Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზიარებს თუ არა ირანი საბჭოთა კავშირის ბედს


ირანის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ჯალილ რაჰიმ ჯაჰანაბადი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი ქვეყნის ბიუჯეტს „ზედმეტ უსარგებლო ხარჯად აწვება“, რამაც შესაძლოა ქვეყანა დააყენოს ისეთი საფრთხეების წინაშე, რამაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.

„ჩვენი გავლენა რეგიონში მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ერთი მომენტი - ზოგჯერ უსარგებლო ხარჯებმა შესაძლოა თეირანის ქუჩების პარალიზება გამოიწვიოს“, - მოჰყავს ირანელი კანონმდებლის სიტყვები ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს.

6 იანვარს, პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგის გამოცხადებამდე, ირანელმა რეფორმატორმა პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში მოულოდნელად მოითხოვა „იმ უსარგებლო ხარჯებზე უარის თქმა, რომელიც პრიორიტეტს არ წარმოადგენს“.

პოტენციურ საფრთხეებზე საუბრისას, ჯაჰანაბადიმ გაიხსენა ყოფილი საბჭოთა კავშირი, რომელიც ვერ გადაურჩა დაშლას, მის ხელთ არსებული ბირთვული არსენალისა თუ დიდი საერთაშორისო გავლენის მიუხედავად.

„როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იგი ფლობდა 13 ათას ბირთვულ ქობინას, კოსმოსურ სადგურს და გავლენა ჰქონდა ოცზე მეტ ქვეყანაზე, მაგრამ იგი დაიფლითა მოსკოვის ქუჩებში, დაკარგა უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა“, - საბჭოთა კავშირთან ასეთი პარალელის გავლების შემდეგ ჯაჰანაბადიმ ისაუბრა იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელთაც რიგითი ირანელები განიცდიან.

“დღეს ადამიანებს უჭირთ საარსებო საშუალების გამოძებნა და ბავშვების გამოკვება. თუ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ უსარგებლო შიდა და საგარეო ხარჯების პრობლემას, მაშინ ძალიან დიდი საფასურის გადახდა მოგვიხდება“, - განაცხადა ირანელმა რეფორმატორმა კანონმდებელმა.

აღსანიშნავია, რომ ჯალილ ჯაჰანაბადის უპრეცედენტო კრიტიკული გამოსვლა წინააღმდეგობაშია ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ დადგენილ ოფიციალურ საგარეო პოლიტიკურ კურსთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯაჰანაბადის გამოსვლაში არ ყოფილა ნახსენები აიათოლა ალი ხამენეის სახელი, ხოლო შენიშვნები იყო ფრთხილი და დიპლომატიური.

როგორც რეფორმისტი პოლიტიკოსი და სუნიტების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, აკადემიური განათლების მქონე ჯალილ ჯაჰანაბადი ათი წლის წინ პრეზიდენტის სახელით მომზადებულ დოკუმენტებზე მუშაობას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მის კრიტიკულ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის შიგნით.

“ჩვენ უნდა ვიზრუნოთ შიდა პრობლემებზე, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მეგობრები, შევამციროთ დაძაბულობა, გავაძლიეროთ რეგიონალური თანამშრომლობა და მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ეკონომიკაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტზე“, - ასეთი რეკომენდაცია მისცა ირანის ხელისუფლებას ჯალილ ჯაჰანაბადიმ.

ბოლო წლებში ირანის სულიერი ლიდერის ოპონენტები და კრიტიკოსები ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისა და ეკონომიკური პრობლემების გამომწვევ მთავარ მიზეზად ირანის ხელისუფლების ანტიდასავლურ და რეგიონში ინტერვენციონისტულ პოლიტიკას ასახელებენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG