Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია პარლამენტის პირისპირ - რა კითხვები დაგროვდა პრემიერთან


ხვალ, 27 მაისს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტში ეს მისი პირველი ვიზიტია. ის არ მივიდა არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და არც ამ ვადის გახანგრძლივების დროს. ერთ შემთხვევაში საპარლამენტო მდივანი წარდგა დეპუტატების წინაშე, მეორე შემთხვევაში კი ადმინისტრაციის უფროსი.

ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების დროს ითხოვდნენ პრემიერისგან კითხვებზე პასუხის მოსმენას, თუმცა უშედეგოდ. გახარია ინტერეპელაციის გზით საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს დაიბარეს, თუმცა მან ოპონენტებს დაასწრო და საკუთარი სურვილით 27 მასსაც მივა.

ევროპული საქართველოდან პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მათი კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ, მათი შეფასებით არარეალისტურ, გეგმასთან დაკავშირებით ექნებათ.

"კითხვები იქნება ის, რაც აწუხებს საზოგადოებას. ბუნებრივია ის კითხვები, რომელიც უკავშირდება კოვიდთან დაკავშირებით სიტუაციას, როდის გაიხსნება ტრანსპორტი, მიიღებენ თუ არა ადამიანები დახმარებას, რა ეშველება სამუშაო ადგილებს, რომელიც დაიკარგა. როგორ აპირებს მთავრობა იმ უფლებით ისარგებლოს, რომელიც მას არასწორად გადაეცა. ზოგადად, როგორია სტრატეგია ეკონომიკის ამუშავებაზე", - ამბობს ის.

"კითხვებს, ძირითადად, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე დავსვამთ" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, მაშინ, როცა ხალხი შემოსავლისა და საჭმლის გარეშე დარჩა, გახარია მთავრობის წარმატებაზე ისაუბრებს.

"გახარია იმიტომ არიდებდა თავს პარლამენტში მოსვლას, რომ მას არ აქვს ამ კითხვებზე პასუხები. ხვალ საზოგადოება დაინახავს, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის სიცარიელე. დავინახავთ, რომ, რეალურად, არ აქვს პასუხები - რადგან ესაა მთავრობა, რომელმაც გასული 8 წლის განმავლობაში არაკრიზისულ დროსაც კი მოახერხა ჩვენი ხალხის გაღარიბება", - ამბობს სამადაშვილი.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მთავრობასთან არსებულ კითხვებს პლენარულ სხდომაზე გააჟღერებენ, მანამდე კი საუბრისგან თავს შეიკავებენ. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა კი რადიო თავისუფლებასთან სასაუბროდ დრო ვერ გამონახა.

პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის უკვე აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია "პოლიტიკურ ცირკს" მოაწყობს. მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მათი ოპონენტები დივიდენდების მოპოვებაზე იქნებიან ორიენტირებულები.

"მე არა მგონია, რომ სიმწვავე უნდა აკლდეს ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ეს ოცნებები უკვე დიდი ხანია ჩავაბარეთ წარსულს", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ხვალ პრემიერი კორონავირუსის პირობებში ეკონომიკის გახსნასა და სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებზე ისაუბრებს.

ხვალ, 12 საათზე პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია წარდგება. ამ დროის მონაცემებით, არცერთი პოლიტიკური პარტია ბოიკოტს არ გეგმავს.

XS
SM
MD
LG