Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩია და რაქვიაშვილი ივანიშვილს თავის რეზიდენციაში მდინარაძე-კობახიძესთან ერთად შეხვდნენ - დეტალები

„ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი“, - იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს
„ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი“, - იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს

„გირჩის“ (36 - „თავისუფალი ხალხის პარტიის“) ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, აშშ-ის მიერ სანქცირებულ მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აქამდე უცნობი შეხვედრის დეტალებზე.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, - ასე ახასიათებს ის ამ შეხვედრას, ხოლო „მეორე ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას“ უწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრას. მისი თქმით, კვლავ სურს ივანიშვილთან შეხვედრა.

ამ შეხვედრის შესახებ იაგო ხვიჩიამ 9 სექტემბერს ისაუბრა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში. მისი მონათხრობი ასეთია:

პრემიერი და სუს-ის უფროსი

შეხვედრა შედგა 2025 წლის ბოლოს, „დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში“ თბილისში, მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლში/რეზიდენციაში.

ესწრებოდა ხუთი ადამიანი: „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი, „ქართული ოცნებიდან“ - ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე მაშინ სუს-ის უფროსის პოსტს იკავებდა.

„დაჟინებული ინიციატივა“

„ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა ხვიჩიამ.

„[პარლამენტში „გირჩის“ ყოფნისას] კვირაში ერთხელ, უფრო სწორად, თვეში ერთხელ მაინც, მე მივდიოდი ძირითადად მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ბატონ ირაკლი კობახიძესთან და ვეუბნებოდი, რომ გამაცანით ის კაცი. მეც მესმის, თქვენც გესმით, რომ ის კაცი არის უფროსი. მე ვარ პოლიტიკური პარტიისლიდერი, რომელიც ხალხმა პარლამენტში აირჩია და ძალიან მინდა ამ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია“, - განაცხადა მან.

ხვიჩიას თქმით, მდინარაძე და კობახიძე ხუმრობა-ხუმრობით უარს ეუბნებოდნენ, თუმცა „ერთ მშვენიერ დღეს - მაშინ, როცა [2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნები დამთავრებული იყო, - ანუ ქვეყანაში შედარებით „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე სტაბილური სიტუაცია იყო … ჩავლილი იყო ეს პოლიტიკური პერიპეტიები, - დამიკავშირდა მამუკა მდინარაძე და მითხრა, რომ შეხვედრა გამოვა“.

„სანდრომ მთხოვა“

ხვიჩიას თქმით, მას ეს ამბავი ძალიან გაუხარდა: „ოფისშიც ყველას გაგვიხარდა პოლიტიკოსებს, ყველას გაგვიხარდა“.

„სანდრომ [რაქვიაშვილმა] მთხოვა, რომ იქნებ გამოვიდეს, რომ მეც გავიცნო ეს კაციო. შესაბამისად, ასე დავგეგმეთ, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ან ჩვენ იმხრიდან მარტო ჩემი“.

„კეთილგანწყობილი, პატივისცემაზე დაფუძნებული“

იაგო ხვიჩია შეხვედრას ახასიათებს, როგორც „ძალიან კეთილგანწყობილს, პატივისცემაზე დაფუძნებულს“.

შეხვედრამ საათზე მეტხანს გასტანა - „ჩაიარა ძალიან მშვიდ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში“.

ისაუბრეს „ბევრ თემაზე“ - „ვილაპარაკეთ როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ვილაპარაკეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად“.

ხვიჩიას თანახმად, მან „გირჩის“ იდეებისადმი „ოცნების“ დამოკიდებულება შეამოწმა ივანიშვილთან:

„მე მაინტერესებდა ,პირობითად, იყო თუ არა შესაძლებელი, ის გეგმები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, [როგორმე განხორციელებულიყო],როგორ უყურებდა ამას „ქართული ოცნება“, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ საუბარმა, - ვინაიდან პირველად იყო ეს საუბარი და გაცნობა იყო ძირითადი მიზეზი, - მაინც უფრო გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა“.

„არაფერი შეთანხმებულა“

„ჩვენ ამ ერთი შეხვედრის შემდეგ ვერ დავინახეთ რაიმე კონკრეტული საკითხები, რომ აი ახლა ჩვენ საჯაროდ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - თქვა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

„შეიძლება იმიტომ, რომ ერთი საუბარი ამისთვის არ იყო საკმარისი. კიდევ სხვა მეტი საუბარია საჭირო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ უნდა პარტიას პარლამენტში ყოფნა.

„გვინდა, რომ პარლამენტში ჩვენც ვიყოთ და ძალიან გვინდა, რომ იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილიც პარლამენტში, - იმიტომ რომ ეს სკანდალი რომ გამოიწვია ახლა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ, მინდა, რომ ყოველ კვირას ხდებოდეს ეს შეხვედრები იმ ფორმატში, რაც ნაკლებად სკანდალური იქნება და ყურადღებას ძირითადი თემიდან არ გადაიტანს სხვა თემებზე“.

სხვა ლიდერებთან შეხვედრები

ხვიჩიას თქმითვე, „გირჩს“ აინტერესებს შეხვედრები არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან:

„ჩვენ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს იმ ვადაში, როდესაც ჩვენ პარლამენტში ვიყავით. მე რამდენჯერმე ვარ, მაგალითად, [ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ექსპრემიერ] გიორგი გახარიასთან სახლში ნამყოფი შეხვედრაზე. „ლელოსთან“ ბევრჯერ ვარ ნამყოფი შეხვედრაზე“.

„არც ერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა საჯაროდ ცნობილი იმიტომ, რომ ეს შეხვედრები არ მთავრდებოდა რამე ისეთი კონკრეტული შედეგით, რომელთაც ჩვენ აუცილებლად ჩავთვლიდით, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე საზოგადოებასთან უნდა გველაპარაკა“, - განაცხადა ხვიჩიამ.


„კიდევ გვინდა შეხვედრა“

„ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“, - თქვა ხვიჩიამ და დასძინა: „მე საერთოდ არ მინდა, რომ იმ კაცს ჩემთან ნალაპარაკები რამე წინ დახვდეს“.

შემდეგ გაიმეორა, რომ „უაზრო დისკუსია გამოიწვია“ მასთან შეხვედრამ: „ჩვენ არ ვატყუებთ ჩვენს ამომრჩევლებს“.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შინაარსზე საჯაროდ არ ისაუბრებდნენ; არ უთქვამთ არც თანაპარტიელებისთვის:

„ჩვენი სათათბიროს წევრთა დიდი ნაწილიც ცოტა უფრო გაბუტულია იმის გამო, რომ მათაც არ იცოდნენ, - მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია. არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავდით, - არც ახლა არ გვაქვს არაფერი დასამალი, - მაგრამ ვინაიდან ჩვენ კიდევ გვინდა შევხვდეთ, კიდევ გვინდა ეს გავაგრძელოთ, საერთოდ არ მინდა, რომ რამე ისეთი ვთქვა, რაც, უბრალოდ, არ იქნება მეორე მხარისთვის მისაღები ან მასთან შეთანხმებული“.

წინა ისტორია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველად 2026 წლის 28 აგვისტოს „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ივანიშვილი „ნანახი ჰყავს“, თუმცა გარემოებები, ჟურნალისტის დაჟინებული შეკითხვების მიუხედავად, არ დაუზუსტებია.

28 აგვისტოს ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდი 6 სექტემბერს ფეისბუკზე ვირუსულად გავრცელდა, რასაც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებში კითხვები მოჰყვა. „რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით“, - ამბობდა რაქვიაშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG