Accessibility links

გარემოს დაცვის კომიტეტმა ტყის კოდექსის პროექტს მხარი დაუჭირა


20 მაისს საქართველოს პარლამენტის გარემოდ დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ტყის კოდექსს, რომელთან დაკავშირებითაც შენიშვნები ჰქონდა არასამთავრობო სექტორს. სამოქალაქო საზოგადოება კანონმდებლებს მოუწოდებდა, მხარი არ დაეჭირათ კანონისთვის, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს. კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული საბოლოოდ მიღებამდე. მისი ძირითადი დებულებები მიღების შემთხვევაში სექტემბრიდან ამოქმედდება.

კომიტეტზე კანონის მესამე მოსმენით განხილვა ძირითადად იმის მტკიცება იყო, რომ საპატრიარქოს განსაკუთრებული პრივილეგია ამ კანონით არ ენიჭება. ითქვა რომ ეს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამატებით უფლებებზე საუბარი არის “მორიგი ტყუილი”, “პოლიტიკური სპეკულაცია” და “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა.”

კანონპროექტი კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვიმა წარუდგინა, რომელმაც თქვა, რომ ეკლესია უფლებებზე მეტ ვალდებულებებსაც იღებებს ამ კანონით და ტყის ტერიტორიებისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე საუბარი სპეკულაციაა.

“თქვენ იცით რომ ვიდრე ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე განხილვამდე მოვიტანდით, არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ,თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად გვინდა სწორედ წინასაარჩევნოდ ტყეები გადავულოცოთ საპატრიარქოს და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ყველას, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, დამეთანხმება რომ იმ შემთხვევაში თუ ეკლესიას მიეცემა ტყეები მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები - ეს ვალდებულებები მოიცავს ინვენტარიზაციას, მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს.

სპეკულაციები, თითქოს ტყის ტერიტორიებს ვაძლევთ უსასყიდლოდ საპატრიარქოს, არის ტყუილი მორიგი და შეურაცხყოფა იმ შრომის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავწიეთ ამ კოდექსის აქამდე მოსატანად.

პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან მიიღოს - ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის ეკლესია-მონასტრებს რომლებიც ტყის ფონდში ისტორიურად განთავსებული გახლავთ, მოუაროს და შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს” - თქვა მინისტრის მოადგiლემ კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ დადებითად შეაფასა ის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე აიღებს ტყეებზე პასუხისმგებლობას, მათ კი, ვინც ეკლესიისთვის ქონების გადაცემას ეწინააღმდეგება, ბოლშევიკები გაახსენა და მოუწოდა, არ მოიქცნენ მათ მსგავსად.

“ეს არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, მე ყველას მინდა შევახსენო, ეს ნორმა დიდი ხანია ტყის კოდექსში არსებობს. 1999 წელს გავაკეთეთ პირველი ტყის კოდექსი და მაშინ ჩაიდო ეს ნორმა.

ის ხალხი, ვინც ამაზე საუბრობს, მე შევახსენებ, რომ ეკლესიასთან ბრძოლა დაიწყო 1921 წელს და პირველი დეკრეტი არსებობს ბოლშევიკური ხელისუფლების, რომელმაც საქართველოს ეკლესიას წაართვა ყველა ქონება.

ნუ დაბრუნდებიან 1920-იანი წლების დასაწყისში, ნუ დაიწყებენ ეკლესიებთან ბრძოლას. მით უმეტეს, რომ 2010 წელს მათ თვითონ დაუშვეს ეს ნორმა, რომ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს ტყე საკუთრებაში” - თქვა გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, ემზარ კვიციანმა კი თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლები სახსენებლები საერთოდ არ არიან.

“ვინც ეკლესიას ებრძვის და ქილიკობენ ეკლესიაზე, მაგათ საერთოდ ყურადღებას ნუ მიაქციევთ. ესენი ებრძვიან მთლიანად საქართველოს ქართველობას და მთლიანად სახელმწიფოს. ესენი საერთოდ სახსენებლები არ არიან. იგნორირება მაგათ და აკეთეთ საქმე. გიჭერთ მხარს” - ეს იყო კომენტარი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა დეპუტატმა გააკეთა კომიტეტის სხდომაზე.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოიწოდებდა უარი ეთქვა ამ კანონის მხარდაჭერაზე. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გეგმავს, კანონის დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს მისი არაკონსტიტუციურობის გამო. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კი თვლის, რომ კანონი არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს.

ამ მოსაზრებების პასუხად ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ “დედა ეკლესია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, ტყის კანონი კი თანასწორობის პრინციპს არ არღვევს.

“არც ერთი კონფესიის წარმომადგენლების უფლებები არ ირღვევა ამით, არც თანაბრობის პრინციპია დარღვეული და ხელმისაწვდომობის პრინციპითაც ერთნაირ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული. ის, რომ ჩვენი დედა ეკლესია და ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს ნუ იქნება ნურავისთვის საწყენი და იქ სადაც არსებობს ეს ეკლესიები, იქნება გარკვეული უფლებებიც და მოვალეობებიც” - თქვა კომიტეტზე კობა ლურსმანაშვილმა.

“სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG