Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გასაგებია, „ქართული ოცნება“ ვერ ეტყვის ამომრჩეველს პირდაპირ, ყველას ერთად ვუშვებთ, რადგან არასწორად დაგვიკავებიაო"


გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი
გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი

8 მარტის შეთანხმების შემდეგ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულ ინტერპრეტაციას სთავაზობენ საზოგადოებას ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეების პერსპექტივაზე - ვინ კონკრეტული დაკავებული პირების გვარებს ასახელებს და ვინ აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელია და რომ განცხადებაში არა არსებული, არამედ პერსპექტიული გამოწვევები იგულისხმება. პოლიტიკური ლიდერების მიერ კვირას ხელმოწერილ ორ დოკუმენტს შორის ერთ-ერთში, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია:

„მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“.

გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მართლმსაჯულების პროცესში ვერავინ ჩაერევა. ეს განცხადება თავისთავად საკამათო არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს კონტექსტი:

„ახლა ატრიალებენ უკან და ამბობენ, რომ ეს არის სასამართლო ხელისუფლება და ჩვენ იქ ვერ ვერევითო, მაშინ, როცა სასამართლო ხელისუფლება მოქმედებს პოლიტიკურ საქმეებში ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაკვეთით, მათი მოთხოვნებით. ეს არის პრობლემა. ამ ქვეყანაში არც წინა ხელისუფლების, არც იმის წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა დამოუკიდებელი სისტემა. ორივე ხელისუფლება ხელს უწყობს სათავისოდ მობრუნებას ამ სისტემის.
რეფორმები თავიდან კარგად დაიწყო „ოცნებამ“, მაგრამ ბოლოს რაც გააკეთა, ეს იყო ამ სისტემის სათავისოდ მოტრიალება და იმ ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც მას აწყობდა.

იგივეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ოღონდ უფრო აგრესიულად და გაცილებით სხვა მეთოდებით. 2006-დან, 2007-დან უკვე ძალიან კარგად ჩანდა სისტემაში რა ხდებოდა. უბრალოდ, იგივე ხალხი ახლა აუჯანყდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და გადავიდა „ქართული ოცნების“ ხელში და ეს მოტრიალდა. აბა, ვინ არის ჩინჩალაძე? იმათი პროკურორი იყო, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, მერე უზენაესში იყო და დღეს არის მთავარი მოკავშირე ხელისუფლებასთან, რომელიც ამ სისტემას აკონტროლებს. ვინ შექმნა ეს? იმათ შექმნეს და, რა თქმა უნდა, არ იტყვიან ამას. არადა, სწორი იქნება, რომ ვაღიაროთ ეს“.

გია გვილავა რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ დასახელებული ოთხი პირის: გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლება პატიმრობიდან ტექნიკურად შესაძლებელია:

„ტექნიკურად არაფერი პრობლემა არ არის არც ერთ შემთხვევაში. არსებობს მექანიზმები. მთავარი აქ არის, რომ ოპოზიციამაც გააცნობიეროს, რას მიაღწია ქვეყანამ და არ უნდა დაიწყოს ის რიტორიკა, რომელიც რამდენიმე წევრისგან გვესმოდა. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იტყვის და არ იტყვის, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ეტყვის ამომრჩეველს პირდაპირ, ყველას ერთად ვუშვებთ, რადგან არასწორად დაგვიკავებიაო. ორივე მხარე უნდა ცდილობდეს მესიჯების სწორად გაშვებას საზოგადოებაში და ტექნიკურად ეს მოგვარებადია. მთავარია, იყოს ნება.

კიდევ ერთი ნება, რომელიც გადამწყვეტია მართლმსაჯულების სისტემაში ზოგადად და პროკურატურაში: ერთადერთი ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების ნება, რომ ეს სისტემები წავიდნენ დამოუკიდებლობის გზაზე. მეტი არაფერი არ გვინდა. ჩვენ არ გვჭირდება კანონების რადიკალური ცვლილება დღეს. რეფორმა საჭიროა, მაგრამ არ არის გადამწყვეტი სისტემის დეპოლიტიზაციისთვის და დამოუკიდებლობისთვის”.

გია გვილავა აღნიშნავს, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელობა:

„რა თქმა უნდა, პოზიტიური ამბავი მოხდა - ერთი ის, რომ სისტემა გვაქვს გაცილებით სამართლიანი (თუ ეს ასე იქნება) და მეორე, რომ ზოგადად შეთანხმებები უნდა ისწავლონ და პოზიტიური მესიჯები. ამდენი ხნის განმავლობაში პირველი პოზიტიური მესიჯი იყო, რაც ძალიან კარგია და საზოგადოებაც ამას კარგად შეხვდა“.

9 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლის რამდენიმე საქმეს და აღნიშნავს შემდეგს:

„ოპოზიციური პარტიების ლიდერების ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ანდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ მათი ოპონირების გააქტიურებას ემთხვევა;

ხშირ შემთხვევებში, საქმეებს სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლეები განიხილავენ;

ხშირია შემთხვევები, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა ანდა სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიების უგულებელყოფით“.

გია გვილავა განმარტავს:​

„ეს არის საქმეები, რომლებშიც ჩვენი ორგანიზაცია გასული წლის განმავლობაში რაღაც ფორმით მონაწილეობდა, აკვირდებოდა ან პოზიცია აქვს გამოთქმული. მაგალითად, რურუას შემთხვევაში ჩვენ amicus-ი გვაქვს დაწერილი და სასამართლოს წარვუდგინეთ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება. სხვა შემთხვეევებში განცხადებები გვაქვს გავრცელებული; ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე შესწავლილი გვაქვს გარკვეულ დონეზე. ამიტომ, ეს არის საქმეები, სადაც შეგვიძლია განმარტება, რა პრობლემებს ვხედავთ და რატომ არის ისინი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი, აქტუალური და ამ კონტექსტში რატომ ჯდება“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG