც სწრაფად მოიპოვა. ახლა კი 33 წლის გაგამარუს მთავარი საფიქრალი წონის დაკლებაა. ამ გზით უნდა ებრძოლოს უმთავრეს მტერს, მძიმე ტრავმას, დიდ დოჰიოზე დასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„აბა, მე ვის უნდა ვახსოვდე, მეორე წელია, აღარაფერი გამომდისო“, გვითხრა, იაპონიაში რომ შევეხმიანეთ. ინტერვიუზე მაინც უარი არ თქვა და მეორე დღისთვის შეგვითანხმდა დიდ დოჰიოზე გატარებული წლების გასახსენებლად და შესაჯამებლად.

- პროფესიულ სუმოში ჩემი პირველი ნაბიჯებიდან უკვე თხუთმეტი წელი გავიდა. ეს პატარა დრო ნამდვილად არაა, მაგრამ... საოცრად უცებ ჩაიარა ამ წლებმა. იაპონურ დოჰიოზე პირველად ასვლა გუშინდელი დღესავით მახსოვს. ასევე დეტალ-დეტალ შემორჩა მახსოვრობას თითოეული ჩემი ნაბიჯი. ამ თხუთმეტ წელიწადში ბევრ პრობლემასაც შევეჩეხე, ალბათ ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების გამორჩეული ნაწილია. ამაში კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს ჩემდამი ხალხის დამოკიდებულება. იაპონიაშიც და საქართველოშიც ქომაგებისგან უდიდეს მხარდაჭერას და სითბოს ვგრძნობ.

- როგორ დაიწყო გაგა ჯუღელის იაპონური კარიერა?

ჩემი სახელიდან და, ამასთან, აღნაგობიდან გამომდინარე შემარქვეს გაგამარუ, იგივე „მრგვალი გაგა“

2005 წელს იაპონიაში სამოყვარულო სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა ჭაბუკებს შორის. საქართველოს ნაკრების რიგებში გამოვდიოდი და მესამე ადგილი დავიკავე. სუმოს ელიტაში მოხვედრა ჩემს უახლოეს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ... ერთ-ერთი აქაური უნივერსიტეტის კლუბის ხელმძღვანელობისგან მიღებულმა შემოთავაზებამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ანალოგიური შეთავაზება მიიღო ლევან გორგაძემაც, რომელიც ასევე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების რიგებში გამოდიოდა. მე დავთანხმდი. ლევანმა კი ჩემსავით ადვილად არ მიიღო გადაწყვეტილება - თბილისში დაბრუნდა და მხოლოდ ორი თვის შემდეგ ჩამოვიდა იაპონიაში.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდ დოჰიოზე 2005 წელსვე გამოჩნდით, ადვილი მისახვედრია, რომ დიდ სუმოში გაშინაურება არ გაგიჭირდათ...

- ისეთი მონდომებული და მოტივირებული ვიყავი, სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო.

- გაგამარუ - როგორ მიიღეთ ეს საბრძოლო მეტსახელი?

- პირველ ყოვლისა, ჩემი სახელიდან და, ამასთან, აღნაგობიდან გამომდინარე შემარქვეს გაგამარუ, იგივე „მრგვალი გაგა“.

მონღოლი იოკოძუნა გამორჩეულია სუმოს ისტორიაში, რეკორდს რეკორდზე ამყარებს და მიხარია, რომ მის ეპოქაში, მასთან ერთად მომიწია დოჰიოზე ყოფნა.

- ორჯერ შეძელით „მებრძოლი სულის“ ჯილდოს მიღება, ორჯერ დაამარცხეთ იოკოძუნა, გქონდათ კომუსუბის წოდება... რომელი წარმატება გახსენდებათ ყველაზე ტკბილად?

- იოკოძუნასთან მოგებას მართლა სულ სხვა გემო აქვს. პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებასაც, მაგრამ... ალბათ, ყველა სუმოისტი დამეთანხმება, ყველაზე დიდი სიხარული რანგით მეორე ჯურიო დივიზიონის საგზურის მოპოვებას ახლავს. 2009 წლის სექტემბრის ბაშო და ის დღეები არასოდეს დამავიწყდება. სასიხარულო მომენტებს ვიხსენებ და აუცილებლად უნდა ვახსენო ასევე დაუვიწყარი დღეები, რომლებიც პირადად ჩემს გამარჯვებას არ უკავშირდება. ვგულისხმობ 2018 წლის იანვრის ბაშოს, რომელზეც „იმპერატორის თასს“ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დაეუფლა. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა გზა გაიარა ლევანმა ამ გამარჯვების მისაღწევად და რამხელა შრომის ხარჯზე მივიდა ტიტულამდე, რომელიც არა მარტო მისთვის და ჩემთვისაა საამაყო, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

- „იმპერატორის თასთან“ საკმაოდ ახლოს ერთხელ თქვენც იყავით - 2012 წლის იანვრის ბაშოზე, როდესაც იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ერთად მეორე ადგილი დაიკავეთ...

- სიმართლე გითხრათ, ეგ აღარც მახსოვდა. რა სასიამოვნოა ჩემთვის ჰაკუჰოსთან ერთად ხსენება. მონღოლი იოკოძუნა გამორჩეულია სუმოს ისტორიაში, რეკორდს რეკორდზე ამყარებს და მიხარია, რომ მის ეპოქაში, მასთან ერთად მომიწია დოჰიოზე ყოფნა. ეს, დაახლოებით, იგივეა, NBA-ში რომ მეთამაშა მაიკლ ჯორდანის ეპოქაში.

- გაზაფხულზე ერთ-ერთმა იაპონურმა გამოცემამ სპეციალური სტატია მოგიძღვნათ, რომელშიც თქვენს კარიერაზე იყო საუბარი. ეს ერთგვარ შემაჯამებელ წერილსაც ჰგავდა, რადგან, შარშანდელიდან მოყოლებული, ვრცელდება ხმები, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობთ. რეალურად განიხილავთ დიდი დოჰიოდან წასვლის ვარიანტს?

- საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხვდები, რომ დასასრულთან ძალიან ახლოს ვარ. სამწუხაროდ, ეს ჩემი სურვილი არაა. მიზეზი მუხლების ტრავმაა, რომელიც არათუ ტურნირზე გამოსვლის, სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებასაც კი არ მაძლევს. დიდ სუმოში თოთხმეტი წელი ისე ვიჭიდავე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბაშოზე გამოსვლა ერთხელაც არ შემიწყვეტია. მეტსაც გეტყვით, ერთი შეხვედრაც კი არ გამომიტოვებია. ამ მაჩვენებლით ვამაყობდი, მაგრამ... გული მწყდება, რომ შარშან ნოემბერში ეს გრძელი სერია შეწყდა. არიან სპორტსმენები, მთელი ცხოვრება რომ ტრავმებისგან იტანჯებიან. მე კი ამ პრობლემას თითქმის არ შევუწუხებივარ 2019 წლამდე.

- კონკრეტულად რა სახის და სიმძიმის ტრავმაა?

- დავიწყებ იქიდან, რომ მარჯვენა მუხლზე მენისკი ჯერ კიდევ იაპონიაში ჩამოსვლამდე მქონდა, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრებას და ვარჯიშს შევეჩვიე. დროდადრო თუ შემახსენებდა ხოლმე თავს. დიდი ხნის განმავლობაში მარცხენა ფეხის ხარჯზე ვახერხებდი ჭიდაობას და არცთუ ურიგოდ, მაგრამ... 2019 წლის სექტემბრის ბაშოზე სწორედ მარცხენა მუხლი დავიზიანე. სოკოკურაისთან შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნებული მივხვდი, სერიოზული პრობლემა მქონდა. მუხლი გამისივდა და ტურნირი საშინელი ტკივილის ფონზე ჩავამთავრე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მუხლში სითხე იყო ჩამდგარი. ექიმები გაოცებას და აღშფოთებას ვერ მალავდნენ, სითხის რაოდენობის გამო. ერთ-ერთი მისვლისას ოცმილიგრამიანი შპრიცი ათჯერ გაივსო. სექტემბრიდან მოყოლებული კი, ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით, ოთხ ლიტრამდე სითხე ამომიღეს მუხლიდან.

- ამჟამად როგორ გრძნობთ თავს?

ვიბრძვი და ვნახოთ რა გამომივა. ამაზე მძიმე პერიოდიც გადამიტანია, ოღონდ მაშინ სულიერ ტრავმას ვებრძოდი.

- ახლა სითხე თითქმის აღარ დგება, მაგრამ მუხლებს საერთოდ ვეღარ ვტვირთავ. ბოლო პერიოდში სითხეს სისხლიც გამოჰყვა. როგორც მითხრეს, კუნთოვანი მასა მთლიანად დაჟეჟილია, ძვლები კი ერთმანეთს ეხება და დეფორმირებულია. ექიმები ერთადერთ გამოსავლად ოპერაციას მიიჩნევენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვერც ერთი მათგანი კარიერის გაგრძელების გარანტიას ვერ მაძლევს. ხელოვნური ხრტილი ჩვეულებრივად საცხოვრებლად ნამდვილადაა გამოსავალი, მაგრამ თუ სპორტს დავუბრუნდები, შეიძლება პირველსავე ვარჯიშზე დამაღალატოს. თუმცა არის იმის შანსიც, რომ ერთი წელიც გაძლოს. ამისთვის, პირველ ყოვლისა, წონის დაკლება მჭირდება. ვცდილობ, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ამჟამად 195 კილოგრამი ვარ და მინდა 120-130-მდე ჩამოვიდე. თუ მოვახერხე, მინდა საქართველოში ჩამოვიდე და ქართველი დიეტოლოგების დახმარებით მივაღწიო სასურველ შედეგს.

- საწვრთნელ პროცესს საერთოდ ჩამოშორდით?

- დარბაზში ყოველდღე დავდივარ და ვვარჯიშობ, ოღონდ ჩვეული დატვირთვების გარეშე. ჭიდაობას კი ვერ ვახერხებ. შესაბამისად, ბაშოზეც ვერ ვფიქრობ.

- თუმცა კარიერის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებთ...

- ასეა. ვიბრძვი და ვნახოთ რა გამომივა. ამაზე მძიმე პერიოდიც გადამიტანია, ოღონდ მაშინ სულიერ ტრავმას ვებრძოდი. 2018 წელს დედა გარდამეცვალა. ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვამ მთლიანად დამანგრია და ეს შედეგზეც აისახა - ჯურიოს დივიზიონიდან მაკუშიტაში დავქვეითდი. წარუმატებლობა საერთოდ ვერ მივიტანე გულთან. ვფიქრობდი, გაცილებით ცუდი ამბავი შემემთხვა და კარიერული დაღმასვლა მასთან შედარებით არაფერია მეთქი. სუმოდან წასვლის სურვილიც მიტრიალებდა თავში, მაგრამ ბოლოს ძალები მოვიკრიბე და... შემდგომ ბაშოზე ისევ მოვიპოვე ჯურიოს საგზური.

- ლევან გორგაძესთან თუ ისაუბრე ამჟამინდელ პრობლემაზე და კარიერის შესაძლო დასრულებაზე?

- ლევანზე უკეთესად, მგონი, არავინ იცის, რას ნიშნავს ტრავმებთან ბრძოლა. ჩემზე მეტად დაიტანჯა. მეტოქეებთან ერთად თავის თავსაც ებრძვის და სწორედ ამ უზარმაზარი პრობლემების გათვალისწინებითაა ასმაგად დასაფასებელი მისი წარმატებები. წლეულს, იანვარში, როცა გამოჩნდა, რომ ზედიზედ მეორედ მიწევდა ბაშოს ნაადრევად მიტოვება, ლევანმა მითხრა, ხომ ხედავ, რა დღეში ხარ, იქნებ ჯობდეს დაისვენოო.

- სხვა ხალხისგან თუ იღებთ რჩევებს?

- სიმართლე გითხრათ, უკვე ერთი წელია, მხოლოდ გულშემატკივრებისგან წამოსული სიყვარული მაძლევს დოჰიოზე ასვლის მუხტს და ძალას. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ფასი აქვს ჩემთვის თითოეული ქომაგის თითოეულ გამხნევებას და კეთილ სურვილებს. მადლობა ყველას ამ დაფასებისთვის.

- თუ გიფიქრიათ, როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას კარიერის დასრულების შემდეგ?

- რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ გადაწყვეტილებამდე ჯერ ვერ მივედი. შესაბამისად, არც იმის თქმა შემიძლია, იაპონიაში ვიცხოვრებ თუ საქართველოში.

- სუმოს კლუბში დასაქმების ვარიანტს არ განიხილავთ?

- ეს წარმოუდგენლად ძნელია. პირველ ყოვლისა, ოფიციალურად უნდა გახდე იაპონიის მოქალაქე, შემდეგ კი დაელოდო შენს შანსს. კლუბში ადგილი თავისუფლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რომელიმე წევრი საპენსიო ასაკს აღწევს ან გარდაიცვლება. მუშაობის დაწყების მსურველთა რაოდენობა კი საკმაოდ დიდია. ამრიგად, შანსი მინიმალურია და, ამასთან, აუცილებლად უნდა იყიდო სპეციალური ლიცენზია, რომელიც, დაახლოებით, ორ მილიონამდე იენი ღირს.

- თითქმის ოცი წელია, სუმოს ელიტაში მინიმუმ ერთი ქართველი ირიცხება. თუ არიან ახალგაზრდები, რომლებიც დიდ დოჰიოზე ტოჩინოშინის და გაგამარუს გზას გააგრძელებენ?

- როდესაც ჩვენ ჩამოვედით, აქ მოწყობა გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ახლაა. სულ იაპონიაში სუმოს 45 კლუბია და თითოეულს მხოლოდ ერთი უცხოელი წევრის აყვანის უფლება აქვს. წარმოიდგინეთ, რამხელა კონკურენციაა იმ ერთ ვაკანსიაზე. მით უმეტეს, როდესაც აქაური უნივერსიტეტები და სკოლები გადაჭედილია ძლიერი და პერსპექტიული მონღოლი სუმოისტებით, რომლებიც უკვე გაშინაურებულები არიან და კლუბში მოხვედრის შანსიც მეტი აქვთ, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დიდ დოჰიოზე კვლავ ავიდნენ ქართველები. იმედია, ასეც იქნება. როგორც ვიცი, არიან საქართველოში პროფესიული სუმოთი დაინტერესებული ახალგაზრდები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG