Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამოიყენეთ უფრო მკაცრი სასჯელი“ - პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილისთვის მსჯავრის დამძიმებას მოითხოვს

მარიამ მეყანწიშვილი, აქტივისტი
მარიამ მეყანწიშვილი, აქტივისტი

პროკურატურა მოითხოვს, სასჯელი დაუმძიმდეს „4 ოქტომბრის აქციის“ საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პროკურორ, ლაშა ცქვიტარიას თქმით, მოსამართლემ მარიამ მეყანწიშვილს მსუბუქი სასჯელი დააკისრა. მისივე განცხადებით, „სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულის ხასიათს, სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას“.

„შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი... რის გამოც უნდა შეიცვალოს და გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი“, - თქვა პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.

სააპელაციო საჩივარს განიხილავს მოსამართლე პაატა სილაგაძე.

რა არგუმენტებით მოითხოვს პროკურატურა სასჯელის დამძიმებას?

ამ საქმის მეორე პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, „სასჯელის დამძიმებაზე მითითებულია რიგი გარემოებები, მათ შორის ქმედებების ხასიათის სპეციფიკა, თავად მსჯავრდებულის დამოკიდებულება ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით“.

„აღიარება ბრალდებულის, მსჯავრდებულის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ბრალდების მხარის პრეროგატივაა შეაფასოს კონკრეტული ქმედებები. ამ შემთხვევაში, სასჯელის მიზნები, რაც გამომდინარეობს ბრალდებულის რესოციალიზაციიდან, პრევენციიდან და რა ძირითადი მიზნებიც გააჩნია სასჯელს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული - აღნიშნული სასჯელის მიზნების შეფასებით ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ უნდა წარმოედგინა სააპელაციო სარჩელი სასჯელი დამძიმების ნაწილში ", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

მართალია, საქალაქო სასამართლომ მარიამ მეყანწიშვილი გაამტყუნა წარდგენილ ბრალში, თუმცა აქტივისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისმა ადვოკატებმაც გაასაჩივრეს თამარ მჭედლიშვილის განაჩენი და მეყანწიშვილის გამართლება მოითხოვეს.

მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატები აიჰან ჰასანლი და ანი ბერია აცხადებენ, რომ მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევაში ბევრჯერ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია, მის წინააღმდეგ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და გამამტყუნებელი განაჩენი ადასტურებს „მხოლოდ ერთს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია“.

„ამ საქმეს ახლავს პოლიტიკური კონტექსტი და მოტივი, დაცვის მხარის პოზიციით მარიამ მეყანწიშვილი პოლიტიკური დევნის აშკარა ობიექტია... თავად ბრალდების მხარემ წარმოადგინა ამის მტკიცებულებები, 30-მდე ჯარიმა, რომელიც სახელმწიფომ დააკისრა 28 წლის მარტოხელა დედას, ამ ჯარიმების საერთო რაოდენობა 300 000-სს აჭარბებს...

...მაშინ, როცა მარიამ მეყანწიშვილი დააკავეს, სანამ მას ბრალს წარუდგენდნენ და არ ვიცოდით, რა მუხლზე იყო საუბარი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ფეისბუქპოსტს ორწუთიან ვიდეოსთან ერთად, რომელიც მარიამ მეყანწიშვილის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა და მას მოიხსენიებს ძალადობრივ დაჯგუფების ორგანიზატორად“, - განაცხადა ადვოკატმა ანა ბერიამ.

ადვოკატმა უპასუხა ბრალდების მხარის მიერ ნახსენებ მონანიების საკითხსაც, როგორც არგუმენტს, რის გამოც მარიამ მეყანწიშვილს სასჯელი უნდა დაუმძიმდეს.

„არცერთ ეტაპზე მეყანწიშვილს არ უღიარებია ბრალი, ის თავს არ მიიჩნევს დამნაშავედ და ცდილობს დაადასტუროს თავისი სიმართლე... ის, რასაც ბრალდება ითხოვს, ნიშნავს აღიარებას იმის, რაც მას არ ჩაუდენია და არ შეიძლება სასჯელის სიმკაცრის ერთ-ერთი გარემოება იყოს“, - თქვა ადვოკატმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მარიამ მეყანწიშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე „მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში“.

მარიამ მეყანწიშვილი მიიჩნევს, რომ მისი სასჯელის დამძიმების მოთხოვნა არის „შეკვეთა იმ არალეგიტიმური რეჟიმისგან, რომელსაც პროკურატურა ემსახურება და არალეგიტიმურ რეჟიმს არავინ სჭირდება გარეთ, ვინც მათ ამხელს“.

„თვალში ცუდად ვეჩხირები, ამ ბოლო დროს და არ იშურებენ ჩემს წინააღმდეგ ბერკეტს“, - ამბობს ის.

4 ოქტომბრის აქციის საქმეები სააპელაციო ეტაპზეა. იმ მსჯავრდებულებმა, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს და არც სასჯელს დაეთანხმნენ, საქალაქო სასამართლოს განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს.

დღეს, 21 სექტემბერს გამართულ სასამართლოზე მარიამ მეყანწიშვილის გარდა, მსჯავრდებულებს შორის იყვნენ: ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ანტონ უპერი.

  • ნანა სანდერი - დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • აბო ნავერიანი - დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში. მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • ანტონ უპერი - ასევე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში. მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად; ის ძებნაშია.

საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს ტრიბუნაც გამოიყენა ნანა სანდერმა და პენიტენციური სისტემა მისი უფლებების დარღვევაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, მრავალჯერ მიმართა გენინსპექციას, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია: „ყველა მიმართვა შენახული აქვს ქრონოლოგიურად“.

მისივე თქმით, თვეების განმავლობაში სამარტოო საკანში, უკიდურეს სიცხეში იმყოფებოდა, სათანადოდ არ მიეწოდებოდა ჟანგბადი, ვიტამინები და შესაბამისი კვება.

ყველა ჯერზე, როცა ნანა სანდერი პენიტენციურ სამსახურს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, პენიტენციური განცხადებას ავრცელებს და ბრალდებებს უარყოფს.

„4 ოქტომბრის აქციის“ საქმე სააპელაციოში

4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე მსჯავრდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს. საპროცესო გაუფორმებს მსჯავრდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასჯელის მოხდას პირობითი მსჯავრის ქვეშ გააგრძელებს.

საპროცესო გაუფორმეს ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. ისინი ციხეს 8 ოქტომბერს დატოვებენ.

პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა მიმართა, თუმცა ვინ, თამარ იაკობიძემ არ დააკონკრეტა.

პოლიტიკოსების ჩათვლით 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს. საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 23 დაკავებული[გიორგი ჩახუნაშვილის ჩათვლით]. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.

პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს. ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.

„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG