Accessibility links

გაფართოების ახალი მეთოდოლოგია დაამუხრუჭებს ევროკავშირის ზრდას


ერთი შეხედვით, ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებული გაფართოების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 5 თებერვალს გამოქვეყნდა, გონივრული და ბევრი კარგი მოსაზრების შემცველი ჩანს.

მაგრამ მისი დამტკიცება ორი რამის მანიშნებელი იქნება. პირველ რიგში, კიდევ უფრო გართულდება ბლოკში გაწევრიანება და, მეორე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას ამიერიდან წარმართავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და არა ბრიუსელელი ბიუროკრატები. საბოლოო ანგარიშით, ეს ყველაფერი ცუდი სიახლეა როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის, ისე საქართველოსთვის, მოლდავეთისა და უკრაინისთვის.

ცხადი იყო, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით რაღაც უნდა შეცვლილიყო გასული წლის შემოდგომაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კომისია ბლოკის წევრ ქვეყნებს ორი წლის განმავლობაში სთხოვდა მწვანე შუქი აენთოთ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის, საფრანგეთის ჯიუტმა უარმა (რომელსაც ალბანეთთან მიმართებით დანია და ჰოლანდიაც შეუერთდნენ), მწვანის ნაცვლად წითელი შუქი აანთო. იგივე მოხდა შარშანდელ და შარშანწინდელ ზაფხულსაც.

ახალი პროექტი, ბევრი თვალსაზრისით, უწინარესად ემსახურება ევროკავშირის ყველაზე სკეპტიკოსი წევრი ქვეყნების დაშოშმინებას.

პროექტი საფრანგეთის მოთხოვნით მომზადდა ორ თვეზე ნაკლებ პერიოდში, რაც რეკორდულად მოკლე დროა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენ დროს ახარჯავს ხოლმე ბრიუსელი ამა თუ იმ საკითხის განხილვას. თუმცა პროცესი ჯერაც შორს არის დასრულებისგან. წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა პროექტი ზედმეტად სუსტად მიიჩნიონ. ამასთან, არის ხმები, რომ რამდენიმე სახელმწიფო შესაძლოა პროცესის გაჭიანურებას აპირებდეს საიმისოდ, რომ ჩაიშალოს ბრიუსელის გეგმა, როგორმე დადებითი პასუხი მისცეს ტირანასა და სკოპიეს, მაისში ზაგრებში დანიშნული ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის წინ.

მაინც რა წერია დოკუმენტში და რას ნიშნავს ის ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, ისევე როგორც სამომავლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და კოსოვოსთვის? პროექტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობს საიმისოდ, რომ დააკვირდნენ პროგრესს. ამასთან, ევროკავშირის ფინანსური შენატანები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც დამოკიდებული იქნება გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების წარმატებაზე. თავები, რომლებზეც მოლაპარაკება გაიმართება, - პოლიტიკის 33-დან 35-მდე სფერო, რომლებშიც ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებმა ევროკავშირის კანონები თავიანთ შიდა კანონმდებლობაში უნდა დანერგონ, - 6-6 საკითხად გაიხსნება და დაიხურება ხოლმე, ნაცვლად ამჟამინდელი ვითარებისა, როცა მათ ცალ-ცალკე განიხილავენ. ეს უკანასკნელი საკითხი შესაძლოა უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ასე არ არის. ამჟამად თავები დიდწილად სპონტანური ლოგიკით იხსნებოდა მოლაპარაკებებში, რაც აძლიერებდა შთაბეჭდილებას, რომ კანდიდატი ქვეყნები პროგრესს აჩვენებდნენ. ახლა, როცა ისინი ჯგუფებად დაიყოფა, პროცესი არ დაიხურება, სანამ თითოეულ ჯგუფში თავმოყრილი ყველა თავი არ იქნება შესრულებული. რაც მკაფიოდ მოწმობს, რომ მომავალში გაფართოება კიდევ უფრო ნელიპროცესი იქნება.

ამას ემატება ის წინადადებაც, რომ წევრ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ უკვე დახურული თავების ხელახლა გახსნა, რაც ნათელყოფს, რომ კომისია მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ცალკეული ქვეყნების დედაქალაქებს, მათ შორის ისეთებს, რომლებმაც შესაძლოა ევროკავშირის გაფართოების პროცესი ერთგვარად საშინაო მიზნებისთვისაც გამოიყენონ. ამ ეტაპამდე ასე იქცეოდა პარიზი და, გარკვეულწილად, ჰააგა და კოპენჰაგენი, თუმცა ხვალ მათ შესაძლოა სხვა დედაქალაქებიც შეუერთდნენ. რა პერსპექტივიდანაც უნდა შევხედოთ, დიდი ალბათობით, ბლოკში გაწევრიანებას კიდევ უფრო მეტი წინაღობა შეექმნება. ევროკავშირის ერთ-ერთი წამომადგენელი, რომელსაც ველაპარაკე, ამბობს, რომ „დიდ აფეთქებად“ წოდებული გაფართოების ტალღები, რომლებიც 2004 და შემდეგ 2007 წელს იყო და რომელთა შედეგად ბლოკში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა გაწევრიანდა, „ამ ახალ დროში, ალბათ, არასოდეს მოხდებოდა“.

კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი არის ის, თუ რომელ ქვეყნებს შეეხება ეს ახალი მეთოდოლოგია. სერბეთს და მონტენეგროს არა, რადგან მათ უკვე დაწყებული აქვთ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკება და კომისია ამბობს, რომ უსამართლო იქნება თამაშის წესების შეცვლა მაშინ, როცა თამაში უკვე დაწყებულია. თუმცა ამ ორ სახელმწიფოს აქვს საშუალება ახალი მეთოდოლოგია მოირგოს, სურვილის შემთხვევაში. თურქეთს, რომლის ბრიუსელთან მოლაპარაკებაც, წლებია, შეჩერებულია, აღარც ახსენებენ. თუმცა ევროპის სამეზობლოში, ალბათ, სხვა ქვეყნები მოინდომებენ მისდიონ ამ მეთოდოლოგიას, ვინაიდან ის, სულ მცირე, მათ ევროკავშირისკენ გზას მაინც სთავაზობს.

ოღონდ, როგორც ვთქვით, ეს გზა ძალიან რთული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG