Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოჯახის პირველადი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის ამ ფაქტის გამოძიება და მკვლელის დასჯა"


გიორგი ტაბატაძე, საია-ს იურისტი
გიორგი ტაბატაძე, საია-ს იურისტი

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ევროსასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათ დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით.

საია-ს იურისტი, გიორგი ტაბატაძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება ევროსასამართლოში მიმდინარე პროცესის საფუძველსა და ზოგიერთ დეტალზე:

„ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარვადგინეთ 2018 წლის იანვარში. ამას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციისადმი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი არაერთგზის მიმართვა, რომ გამოეძიებინათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე. აღნიშნულ წერილებზე რუსეთის ფედერაციის პასუხი იყო, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და პასუხს ვერ გაგვცემდნენ ამ გამოძიებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან კი საერთოდ არ გაგვცეს პასუხი, რის შემდეგაც მივმართეთ ევროპულ სასამართლოს.

ამ ეტაპზე წარვადგინეთ წერილობითი არგუმენტაცია.

ვითხოვთ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევის დადგენას, რაც ეხება სიცოცხლის უფლებას. აქ არის ორი ნაწილი: ერთი მხრივ, მკვლელობა და მეორე - ამ მკვლელობის გამოძიება, რაც არც რუსეთის ფედერაციას გაუკეთებია და არც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას დაუსრულებია პროცესი. მკვლელი, რაშიდ კანჯი-ოღლი დღესაც თავისუფალია“.

გიორგი ტაბატაძის თქმით, ევროსასამართლომ მხარეებს წერილობით მიმართა შეკითხვებით: დაირღვა თუ არა ევროკომვენციის მეორე მუხლი და არის თუ არა პასუხისმგებელი ამაზე რუსეთის ფედერაცია?

რუსეთის ფედერაციის პოზიციაა, რომ ის არ ჩაერევა „სუვერენული სახელმწიფოს“ საქმეებში. საია-ს იურისტის თანახმად, სიცოცხლის უფლების დარღვევაზე პასუხი რუსეთს არ წარმოუდგენია.

თავის მხრივ, საია-ს ევროსასამართლოში წარდგენილი აქვს უამრავი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აფხაზეთში ვითარებაზე ეფექტურ კონტროლს რუსეთი ახორციელებს. ამის დამადასტურებელი მრავალგვარი მტკიცებულების შეგროვება რთული არ იყო:

„საერთაშორისო სამართლით, ქვეყანა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და აქვს რეალურად ძალაუფლება, პასუხისმგებელია კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლების ყველა დარღვევაზე, რაც ამ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროებისა და საჯარო მოხელეების ქმედებებით არის გამოწვეული.

რუსეთი პასუხისმგებელია როგორც რუსი ჯარისკაცების ქმედებებზე, აგრეთვე აფხაზეთის დე ფატქო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეების ქმედებებზე“.

გიორგი ტაბატაძის განმარტებით, თუ ევროსასამართლომ დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება და გავრცელდება მომავალში ჩადენილ ყველა დარღვევაზე:

„ჯერჯერობით ასეთი ევროსასამართლოს არ დაუდგენია. თუ ომის საქმემ არ მოასწრო, პირველი იქნება გიგა ოთხოზორიას საქმე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი“.

საია-მ ევროსასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, რომ რუსეთის ფედერაციას წარმოედგინა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების მასალები. კერძოდ, ინტერესის საგანია იმ ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ენგურის ხიდის მხარეს უყურებს:

„დე ფაქტო აფხაზეთი იძიებდა და შესაძლოა, იმ საქმეში ყოფილიყო ვიდეოკამერებიდან ამოღებული ინფორმაცია - ხიდთან მოხდა შელაპარაკება და ამას ვითხოვდით. რუსეთის ფედერაციამ საერთოდ იგნორი გაუკეთა ამ ყველაფერს, რაც კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

რეალურად კონფლიქტი დაიწყო ხიდთან, სადაც არ იყო ჩვენი კამერა. მკვლელობის დასასრულია გადაღებული საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

ოჯახის წევრებსაც აქვთ ინტერესი და რუსეთის ფედერაციამ არ შეასრულა ეს ვალდებულება“.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინტერესს, გიორგი ტაბატაძე ამბობს:

„ოჯახის პირველადი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის ამ ფაქტის გამოძიება და მკვლელის დასჯა. ოჯახმა უნდა ნახოს, რომ მათი ოჯახის წევრის მკვლელობისთვის ვიღაცამ აგო პასუხი - უნდა აგოს პასუხი რუსეთის ფედერაციამ და უნდა აგოს პასუხი მკვლელობის შემსრულებელმა ან შემსრულებლებმა იმიტომ, რომ იქ რამდენიმე ადამიანი იყო და ერთ-ერთი მათგან მკვლელობის დროს ფეხს ურტყამს. ის ამ მკვლელობის თანამონაწილედ ჩაითვლება თუ არა, ეს უნდა დაადგინოს სრულყოფილმა გამოძიებამ, მათ შორის იმ მასალების ამოღებით უნდა დაზუსტდე როგორ დაიწყო ეს შელაპარაკება, როგორ განვითარდა.

დიდი ეჭვი გვაქვს, რომ რუსეთი ამას არ გამოიძიებს, ამის გამო ვითხოვთ რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემას საქართველოს ხელისუფლებისთვის და თუ მაგასაც არ შეასრულებს, აქ უკვე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს აქტიურად. მათ შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამოყენებით. ასევე ვითხოვთ ოჯახისთვის მორალურ კომპენსაციის ანაზღაურებას“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG